ფარისებრი ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს.

ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულის საფუძველს შეადგენენ ფოლიკულები – სხვადასხვა ფორმის (ხშირად მრგვალი), 25–500 მკმ დიამეტრის ბუშტუკები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან დიდი რაოდენობით სისხლძარღვების და ლიმფური კაპილარების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეებით.

მათი სანათური ამოვსებულია კოლოიდით – თირეოგლობულინის შემცველი უსტრუქტურო მასით, რომელიც გამომუშავდება ფოლიკულური ანუ ე.წ. A-უჯრედების მიერ, რომლებიც ქმნიან ფოლიკულის კედელს. ესენი არიან კუბური ან ცილინდრული ფორმის (მომატებული ფუნქციონალური აქტივობის დროს) ეპითელური უჯრედები. თირეოიდული ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ხდება მათი გასქელება. ფოლიკულების გარდა, ფარისებრი ჯირკვალი შეიცავს ეპითელური უჯრედების ფოლიკულათაშორის კუნძულებს (B-უჯრედები, ასკანაზის უჯრედები), რომლებიც წარმოადგენენ ახალი ფოლიკულების წარმოქმნის წყაროს. ასკანაზის უჯრედები A-უჯრედებზე დიდი ზომისანი არიან, გააჩნიათ ეოზინოფილური ციტოპლაზმა და მრგვალი, ცენტრალურად განლაგებული ბირთვი; ციტოპლაზმაში აღმოჩენილია ბიოგენური ამინები, მათ შორის სეროტონინი. A- და B-უჯრედების გარდა ფარისებრ ჯირკვალში გვხვდება პარაფოლიკულური უჯრედები (C-უჯრედები). ისინი განლაგებულნი არიან ფოლიკულების გარეთა ზედაპირზე და წარმოადგენენ ნეიროენდოკრინულ უჯრედებს, რომლებიც არ შთანთქავენ იოდს და მიეკუთვნებიან АПУД-სისტემას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.