პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
მედიკამენტური დამოკიდებულება – სინდრომი, რომელიც ვითარდება ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგად; ხასიათდება აღნიშნული ნივთიერებების მიღების მოთხოვნილების არსებობით იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას მოცემული სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტის ან მათი ანტაგონისტების გამოყენების შედეგად აბსტინენციის სინდრომის ან ფსიქიკური დარღვევების და დისკომფორტის მდგომარეობის განვითარება.
მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარების უნარი გააჩნიათ არა მარტო ფსიქოტროპული აქტივობის მქონე საშუალებებს (მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები, ბარბიტურატები, კოკაინი და სხ.), არამედ ზოგიერთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და პროდუქტებს (მაგალითად, ინდური კანაფის პრეპარატები, ჰალუცინოგენური ნივთიერებები, ორგანული გამხსნელები და სხ.), რომლებიც არ გამოიყენებიან სამკურნალო საშუალებების სახით. აქედან გამომდინარე, ტერმინი ”დამოკიდებულება” ხშირად გამოიყენება განსაზღვრება ”მედიკამენტურის” გარეშე, რაც ერთდროულად მიუთითებს ყველა იმ ნივთიერებაზე, რომელმაც გამოიწვია მედიკამენტური დამოკიდებულება ( მაგალითად, მორფინით, კოდეინით, ალკოჰოლით გამოწვეული დამოკიდებულება). სინდრომი ყალიბდება ორგანიზმში ფსიქოტროპული ნივთიერებების განმეორებით შეყვანის შემთხვევაში და გამოიხატება ნარკომანიისთვის და ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით. თუმცა, ტერმინების ”ნარკომანია” და ”ტოქსიკომანია” მაგივრად ტერმინის ”დამოკიდებულება” გამოყენება არამიზანშეწონილია შემდეგი მიზეზების გამო. უპირველეს ყოვლისა მედიკამენტური დამოკიდებულება წარმოადგენს აღნიშნული ნოზოლოგიური ფორმების საერთო კლინიკური სურათის მხოლოდ ერთ–ერთ კომპონენტს. გარდა ამისა, არსებობენ ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნალორფინი, ციკლაზოცინი), რომელთაც გააჩნიათ მედიკამენტური დამოკიდებულებისთვის დახასიათებელი ნიშნები, თუმცა არ ხდება მათი ბოროტად გამოყენება და არ იწვევენ ნარკომანიისთვის და ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელი თვისებების განვითარებას.
განასხვავებენ ფსიქიკურ (ფსიქოლოგიურ) და ფიზიკურ მედიკამენტურ დამოკიდებულებას. ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების დროს, მისი გამომწვევი ნივთიერების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება ემოციური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი. მისთვის, აგრეთვე, დამახასიათებელია აღნიშნული ნივთიერების მიღებისკენ მიდრეკილება, რამაც შესაძლოა მიიღოს აკვიატებული ხასიათი და ზოგჯერ ჩამოყალიბდეს გადაულახავი მიდრეკილებაც კი. ფიზიკური მედიკამენტური დამოკიდებულების შემთხვევაში, მისი გამომწვევი ნივთიერების ან სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შედეგად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი, რაც, ფსიქიკურ დარღვევებთან ერთად, ხასიათდება სომატურ–ვეგეტაციური და ნევროლოგიური დარღვევებით. ფიზიკური დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების ანტაგონისტების ორგანიზმში შეყვანამ შესაძლოა განაპირობოს აბსტინენციის სინდრომის განვითარება. აბსტინენციის კლინიკური სურათი და მისი მიმდინარეობა ძირითადად განისაზღვრება მედიკამენტური დამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოტროპული ნივთიერების ტიპით, მისი გამოყენების ხანგრძლივობით, გამოყენებული დოზების სიდიდით და სხ.
მრავალმა ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი და მორფინის მსგავსი სხვა ნივთიერებები, ბარბიტურატები, ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფიდან და სხ.) შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. ამასთან, არსებობენ ფსიქოტროპული ნივთიერებები (კოკაინი, ინდური კანაფის პრეპარატები, ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი), რომლებიც, უპირატესად, იწვევენ ფსიქიკურ დამოკიდებულებას. მედიკამენტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხშირად თან სდევს მიჩვევის განვითარება, რაც განსაკუთრებით გამოხატულია მორფინის და სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკების ბოროტად გამოყენების დროს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მედიკამენტური დამოკიდებულების მკვეთრი კლინიკური სურათის ჩამოყალიბების მიუხედავად, მიჩვევა უმნიშვნელოდ ვითარდება (მაგალითად, ინდური კანაფის პრეპარატების, კოკაინის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში).
მედიკამენტური დამოკიდებულების სინდრომის განვითარების მექანიზმები ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც ჩანს, ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოტროპული ნივთიერებების უნარი შეცვალოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რამეთუ მრავალი მათგანი (ნარკოტიკული ანალგეტიკები, ფსიქოსტიმულატორები, სედაციური და საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ალკოჰოლი) გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, აღქმის უნარზე, აზროვნებაზე, იწვევს ეიფორიას, ამცირებს შიშის შეგრძნებას, დაძაბულობას. ამასთან დაკავშირებით, წინასწარ მიდრეკილი ფსიქოლოგიური, ბიოქიმიური, გენეტიკური, სოციალური და სიტუაციური ფაქტორების გამო, პიროვნებათა გარკვეულ ჯგუფს, კომფორტული მდგომარეობის და ეიფორიის მიღწევის ან შიშის, მოუსვენრობის, მღელვარების შემცირების მიზნით, შესაძლოა ჩამოუყალიბდეს გარკვეული მოთხოვნილება რომელიმე ფსიქოტროპული პრეპარატის განმეორებით მიღების მიმართ. ასეთი სახის ხელოვნური მოთხოვნილების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნაერთების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილების ფორმირება, ნარკომანიის ან ტოქსიკომანიის შედგომი განვითარებით.
ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების გამოვლინებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფსიქოტროპული საშუალებების სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების დროს ნევროზულ ავადმყოფებში ან შიშებით და ეჭვებით შეპყრობილ ადამიანებში, რომლებიც უარყოფითი აფექტური რეაქციების გამომწვევ სიტუაციებში, უკვე მკურნალობის დასრულების შემდეგ, ასეთი სახის რეაქციების აღკვეთის მიზნით, მიმართავენ რომელიმე ფსიქოტროპული საშუალებით თვითმკურნალობას, რასაც მივყავართ აღნიშნული პრეპარატების ბოროტად გამოყენებამდე (პირობით–რეფლექსური მექანიზმის მიხედვით).
ამრიგად, ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარება, ძირითადად, შეიძლება დამოკიდებული იყოს პირობით–რეფლექსური სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე, რომლის დროსაც ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ხელს უწყობს ფიზოლოგიური დისკომფორტის აღმოფხვრას ან იწვევს ემოციურად დადებითი მდგომარეობის განვითარებას. მოცემული პირობით–რეფლექსური სტერეოტიპის დასაბუთების ფიზიოლოგიურ საფუძველს, როგორც ჩანს, წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენით თავის ტვინის დადებითი და უარყოფითი მხარდაჭერის სისტემების ფუნქციების ცვლილებები.
ფიზიკური მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარებაში, პირობით–რეფლექსური მექანიზმების გარდა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადაპტიური რეაქციები, რაც დაკავშირებულია ორგანოებში იმ რეცეპტორების რაოდენობის და მგრძნობელობის (აფინიტეტის) ცვლილებებთან, რომლებთანაც ურთიერთქმედებენ ფსიქოტროპული ნივთიერებები, მაგალითად ოპიატური რეცეპტორები მორფინის მსგავსი ნივთიერებების მოქმედების დროს, ბენზოდიაზეპინების რეცეპტორები ამ ჯგუფის ტრანკვილიზატორების მოქმედების შემთხვევაში და ა.შ. გარდა ამისა, ფსიქოტროპული საშუალებების ზეგავლენით, ორგანიზმში შეიძლება შეიცვალოს ენდოგენური ნივთიერებების (ლიგანდების) პროდუქცია, რომლებიც ურთიერთქმედებენ იგივე ტიპის რეცეპტორებთან, რომლებთანაც მოქმედებენ ფსიქოტროპული პრეპარატები. მაგალითად ცნობილია, რომ მორფინის სიტემატურად მიღების შემთხვევაში ორგანიზმში ადგილი აქვს ენდოგენური ოპიოიდური პეპტიდების შემცველობის გამოხატულ ძვრებს, ხოლო ფენამინის და სხვა ფსიქოსტიმულატორების მიღების შემთხვევაში ძლიერდება კატექოლამინების ცვლა და იცვლება ციკლური ნუკლეპეპტიდების შემცველობა ცნს–ში. ნეირომედიატორულ სისტემებში ზემოთ აღწერილი ადაპტიური ძვრების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეყვანის შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომის განვითარებას, რომლის კლინიკური სურათისთვის დამახასიათებელია მედიკამენტური დამოკიდებულების გამოწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტების საწინააღმდეგო გამოვლინებები. ასე მაგალითად, მორფინიზმის შემთხვევაში, აბსტინენციის სინდრომისთვის დამახასიათებელია ტკივილები, სალივაციის გაძლიერება, დიარეა. მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარების დროს, ბარბიტურატების მოხსნა იწვევს კრუნჩხვით რეაქციებს, ტრანკვილიზატორების მოხსნა – შიშებს და ა.შ.
ფართო გაგებით, პრეპარატებზე დამოკიდებულების მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ან პროგრესული მიმდინარეობის ზოგიერთი დაავადების თანამედროვე მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებებით ფარმაკოთერაპიის პროცესში, აღნიშნულ მოვლენებს, აგრეთვე, ადგილი აქვთ ჩანაცვლებითი თერაპიის თითქმის ყველა შემთხვევაში. თუმცა, ასეთი სახის მედიკამენტური დამოკიდებულება, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის კლინიკური სურათის ფარგლებში განვითარებული დამოკიდებულებისგან, უპირველეს ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ დაავადების ფარმაკოთერაპიის მიზნით გამოყენებული პრეპარატის მოხსნა იწვევს აღნიშნული დაავადების გამწვავებას და არა აბსტინენციის სინდრომის ჩამოყალიბებას, რომელიც ასე დამახასიათებელია ფსიქოტროპული საშუალებების მიმართ განვითარებული ფიზიკური დამოკიდებულებისთვის. ასე მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების უეცარ მოხსნას, ბრონქული ასთმის მასზე დამოკიდებული ფორმების დროს, თან სდევს აღნიშნული დაავადების შეტევების გახშირება და დამძიმება, შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მოხსნა ან დოზების შემცირებას – ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა კომის განვითარებამდეც კი, ანტიანგინალური საშუალებების მოხსნას – გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობის დამძიმება და, ზოგჯერ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაც. ამ, და ყველა მსგავს შემთხვევებში, სამკურნალო საშუალებებზე დამოკიდებულება, ძირითადად, განისაზღვრება მათი მაღალი თერაპიული ეფექტურობით შესაბამისი დაავადებების დროს და არ წარმოადგენს არასამედიცინო გამოყენების შედეგს ფსიქიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.