საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

სტატიის დასაწყისი >>>

სიმსივნეები და მათი მსგავსი პროცესები. ადამიანის სხეულის არცერთ სხვა ორგანოში არ არის სიმსივნეების ისეთი ჰისტოგენეტიკური მრავალფეროვნება, როგორც საკვერცხეში. მჯო–ს ექსპერტების მიერ მოწოდებულია სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს სიმსივნეების და მათ მსგავს პროცესებს.
საკვერცხეების სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია (ს.ფ სეროვი, სკალი, სობინი 1977).
I.  ეპითელური სიმსივნეები
ა. სეროზული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ბ. მურცინოზული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
გ. ენდომეტრიოიდული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
დ. ღიაუჯრედოვანი ანუ მეზონეფროიდული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ე. ბრენერის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ვ. შერეული ეპითელური სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
II. სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები
ა. გრანულოზურ–სტრომულ–უჯრედოვანი
1.      გრანულოზურუჯრედოვანი
2.      თეკომები–ფიბრომები (თეკომა, ფიბრომა, არაკლასიფიცირებული სიმსივნეები)
3.      შერეული
ბ. ანდრობლასტომები (სიმსივნეები სერტოლის და ლეიდიგის – მეზენქიმის წარმოებულები – უჯრედებიდან)
1.      მაღალდიფერენცირებული
2.      საშუალო დიფერენცირების
3.      დაბალდიფერენცირებული
4.      ჰეტეროლოგიური ელემენტებით
გ. გინანდრობლასტომა
III.  ლიპიდურ–უჯრედული სიმსივნეები
IV. ჰერმინოგენული სიმსივნეები
ა. დისტერმინომა
ბ. ენდოდერმული სინუსის სიმსივნე
გ. ემბრიონალური კარცინომა
დ. პოლიემბრიომა
ე. ქორიონეპითელიომა
ვ. ტერატომები (მომწიფებული, მოუმწიფებელი)
ზ. შერეული ჰერმინოგენული სიმსივნეები
V. გონადობლასტომა (იზოლირებული, შერეული ჰერმინოგენულ სიმსივნეებთან)
VI. საკვერცხეებისთვის არასპეციფიკური, რბილი ქსოვილების სიმსივნეები
VII. არაკლასიფიცირებული სიმსივნეები
VIII.  მეორადი (მეტასტაზური) სიმსივნეები
IX. სიმსივნის მსგავსი პროცესები
ა. ორსულობის ლუთეომა
ბ. საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი
გ. საკვერცხის მასიური შეშუპება
დ. ფოლიკულური კისტა და ყვითელი სხეულის კისტა
ე. მრავლობითი ფოლიკულური კისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეები)
ვ. მრავლობითი ლუთეინიზირებული ფოლიკულური კისტები და/ან ყვითელი სხეულები
ზ. ენდომეტრიოზი
თ. ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები
ი. მარტივი კისტები
კ. ანთებითი პროცესები
ლ. პაროვარიული კისტები.
სიმსივნეები. საკვერცხეების სიმსივნეთა უმეტესობა არის ეპითელური. სხვა სიმსივნეებთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ჰერმინოგენული და სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები, რომელთაც გააჩნიათ ჰორმონული აქტივობა. არც თუ იშვიათად, საკვერცხეებში ვითარდება მეტასტაზური სიმსივნეები.
ეპითელური სიმსივნეები
