სამკურნალწამლო ფორმები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია”

სამკურნალწამლო ფორმები _ სამკურნალო ნედლეულის ან სამკურნალო საშუალებების, შესანახად და გამოყენებისთვის მოსახერხებელი მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდებიან განსაზღვრული თვისებებით (შემადგენლობა, დოზირება, ფიზიკური და ქიმიური სტრუქტურა, გეომეტრიული ფორმა) და უზრუნველყოფენ პრეპარატის მიღების მოსახერხებელ ფორმასა და საჭირო  სამკურნალო მოქმედებას. თანამედროვე ფარმაკოლოგიური პრაქტიკა ხასიათდება სამკურნალწამლო ფორმების მრავალფეროვნებით, რაც საშუალებას აძლევს კლინიცისტებს აირჩიონ მათგან ყველაზე რაციონალური ფორმა ავადმყოფის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.არსებობს, სხვადასხვა პრინციპებზე დაფუძნებული, სამკურნალწამლო ფორმების კლასიფიკაცია: აგრეგატული მდგომარეობის, შეყვანის მეთოდებისა და დისპერსიულობის მიხედვით.

აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით შედგენილი კლასიფიკაცია ყველაზე ძველი და გავრცელებული კლასიფიკაციაა, რომელიც სამკურნალწამლო ფორმებს ჰყოფს 4 ჯგუფად: მყარი,  რბილი, თხევადი და აიროვანი. მყარ სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნებიან ტაბლეტები, დრაჟეები, გრანულები, ფხვნილები, სპეციები, კაფსულები, სამკურნალო ფანქარი.

სამკურნალწამლო ფორმებიტაბლეტები (Tabulettae) _ დოზირებული სამკურნალწამლო ფორმაა, რომელიც მზადდება სამკურნალო საშუალებების ან მათი მინარევებისა და დამხმარე ნივთიერებების დაწნეხვით (ან ყალიბირებით); მრავალშრიანი ტაბლეტები _ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების შრეობრივი ჩანართები; ტრიტურაციული ტაბლეტები _ სამკურნალო საშუალებებისა და 0,05გ-მდე მასის განმაზავებელი ნივთიერების მცირე დოზები, რომლებიც მზადდებიან ყალიბირების გზით; შემოგარსული ტაბლეტები; იმპლანტაციური ტაბლეტები _ გამოიყენება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევის გზით პრეპარატების ორგანიზმში შეყვანისთვის.
დრაჟე (Dragee) _ მომრგვალო ფორმის დოზირებული სამკურნალწამლო ფორმა, რომელიც მიიღება გრანულებზე სამკურნალო საშუალებებისა და დამხმარე ნივთიერებების მრავალჯერადი დაშრევების (დრაჟირება) გზით.
გრანულები (Granulae) _ სამკურნალო საშუალებების, 0,2-0,3 მმ. დიამეტრის, მრგვალი, ცილინდრული ან უსწორმასწორო ფორმის, ერთგვაროვანი წილაკები (მარცვლები).
სამკურნალწამლო ფორმებიფხვნილები (Pulveres) _ სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან სიფხვიერით. განასხვავებენ მარტივ (ერთკომპონენტიანი) და რთულ (ორ ან მეტ კომპონენტიანი) ფხვნილებს, ცალკეულ დოზებად დაყოფილ და მთლიან ფორმებს.
სპეციები (Species) _ მსხვილ ფხვნილებად დაჭრილი ან დანაყილი ან მთლიანი სამკურნალო ნედლეულის რამდენიმე სახეობის ნარევი, რომელსაც ზოგჯერ შესაძლოა დამატებული ჰქონდეს სხვა სამკურნალო საშუალებები. (იხ. სპეციები)
კაფსულები (Capsulae) _ ფხვნილისებური, გრანულირებული, იშვიათად თხევადი დოზირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაფარულნი არიან 1) ჟელატინის _ ჟელატინის კაფსულები (Capsulae gelatinosae); 2) სახამებლის _ სახამებლის კასფულები, ობლატები (Capsulae amylaceae, s. Oblatae) 3) ან სხვა ბიოპოლიმერის გარსებით.
სპანსულები (Spansulae) _ კაფსულები, რომლებიც შეიცავენ გრანულების ან მიკროკაფსულების განსაზღვრულ რაოდენობას.
სამკურნალო ანუ სამედიცინო ფანქარი (Stili medicinales) _ 4-8 მმ. სისქის და 10 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული ჩხირები წაწვეტებული ან მომრგვალებული ბოლოთი.
მყარ სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნებიან სამკურნალო ფირფიტები _ პოლიმერული ფირფიტის მსგავსი სამკურნალწამლო ფორმები, თვალის ფირფიტები, რომლებიც ცვლიან თვალის წვეთებს. (იხ. სამკურნალო ფირფიტები).

