სისხლი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. სისხლი 

სისხლის ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მრავალფეროვანია. ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს სისხლის შემადგენლობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. აღნიშნული გამოკვლევები გამოიყენება დიაგნოსტიკის, პათოლოგიური პროცესის დინამიკის, თერაპიის ეფექტურობის შესწავლის და დაავადების პროგნოზირების მიზნით. პრაქტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევის უნიფიცირებული მეთოდების, ჩატარებული გამოკვლევების ხარისხის კონტროლის მეთოდების და საშუალებების დანერგვა, აგრეთვე ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ავტოანალიზატორების გამოყენება უზრუნველყოფს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების თანამედროვე დონეს, სხვადასხვა ლაბორატორიების მონაცემების შედარებას და მონაცვლეობას.

სისხლის გამოკვლევის ლაბორატორიული მეთოდები მოიცავენ სინათლის, ფაზურ–კონტრასტულ, ელექტრულ და სკანირებულ მიკროსკოპიას, აგრეთვე სისხლის გამოკვლევის ციტოქიმიურ მეთოდებს (სპეციფიკური ფერადი რეაქციების ვიზუალურ შეფასებას), ციტოსპექტროფოტომეტრიას (სისხლის უჯრედებში ქიმიური კომპონენტების რაოდენობის და ლოკალიზაციის განსაზღვრა განსაზღვრული სიგრძის ტალღის მეშვეობით სინათლის შთანთქვის სიდიდის ცვლილებების მიხედვით), უჯრედულ ელექტროფორეზს (სისხლის უჯრედების მემბრანის ზედაპირული მუხტის სიდიდის რაოდენობრივი შეფასება), გამოკვლევის რადიოიზოტოპურ მეთოდებს (სისხლის უჯრედების დროში ცირკულაციის შეფასება), ჰოლოგრაფიას (სისხლის უჯრედების ზომის და ფორმის განსაზღვრა), იმუნოლოგიურ მეთოდებს (სისხლის ამ თუ იმ უჯრედის მიმართ ანტისხეულების გამოვლინება).

სისხლის დაავადებები

სისხლის დაავადებების სიხშირე შედარებით ნაკლებია. თუმცა მრავალი პათოლოგიური პროცესის დროს აღინიშნება სისხლის შემადგენლობის ცვლილებები. სისხლის დაავადებებს შორის გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ჯგუფს: ანემიები (ყველაზე მრავალრიცხვოვანი ჯგუფი), ლეიკოზები, ჰემორაგიული დიათეზები.
ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებულია მეთჰემოგლობინემიის, სულფჰემოგლობინემიის, კარბოქსიჰემოგლობინემიის განვითარება. ცნობილია, რომ ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელია რკინა, ცილები და პორფირინები. ეს უკანასკნელნი წარმოიქმნებიან ძვლის ტვინის ერითრობლასტებისგან, ნორმობლასტებისგან და ჰეპატოციტებისგან. პორფირინის ცვლის დარღვევამ შესაძლოა განაპირობოს პორფირიის სახელწოდებით ცნობილი დაავადებების განვითარება. ერითროციტოპოეზის გენეტიკური დეფექტები საფუძვლად უდევს თანდაყოლილ ერითროციტოზებს, რომლებიც მიმდინარეობენ ერითროციტების და ჰემოგლობინის მომატებული შემცველობის ფონზე.
სისხლის დაავადებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჰემობლასტოზებს – სიმსივნური ბუნების დაავადებებს, რომელთა შორის გამოყოფენ მიელოპროლიფერაციულ და ლიმფოპროლიფერაციულ პროცესებს. ჰემობლასტოზების ჯგუფში გამოყოფენ ლეიკოზებს. პარაპროტეინემიული ჰემობლასტოზები განიხილება როგორც ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები ქრონიკული ლეიკოზების ჯგუფში.

მათ შორის გამოყოფენ ვალდენსტრემის დაავადებას, მძიმე და მსუბუქი ჯაჭვების დაავადებას, მიელომურ დაავადებას. აღნიშნული დაავადებების დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს სიმსივნური უჯრედების უნარი მოახდინონ პათოლოგიური იმუნოგლობულინების სინთეზი. ჰემობლასტოზებს მიეკუთვნებიან აგრეთვე ლიმფოსარკომები და ლიმფომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ლიმფოიდური ქსოვილისგან და ხასიათდებიან პირველადი ლოკალური ავთვისებიანობით.
სისხლის სისტემის დაავადებებს მიეკუთვნებიან მონოციტურ–მაკროფაგული სისტემის დაავადებები: დაგროვების დაავადებები და X ჰისტიოციტოზები.
არც თუ იშვიათად სისხლის სისტემის პათოლოგია გამოხატულია აგრანულოციტოზით. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს იმუნური კონფლიქტი ან მიელოტოქსიკური ფაქტორებით ზემოქმედება. შესაბამისად განასხვავებენ იმუნურ და მიელოტოქსიკურ აგრანულოციტოზს. ზოგიერთ შემთხვევაში ნეიტროპენია წარმოადგენს გრანულოციტოპოეზის გენეტიკურად განპირობებული დეფექტების შედეგს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.