სამკურნალო საშუალებები და ალკოჰოლი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებებთან ალკოჰოლის ურთიერთქმედებას მივყავართ სხვადასხვა შედეგებამდე, რომელთა წინასწარ გათვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, იცვლება ალკოჰოლის მოქმედება, ზოგჯერ ძლიერდება ან სუსტდება პრეპარატის მოქმედება, ასევე შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ორგანიზმის რეაქციაც. სამივე შემთხვევაში შედეგი ერთია – მკურნალობა გართულებულია.

ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ეთილის სპირტს ან ეთანოლს, რომელთა მეშვეობითაც ვითარდება თრობის სინდრომი. სპირტებს გააჩნიათ სანარკოზე მოქმედება, რომელიც ვლინდება ნებისმიერი უჯრედების და ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ.აღნიშნული მოქმედების ძალა და ხანგრძლივობა გამოცდილი აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული ალკოჰოლური სასმელი. ორგანიზმში მოხვედილი სპირტი, როგორც უცხო ნივთიერება, განიცდის გადაგვარებას (ბიოტრანსფორმაციას) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დახმარებით, რომლებიც წარმოადგენენ ქიმიური პროცესების უმეტესობის კატალიზატორებს (ფერმენტები). თავდაპირველად საქმეში ერთვება ალკოჰოლდეჰიდროგენაზა, რომელიც ახდენს სპირტის დაჟანგვას ალდეჰიდამდე. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუკი შევანელებთ სპირტის დაჟანგვის პროცესს, დაქვეითდება მდგრადობა ალკოჰოლის მიმართ. აღნიშნული მოქმედება, კერძოდ, გააჩნია ანალგეტიკს ნატრიუმის მეტამიზოლს (ანალგინი). პროცესის მეორე სტადიაში ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით აცეტალდეჰიდი გარდაიქმნება ძმარმჟავად, რომელიც აქტიურად გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. რაც უფრო სწრაფად ხორციელდება აღნიშნული ტრანსფორმაცია, მით უფრო ნაკლებია ალდეჰიდის, და შესაბამისად ალკოჰოლის, საზიანო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
მეტრონიდაზოლმა, რომელიც მამაკაცმა მიიღო საძილე საშუალების მაგივრად, შეცვალა ალკოჰოლის მოქმედება, რამეთუ შეანელა აცეტალდეჰიდის ძმარმჟავაში გადასვლის პროცესი. გროვდება რა სისხლში, სწორედ აცეტალდეჰიდი იწვევს ორგანიზმის მოწამვლას. ალკოჰოლიზმის მკურნალობის ერთ–ერთი მეთოდი ეფუძნება შემდეგ მექანიზმს: ავადმყოფს აძლევენ დისულფირამის (ტეტურამი, ესპერალი და სხ.) ან ციანამიდის შემცველ პრეპარატს. აღნიშნული ნივთიერებები აბლოკირებენ ფერმენტ ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, რის შედეგადაც ეთანოლის ბიოტრანსფორმაცია წყდება აცეტალდეჰიდის წარმოქმნის პროცესზე, რაც იწვევს სწორედ ორგანიზმის მოწამვლას. შედეგად, ერთი ჭიქა არაყი შეიძლება გადაიქცეს ერთ ჭიქა შხამად. მეტრონიდაზოლი კი, როგორც ანტიალკოჰოლური საშუალება, ძალიან სუსტი გამოდგა და ამ მიზნებისთვის მისი გამოყენება არ ხდება. მედიცინაში წარმატებით გამოიყენება აღნიშნული პრეპარატის ანტიბაქტერიული თვისებები. თუმცა მეტრონიდაზოლით მკურნალობის პროცესში, სპირტის უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. მეტრონიდაზოლის მიღების დროს განვითარებული სიმპტომების მსგავსი სიმპტომები (თავის ტკივილი, კანის საფარველის სიწითლე, გულისრევა ან ღებინება, თავბრუსხვევა) შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლის და ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების, ქლორამფენიკოლის, გრიზეოფულვინის, სულფანილამიდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევებში.

