ასო Penis – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>>

დაავადებები. ყველაზე გავრცელებულია ასოს ანთებითი დაავადებები. კავერნიტი – ასოს მღვიმოვანი სხეულების ანთება, ჩვეულებრივ მეორადი ბუნების. მწვავე კავერნიტისთვის დამახასიათებელია ცხელება, საერთო სისუსტე, ასოს ტკივილი და შესიება, მისი მოხრა და მტკივნეული ერექციები, შესაძლებელია მოხდეს აბსცესის ფორმირება, რომელიც მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, რის შემდეგაც შესაძლებელია დარჩეს ასოს მყარი მოხრილობა. ქრონიკული კავერნიტი უხშირესად აღინიშნება გონორეული ურეთრიტის დროს, მიმდინარეობს ღარიბი სიმპტომატიკით, უხშირესად აზიანებს ურეთრის კავერნოზულ სხეულს და მოითხოვს ხანგრძლივ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მკურნალობას.

Herpes praeputialis, ეტიოლოგიით და კლინიკური სურათით არ განსხვავდება სხვა ლოკალიზაციის ჰერპესისგან.  განაპირა სხეულის, იშვიათად ასოს თავის და სხეულის შიგნითა გარსზე, წარმოიქმნება წვრილი, გამჭვირვალე ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდებიან ზედაპირული ეროზიების ჩამოყალიბებით. დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი მორეციდივე მიმდინარეობა. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების და კორტიკოსტეროიდების შემცველ მალამოებს და ემულსიებს, აბაზანებს, მისაფრქვევებს.

წითელი ქარის მსგავსი დაზიანება ასოზე ვრცელდება სხეულის მეზობელი უბნებიდან. აღინიშნება ცხელება, ჰიპერემია, ასოს კანის შეშუპება, ზოგჯერ ვითარდება ასოს განგრენა. მკურნალობა: სულფანილამიდური პრეპარატები და ანტიბიოტიკები, მათ შორის ადგილობრივადაც; ასოს მნიშვნელოვანი შეშუპების შემთხვევაში, კანის ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით, ხდება მისი ადრეული გაკვეთა; განგრენის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ნეკროზული ქსოვილების მოცილება.

ლიმფანგიიტი, არც თუ იშვიათად, თან სდევს ბალანოპოსტიტს და ურეთრიტს. ანთებითი ლიმფური ძარღვების პალპირება ხდება ასოს დორსალურ და გვერდით ზედაპირებზე, მტკივნეული, მკვრივი და კლაკნილი დაჭიმულობების სახით, რომლებიც ვრცელდებიან სიმფიზამდე. საზარდულის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ანთებადი ლიმფური ძარღვების ზემოთ ასოს კანი ჰიპერემიული და შეშუპებულია; განაპირა სხეულის მკვეთრი შეშუპების შედეგად ვითარდება ფიმოზი. კანთან ლიმფური ძარღვების შეხორცება, ინფილტრატების წარმოქმნა და შემდეგ მათი დარბილება მიუთითებს პროცესის დაჩირქებაზე; შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ასოს ფლეგმონაც. მკურნალობა მოიცავს ანტიბაქტერიულ თერაპიას, ადგილობრივად, მწვავე სტადიაში სიცივის, ხოლო შემდეგ სითბოს გამოყენებას, ჩირქგროვის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია მისი გაკვეთა.

თრომბოფლებიტი იშვიათად გვხვდება. ასოს დორსალურ ზედაპირზე, ზედაპირული ვენების გაყოლებაზე წარმოიქმნება მკვრივი, მტკივნეული ჭიმები. კლინიკური სურათი ასოს ლიმფანგიიტის კლინიკის მსგავსია, ზოგჯერ, ვენური უკუდინების დარღვევის შედეგად, აღინიშნება ძლიერი ტკივილი, შესაძლებელია განვითარდეს პათოლოგიური ერექცია. მკურნალობა მოიცავს ადგილობრივად სითბოს, ანტიკოაგულანტების დანიშვნას.