რბილ სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნებიან მალამოები, სალბუნები, სუპოზიტორიები.

სამკურნალწამლო ფორმები

მალამოები (Urguenta) _ გარეგანად გამოსაყენებელი, რბილი კონსისტენციის სამკურნალწამლო ფორმები; მალამოებს, რომლებიც შეიცავენ 25%-ზე მეტ ფხვნილისებრ ნივთიერებებს, ეწოდებათ პასტები (Pastae).
სალბუნები (Emplastra) _ პლასტიკური მასის ფორმის, გარეგანად გამოსაყენებელი, სამკურნალწამლო ფორმები, რომლებსაც გააჩნიათ სხეულის ტემპერატურაზე დარბილებისა და კანზე მიწებების უნარი. (იხ. სალბუნები). აგრეთვე გამოიყენება ბრტყელ ზედაპირზე დადებული იგივე მასის სალბუნები.
სუპოზიტორიები (Suppositoria) _ ოთახის ტემპერატურაზე მყარი, დოზირებული სამკურნალწამლო ფორმებია, რომლებიც დნებიან (იხსნებიან) სხეულის ტემპერატურაზე და რომლებიც განკუთვნილია სხეულის ღრუში შეყვანისათვის. განასხვავებენ: რექტულ სუპოზიტორიებს _ სანთლებს (Suppositoria rectalia) და ვაგინურ სუპოზიტორიებს (Suppositoria vaginalia), რომლებთაც არც თუ იშვიათად გააჩნიათ სფერული ფორმა _ ბურთულები (Globuli), კვერცხისებური ფორმა (Ovula), ენისებური ბრტყელი სხეულის ფორმა მომრგვალებული ბოლოთი _ პესარიები (Pessaria), აგრეთვე ჩხირებს (Bacilli). აბები (Pilulae) _ 0,1 გ-დან 0,5 გ-მდე მასის, ბურთულის ფორმის, დოზირებული სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც დამზადებულია ერთგვაროვანი პლასტიკური მასით და რომლებიც შეიცავენ სამკურნალო საშუალებებსა და დამხმარე ნივთიერებებს. 0,5 გ-ზე დიდ აბებს ეწოდებათ ბოლუსები (Boli). ზოგიერთი ავტორი სუპოზიტორიებს და აბებს მიაკუთვნებს მყარ სამკურნალწამლო ფორმებს.

თხევად სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნებიან ხსნარები, სუსპენზიები, ემულსიები, ნაყენები, ნახარშები.

