თირკმელზედა ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თირკმელზედა ჯირკვალი

ციტოლოგია

თირკმელზედა ჯირკვლები (glandulae suprarenalis; სინ.: სუპრარენალური ჯირკვლები, ადრენალური ჯირკვლები) – შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ რეტროპერიტონელურ სივრცეში თირკმლების ზემოთა პოლუსებზე გულმკერდის XI-XII მალების დონეზე. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან და თავიანთი წარმოშობით, აგებულებით და ფუნქციებით წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ჯირკვალს, რომლებიც ფილოგენეზის პროცესში ჩამოყალიბდა ერთიან ორგანოდ. თირკმლებთან ერთად თირკმელზედა ჯირკვლები მოთავსებულნი არიან ცხიმოვან კაფსულაში და დაფარულნი არიან თირკმლის ფასციით.

თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერება შედგება სეკრეტორული უჯრედებისგან, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, რომ მათი სეკრეტი მოხვდეს კაპილარებში. ქერქოვან ნივთიერებაში განასხვავებენ სამ ზონას. კაფსულის ქვეშ მდებარეობს გორგლოვანი ზონა, რომელთა უჯრედებიც მოგვაგონებენ ცილინდრებს, ისინი დაჯგუფებულნი არიან არასწორი ფორმის მცირე ზომის, კაპილარებით გაყოფილ მტევნებად. გორგლოვანი ზონის ქვეშ მდებარეობს განიერი კონისებრი ზონა, მისი პოლიგონალური უჯრედები წარმოქმნიან რადიალურად მიმართულ ჭიმებს ანუ სვეტებს. აღნიშნულ სვეტებს შორის წარმოდგენილნი არიან კაპილარები. კონისებრ ზონაში განასხვავებენ გარეთა ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია ლიპიდებით გადავსებული ყველაზე დიდი ზომის უჯრედებით, და შიგნითა ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია შედარებით მცირე ზომის მუქი უჯრედებით. ქერქოვანი ნივთიერების მესამე ზონა – ბადისებრი – შედარებით თხელია, მისი უჯრედები წარმოქმნიან ჭიმებს, რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით და ერთმანეთთან ქმნიან ანასტონოზებს. არც თუ იშვიათად, მათი ციტოპლაზმა შეიცავს ლიპოფისცინის გრანულებს.

ტვინოვანი ნივთიერება მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრში და გარშემორტყმულია ქერქოვანი ნივთიერებით, რომლისგანაც ის მკაცრად შემოფარგლული არ არის. ტვინოვანი ნივთიერების ჯირკვლოვან უჯრედებს ეწოდებათ ქრომაფინული ანუ ფეოქრომული უჯრდები, რამეთუ ქრომის მარილებით შერჩევითად იღებებიან მოყვითალო–რუხ ფერად. ჯირკვლოვანი უჯრედების გარდა თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოები და ნერვული უჯრედებია. ქრომაფინული უჯრედების ე.წ. პარაგანგლიების გროვები აგრეთვე აღმოჩენილია ფილტვის ღეროს, აღმავალი და მუცლის აორტის გაყოლებაზე, შუასაყარში; აგრეთვე არსებობენ წელის აორტული პარაგანგლიები და სხ. ქრომაფინული უჯრედები გამოიმუშავებენ სამ ჰორმონს (ადრენალინს, ნორადრენალინს და დოფამინს), რომლებიც თავიანთი ქიმიური ბუნებით წარმოადგენენ კატექოლამინებს. აღნიშნული ჰორმონების ბიოსინთეზურ წინამორბედს წარმოადგენს ამინომჟავა თიროზინი. ადრენალინი გამომუშავდება მხოლოდ თირკმელზედა ჯირკვალში, ხოლო ნორადრენალინი და დოფამინი აგრეთვე წარმოიქმნებიან პარაგანგლიებში და სიმპათიკური ნერვული სისტემის მრავალრიცხოვან ნეირონებში. კატექოლამინების მაპროდუცირებელი ყველა ქსოვილი მთლიანობაში შეადგენს ადრენალურ სისტემას. ისინი იწვევენ სისხლში გლუკოზის კონცეტრაციის მომატებას და ასტიმულირებენ ცხიმის ჰიდროლიზს (ლიპოლიზს). ადრენალინი განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, აძლიერებს გულის კუმშვადობას, აფართოებს ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს, ადუნებს ბრონქების გლუვ მუსკულატურას; კორტიკოსტეროიდებთან ერთად ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითბოს წარმოქმნას. ნორადრენალინი იწვევს დიასტოლური წნევის მომატებას, აფართოებს გულის გვირგვინოვან არტერიებს, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. ქრომაფინული უჯრედებიდან სისხლში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გადასროლა იწვევს გარეგანი და შინაგანი გარემოდან განპირობებულ სხვადასხვა სტიმულების განვითარებას (სიცივე, ფიზიკური დატვირთვა, ემოცია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია და სხ.).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.