განმეორებით გამოყენებისას წამლის მოქმედების თავისებურებანი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტის მკურნალობა იშვიათად გულისხმობს წამლის ერთჯერადად მიღებას. პრეპარატის განმეორებით მიღებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მისადმი მგრძნობიარე რეცეპტორების ცვლილების ან ფარმაკოკინეტიკის ცვლილების გამო. ერთი და იგივე სამკურნალო ნივთიერების განმეორებითი შეყვანისას სპეციფიური ფარმაკოლოგიური მოქმედების გაზრდას კუმულაციას უწოდებენ. მატერიალური კუმულაციის დროს ეფექტის გაზრდა განპირობებულია მისი ნელი მეტაბოლიზმისა და გამოყოფის გამო სისხლსა და ქსოვილებში პრეპარატის კონცენტრაციის მუდმივად მომატებით. თერაპიული დოზის განმეორებით მიღებისას ეს შეიძლება ტოქსიური ეფექტების გამოვლენის მიზეზი გახდეს. მატერიალური კუმულაციის საშიშროება იზრდება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.მაგალითად, სათითურას ჯგუფის საგულე გლიკოზიდები გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ამ პათოლოგიას ხშირად თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაც. ამ პირობებში პრეპარატების ბიოტრანსფორმაცია შენელებულია და ვლინდება მატერიალური კუმულაცია: თავიდან მატულობს თერაპიული ეფექტი, შემდეგ ინტოქსიკაცია. კუმულაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დოზის (შემცირება) და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის (გაზრდა) კორექცია.

ფუნქციური კუმულაციის დროს წამალი ორგანიზმში იწვევს ძნელადშექცევად ან შეუქცევად ცვლილებებს, რჩება კვალის რეაქცია, რის შედეგადაც პრეპარატის განმეორებით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ სისხლსა და ქსოვილებში წამლის კონცენტრაცია შეესაბამება შეყვანილ დოზას, ხდება ეფექტის ბიძგისებურად გაძლიერება. ასეთი ტიპის კუმულაციის მაგალითია ეთილის სპირტის მოქმედება ალკოჰოლიზმით დაავადებულებზე. ”თეთრი ცხელების” სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სპირტის ”ჩვეულებრივმა” დოზამ, დისპომანიის (ალკოჰოლისადმი დაუძლეველი ლტოლვა) პროვოცირება ხდება ალკოჰოლის მცირე დოზით. ფუნქციური კუმულაციის შენარჩუნება ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე ხდება.

წამალთან პირველადი კონტაქტისას შესაძლებელია ორგანიზმის სენსიბილიზება მოხდეს, რაც განმეორებით შეყვანისას ალერგიული რეაქციის განვითარებას გამოიწვევს. ალერგიული რეაქცია (ბერძ. allos – სხვა, არასპეციფიური, ergon – მოქმედება) ნიშნავს ქიმიური ნივთიერების განსაზღვრული ჯგუფისადმი პაციენტის ორგანიზმის იმუნოლოგიურ შეუთავსებლობას. პაციენტისათვის ასეთი სტრუქტურის პრეპარატების დანიშვნა საშიშია.

წამლის განმეორებით შეყვანისას შეიმჩნევა სპეციფიური ეფექტის შემცირებაც. ორგანიზმის წამლისადმი მგრძნობელობის სწრაფად შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს მეტაბოლიტის, სუბსტრატის გამოფიტვით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეფექტი. ამ მოვლენას ტახიფილაქსია ეწოდება (ბერძნ. Tachys – სწრაფი, phylaxis – დაცვა). ტახიფილაქსიას ადგილი აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ზოგიერთი საშუალებისადმი (მაგალითად, ეფედრინი), ნ-ქოლინომიმეტური ჯგუფის ანალეფსიური საშუალებებისადმი (მაგალითად, ციტიტონი). თავდაპირველი ეფექტის აღდგენა ხდება, როცა ნორმალიზდება ბიოსუბსტრატის დონე, რომელთანაც წამალი წარმოქმნის კომპლექსს.

ზოგიერთი წამლის (საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, საფაღარათო საშუალებები) განმეორებით გამოყენებისას ვითარდება მიჩვევა ან ტოლერანტობა (მდგრადობა). ასეთ შემთხვევაში თერაპიული დოზის განმეორებით მიღება უფრო ნაკლებ ეფექტს იძლევა. ამის ყველაზე სარწმუნო მიზეზია ფარმაკოკინეტიკის შეცვლა: შეწოვის შემცირება, ბიოტრანსფორმაციისა და გამოყოფის სიჩქარის გაზრდა. საწყისი ეფექტის მისაღებად საჭიროა დოზის გაზრდა.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ, რომლებიც ეიფორიას იწვევენ, შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის მდგომარეობას, რამდენადაც ასეთი პრეპარატი განმეორებითი კონტაქტისას ერთვება ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმში. არჩევენ ფსიქიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. ფსიქიური წამლისმიერი დამოკიდებულებისას პრეპარატის შეწყვეტა იწვევს ემოციურ დისკომფორტს და თვითმიზანი ხდება პრეპარატის მიღების სურვილი. ფიზიკური წამლისმიერი დამოკიდებულებისას ფსიქიურ ცვლილებებთან ერთდ შეიმჩნევა სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციათა მოშლა. მძიმე მდგომარეობა (აბსტინენცია), რომელიც უვითარდება პაციენტს შესაბამისი ნარკოტიკის არმიღებისას, აიძულებს მიიღოს წამალი უკვე არადანიშნულებისამებრ. წამლისმიერი დამოკიდებულების პარალელურად ხშირად ვითარდება მიჩვევა (ტოლერანტობა) და აბსტინენციის მოსახსნელად საჭირო ხდება ნარკოტიკის უფრო მეტი დოზა. დოზის გაზრდასთან ერთად უფრო მძაფრია მომდევნო აბსტიბნენციის სნდრომი, რაც არღვევს ფსიქიურ და სომატურ ფუნქციებს, ხდება ორგანიზმის ქრონიკული მოწამლვა და პიროვნების მორალური დეგრადაცია.
ნარკომანიის პროფილაქტიკა და მკურნალობა რთული სამედიცინო–სოციალური პრობლემაა. წამლისმიერი დამოკიდებულებით დაავადებულთა მკურნალობა ტარდება სპეციალურ დაწესებულებებში ექიმი-ნარკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ფსიქიური დამოკიდებულებისას შესაძლებელია ნარკოტიკის უეცრად შეწყვეტა, ფიზიკური დამოკიდებულებისას პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის სიკვდილიც კი.

წამლისმიერ დამოკიდებულებას იწვევენ ნარკოტიკული ანალგეტიკები, კოკაინი, ეთილის სპირტი, საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცონოგენები და სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.