პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
300 დ–მდე მოლეკულური მასის მრავალი პოლარული სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოიყოს ნაღველთან ერთად მარტივი დიფუზიის გზით და ჰეპატოციტების მემბრანის გავლით. ამ შემთხვევაში, ნაღველში პრეპარატის კონცეტრაცია ახლოსაა მის კონცეტრაციასთან პლაზმაში. სამკურნალო საშუალებების ნაღველში ექსკრეტირება შეიძლება განხორციელდეს აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით, ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გლუტათიონ–S-ტრანსფერაზები. მრავალი სამკურნალო საშუალების ექსკრეცია არ ხორციელდება შეუცვლელი სახით, თუმცა მათი უფრო მეტად პოლარული მეტაბოლიტები, კერძოდ კონიუგატები, ეფექტურად აღწევენ სისხლის პლაზმიდან ნაღველში.
სამკურნალო საშუალებების მაღალი მოლეკულური მასა და პლაზმის ცილებთან მათი შეკავშირების უნარი არ ართულებს მათ ექსკრეციას ნაღველთან ერთად. უმეტესობა სამკურნალო საშუალებისთვის ეს არ არის ორგანიზმიდან გამოყოფის ძირითადი გზა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პრეპარატის (მაგალითად ამპიცილინის, რიფამპიცინის) უპირატესად ნაღველთან ერთად გამოყოფა უზრუნველყოფს მასში აღნიშნული პრეპარატების მაღალ კონცეტრაციებს, რაც საშუალებას იძლევა წარმატებით გამოვიყენოთ ისინი სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებების მკურნალობის პროცესში.
ნაწლავებიდან სამკურნალო საშუალებები და მათი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს განავალთან ერთად, თუმცა შესაძლებელია მოხდეს მათი სისხლში შეწოვა (მაგალითად, გლუკურონიდები ნაწლავის მიკროფლორით დეკონიუგაციის შემდეგ), ხოლო შემდეგ კვლავ გამოყოფა (ენტეროჰეპატური ცირკულაცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონცეტრაცია–დროის მრუდზე კონცეტრაციების მკვეთრი მატება.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.