ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
პარაზიტური დაავადებები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ცისტიცერკოზი და ექინოკოკოზი.
თავის ტვინის ცისტიცერკოზი – თავის ტვინში ღორის სოლიტერის ჭიების, ჩვეულებრივ მრავლობითი, ჰემატოგენური ინვაზია. გამოყოფენ დაავადების სამ ძირითად ფორმას: დიდი ჰემისფეროების, პარკუჭოვანი სისტემის და ტვინის ფუძის დაზიანება. დიდი ჰემისფეროების დაზიანება ვლინდება ფსიქიკის მოშლით, მულტიფოლაკალური ეპილეფსიური გულყრებით, სხვა, სუსტად გამოხატული კეროვანი სიმპტომებით, გარსობრივი ხასიათის თავის ტკივილებით. თავის ტვინის პარკუჭების ცისტიცერკოზი ჩვეულებრიც ერთეულია და ლოკალიზებულია IV პარკუჭში; კლინიკური გამოვლინებები დაკავშირებულია ლიქვორის უკუდინების დარღვევასთან – ვითარდება ქალასშიდა ჰიპერტენზია, გვერდითი და III პარკუჭების ჰიდროცეფალია, ოკლუზიური სინდრომი. კლინიკურად ვლინდება ბაზალური ლეპტომენინგიტის სინდრომი ოპტიკურ–ქიაზმური არაქნოიდიტით, თავის ტვინის III, IV, V,VI წყვილი ნერვების დაზიანებით და ოკლუზიური სინდრომით.
დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, დაავადების რემისიურ მიმდინარეობას პოლიმორფული კლინიკური სურათით, ცერებროსპინალურ სითხეში ცვალებადი ლიმფოიდურ–ნეიტროფილური პლეოციტოზის არსებობით, ცისტიცერკოზულ ანტიგენებთან სისხლის და ცერებროსპინალური სითხის კომპლემენტის შებოჭვის დადებითი რეაქციას (ბობროვ–ვოზნის რეაქცია), სპეციალური ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებს (კომპიუტერული ტომოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია და სხ.). დამახასიათებელია კანქვეშა ქსოვილის და კუნთების კალციფიკაცია (ვლინდება რენტგენოლოგიურად) და ავადმყოფის განავალში პარაზიტის კვერცხების აღმოჩენა. მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია; გამოიყენება დეჰიდრატაციული და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები. კლინიკურად ოკლუზიურ–ჰიდროცეფალური სინდრომის სიჭარბის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა: პარაზიტების მოცილება, შეხორცებების გათიშვა, ცერებროსპინალური სითხის უკუდინებისთვის გზების აღდგენა ან ახალი ზგების შექმნა.
თავის ტვინის ექინოკოკოზი – თავის ტვინში echinococcus granulosus-ის გამომწვევების ინვაზია. ამის შედეგად განვითარებული კისტა შეიძლება იყოს ერთსაკნიანი (ჰიდატიური) და მიაღწიოს დიდ მოცულობას (დაახლოებით 700 მლ) ან მრავალსაკნიანი, რომელიც შედგება მრავლობითი ბუშტუკებისგან. თავის ტვინის სისქეში ლოკალიზებული ერთსაკნიანი ექინოკოკი ვლინდება სიმსივნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით; პარკუჭების შიგნით ლოკალიზაციის შემთხვევაში იწვევს ოკლუზიურ–ჰიპერტენზიულ სინდრომს. მრავალსაკნიანი ექინოკოკოზის შემთხვევაში კლინიკურ სურათში ჭარბობს თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები. კეროვანი სიმპტომები წარმოდგენილია გაღიზიანების ნიშნებით (ეპილეფსიური გულყრებით), ფუნქციების გამოვარდნის სიმპტომებით, რაც ვლინდება მხოლოდ დაავადების მოგვიანებით სტადიაში. თავს ტვინის ქსოვილში პერიფოკალური ანთების პერიოდული გამწვავების და კისტების მოცულობების ცვლილების შედეგად დაავადება ღებულობს რემისიულ ხასიათს. ზოგჯერ ყალიბდება კისტის აბსცესი; თავის ტვინის გარსების ქვეშ ან პარკუჭებში კისტის შიგთავსის გახსნის შემთხვევაში ვითარდება მწვავე მენინგოენცეფალიტის ან ვენტრიკულიტის მოვლენები. დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს (შინაურ ცხოველებთან კონტაქტი) და ობიექტური გამოკვლევების შედეგებს. პარაზიტის სუბ– და ეპიდურული მდებარეობის შემთხვევაში ზოგჯერ გამოხატულია ქალას მიმდებარე ძვლების ატროფია (ქალას თაღის ძვლების პალპაციისას აღინიშნება პერგამენტის მტვრევის შეგრძნება). კრანიოგრაფიისა ზოგჯერ ვლინდება ქალასშიდა ბეჭდისებური კალციფიკაციის კერები. დიაგნოზის დაზუსტება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის, აგრეთვე კანის ალერგიული სინჯის (კაცონის სინჯი) და კომპლემენტის შებოჭვის რეაქციის მეშვეობით. თავის ტვინის ექონიკოკოზს, როგორც წესი, თან ახლავს სხვა ორგანოების, უხშირესად ღვიძლის, ექონოკოკოზი. მკურნალობა ოპერაციულია; ერთსაკნიანი ექინოკოკოზის შემთხვევაში კეთდება მისი ტოტალური მოცილება, მრავალსაკნიანის შემთხვევაში შემოიფარგლებიან ოპერაციებით, რომლებიც მიმართულნი არიან ქალასშიდა წნევის დაქვეითებისკენ.