ასოს და შარდსადენი მილის ანთებითი დაავადებების ან დაზიანებების დროს, ჰემატომების ან შარდისმიერი შეშუპების შედეგად, გართულების სახით ვითარდება ფლეგმონა. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, ასოს შეშუპება და ჰიპერემია. მკურნალობა ოპერაციულია: ანტიბაქტერიული თერაპიის ფონზე ხორციელდება ჩირქოვანი ღრუების გახსნა და დრენირება.

ასოს განგრენა შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადი განგრევა იშვიათად გვხვდება, ძირითადად ახალგაზრდა ასაკში. ინფექციის გამომწვევია ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, არც თუ იშვიათად ანაერობული ბაქტერიები, ფუზოსპიროქეტები. ინფექციის შეჭრის გზა შეიძლება გახდეს ასოს კანის უმნიშვნელო დაზიანება. არც თუ იშვიათად, ასოს განგრენას თან სდევს ე.წ. სათესლე პარკის იდიოპათიური განგრენა (ფურნიეს განგრენა). მეორადი განგრენა ვითარდება ასოს ანთებითი დაავადებების და დაზიანებების შედეგად. თავდაპირველად აღინიშნება ასოს კანის ჰიპერემია და შეშუპება, შემდეგ მატულობს სხეულის ტემპერატურა, უარესდება ზოგადი მდგომარეობა, მატულობს ინტოქსიკაციის სიმპტომები. ჰიპერემიის ფონზე ვითარდება შავი ლაქები არამკვეთრი კონტურებით. დაავადების დაწყებიდან 2–3 დღის შემდეგ ყალიბდება დემარკაციული ხაზი და იწყება კანის და კანქვეშა ქსოვილის ნეკროზული უბნების მოცილება. კანის დეფექტების გრანულაციის და ეპითელიზაციის პროცესი გრძელდება 4–6 კვირა. მკურნალობა მოიცავს ანტიბაქტერიულ და დეზინტოქსიკაციურ თერაპიას, ადრეულ განაკვეთებს ნეკროზული ქსოვილების მოცილებით. შემდგომში, ასოს კანის დიდი ზომის დეფექტების შემთხვევაში, კეთდება პლასტიკა, რაც განაპირობებს ორგანოს ნაწიბუროვანი დეფორმაციის თავიდან აცილებას.

ასოს კანის მიკრობული და სოკოვანი დაავადებები, უხშირესად აღინიშნება სათესლე პარკის დაზიანებასთან ერთად. კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოზი, მკურნალობა და პროგნოზი იგივეა, რაც სათესლე პარკის დაზიანების შემთხვევაში.

ასო აგრეთვე ზიანდება სიფილისის, რბილი შანკრის, ვენერიული გრანულომის, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზის დროს.

ასოს კრაუროზი – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განაპირა სხეულის შიგნითა ფურცლის და ასოს თავის კანის პროგრესირებადი შეჭმუხვნით, მათი ზედაპირის ელასტიკურობის დაკარგვით და პიგმენტაციის თავისებური ცვლილებით (გაფერმკრთალება), რომელიც ძალიან წააგავს ლეიკოპლაკიის დროს განვითარებული პიგმენტაციის ცვლილებას. ავადმყოფებს აღენიშნებათ ძლიერი ქავილი. დაავადების მოგვიანებით სტადიებში, ქსოვილების გამკვრივების და გაღიზიანების შედეგად, წარმოიქმნება ნახეთქები და ნაჭდევები; შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სიმსივნეც. მკურნალობა სიმპტომატურია.