კეთილთვისებიანი ეპითელურ სიმსივნეები – საკვერცხეების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია. განსაკუთრებით ხშირია სეროზული და მუცინური ეპითელური სიმსივნეები, რომელთაც კლინიკურ პრაქტიკაში ეწოდებათ კისტომები. მორფოლოგიურად განასხვავებენ გლუვკედლიან და პაპილარულ კისტომებს. გლუვკედლიანი სეროზული კისტომა (სეროზული ცისტადენომა, ცილიოეპითელური კისტომა) წარმოადგენს სფერულ, ერთ– ან მრავალსაკნიან წარმონაქმნს თხელი კედლებით, რომელიც შეიცავს ღია ფერის სითხეს და შიგნიდან გამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით. როგორც წესი, სიმსივნე ცალმხრივია, არც თუ დიდი ზომის, თუმცა შეიძლება შეგვხდეს სიმსივნეები, რომელთა წონა აღწევს რამდენიმე კილოგრამს.
პაპილარული სეროზული კისტომა (პაპილარული სეროზული ცისტადენომა) გლუვკედლიანი კისტომისგან განსხვავდება დვრილისებრი წანაზარდების არსებობით შიგნითა, ზოგჯერ კი გარეთა ზედაპირზე. არც თუ იშვიათად, ზიანდება ორივე საკვერცხე, ვითარდება შეხორცებები მეზობელ ორგანოებთან, ასციტი. სეროზული კისტომები უხშირესად ვითარდებიან პრე– და პოსტმენოპაუზაში.
მუცინურმა კისტომებმა თავიანთი დასახელება მიიღეს ლორწოს მსგავსი შიგთავსის არსებობის გამო. სიმსივნეები, როგორც წესი, მრავალსაკნიანია, გააჩნიათ წილაკოვანი ზედაპირი ცალკეული ამობურცული საკნების გამო, შესაძლოა მიაღწიონ დიდ ზომებს. პაპილარული მუცინური სიმსივნეების შემთხვევაში, როდესაც მათ ზედაპირზე აღინიშნება დვრილისებრი წანაზადები, შეიძლება ჩამოყალიბდეს ასციტი. მუცინური კისტომები ჩვეულებრივ გვხვდება 40–60 წლის ასაკში, ხოლო პაპილარული სიმსივნეები – პოსტმენოპაუზაში.
ბრენერის სიმსივნე შედგება საკვერცხეების შემაერთებელი ქსოვილისგან და მასში არსებული ეპითელური უჯრედების სხვადასხვა ფორმის უბნებისგან. როგორც წესი, ვითარდება პრე– და პოსტმენოპაუზაში. ეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნეების სხვა ფორმები – ენდომეტრიოიდული (მორფოლოგიურად ენდომეტრიუმის სიმსივნეების მსგავსია), ღიაუჯრედოვანი (რომელთა შემადგენლობაშიც შედის ღია ფერის, გლიკოგენის შემცველი უჯრედები) და შერეული – გვხვდება ძალიან იშვიათად.
კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების კლინიკური გამოვლინებები ძირითადად დაკავშირებულია სიმსივნის სიდიდეზე და მდებარეობაზე. არც თუ დიდი ზომის სიმსივნეებიც კი იწვევენ სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს მუცლის ქვემოთ. შარდის ბუშტზე და ნაწლავებზე ზეწოლის შემთხვევაში ირღვევა შარდვა და დეფეკაცია. ზოგიერთი სიმსივნისთვის დამახასიათებელი ასციტის განვითარებაც.
ყველაზე ხშირი გართულებაა საკვერცხეების სიმსივნის ფეხის გადაგრეხა. სიმსივნის ფეხს წარმოქმნიან გაჭიმული იოგები (საკიდი იოგი, საკვერცხის საკუთარი იოგი, საშვილოსნოს განიერი იოგის უკანა ფურცლის ნაწილი), რომლებშიც გადიან საკვერცხის არტერია და ვენა, რომელიც აერთებს მას საშვილოსნოს არტერიასთან, ლიმფური სადინრები და ნერვები; არც თუ იშვიათად სიმსივნის ფეხის შემადგენლობაში შედის საშვილოსნოს მილი. საკვერცხის სიმსივნის ფეხის გადაგრეხა ხდება მკვეთრი მოძრაობების, სხეულის მდებარეობის ცვლილებების, ფიზიკური დაძაბვისას, ხშირად ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. გადაგრეხა შეიძლება იყოს სრული და არასრული. სრული გადაგრეხის დროს მკვეთრად ირღვევა სისხლის მიმოქცევა სიმსივნეში, ვითარდება სისხლჩაქცევები და ნეკროზები, რასაც თან სდევს მწვავე მუცლის სიმპტომების გაჩენა: უეცრად განვითარებული მკვეთრი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, ტაქიკარდია. სიმსივნე მატულობს ზომაში, შესაძლებელია მოხდეს მისი გასკდომა და ინფიცირება პერიტონიტის განვითარებით. სიმსივნის ფეხის ნაწილობრივი შემოგრეხა მიმდინარეობს ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით, რომელთა ინტენსივობაც დამოკიდებულია სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად სიმსივნეში განვითარებული ცვლილებების ხარისხზე. პერიფოკალურმა ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნის შერწყმა გარშემო ქსოვილებთან და ორგანოებთან.
