პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

დასაწყისი იხ. ,, კლინიკური ფარმაცია. კლინიკური ფარმაციის მრჩეველი (საექსპერტო) კომპიუტერული სისტემა” >>>

თერაპიის მიზნის ფორმულირების შემდეგ, ხდება ამ მიზნის მიღწევის კრიტერიუმების დადგენა. პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმები, დაკავშირებულია სხვადასხვა სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებთან, რომლებიც თან სდევენ მკურნალობის  პროცესს და გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროებენ სისტემურ ანალიზს.
ფაქტორები,  რომელთა ანალიზიც აუცილებელია ორგანულად იყოფა ორ ჯგუფად:
– პირველი ჯგუფი გამოხატავს ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას, ჩვენებებს, შესაძლო უკუჩვენებებს და მკურნალობის შესაძლო შეზღუდვებს. ამ ფაქტორების ბაზაზე, ძირითადად, ყალიბდება მკურნალობის მიზანი. (იხილეთ წინა პარაგრაფი)
– ფაქტორთა (პარამეტრთა) მეორე ჯგუფს უშუალოდ პრეპარატის ფარმაკოთერაპიულ თვისებებს ასახავს.
როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტული და მაქსიმალურად დეტალიზირებული თერაპიული მიზნის განსაზღვრა წარმოადგენს ცენტრალურ, ძირითად მომენტს სამკურნალო საშუალებების შერჩევაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს, მთავარ მომენტს, ბუნებრივია, წარმოადგენს დიაგნოზი, თერაპიის მიზანი შეიძლება მნიშვნელოვნად ცვალებადობდეს დახმარების აღმოჩების პირობების, გამოკვლევის შესაძლებლობების,  ეფექტურობისა და უსაფრთხოების კონტროლის შესაბამისად.
მას შემდეგ რაც ჩამოყალიბებული იქნება თერაპიის მიზანი, როგორც დადებითი (სასურველი ეფექტები), ასევე უარყოფითი კუთხით (დაუშვებელი გართულებები), შეიძლება დაიწყოს წარმოდგენილი სამკურნალო საშუალებების შეფასება . ტრადიციულად, გამოიყოფა კრიტერიუმთა ექვსი აგრეგირებული ჯგუფი:

33

I. ეფექტურობა. ეს არის სამკურნალო საშუალების შერჩევის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი. ანალოგიური ეფექტების მქონე მრავალი პრეპარატიდან შეირჩევა: ა) საშუალებები, რომლებიც პასუხობენ მკურნალობის დადგენილ მიზანს იმის გათვალისწინებით, ტარდება თუ არა ურგენტული, ხანგრძლივი ან შემანარჩუნებელი და ა.შ. თერაპია (მაგალითად, ურგენტულ სიტუაციებში პრეპარატის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ეფექტის მართვის შესაძლებლობა, ხოლო შემანარჩუნებელი თერაპიის დროს – სტაბილურობა); ბ) მოცემული დაავადების მკურნალობის მიზნით მათგან ხდება პირველი რიგის პრეპარატების შერჩვა; გ) ყველაზე ბოლოს ხდება იმ ეფექტების გათვალისწინება, რომლებსაც შეუძლიათ სასურველი გავლენა მოახდინონ თანმხლებ დაავადებებზე.
II. უსაფრთხოება. “ეფექტურობის” მახასიათებლებით არჩეული სამკურნალო საშუალებებიდან ხდება ისეთების შერჩევა, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე ცოტა შესაძლო გვერდითი ეფექტები ან ამ ეფექტების გამოვლინების შესაძლებლობა მოცემულ სიტუაციაში არც თუ ისე მაღალია ან აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლინებას, მოცემული პაციენტისთვის, არ გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამასთან, პირველ რიგში ითვალისწინებენ იმ გვერდით მოვლენებს, რომელთა გამორიცხვა მოხდა თერაპიის მიზნის განსაზღვრის დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მძიმეა და გადაუდებელი ავადმყოფის მდგომარეობა, მით უფრო პრევალირებს ეფექტურობა უსაფრთხოებაზე პრეპარატის შერჩევის დროს.
III. ავადმყოფისთვის მისაღები. შეიძლება გამოვყოთ ფაქტორთა ხუთი ჯგუფი, რომლებიც ზღუდავენ განსაზღვრული პრეპარატების გამოყენებას კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში: ა) ბიოლოგიური (მაგალითად, ორსულობა, ლაქტაცია, ასაკობრივი მახასიათებლები და სხ.); ბ) პროფესიული (ისეთი სახის სამუშაო, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას, რეაქციის სიჩქარეს და ა.შ.); გ) სოციალური (მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან შეუსაბამო ფაქტორების გამორიცხვის შეუძლებლობა – ალკოჰოლის მიღება, მანქანის მართვა და ა.შ,); დ) ფსიქოლოგიური ანუ კომფორტულობა პაციენტისთვის (მაგალითად, პრეპარატის დღეში რამდენჯერმე მიღების აუცილებლობაზე ავადმყოფის უარყოფითი დამოკიდებულება, განაპირობებს შერჩევის პრეპარატად დღეში ერთჯერადი მიღების საშუალების გამოყენებას).
IV. პრეპარატების ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად ითვლება ერთი პრეპარატით მკურნალობა, პრაქტიკაში ამის მიღწევა ძალიან იშვიათად ხორციელდება. სამკურნალო საშუალების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი შესაძლო ურთიერთქმედება უკვე მიღებულ ან პარალელურად დანიშნულ პრეპარატებთან. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამკურნალო საშუალების ურთიერქმედება საკვებთან, ალკოჰოლთან, თამბაქოს კვამლის კომპონენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ უფრო რაციონალურია ავადმყოფის ჩვევების კორეგირება, პრაქტიკაში უფრო ხშირად ხდება სამკურნალო საშუალებების შერჩევა არსებული პირობების გათვალისწინებით.
V. ექიმის ინფორმირებულობა პრეპარატის შესახებ და მასთან მუშაობის გამოცდილება. აღნიშნული მახასიათებელი მიეკუთვნება არა იმდენად პრეპარატს, რამდენადაც ექიმს და წარმოადგენს საკმაოდ სუბიექტურ კრიტერიუმს, თუმცა, რიგ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. კარგადაა ცნობილი, რომ გამოცდილი სპეციალისტის ხელში მაღალეფექტური და უსაფრთხო შეიძლება აღმოჩნდეს არა ყველაზე თანამედროვე, არამედ ჩვეული სამკურნალო საშუალებები. ახალ პრეპარატებზე გადასვლას (რომელიც მოითხოვს გამოცდილების დაგროვებას) შეიძლება თან სდევდეს თერაპიის როგორც ეფექტურობის, ასევე უსაფრთხოების არა გაზრდა, არამედ დროებითი შემცირება.
V. მკურნალობის ღირებულება. რეალურ ცხოვრებაში სამკურნალო პრეპარატის შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ, შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს ფინანსური შესაძლებლობები. თუმცა, არც თუ იშვიათად, მატერიალური შესაძლებლობებით არგუმენტირებული უარი უფრო ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატებზე, დაუსაბუთებელია, რამეთუ მკურნალობის ღირებულების შეფასება არასწორად ხდება. პირველ რიგში, ჩვეულებრივ ითვალისწინებენ არა მთელი კურსის და სადღეღამისო ან ერთჯერადი დოზის ღირებულებას, არამედ შეფუთვის ფასს. ასე მაგალითად, 10 მგ-იანი 1 აბი ენაპის ღირებულება 1,5-ჯერ აღემატება 1 აბი კაპოტენის ღირებულებას (25 მგ.), თუმცა კაპოტენის სადღღამისო დოზის (75 მგ.) ღირებულება 10%-ით მეტია, ვიდრე ენაპის დღე-ღამური დოზის (20 მგ.) ღირებულება; მკურნალობის საკურსო დოზების შემთხვევაში, განსხვავებული ეფექტურობის და, შესაბამისად, მკურნალობის სხვადასხვა ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ხშირად აღნიშნული განსხვავებები უფრო მეტადაა გამოხატული. მეორე მხრივ, მკურნალობის ღირებულება განისაზღვრება არა მარტო პრეპარატზე დანახარჯებით, არამედ გასახარჯი მასალებით (შპრიცები, სისტემები და სხ.), ერთდროულად გამოსაყენებელი საშუალებებით (მაგალითად გამხსნელები ან ანესთეტიკები) და პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება ცნობილი გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკის (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს) ან უკვე განვითარებული არასასურველი რეაქციების კორექციის მიზნით (რიგ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი ღირებულება განპირობებულია მისი უსაფრთხოების მაღალი ხარისხით). მესამე რიგში, მკურნალობის ღირებულებაში უნდა შევიდეს იმ ლაბორატორიული გამოკვლევების დანახარჯები, რომლებიც კეთდება თერაპიის ეფექტურობის და უსაფრთხოების კონტროლის მიზნით; და ბოლოს, ღირებულებით ”მისაღები”, მაგრამ არასაკმარისად ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება, საკმაოდ ხშირად, მაინც სრულდება პრეპარატის შეცვლით, რაც იწვევს მკურნალობის დამატებით, გაუმართლებელ გაძვირებას. გარდა ამისა, საკმაოდ ძნელია გათვალისწინებულ იქნას დანაკარგები, რომლებიც დაკავშირებულია შრომისუნარიანობის ხანგრძლივ დაკარგვასთან, მომვლელის გამოყენების აუცილებლობასთან, საწოლ-დღეების რაოდენობის გაზრდასთან და ა.შ. განსაკუთრებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ ღირებულების კრიტერიუმი, რომელიც არსებითია გეგმიური მკურნალობის დროს, მეორეხარისხოვანი ხდება გადაუდებელი თერაპიის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის მიხედვით ჩატარებული ანალიზის შედეგად შერჩეული პრეპარატი წარმოადგენს ერთადერთ, ოპტიმალურ სამკურნალო საშუალებას და დამოკიდებული არ არის თუ ვინ ატარებს ამ სამკურნალო საშუალების შერჩვას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.