პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი (ბერძ. synergia დახმარება, თანამონაწილეობა) – ერთდროულად გამოყენებული სამკურნალო საშუალებების მოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ცალკე აღებული ნივთიერებების ეფექტების სუმაციაში (შეჯამებაში) ან პოტენცირებაში. სინერგიზმი ვლინდება სამკურნალო საშუალებების ერთდროული ან თანმიმდევრობითი (სუქსესიური) გამოყენების დროს.
სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი განიხილება როგორც ადიტიური, თუკი საბოლოო ეფექტი შეესაბამება სამკურნალო საშუალებების კომბინაციაში ჩართული თითოეული კომპონენტის ეფექტების ჯამს (ეფექტების სუმაცია). იმ შემთხვევაში, როდესაც სამკურნალო საშუალებების ერთობლივი ეფექტი აღემატება ცალკე აღებული თითოეული ნივთიერების ეფექტთა ჯამს, საბოლოო შედეგი ფასდება როგორც სამკურნალო საშუალებების პოტენცირებული სინერგიზმი (ეფექტების პოტენცირება).
სამკურნალო საშუალებების სინერგიზმის საფუძველში შეიძლება იდოს ერთი ნივთიერების გავლენა მეორე ნივთიერების ფარმაკოკინეტიკაზე და/ან ფარმაკოდინამიკაზე. პრეპარატების ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი შეიძლება იყოს: დაჩქარებული შეწოვის (მაგ., ანტაციდებთან ერთდროული გამოყენების დროს ალკალოიდების შეწოვის დაჩქარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში); შენელებული შეწოვის (მაგ., კანქვეშა ქსოვილიდან ნოვოკაინის შეწოვის შენელება ადრენალინის არსებობის პირობებში); სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირებიდან ერთი ნივთიერების მიერ მეორის გამოდევნის (მაგ., გლუკოკორტიკოიდების სალიცილატების მიერ); ცალკეული ნივთიერების გავლენით სხვა ნივთიერებისთვის ჰისტოჰემატური ბარიერების განვლადობის გაზრდის (მაგ., ამინაზინი ზრდის ჰისტოჰემატური ბარიერის განვლადობას მანიტოლისთვის); სხვა ნივთიერების მამეტაბოლიზირებელი ფერმენტების ინჰიბირების (მაგ., პროზერინი აინჰიბირებს რა ქოლინესთერაზას, აფერხებს დითილინის ჰიდროლიზს); ერთი ნივთიერების გავლენით, მეორე ნივთიერების თირკმლისმიერი ექსკრეციის შენელების (მაგ., პრობენეციდი და სხვა ორგანული მჟავები ამცირებენ პენიცილინების და პარა-ამინოსალიცილის მჟავების ექსკრეციას) შედეგი.
პრეპარატების ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი შეიძლება იყოს სხვადასხვა, ფუნქციონალურად მნიშვნელოვან ბიოსუბსტრატებზე (ფერმენტები, მემბრანული ან ციტოპლაზმური რეცეპტორები, იონოფორები) ნივთიერებების დამოუკიდებელი ზემოქმედების შედეგი. ასე მაგალითად, ადრენალინის და კოფეინის კარდიოტონული მოქმედების სინერგიზმი განპირობებულია მიოკარდიუმში ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (ც-ამფ) დაგროვებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ადრენალინის მიერ ადენილატციკლაზას აქტივაციით და კოფეინის მიერ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებით.
სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი, ასევე შეიძლება იყოს უჯრედების ერთი და იგივე მაკრომოლეკულურ სუბსტრატებზე პრეპარატების ზემოქმედების შედეგი. სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედი მაკრომოლეკულების უბნების დამთხვევის ან არდამთხვევის შესაბამისად, ადგილი აქვს ადიტიურ ან პოტენცირებულ სინერგიზმს.
პოტენცირებული სინერგიზმი ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, რამეთუ შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ თერაპიული ეფექტი კომბინირებული პრეპარატების მცირე დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი, რიგ გამოც მცირდება გვერდითი ეფექტების და გართულებების განვითარების ალბათობა და გამოხატულების ხარისხი. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სამკურნალო საშუალებების სინერგიზმის დროს, სამკურნალო საშუალებების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენების პირობებში, შესაძლებელია გაძლიერდეს არასასურველი ეფექტები,.
იხილეთ: ფარმაკოკინეტიკა; ფარმაკოდინამიკა; სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოქმედება
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.