სიმსივნის კაფსულის გასკდომა იშვიათად ვლინდება, ზოგჯერ ის ვითარდება ტრავმის, უხეში გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად. საკვერცხეების სიმსივნის კაფსულის გასკდომის სიმპტომებია ტკივილების უეცარი გაჩენა მუცლის არეში, შოკის განვითარება, რაც განპირობებულია შინაგანი სისხლდენით.
ყველაზე ხშირად მალიგნიზაციას განიცდიან სეროზული პაპილარული კისტომები, იშვიათად მუცინური პაპილარული კისტომები.
საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზის დადგენა ხორციელდება გინეკოლოგიური, ულტრაბგერითი, და ჰისტოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. გინეკოლოგიური გამოკვლევით დგინდება გადიდებული საკვერცხე. დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით მცირე ზომის სიმსივნეების შემთხვევებში, ძალიან გვეხმარება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს სიმსივნის ზომები, კაფსულის სისქე, საკნების და პაპილარული წანაზადების არსებობა. სიმსივნის კეთილთვისებიანობის საბოლოო დადასტურება ხდება ბიოფსიის შედეგებით. დიაგნოსტიკურ ცენტრებში, საკვერცხის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება სპეციალური გამოკვლევები.
საკვერცხეების კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების მკურნალობა ოპერაციულია, რამეთუ სიმსივნის ზომების მიუხედავად, არსებობს მალიგნიზაციის საშიშროება. ოპერაციის პერიოდში ხდება სიმსივნური ქსოვილის სწრაფი ჰისტოლოგიური გამოკვლევა. სეროზული გლუვკედლიანი კისტომის შემთხვევაში ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე: ახალგაზრდა ქალებში დასაშვებია სიმსივნის ამოკვეთა საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის დატოვებით, პოსტმენოპაუზის პერიოდში აუცილებელია ლანგისტერექტომია – საშვილოსნოს და მისი დანამატების მოცილება. სეროზული პაპილარული კისტომების, მუცინური კისტომების და ბრენერის სიმსივნის შემთხვევებში, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ხდება დაზიანებული საკვერცხის მოცილება, პოსტმენოპაუზაში კი აცილებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს. საკვერცხის სიმსივნის ფეხის გადაგრეხის ან სიმსივნის კაფსულის გასკდომის შემთხვევაში ტარდება სასწრაფო ოპერაცია.
პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, დროული ოპერაციული მკურნალობის პირობებში იგი კეთილსაიმედოა. საკვერცხის სეროზული პაპილარული კისტომის გამო ნაოპერაციები ქალები უნდა იმყოფებოდნენ გინეკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნეები (კიბო). ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში საკვერცხეების კიბოთი ავადობის მაჩვენებელს უკავია მეორე ადგილი ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის სტრუქტურაში, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროს უფრო მაღალია, ვიდრე ერთად აღებული საშვილოსნოს სხეულის და ყელის კიბოს შემთხვევებში. საკვერცხის კიბო უხშირესად უვითარდებათ 40–50 წლის ასაკის ქალებს.