თავსი ტვინის დაზიანება ვითარდება სხვა პარაზიტული დაზიანებების (ცენუროზი, პარაგონიმოზი, ტრიქონელოზი) დროსაც. თავის ტვინის გარსების და ნივთიერების ანთებითი ცვლილებებით განპირობებული კლინიკური სურათი მსგავსია ცისტიცერკოზის და ექინოკოკოზის კლინიკის. დაავადების დიაგნოსტიკას ხელს უწყობს ენდემურ ზონაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, სეროლოგიური რეაქციების გაკეთება. მკურნალობის პრინციპები მთლიანობაში შეესაბამება ცისტიცერკოზის და ექონოკოკოზის მკურნალობის პრინციპებს.
თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ნაყოფის ჩანასახოვანი ინფიცირება წარმოადგენს თავის ტვინის განვითარების მანკების ერთ–ერთ მიზეზს. შეძენილი ტოქსოპლაზმოზის დროს ძირითადად ვლინდება ჰიდროცეფალია, კრუნჩხვითი შეტევები, ენცეფალომენინგომიელიტის კლინიკური სურათი. დიაგნოზი ეფუძნება სეროლოგიური გამოკვლევების მონაცემებს. ოპერაციული მკურნალობა ტარდება მხოლოდ ქალასშიდა წნევის ნორმალიზების მიზნით.
თავის ტვინის ამებიაზი ვლინდება ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის კლინიკური სიმპტომატიკით მრავლობითი აბსცესების თანხლებით. კლინიკური სურათი თავის ტვინის აბსცესის კლინიკის მსგავსია.
დიმიელინიზირებელი დაავადებები. თავის ტვინის პათოლოგიის განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ დიმიელინიზირებელი დაავადებები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პათოგენეზური მექანიზმების და პათომორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით (მიელინური ნერვული ბოჭკოების დაზიანება). დაავადებების აღნიშნული ჯგუფიდან ყველაზე ხშირად გვხვდება გაფანტული სკლეროზი, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი, შილდერის ლეიკოენცეფალიტი.
თანდაყოლილი პროგრესირებადი დაავადებები გამოირჩევიან კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნებით, რაც, ისევე როგორც მიელიზერებელი დაავადებების დროს, განპირობებულია უპირატესად თავის ტვინის დაზიანებით სხვა პათოლოგიურ ცვლილებებთან (ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შინაგანი ორგანოების) ერთად. მათ რიცხვ მიეკუთვნებია ორმხრივი ათეტოზი, ჰენტინგტონის ქორეა, ჰეპატოცერებრული დისტროფია, ტორსიონული დისტონია, ატაქსიის ზოგიერთი ფორმები, მიოკლონური ეპილეფსია და სხ.
თავის ტვინის სიმსივნეები შეადგენენ მისი ყველა სახის ორგანული დაზიანების დაახლოებით 4–5%. მათი კლასიფიკაცია ხორციელდება ჰისტოლოგიური ტიპის, ავთვისებიანობის ხარისხის და ლოკალიზაციის მიხედვით. ცნს–ის სიმსივნეების საერთაშორისო ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია გამარტივებული სახით მოიცავს სიმსივნეების შემდეგ ძირითად ჯგუფებს:
I. სიმსივნეები ნეიროეპითელური ქსოვილებიდან (ასტროციტომები, ოლიგოდენდროგლიომები, ეპენდიმომები, სისხლძარღვოვანი წნულის პაპილომები, ხორკლიანი სხეულის უჯრედების სიმსივნეები და სხ;
II. ნერვების გარსებისგან წარმოქმნილი სიმსივნეები (ნევრილემომები და სხ.);
III. ტვინის გარსებიდან წარმოქმნილი სიმსივნეები (მენინგიომები, სარკომები და სხ.);
IV. ავთვისებიანი ლიმფომები;
V. სისხლძარღვებიდან წარმოქმნილი სიმსივნეები (ჰემანგიობლასტომები და სხ.);
VI. სიმსივნეები ჩანასახოვანი უჯრედებიდან (ჰერმინომები, ტერატომები და სხ.);
VII. სხვა დიზონტოგენეზური სიმსივნეები და მსგავსი პროცესები (კრანიოფარინგიომები, III პარკუჭის კოლოიდური კისტები და სხ.);
VIII. სისხლძარღვების განვითარების მანკები (კავერნოზული ანგიომა და სხ.);
IX. ჰიპოფიზის წინა წილის სიმსივნეები (ადემონა და სხ.);
X. გარშემო არსებული ქსოვილებიდან წარმოქმნილი სიმსივნეები (ქონდრომა, ქორდომა, პარაგანგლიომა და სხ.);
XI. მეტასტაზური სიმსივნეები;
XII. არაკლასიფიცირებული სიმსივნეები.
კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება სიმსივნეების გამარტივებული დაყოფა ტვინსგარეთა (მენინგიომები, ნევრილომომები და სხ.) და ტვინშიდა (ასტროციტომები, ოლიგოდენდროგლიომები და სხ.); ეს უკანასკნელნი შეადგენენ თავის ტვინის ყველა სიმსივნეების ნახევარზე მეტს. აგრეთვე, განასხვავებენ სუპრატენტორულ ანუ ნათხემის მაღლა განლაგებულ (დიდი ჰემისფეროების, ქალას წინა და უკანა ფოსოების სიმსივნეები) და სუბტენტორულ (ნათხემის, ტვინის ღეროს, ღეროს გარშემო, IV პარკუჭის სიმსივნეები). გვხვდება სუპრასუბტენტორიალური სიმსივნეები, მაგ. VIII ნერვის ნევრილემომები, რომლებიც ტენტორული ხვრელების გავლით ქალას უკანა ფოსოდან ვრცელდებიან წინა ფოსოზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.