ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”
თერაპიის მიზნის ფორმირება უშუალოდ არაა კლინიკური ფარმაციის ამოცანა. კლინიკური ფარმაცევტი სამუშაო პროცესში ერთვება მიზნის ფორმირების შემდეგ. ამავე დროს, მიზნის ფორმირება იტერაციული პროცესია და რეალურად იგი პრეპარატების შერჩევის პროცესში ხშირად ზუსტდება და იცვლება კიდეც.
კონკრეტული და მაქსიმალურად დეტალიზირებული თერაპიული მიზნის განსაზღვრა წარმოადგენს ცენტრალურ, ძირითად მომენტს სამკურნალო საშუალებების შერჩევისას. ცხადია, ამ დროს მთავარი საყრდენი დიაგნოზია, მაგრამ, თერაპიის მიზანი შეიძლება მნიშვნელოვნად ცვალებადობდეს დახმარების აღმოჩენის პირობების, გამოკვლევის შესაძლებლობებისა და ეფექტურობისა და უსაფრთხოების კონტროლის შესაბამისად.
დიაგნოზის დასმის დროს ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი დეტალიზაციის ხარისხის გაზრდა ამცირებს სამკურნალო შესაძლებლობების შესაძლო ”გადამეტებას” და მაქსიმალურად აახლოებს ადეკვატურ თერაპიას. კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც ჯგუფში მუშაობს უნდა შეეცადოს ექიმისაგან მიიღოს მაქსიმალურად დეტალიზებული დიაგნოზი.
პრეპარატების შერჩევას განსაზღვრავს არა მარტო ძირითადი დაავადების სტადია, კლინიკური ვარიანტი და გართულება, არამედ თანმხლები პათოლოგიებიც. ყველა არსებული დაავადებებიდან და სინდრომებიდან ხდება იმ ძირითადი პათოლოგიური მდგომარეობის შერჩევა, რომელიც რეალურად მოითხოვს მკურნალობას მოცემულ მომენტში. ამასთან, ძალიან ხშირად, ასეთი მდგომარეობა ძირითადი, პათოლოგიური პროცესის მიზეზის არაიდენტურია – წინა პლანზე გამოდის გართულებები: მაგალითად, ფლებოთრომბოზით გართულებული, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს განვითარებული სუნთქვის უკმარისობა და ცირკულატორული დარღვევები, რომელიც აღენიშნება ავადმყოფს წვივის ძვლების მოტეხილობების დროს, როდესაც დადებულია თაბაშირის ნახვევი; წინაგულების ციმციმის პაროქსიზმები ან გულის დეკომპენსაცია წარმოადგენს პოსტინფაქტური კარდიოსკლეროზით დაავადებული პაციენტის თერაპიის ძირითად ობიექტს, მაშინ როცა, აღნიშნული გართულებების არარსებობის შემთხვევაში ასეთ ავადმყოფებს ესაჭიროებათ მხოლოდ, ჰიპერტროფიის შედეგად მიოკარდიუმის რემოდელირების შემცირებისკენ და მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორებითი განვითარების რისკის შემცირებისკენ მიმართული მკურნალობა. პათოგენეზურად დასაბუთებული თერაპიის შერჩევის გაადვილების მიზნით, უმეტეს შემთხვევებში, მიზანშეწონილია ნოზოლოგიური დიაგნოზი დაიყოს სინდრომულად.
დიაგნოზის პარალელურად ხდება სამკურნალო ზემოქმედების შერჩევაზე მოქმედი ისეთი ფაქტორების შეფასება, როგორებიცაა სქესი, ასაკი, პროფესია, ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა (ორსულობა, ლაქტაცია) და ა.შ. ხორციელდება ფარმაკოლოგიური ანამნეზის ანალიზი – ადრე ჩატარებული მკურნალობა, მისი ეფექტურობა და გართულებები. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმის დროს, განმეორებითი შეტევის შემთხვევაში დიდი ფასეულობა გააჩნია ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ანტიარითმიული პრეპარატები წინა შეტევების დროს, რა შედეგი ჰქონდა ამას და აღინიშნებოდა თუ არა რაიმე სახის გვერდითი ეფექტები. მკურნალობის შერჩევაში გვერდითი ეფექტები ასრულებენ ერთ-ერთ ყველაზე არსებით როლს; განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ ალერგიულ რეაქციებს.