საკვერცხის კიბოს პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა მრავალრიცხვოვანი ექსპერიმენტული, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური და ენდოკრინოლოგიური კვლევების შედეგები წარმოადგენენ აღნიშნული სიმსივნის ჰორმონული ბუნების შესახებ ჰიპოთეზის არსებობის საფუძველს. საკვერცხის კიბოთი დაავადებულებში აღინიშნება სისხლში გონადოტროპული ჰორმონების და ესტროგენების მომატებული დონე, პროგესტერონის დეფიციტი. საკვერცხეების ცისტადენოკარცინომებში, განსაკუთრებით ენდომეტრიოიდულ, მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეებში, ხშირად ვლინდება ესტრადიოლის და პროგესტერონის ციტოპლაზმური რეცეპტორები, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს სიმსივნეების მგრძნობელობას სინთეზური პროგესტინებით და ანტიესტროგენებით მკურნალობის მიმართ. საკვერცხის კიბო შესაძლებელია შერწყმული იყოს ენდომეტრიუმის, სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევრის კარცინომებთან (პირველადად–მრავლობითი კიბო). საკვერცხეების, ენდომეტრიუმის, სარძევე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულების ოჯახში აღინიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა აღნიშნული სიმსივნეების მიმართ.
საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მაღალია ქალებში, რომლებთაც აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უშვილობა, აგრეთვე საშვილოსნოდან სისხლდენებით დაავადებულებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, ხანგრძლივად არსებული კისტების, საშვილოსნოს მიომების, საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, აგრეთვე შინაგანი სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი სიმსივნეების გამო პრე– ან პოსტმენოპაუზაში ოპერირებულებში, როდესაც ოპერაციის შემდეგ დატოვებულია ერთი ან ორივე საკვერცხე.
საკვერცხეების ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების ჰისტოტიპი შესაძლოა განსხვავებული იყოს. საკვერცხის ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 90%–ზე მეტს შეადგენენ სეროზული, მუცინური და ენდომეტრიოიდული სიმსივნეები. საკვერცხის კიბო გამოირჩევა აგრესიულობით, სწრაფი ზრდით და მეტასტაზირების უნივერსალური ხასიათით. ჭარბობს სიმსივნის გავრცელების იმპალნტაციური გზა – მეტასტაზირება პარიესული და ვისცერული პერიტონეუმის გაყოლებაზე, სწორ ნაწლავ–საშვილოსნოს ფოსოში, დიდ ბადექონში და პლევრაში კარცინომატოზური ასციტის და ჰიდროთორაქსის განვითარებით. ლიმფოგენური მეტასტაზირება (ძირითადად მუცლის აორტის გარშემო და თეძოს ლიმფურ კვანძებში) აღინიშნება პირველადი ავადმყოფების 30–35%–ში. ღვიძლში და ფილტვებში ჰემატოგენური მეტასტაზირება შედარებით იშვიათია, აღინიშნება მხოლოდ ზოგადი იმპლანტაციური და ლიმფოგენური დისემინაციის ფონზე.
საკვერცხის კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების მიზნით გამოიყენება კლასიფიკაცია სტადიების მიხედვით, რომელიც მოწოდებულია მეან–გინეკოლოგების საერთაშორისო ფედერაციის (FIGO) მიერ და კლასიფიკაცია TNM სისტემის მიხედვით.
მეან–გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწოდებული, საკვერცხეების კიბოს კლასიფიკაცია (1988)
 