სამკურნალწამლო ფორმები

ხსნარები (Solutiones) _სამკურნალწამლო ფორმებია, რომელთა მიღება ხდება ერთი ან რამდენიმე სამკურნალო საშუალების გახსნის გზით; განასხვავებენ ჭეშმარიტ, კოლოიდურ და მაღალმოლეკულური შენაერთების ხსნარებს.
სუსპენზიები (Suspensiones) _ თხევადი, ორფაზიანი, უხეშდისპერსიული სისტემებია, სადაც მკვრივი ნივთიერება შეწონილია სითხეში და ნაწილაკების ზომა მერყეობს 0,1-დან 10 მკმ-მდე.
ემულსიები (Emulsa) _ ორფაზიანი სისტემის სამკურნალწამლო ფორმებია, რომლებიც წარმოიქმნებიან ერთმანეთში უხსნადი სითხეებით.
ნაყენები და ნახარშები (Infuza et Decocta) _ სამკურნალო მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული წყლის გამონაწურები ან ექსტრაქტების წყალხსნარები; ერთმანეთისგან განსხვავდებიან ექტრაქციის რეჟიმით. მაღალი სიბლანტის, აგრეთვე სახამებლით დამზადებულ წყლის გამონაწურებს ეწოდება ლორწოები? (Mucilagines). ლინიმენტები (Linimenta) _ სქელი სითხეები ან ლაბისებრი მასები. თხევადი პლასტირები კანზე წასმის შემდეგ ტოვებენ ელასტიკურ ფირფიტას. 1979 წლის 28-29 მაისს, ექსპერტების შეკრაბაზე მიღებულ და დამტკიცებულ ერთიან ტერმინოლოგიურ ლექსიკონში, სამკურნალწამლო ფორმებს, აგრეთვე მიეკუთვნებიან: სამკურნალო სიროფები (Sirupi) _ შაქრის ხსნარში კონცეტრირებული სამკურნალო ნივთიერების ხსნარი; ნაყენები (Tincturae) _ სამკურნალო მცენარეული ნედლეულიდან მიღებული სპირტის, წყალ-სპირტის ან სპირტ-ეთერის გამჭვირვალე გამოსავალი, რომელიც მიიღება ექტრაგენტის მოცილების ან გაცხელების გარეშე; ექტრაქტები (Exstracta) _ სამკურნალო მცენარეული ნედლეულიდან მიღებული კონცეტრირებული ნაერთი (გამოსავალი). განასხვავებენ თხევად (fluida), სქელ (spissa), მშრალ (sicca) და სხვა სახის ექტრაქტებს, რომლებიც წარმოადგენენ გალენურ პრეპარატებს (იხ.). მეცნიერ-ტექნოლოგების გარეკვეული ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას სიროფების, ნაყენების და ექტრაქტების სამკურნალწამლო ფორმებისთვის მიკუთვნების შესახებ.

აიროვანი სამკურნალწამლო ფორმების გამოყენება ხდება ინჰალაციის გზით (Formae medicamentorum pro inhalationibus) აირების, ორთქლების და აეროზოლების სახით.
აეროზოლი _ სპეციალურ შეფუთვაში (იხ. აეროზოლური მოწყობილობები) მოთავსებული საკურნალწამლო ფორმაა, რომელიც წარმოადგენს დისპერსიულ სისტემას, სადაც დისპერსიულ გარემოს წამოადგენს აირი ან აიროვანი ნარევი, ხოლო დისპერსიული ფაზა შედგება სამკურნალო საშუალებების მკვრივი ან თხევადი ნაწილაკებისგან (სამკურნალო აეროზოლები).

ზემოთაღნიშნულ კლასიფიკაციას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ის ძალიან მოსახერხებელია სამკურნალწამლო ფორმების პირველადი დაყოფისა და სისტემატიზაციისათვის, გამოიყენება ექიმებისა და ფარმაცევტების სწავლებისათვის, აგრეთვე რეცეპტურის სტატისტიკური შესწავლისა და ანალიზისათვის.
აგრეგანტული მდგომარეობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სამკურნალწამლო ფორმების მოქმედების სიჩქარეს (თხევადი სამკურნალწამლო ფორმები უფრო სწრაფად მოქმედებენ, ვიდრე მკვრივები, ხოლო აიროვანი უფრო სწრაფად ვიდრე თხევადი); აგრეგანტულ მდგომარეობასთანაა, აგრეთვე, დაკავშირებული პრეპარატისთვის ამა თუ იმ ფორმის მიცემის შესაძლებლობა., თუმცა აგრეგანტული მდგომარეობა ძალიან მწირ ინფორმაციას გვაძლევს ამა თუ იმ სამკურნალწამლო ფორმის დამზადებისთვის გამოყენებულ ტექნოლოგიურ პროცესებზე.