ციანამიდის უცნაური თვისებები პირველად აღმოჩენილ იქნა აზოტოვანი სასუქის მწარმოებელ ქარხანში, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული ნაერთის სინთეზი და ხდებოდა მისი გამოყენება. მოცემული ქარხნის ადმინისტრაციამ შეამჩნია, რომ აღნიშნული საამქროს მომუშავე პერსონალი, არათუ არ ლოთობდნენ, არამედ საერთოდ არ იკარებდნენ ერთ წვეთ სპირტიან სასმელსაც კი. ექიმმა, რომელიც აკვირდებოდა მუშებს, შეამჩნია, რომ მათ, ვინც ცდილობდა დალევას, აღენიშნებოდათ სისხლის გაძლიერებული მოდინება სახეზე, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, ქოშინი და გულისრევა. იმ შემთხვევაში თუ მოუმატებდნენ დოზას, ვითადებოდა ტკივილის შეგძნებები გულის არეში და მოსალოდნელი სიკვდილის შიში. ასეთ მდგომარეობაში კი უკვე დალევის სურვილიც აღარავის უჩნდებოდა. ასე მოხდა ციანამიდის ანტიალკოჰოლური თვისებების აღმოჩენა.
ცნობილია კლონიდინთან (მაგალითად პრეპარატები კლოფელინი, ჰემიტონი და სხ.) ალკოჰოლის უჩვეულო ურთიერთქმედების შესახებ. ამ დროს ადამიანი არა მარტო ღრმა ძილში ვარდება, არამედ შემდგომში ემართება სრული ამნეზიაც. სწორედ ამიტომაც, კლონიდინს ზოგჯერ იყენებენ ”არა დანიშნულებისამებრ”, უამტებენ რა სპირტიან სასმელში როდესაც აპირებენ ადამიანის გაქურდვას. სამწუხაროდ, ასეთი სახის ურთიერთქმედების მექანიზმი საბოლოოდ არ არის ცნობილი. სავარაუდოდ ხდება ალკოჰოლის და კლონიდინის ზემოქმედებების შეჯამება (სუმირება).

შეიძლება მოვიყვანოთ სხვა მაგალითიც. კოფეინს გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება. მას აგრთვე უწოდებენ ”გამომგდებს”, რამეთუ ყავის შეთავაზება ხდება იმისთვის, რომ გამოფხიზლდეს სტუმარი, რათა მოახერხოს წასვლა. თავდაპირველად ყველაფერი ასეც ხდებოდა. ადამიანი თითქოს ფხიზლდებოდა. თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თრობა ისევ ვლინდებოდა და თან უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე ეს იყო ყავის დალევამდე. საქმე იმაშია, რომ კოფეინი, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით, აძლიერებს სპირტის შეღწევას სისხლიდან თავის ტვინში, რის გამოც იზრდება თრობის ხარისხიც. სპირტები წარმოადგენენ კარგ გამხსნელებს ცხიმებისთვის – უჯრედული მემბრანის კომპონენტებისთვის, რომლებიც ასრულებენ ბარიერულ ფუნქციას ნებისმიერი ნივთიერების უჯრედში მოხვედრის გზაზე. სპირტი, ასე ვთქვათ, აკეთებს ხვრელებს აღნიშნულ ბარიერებში. ეს განსაკუთრებით საშიშია თავის ტვინის უჯრედებისთვის. უსაფრთხო დოზებით საძილე საშუალებების (განსაკუთრებით ბარბიტურის მჟავას წარმოებულები) და ალკოჰოლის ერთობლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის ცენტრის სიცოცხლისთვის საშიში დათრგუნვა. ასევე სახიფათოა ალკოჰოლის და ფსიქოტროპული საშუალებების კიდევ ერთი ჯგუფის, ანტიდეპრესანტების ერთობლივი გამოყენება. ამასთან, ეს საშიშროება ვრცელდება მხოლოდ იმ ანტიდეპრესანტებზე, რომლებიც აინჰიბირებენ ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ადრენალინის დაშლას. თუკი აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მივიღებთ ალკოჰოლს, რომელიც ასტიმულირებს ადრენალინის დამატებით გამოყოფას, შედეგად შეიძლება განვითარდეს გულის მუშაობის სიცოცხლისთვის სახიფათო გახშირება, სისხლძარღვების სპაზმი არტერიული წნევის მომატების ფონზე. ზოგიერთი სახეობის ლუდი და ღვინოები შეიცავენ თირამინს, რომელსაც გააჩნია ადრენალინის მსგავსი აგებულება და მოქმედება. ნორმალურ პირობებში მისი დაშლა ხორციელდება ნაწლავებში, თუმცა მონოამინოოქსიდაზას მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებების მიღების შედეგად ხორციელდება თიამინის შეწოვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო მომატება.