სტადია I – სიმსივნე შემოფარგლულია საკვერცხეებით.
სტადია Iა – სიმსივნე შემოფარგლულია ერთი საკვერცხით, ასციტი არის, კაფსულა ინტაქტურია (i) – კაფსულაში ჩაზრდა და/ან მისი გასკდომა;
სტადია Iბ – სიმსივნე შემოფარგლულია ორივე საკვერცხით, კაფსულა ინტაქტურია; სტადია Iგ – სიმსივნე შემოფარგლულია ერთი ან ორივე საკვერცხით, აღინიშნება კაფსულაში ჩაზრდა და/ან მისი გასკდომა და/ან ვლინდება ასციტი ან მუცლის ღრუში არსებულ სითხეში ჩნდება სიმსივნური უჯრედები.
სტადია II – სიმსივნე აზიანებს ერთ ან ორივე საკვერცხეს მენჯის მიდამოზე გავრცელებით.
სტადია IIა – სიმსივნე გავრცელებულია და/ან მეტასტაზირებულია საშვილოსნოში და/ან ფალოპის მილებში;
სტადია IIბ – გავრცელებულია მენჯის სხვა ქსოვილებზე;
სტადია IIგ – გავრცელება იგივეა რაც IIა და IIბ სტადიების დროს, თუმცა აღინიშნება ასციტი ან ვლინდება სიმსივნური უჯრედები მუცლის ღრუში არსებულ სითხეში.
სტადია III – სიმსივნე გავრცელებულია ერთ ან ორივე საკვერცხეზე მეტასტაზირებით მენჯის გარეთ (პერიტონეუმის ფურცლებით) და/ან მეტასტაზები რეტროპერიტონეალურ ან საზარდულის ლიმფურ კვანძებში, დიდ ბადექონში.
სტადია IV – სიმსივნე გავრცელებულია ერთ ან ორივე საკვერცხეზე შორეული მეტასტაზებით, მათ შორის ღვიძლის პარენქიმაში; პლევრის ღრუში სითხის არსებობა, რომელშიც ციტოლოგიური კვლევით ვლინდება სიმსივნური უჯრედები.
საკვერცხეების კიბოს კლასიფიკაცია TNM სისტემით (1981)
T – პირველადი სიმსივნე
T0 – პირველადი სიმსივნე არ ვლინდება
T1 – სიმსივნე შემოფარგლულია საკვერცხეებით
T1ა – სიმსივნე შემოფარგლულია ერთი საკვერცხით, ასციტი არ არის:
T1ა1 – საკვერცხის ზედაპირზე სიმსივნე არ არის, კაფსულა დაზიანებული არ                          არის
T1ა2 – სიმსივნე საკვერცხის ზედაპირზე და/ან კაფსულის მთლიანობის დარღვევა
T1ბ – სიმსივნე შემოფარგლულია ორი საკვერცხით, ასციტი არ არის:
T1ბ1 – საკვერცხეების ზედაპირზე სიმსივნე არ არის, კაფსულა არ არის დაზიანებული
T1ბ2 – სიმსივნე აღინიშნება ერთი ან ორივე საკვერცხის ზედაპირზე და/ან დაზიანებულია კაფსულა
T1გ – სიმსივნე შემოფარგლულია ერთი ან ორივე საკვერცხით, ასციტურ სითხეში ვლინდება ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები.
T2 – სიმსივნე აზიანებს ერთ ან ორივე საკვერცხეს და ვრცელდება მენჯზე:
T2ა – სიმსივნე გავრცელებულია და/ან მეტასტაზირებულია საშვილოსნოში და/ან რომელიმე მილში, თუმცა პროცესში ვისცერული პერიტონეუმის ჩართვის და ასციტის განვითარების გარეშე.
T2ბ – სიმსივნე ვრცელდება მენჯის სხვა ქსოვილებზე და/ან აზიანებს ვისცერალურ პერიტონეუმს, ასციტი არ არის
T2გ – სიმსივნე ვრცელდება საშვილოსნოზე და/ან რომელიმე ფალოპის მილზე, მენჯის სხვა ქსოვილებზე; ასციტურ სითხეში ვლინდება ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები.
T3 – სიმსივნე აზიანებს ერთ ან ორივე საკვერცხეს, ვრცელდება წვრილ ნაწლავზე ან ბადექონზე, შემოფარგლულია მცირე მენჯით ან აღინიშნება ინტრაპერიტონეალური მეტასტაზები მცირე მენჯის გარეთ ან რეტროპერიტონეალურ ლიმფურ კვანძებში.
N – რეგიონალური ლიმფური კვანძები
N0 – რეგიონალური ლიმფური კვანძების დაზიანების ნიშნები არ არის.
N1 – ვლინდება რეგიონალური ლიმფური კვანძების დაზიანება.
Nx – არასაკმარისი მონაცემებია რეგიონალური ლიმფური კვანძების შეფასებისთვის.
M – შორეული მეტასტაზები
M0 – არ არის შორეული მეტასტაზების ნიშნები
M1 – ვლინდება შორეული მეტასტაზები
Mx – არ არის საკმარისი მონაცემები შორეული მეტასტაზების განსაზღვრისთვის.