სამკურნალწამლო ფორმები

2. ორგანიზმში პრეპარატის შეყვანის გზის მიხედვით შექმნილი კლასიფიკაცია, ყველა სამკურნალწამლო ფორმას ჰყოფს ორ ჯგუფად: ენტერული, როდესაც პრეპარატი შეიყვანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გზით, და პარენტერული, როდესაც პრეპარატი შეიყვანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით.

ენტერულ სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნება პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში შეიყვანება: ა) პერორულად (per os), რომელიც მოიცავს სამკურნალწამლო ფორმების ყველაზე ფართო ჯგუფს _ ტაბლეტები, დრაჟეები, ფხვნილები, ხსნარები, სუსპენზიები, ემულსიები, ნაყენები, ნახარშები, ლორწოები?, პილულები (აბები); ბ) სუბლინგვურად (sub linguam) _ ტაბლეტები; გ) რექტალურად (per rectum) _ სანთლები.

პარენტერულ სამკურნალწამლო ფორმებს  მიეკუთვნება ფორმები,  რომლებიც გამოიყენება  ინექციის სახით (იხ.  ინექცია); კანზე წასასმელად  _ მალამოები, პასტები,  ლინიმენტები, ფხვნილები (მისაფრქვევები);

ლორწოვან გარსებზე  წასასმელად _ მალამოები,  ფხვნილები, ხსნარები,  წვეთები; ვაგინალურად  (per vaginam) _  ბურთულები, ოვულები,  პესარიები; ურეთრალურად  (per urethram)_ ჩხირები;  შესუნთქვის გზით,  ინჰალაციურად _ აირები,  აეროზოლები.
ინექციისთვის (Formae medicamentorum pro injectionibus) გამოიყენება სტერილური, თხევადი სამკურნალწამლო ფორმები (ხსნარები და სუსპენზიები), რომელთა ორგანიზმში შეყვანა ხდება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევის გზით.
სამკურნალწამლო ფორმებიდოზირების და გამოყენების მეთოდების მიხედვით, სამკურნალწამლო ფორმებს გააჩნიათ სპეციალური დასახელებები, მაგ: თხევად სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვნებიან წვეთები (Guttae), რომლებიც განკუთვნილია წვეთების სახით პრეპარატის შიგნით მიღებისთვის, თვალში, ყურში, ცხვირში ჩასაწვეთებლად (იხ. წვეთები) და მიქსტურები (Mixturae) _ შიგნით მისაღებად განკუთვნილი თხევადი სამკურნალწამლო ფორმები, რომელთა დოზირება ხდება სუფრის, დესერტის ან ჩაის კოვზებით. ზოგიერთ სამკურნალწამლო ფორმას ეწოდება გამოსავლები, სველსაფენები, ცხელსაფენები, ამოსარეცხი საშულებები, ფხვნილები _ მისაფრქვევები, პუდრები. აღნიშნული კლასიფიკაცია ძალიან მისაღებია ექიმისთვის, რამეთუ პრეპარატის ორგანიზმში შეყვანის გზის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი ღებულობს ავადმყოფის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. აღნიშნულ კლასიფიკაციას აგრეთვე გააჩნია ტექნოლოგიური მნიშვნელობა, რამეთუ გამოყენების მეთოდი, მაგალითად, განსაზღვრავს სამკურნალო საშუალებების დისპერსიულობის ხარისხს, მათი დამზადების რეჟიმს (სამკურნალწამლო ფორმის ასეპტიკური დამზადება და სტერილიზაცია თვალის წვეთებისთვის და ინექციებისთვის).

