პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
წამლის მოქმედების ეფექტი გამოწვეულია სუბსტრატ-რეცეპტორთან მისი მოქმედებით. შერჩევითად მოქმედებენ პრეპარატები, რომლებიც უკავშირდებიან განსაზღვრული სახის რეცეპტორებს (H1 ჰისტამინობლოკატორები – ქლოროპირამინი, ქვიფენადინი, ფექსოფენადინი; H2 ჰისტამონობლოკატორები – ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი; a- ადრენომიმეტიკი – ნორადრენალინი; b2-ადრენომიმეტიკები – ფენოტეროლი, სალბუტამოლი, სალმეტეროლი; b1–ადრენობლოკატორი – მეტოპროლოლი, ატენოლოლი, ბისოპროლოლი).
იმისათვის, რომ ბიოსუბსტრატთან კომპლექსის წარმოქმნამ ორგანოს ფუნქცია შეცვალოს, საჭიროა რეცეპტორთან წამლის საკმაო კონცენტრაცია, რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და ფარმაკოკინეტიკაზე, ანუ შეწოვაზე, განაწილებაზე, ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფაზე. მაგალითად, ყველა საგულე გლიკოზიდი (დიგიტოქსინი, დიგოქსინი, სტროფანტინი) ახდენს კარდიოტონურ მოქმედებას, თუმცა შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება სათითურას ლიპოიდხსნადი გლიკოზიდები, ხოლო სტროფანტის წყალში ხსნადი გლიკოზიდები ცუდად შეიწოვება და არ იწვევენ გამოხატულ საგულე ეფექტს. ბარიუმის სულფატი არ იხსნება და არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკაში რენტგენოკონტრასტულ საშუალებად მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ბარიუმის ქლორიდი, პირიქით, კარგად იხსნება, შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და იწვევს კუნთების კონტრაქტურას.
თუკი პრეპარატის ბიოსუბსტრატთან კომპლექსი წარმოიქმნა შეყვანის ადგილასვე, მაშინ ხდება ადგილობრივი მოქმედება. ასეთია ადგილობრივ საანესთეზიო, შემკვრელი, გამაღიზიანებელი მოქმედება.
წამალთა უმეტესობა ინიშნება მათი რეზორბციულ მოქმედებაზე გათვლით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეყვანის ნებისმიერი გზის შემთხვევაში. მოქმედების სიჩქარე და ძალა დამოკიდებულია სისხლში, ხოლო შემდეგ ქსოვილებში პრეპარატის კონცენტრაციის შექმნის სისწრაფესა და სიდიდეზე. სწრაფი და ძლიერი ეფექტის მისაღებად იყენებენ საინექციო პრეპარატებს.
სისხლში მოხვედრილი ნივთიერება მთელ ორგანიზმში ხვდება. იგი მოქმედბს განსაზღვრულ ორგანოებსა და სისტემებზე, ანუ გააჩნია მეტ-ნაკლები შერჩევითობა. რაც მეტია პრეპარატის შერჩევითი მოქმედება, მით ნაკლებია გვერდითი და არასასურველი ეფექტები.
არჩევენ პრეპარატის ძირითად და გვერდით მოქმედებას. ძირითადია წამლის ის მოქმედება, რომლზედაც გათვლილია კონკრეტულ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენება. ყველა დანარჩენი ეფექტები ე.წ. გვერდითი ეფექტებია. თუმცა ყველა გვერდითი ეფექტი როდია არასასურველი. მაგალითად, დიმედროლის გვერდითი მოქმედებაა ცნს-ის დათრგუნვა და ძილიანობა. ეს გვერდითი ეფექტი ზღუდავს ალერგიის დროს ტრანსპორტის მძღოლებში პრეპარატის გამოყენებას, რამდენადაც იგი ამცირებს ყურადღებას, რეფლექსური რეაქციის სიჩქარეს. ამავე დროს, ზოგიერთი პაციენტი დიმედროლს იყენებს საძილე საშუალებად, ანუ ამ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი იქცევა ძირითად ეფექტად. აზოტოვანი მჟავას პრეპარატები – ნიტრიტები იწვევენ არტერიული წნევის შემცირებას და ზრდიან მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას. ამიტომ მათ იყენებენ კორონარული სისხლძარღვების სპაზმების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (ძირითადი მოქმედება); ერითროციტებში პრეპარატის საკმაო კონცენტრაცია იწვევს მეტჰემოგლობინის წარმოქმნას (გვერდითი ეფექტი). ნიტრიტების გვერდითი მოქმედება ძირითად მოქმედებად იქცევა ციანონაერთებით მოწამლვის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას (მეტჰემოგლობინი მტკიცედ იკავშირებს ციანიდებს), ხოლო ძირითადი მოქმედება (სისხლძარღვების გაფართოება) – ხდება გვერდითი.
თუ პრეპარატი იწვევს უარყოფით ეფექტებს (ბრონქოსპაზმი, მიკროცირკულაციის პროცესების, სმენის, მხედველობის დარღვევა), ეს ე.წ. ტოქსიური მოქმედებაა. ეს ტერმინი გამოიყენება წამლის დოზის გადამეტების შემთხვევის აღწერისას.
წამლის მოქმედებით ორგანოს ფუნქცია მატულობს ან კლებულობს. თუ წამალი დაქვეითებული ფუნქციის ნორმალიზაციას იწვევს, ამბობენ, რომ მას მატონიზებელი მოქმედება აქვს, თუ ფუნქცია ნორმას გადააჭარბებს – აღმგზნები მოქმედება ექნება. თუ ორგანოს მომატებული ფუნქცია ნორმამდე მცირდება, მაშინ წამალს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, ნორმის ქვემოთ – დამთრგუნველი, თუ ფუნქცია სრულიად შეწყდება – მაპარალიზებელი. მაგალითად, ატროპინის მსგავსი საშუალებები იწვევენ ჰიპერსალივაციის დათრგუნვას – დამამშვიდებელ ეფექტს, ჰიპოსალივაციის გამოწვევა – დამთრგუნველი მოქმედებაა, ნერწყვის სეკრეციის სრულად შემცირება – სანერწყვე ჯირკვლების პარალიზებაა. პილოკარპინის ჯგუფის პრეპარატები ჰიპოსალივაციისას იწვევენ ნერწყვის გამოყოფის ნორმალიზაციას – რაც მატონიზებელი ეფექტია, დოზის მომატებისას ჰიპერსალივაციას – რაც აღმგზნები ეფექტია.
კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება მატონიზებელი და დამამშვიდებელი ეფექტების მქონე პრეპარატები.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.