სიმსივნეები და მათი მსგავსი პროცესები. ადამიანის სხეულის არცერთ სხვა ორგანოში არ არის სიმსივნეების ისეთი ჰისტოგენეტიკური მრავალფეროვნება, როგორც საკვერცხეში. მჯო–ს ექსპერტების მიერ მოწოდებულია სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს სიმსივნეების და მათ მსგავს პროცესებს.
საკვერცხეების სიმსივნეების ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია (ს.ფ სეროვი, სკალი, სობინი 1977).
I. ეპითელური სიმსივნეები

ა. სეროზული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ბ. მურცინოზული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
გ. ენდომეტრიოიდული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
დ. ღიაუჯრედოვანი ანუ მეზონეფროიდული სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ე. ბრენერის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).
ვ. შერეული ეპითელური სიმსივნეები (კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე, ავთვისებიანი).

II.  სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები

ა. გრანულოზურ–სტრომულ–უჯრედოვანი
1.      გრანულოზურუჯრედოვანი
2.      თეკომები–ფიბრომები (თეკომა, ფიბრომა, არაკლასიფიცირებული სიმსივნეები)
3.      შერეული
ბ. ანდრობლასტომები (სიმსივნეები სერტოლის და ლეიდიგის – მეზენქიმის წარმოებულები – უჯრედებიდან)
1.      მაღალდიფერენცირებული
2.      საშუალო დიფერენცირების
3.      დაბალდიფერენცირებული
4.      ჰეტეროლოგიური ელემენტებით
გ. გინანდრობლასტომა

III.             ლიპიდურ–უჯრედული სიმსივნეები
IV.             ჰერმინოგენული სიმსივნეები

ა. დისტერმინომა
ბ. ენდოდერმული სინუსის სიმსივნე
გ. ემბრიონალური კარცინომა
დ. პოლიემბრიომა
ე. ქორიონეპითელიომა
ვ. ტერატომები (მომწიფებული, მოუმწიფებელი)
ზ. შერეული ჰერმინოგენული სიმსივნეები

V. გონადობლასტომა (იზოლირებული, შერეული ჰერმინოგენულ სიმსივნეებთან)
VI. საკვერცხეებისთვის არასპეციფიკური, რბილი ქსოვილების სიმსივნეები
VII. არაკლასიფიცირებული სიმსივნეები
VIII. მეორადი (მეტასტაზური) სიმსივნეები
IX. სიმსივნის მსგავსი პროცესები

ა. ორსულობის ლუთეომა
ბ. საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი
გ. საკვერცხის მასიური შეშუპება
დ. ფოლიკულური კისტა და ყვითელი სხეულის კისტა
ე. მრავლობითი ფოლიკულური კისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეები)
ვ. მრავლობითი ლუთეინიზირებული ფოლიკულური კისტები და/ან ყვითელი სხეულები
ზ. ენდომეტრიოზი
თ. ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები
ი. მარტივი კისტები
კ. ანთებითი პროცესები
ლ. პაროვარიული კისტები.

სტატიის გაგრძელება >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.