3. დისპერსოლოგიური კლასიფიკაცია გავრცელებულია ფარმაციაში. აღნიშნული კლასიფიკაციის მიხედვით, ყველა სამკურნალწამლო ფორმა განიხილება როგორც ფიზიკურ-ქიმიური სისტემა, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული შინაგანი სტრუქტურა და რომელიც, თავისი დამზადებისთვის, მოითხოვს ოპერაციების შესაბამის თანმიმდევრობას ტექნოლოგიური პროცესის საერთო სქემაში. თანამედროვე დისპერსოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ჯგუფს: თავისუფლად დისპერსიული და შეკავშირებულ-დისპერსიული სისტემები.
სამკურნალწამლო ფორმებითავისუფლად დისპერსიულ სისტემებს მიეკუთვნება უსტრუქტურო სისტემები, რომლებშიც დისპერსიული ფაზის ნაწილაკები არ არიან ერთმანეთთან შეკავშირებულნი და თავისუფლად გადაადგილდებიან დისპერსიულ გარემოში სითბოს ან სიმძიმის ძალის ზეგავლენით. დისპერსიული გარემოს თვისებებიდან გამომდინარე განასხვავებენ შემდეგ თავისუფლად დისპერსიულ სისტემებს: თხევადი დისპერსიული გარემოთი (ხსნარები, სუსპენზიები, ემულსიები, ნაყენები, ნახარშები, ლორწოები?, თხევადი სამკურნალწამლო ფორმები ინექციისთვის) და აიროვანი დისპერსიული გარემოთი (აიროვანი ნარევები, აეროზოლები, ფხვნილები, სპეციები). აღნიშნულ შემთხვევებში, ტექნოლოგიური პროცესების არსი მდგომარებს დაქუცმაცებაში, ხსნადობაში, პეპტიზაციაში, სუსპენდირებაში, ემულგირებაში.
შეკავშირებულ-დისპერსიული სისტემები _ სისტემები, სადაც, დისპერსიული ფაზის ნაწილაკები ერთმანეთთან და დისპერსიულ გარემოსთან დაკავშირებულნი არიან მოლეკულური, აბსორბციული და სხვა ძალების მეშვეობით და წარმოქმნიან თავისებურ ბადეებს ანუ კარკასებს. დისპერსიული გარემოს თვისებებიდან და ფაზასთან მათი კავშირიდან გამომდინარე, ამ სისტემის სამკურნალწამლო ფორმებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად: ბლანტი ანუ მყარი გარემოთი (მალამოები, პასტები, პლასტირები, სუპოზიტორიები, ჩხირები, აბები) და მყარი დისპერსიული გარემოთი (ტაბლეტები, გრანულები, ფანქრები). აღნიშნული ჯგუფის სამკურნალწამლო ფორმების დამზადებისთვის გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების არსი მდგომარეობს ფაზის დისპრესირებაში, დისპერსიულ გარემოში მის თანაბარ განაწილებაში და სტრუქტურული სისტემების შექმნაში.