მანამ, სანამ დაიწყება სამკურნალო საშუალებების შერჩევა, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, აღნიშნულ ავადმყოფს მოცემულ პერიოდში საერთოდ ესაჭიროება თუ არა რაიმე სახის მკურნალობა, ხოლო თუ ესაჭიროება, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მკურნალობა იყოს მედიკამენტური? ასე მაგალითად, თავდაპირველად გამოვლენილი სუსტი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ”ფარმაკოლოგიური აგრესიის” დაწყებამდე, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისმა ჰიგიენურმა და დიეტურმა ღონისძიებებმა არ მოგვცა დადებითი ეფექტი, ხოლო ხორხის კომპენსირებული სტენოზის დროს შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს უსაფრთხო, განყენებული პროცედურები და ორთქლის ინჰალაციები.
მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ საკუთრივ მკურნალობის მიზნის განსაზღვრა. ამისათვის:
1. ხდება ურგენტული ან ქრონიკული თერაპიის საჭიროების შეფასება, წყდება საკითხი, შეიძლება თუ არა მკურნალობა ატარებდეს ერჯერად არარეგულარულ ხასიათს (მაგალითად იშვიათი შეტევებით მიმდინარე ბრონქული ასთმის შემთხვევაში) ან არსებობს გეგმიური თერაპიის საჭიროება (რემისიის მისაღწევად კურსებად ჩატარებული მკურნალობის სახით – წყლულოვანი დაავადების დროს ან ხანგრძლივი, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩასატარებელი თერაპია, რომელიც ტარდება კონტროლირებადი სიტუაციის მიღწევის, გართულებების და პროცესის პროგრესირების თავიდან აცილების მიზნით – მძიმე ბრონქული ასთმის ან ჰიპერტონული დაავადების დროს);
2. განისაზღვრება თერაპიის ტიპი: განასხვავებენ ა) სიმპტომატურ, ბ) პათოგენეზურ და გ) ეტიოლოგიურ (ეტიოტროპული, კაუზალური) თერაპიას; სხვადასხვა სახის ეტიოლოგიური და პათოგენეზური მკურნალობის შორის შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ პროფილაქტიკური თერაპია (მაგალითად, პერიოპერაციული ანტიბიოტიკოთერაპია ან შემანარჩუნებელი ანტიარითმიული თერაპია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები), რომელიც ტარდება გართულებების ან დაავადების გამწვავებების თავიდან აცილების მიზნით, და ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც ტარდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დეფიციტის დროს (საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით მკურნალობა გარეგანი სეკრეტორული ფუნქციების უკმარისობით მიმდინარე ქრონიკული პანკრეატიტის დროს ან ინსულინოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს); განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კაუზალური მკურნალობისკენ სწრაფვამ არ შეიძლება სიმპტომატური თერაპია დააქვეითოს მეორეხარისხოვან მკურნალობამდე ანუ ”მეორეხარისხოვან” ღონისძიებამდე, რამეთუ რიგ შემთხვევებში ზუსტად ეს წყვეტს ავადმყოფის ბედს;
3. ხორციელდება კონკრეტული კლინიკური ეფექტების ფორმულირება, რომელთა მიღწევაც უნდა მოხდეს მკურნალობის პროცესში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის დროს ისინი შეიძლება განსხვავებულნი იყვნენ: არტერიული წნევის სტაბილიზაცია ოპტიმალურ დონეზე, მიოკარდიუმის და სისხლძარღვის კედლის ჰიპერტროფიის განვითარების თავიდან აცილება, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, ხოლო ჰიპერტონული კრიზის დროს – გარკვეული პერიოდის განმავლობაში არტერიული წნევის თანდათანობითი, დოზირებული დაქვეითება განსაზღვრულ დონემდე);
4. გამოიყოფა პათოგენეზური მექანიზმები, რომლებიც საჭიროებენ კორექციას: პრედატვირთვის დაქვეითების (ნიტრატები) ან გულის მუშაობის შეზღუდვის (ბეტა-ბლოკატორები) ხარჯზე ჯანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების შემცირება; ნახველის ამოღება თხევადი სეკრეტის წარმოქმნის სტიმულაციის (რეჰიდრანტები – ტერპინჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) ან ნახველზე პირდაპირი ზემოქმედების (მუკოლიტიკები – აცეტილცისტეინი) გზით.
5. აღინიშნება მოცემული პრეპარატისთვის დაუშვებელი გვერდითი ეფექტები: პრეპარატების შერჩევა იზღუდება ასაკის, პროფესიის, ორსულობა-ლაქტაციის, ხოლო ყველაზე ხშირად – თანმხლები დაავადებების (მაგალითად, ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტში ბრონქოობსტრუქციის განვითარების ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით დაავადებულში შარდის შეკავების განვითარების საშიშროება და ა.შ.) გამო.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.