ალკოჰოლი აგრეთვე იწვევს სისხლში შაქრის დონის ცვლილებას, ამასთან, დასაწყისში მისი დონე მატულობს, შემდეგ კი იწყებს დაკლებას, რაც ორმაგად საშიშია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის. პირველი იმიტომ რომ, სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, მეორე მხრივ, სულფანილამიდური პრეპარატები, რომლებიც ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, თრგუნავენ ალდეჰიდდიჰიდროგენაზას, რაც იწვევს სისხლში ტოქსიკური აცეტალდეჰიდის დაგროვებას.
ალკოჰოლის მიღება, ისევე როგორც სტრესული სიტუაცია, განაპირობებს ჰორმონების გამომუშავებას (კორტიზონი, ალდოსტერონი და სხ.). ალკოჰოლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი მუდვივად იმყოფება სტრესულ პირობებში, რაც, თავისთავად, ცვლის მის რეაქტიულობას სამკურნალო საშუალებების მიმართ. ქვეითდება საძილე საშუალებების საძილე მოქმედება, თუმცა მატულობს მათი ტოქსიკურობა. ჰორმონული პრეპარატების სამკურნალო დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ გადაჭარბებული დოზირების ეფექტი. არც თუ უსაფრთხო ხდება ეფედრინის, ნაფაზოლინის, ქსილომეტაზოლინის და სხვა ადრენერგული საშუალებების გამოყენება სურდოს მკურნალობის დროს, რამეთუ ალკოჰოლი ზრდის გულის მგრძნობელობას ადრენალინის მიმართ. ანალოგიური მიზეზით (აგრეთვე კალიუმის დეფიციტის გამო) ალკოჰოლის მიღების ფონზე საგულე გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. აგრეთვე იცვლება ნიტროგლიცერინის, შარდმდენი საშუალებების მოქმედება.
ალკოჰოლის მიღების შერწყმამ რეზერპინის, მეთილდოფას, ჰიდრალაზინის. გუანეტიდინის, პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი სამკურნალო საშუალებების ან განგლიობლოკატორების გამოყენებასთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება.
ალკოჰოლის ქრონიკული მიღების შემთხვევაში ხორციელდება ფერმენტების აქტივაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ ალკოჰოლის დაშლას ღვიძლში. ამასთან, იზრდება სხვა ფერმენტების აქტიურობა, რომლებიც ახორციელებენ ორგანიზმში სამკურნალო საშუალებების გარდაქმნას და აჩქარებენ მათ დაშლას. ეს პირველ რიგში ეხება საძილე, დიაბეტის საწინააღმდეგი და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, თუმცა მეტ–ნაკლებად შესაძლებელია აღნიშნული ჩამონათვალის გაგრძელებაც. ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ღებულობენ სპირტიან სასმელებს, ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან სანარკოზე და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ.

სპირტიანი სასმელების რეგულარული მიღება აძლიერებს პარაცეტამოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას ღვიძლზე. როგორც ჩანს, ეს ხდება პარაცეტამოლის ცვლის შუალედური ტოქსიკური პროდუქტების (მეტაბოლიტების) შემცველობის გაზრდის და გამოყოფის სიჩქარის შემცირების ხარჯზე. ამიტომაც პარაცეტამოლის დანიშვნა ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
ალკოჰოლმა შეიძლება დააჩქაროს სამკურნალო საშუალებების შეწოვა კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, რასაც თან სდევს ორგანიზმში პრეპარატის უფროდ დიდი კონცეტრაციით დაგროვება, ვიდრე ჩვეულებრივ მიღების შემთხვევაში. ამ ყველაფერს მივყავართ გადაჭარბებულ დოზირებამდე. მაგალითად ცნობილია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თავის ტკივილის გაყუჩების მიზნით მიღებულ პრეპარატს დაამატა 100 გრ. არაყი. მალე სხეულის ტემპერატურა გაიზარდა 390–მდე, კანზე და ლორწოვან გარსებზე გაჩნდნენ ბუშტუკები. სახეზე იყო გადაჭარბებული დოზირების ნიშნები. სხვა შემთხვევაში, ჯანმრთელმა ადამიანმა არაყი დალია სულფანილამიდური პრეპარატის მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია კანის ანთება და სიყვითლის განვითარება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.