სამკურნალწამლო ფორმების მიმართ წამოყენებული რიგი მოთხოვნები: მათი შემადგენელი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები შესაბამისობა, გამძლეობა შენახვის დროს, სამკურნალო ეფექტის სრულფასოვნება და სისწრაფე (სწრაფი ან პროლონგირებული მოქმედება _ იხ. გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები), არასასიამოვნო გემოს შენიღბვის შესაძლებლობა, სამკურნალო საშუალებების დოზირების სიზუსტე, მოხერხებულობა მიღების დროს, დამზადების სიმარტივე და სისწრაფე და სხ. რაც უფრო მეტი ღირსება გააჩნია ამა თუ იმ სამკურნალწამლო ფორმას, მით უფრო დიდხანს ხდება მისი პრაქტიკაში შენარჩუნება და გამოყენება. ზოგიერთმა სამკურნალწამლო საშუალებამ, რომელიც ადრე ფართოდ გამოიყენებოდა, ვერ გაუძლო დროის გამოცდას; მაგ: იულეპები (Julepia) _ შაქრის ხსნარში და არომატულ წყლებში გახსნილი სამკურნალო ნივთიერებების ნარევი; ლამელები (Lamellae) _ ჟელატინის, გლიცერინისა და სხვა სამკურნალო ნივთიერებებისგან დამზადებული თხელი, ლაბისებრი ფირფიტები; ფაფები (Electuaria) _ ფხვნილების და ექტრაქტების ნარევი თაფლთან და სიროფებთან; ცერატები ანუ ————— _ მკვრივი მალამოები, დაახლოებით დღევანდელი პასტების მსგავსი; ლოოქები _ მცენარეული ნივთიერებების _________ ნაწურების რთული მინარევები თაფლთან და სხვა საშუალებებთან.
ჯერ კიდევ შედარებით მცირე ხნის წინ, გამოყენებაში მყოფ სამკურნალწამლო ფორმების რიცხვს მიეკუთვნებიან პასტილები ანუ კვერები, რომლებიც მოგვაგონებდნენ გამომშრალ ტაბლეტებს, დამზადებულს სამკურნალო საშუალებების ცომისებური ნარევისგან, შაქრით ან შოკოლადის მასით, აგრთვე ელექსირები, ესენციები, ძმართაფლები, შესაყნოსი მარილები და სხვ.
მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა ახალმა სამკურნალწამლო ფორმებმა _ საკმაოდ პერსპექტიულმა სამკურნალო ფირფიტებმა. სტაბილურები და ტრანსპორტირებისათვის მოსახერხებელი, არომატიზირებული მშრალი სუსპენზიები და მშრალი ემულსიები – სამკურნალო, მაკორეგირებელი და მაემულგირებელი ან მასუსპენზირებელი ნივთიერებების ფხვნილების მშრალი ნარევი (მათი სუსპენზირება ან ემულგირება წარმოებს უშუალოდ პრეპარატის მიღების წინ). ასეთ ფორმებში ხდება ბევრი ანტიბიოტიკის, ჰორმონების, ვიტამინების გამოშვება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივი თვისებების მქონე, ე.ი. განსაზღვრული თერაპიული მიმართულებისთვის, სამკურნალწამლო ფორმის შექმნას. ასეთ სამკურნალწამლო ფორმებს მიეკუთვებიან სპანსულები, რომელთა გრანულები და მიკროკაფსულები დაფარულნი არიან სხვადასხვა სახის გარსებით, რომელთაც აქვთ უნარი გაიხსნან (დაიშალონ) განსაზღვრულ გარემოში და განსაზღვრული დროის შემდეგ. ბოლო პერიოდში ხდება ბევრი კლასიკური სამკურნალწამლო ფორმის შევიწროვება სწრაფად მოქმედი, ინჰალაციური სამკურნალწამლო ფორმებით, უპირველეს ყოვლისა აეროზოლებით. სამეცნერო და საწარმოო დაწესებულებების დიდი ძალისხმევაა მიმართულია ისეთი საბავშვო სამკურნალწამლო ფორმების შესაქმნელად, რომ უზრუნველყონ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის შექმნა მინიმალური გვერდითი მოვლენებით, მოხერხებული იყოს გამოყენებაში, მინიმალურად მოახდიოს ბავშვის ფსიქიკის ტრამვირება, ჰქონდეს სასიამოვნო გემო, სუნი და მიმზიდველი გარეგანი შესახედაობა.
60-70-იან წლებში ჩატარებულმა ბიოფარმაცევტულმა კვლევებმა (იხ. ბიოფარმაცია), გვაჩვენა, რომ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, გარკვეულწილად, დაკავშირებულია სამკურნალწამლო ფორმის ნაირსახეობასთან. ასე მაგალითად, ატროპინის სულფატი, აბის სახით შეყვანის შემთხვევაში შეიწოვება 30-40 წუთის შემდეგ, ფხვნილის სახით შეყვანის შემთხვევაში – 20-30 წუთის შემდეგ, ხოლო ინექციის დროს – 1-3 წუთის შემდეგ. ამიდოპირინის მაქსიმალური დოზა ორგანიზმში, სუპოზიტორიების და ხსნარების სახით გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა 1 საათის შემდეგ, ფხვნილის სახით გამოყენებისას – 2 საათის შემდეგ, ხოლო მაკორეგირებელი შედგენილობის ხსნარების და ტაბლეტების სახით გამოყენების შემთხვევაში – 4 საათის შემდეგ.
სწორად შერჩეული სამკურნალწამლო ფორმა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მოქმედების სრულფასოვნებას, ხოლო არასაწორად შერჩეულმა შესაძლოა შეამციროს იგი, ხოლო რიგ შემთხვევებში ზიანიც კი მიაყენოს ავადმყოფს. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალწამლო ფორმების დამზადების მეთოდებს, ფუძეების, დამხმარე ნივთიერებების და სხვა დანამატების შერჩევას. ერთი და იგივე სამკურნალწამლო ფორმის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალების სხვადასხვა ძალით, ხოლო ზოგჯერ განსხვავებული ხასიათით მოქმედება. მაგ: სამკურნალწამლო ფორმებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების უმნიშვნელო რაოდენობით გამოყენებაც კი ხელს უწყობს შეწოვის უნარის მკვეთრ ზრდას და შესაბამისად, სამკურნალო საშუალების მოქმედების ძალის გაზრდასაც; უკუეფექტს – არააქტიური ფორმის მიღება – იძლევა ღორის ქონის ვაზელინით შეცვლა კალიუმის იოდიდის შემცველ მალამოში, რომლის მოქმედებაც შეიძლება გამომჟღავნდეს მხოლოდ მალამოს შეწოვის შემდეგ.
სამკურნალწამლო ფორმის შერჩევის დროს, სასურველია ვიხელმძღვანელოდ სამკურნალო საშუალებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, მათი მდგრადობის ხარისხით, ავადმყოფის ასაკით და მდგომარეობით, პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობით ავადმყოფის გარშემო არსებული პირობების გათვალისწინებით და ა.შ. მაგალითად, ხსნარები კარგად დოზირებადი საშუალებებია და მოხერხებულია ხმარებისთვის, თუმცა ხსნად მდგომარეობაში მყოფი მრავალი სამკურნალო საშუალება არამდგრადია შენახვის დროს (ნაყენები, ნახარშები, ლორწოები?, ემულსიები) და ამიტომაც ავადმყოფისთვის, რეცეპტში გამოწერილმა პრეპარატის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს სამი დღის მოთხოვნილებას (ცივ ადგილას,  უკეთესია მაცივარში, შენახვის შემთხვევაში). ფხვნილები და ტაბლეტები უფრო უკეთესად დოზირდებიან, ვიდრე ხსნარები, თუმცა მათი დანიშვნა არ არის რეკომენდებული ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი ან წყლულოვანი პროცესები, ყლაპვის აქტის გაძნელება, უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის, პატარა ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის მიზანშეწონილია თხევადი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები. ქრონიკული ავადმყოფებისათვის მიზანშეწონილია პრეპარატების დანიშვნა ტაბლეტების, დრაჟეების, აბების (პილულების) ფორმით, რამეთუ შესაძლებელია ამ პრეპარატების მუდან თან ტარება და ნებისმიერ პირობებში გამოყენება. შიგნით მისაღებად პრეპარატის გამოწერის შემთხვევაში აუცილებელია ზრუნვა მისი გემოს გაუმჯობესებაზე. ავადმყოფებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ პერორული სამკურნალწამლო ფორმების მიღება, რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანის რექტალური მეთოდი, რომელიც გამორიცხავს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და სხვ. საინექციო სამკურნალწამლო ფორმები უზრუნველყოფენ მოქმედების სისწრაფეს, დოზირების სიზუსტეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის პრეპარატის შეყვანის შესაძლებლობას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.