სიმსივნეები. განასხვავებენ ასოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. კეთილთვისებიანი სიმსივნეები იყოფა ეპითელურ და არაეპითელურ სიმსივნეებად. ეპითელურ სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ვირუსული (ძველი დასახელება – მახვილბოლოებიანი კონდილომები) და არავირუსული პაპილომები. ვირუსული პაპილომების გადაცემა ხდება სქესობრივი გზით, ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1–6 თვეს. ისინი წარმოადგენენ დვრილისებრ წარმონაქმნებს, რომლებიც უხშირესად ლოკალიზებულნი არიან განაპირა სხეულის შიგნითა ზედაპირზე და ასოს თავსა და განაპირა სხეულს შორის ხანგრძლივი ზეწოლის გამო იძენენ მახვილბოლოებიან შესახედაობას. ზოგჯერ, აღნიშნული სიმსივნეები აღწევენ მნიშვნელოვან ზომებს და გააჩნიათ ზღვის კომბოსტოს შესახედაობა (ე.წ. ბუშკე–ლევენშტეინის სიმსივნეები). არავირუსული პაპილომები შედარებით იშვიათი პათოლოგიაა. ისინი წარმოიქმნებიან გვირგვინოვანი ღარიდან, გააჩნიათ სოკოს ფორმა ფართო ფუძეზე. დაავადების დიაგნოზი ეფუძნება სიმსივნის დამახასიათებელ შესახედაობას და ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. მკურნალობა ოპერაციულია: ელექტროექსციზია ან ცირკუმციზია.

ასოს არავირუსული პაპილომები წარმოადგენენ ობლიგატურ, კიბოსწინარე დაავადებას. მათ რიცხვს აგრეთვე მიეკუთვნებიან ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია, კანის რქა, რომლებიც ლოკალიზებულნი არიან ასოს თავზე და, ჩვეულებრივ, გვხვდებიან ფიმოზის დროს.

კიბოსწინარე დაავადების მკურნალობა მოიცავს ორგანოშემანარჩუნებელ ჩარევას: ხორციელდება ელექტროექსციზია ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში ან ასოს თავის რეზექცია, ხოლო ერითროპლაზიის შემთხვევაში – ახლოფოკუსირებადი რენტენოთერაპია.

არაეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, ნეიროფიბრომა, ლიპომა და ა.შ.) ძალიან იშვიათად გვხვდება. დიაგნოზის დადასტურების მიზნით ნაჩვენებია ბიოფსია. მკურნალობა მოიცავს სიმსივნის ამოკვეთას ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში; მღვიმოვანი სხეულების სიმსივნეების დროს აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება.

ასოს კიბო, უპირატესად, აღინიშნება 40–60 წლის ასაკში. დაზიანება ლოკალიზებულია ასოს თავში, გვირვინოვან ღარში, განაპირა სხეულის შიგნითა ფურცელზე. უხშირესად ვითარდება თანდაყოლილი ფიმოზის დროს (60–80%), შეგუბებული სმეგმის კანცეროგენული მოქმედების შედეგად. ჰისტოლოგიური შენების მიხედვით ასოს კიბო შეიძლება იყოს ბრტყელუჯრედოვანი გარქოვანებული ან გაურქოვანებელი.

ასოს კიბოს თავდაპირველ ნიშანს წარმოადგენს მის თავზე ან გარეგანი სხეულის შიგნითა ფურცელზე ნახეთქების, წყლულების, კვანძების ან პაპილარული წარმონაქმნების არსებობა.

ფიმოზის დროს აღინიშნება განაპირა სხეულის შეწითლება და შეშუპება, მის სისქეში შეიძლება გაისინჯოს მკვრივი კვანძი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, მას შეიძლება დაერთოს მეორადი ანთებითი პროცესი, პრეპუციალური პარკიდან გამოიყოფა სეროზულ–ჩირქოვანი გამონადენი, მატულობს შეშუპება და ჰიპერემია, ყალიბდება წყლულები ლპობითი სუნით, ხვრელმილები, შარდისმიერი შეშუპებები, პირველადი სიმსივნის გარეთ პროცესის გავრცელებას თან სდევს საზარდულის და თეძოს ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება, რომელთა აღმოჩენა ადვილად ხდება პალპაციით. ისინი წარმოადგენენ გამკვრივებულ, მოძრავ ან უძრავ, უმტკივნეულო, ზოგჯერ ერთმანეთთან შერწყმულ კვანძებს; შესაძლებელია პროცესის კანში ჩაზრდაც.

ასოს კიბოს საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია: T1 – 2 სმ–მდე ზომის სიმსივნე, ზედაპირული ან ეგზოფიტური; T2 – 2–5 სმ–ის ზომის ან სიღრმეში უმნიშვნელოდ ჩაზრდილი სიმსივნე; T3 – 5 სმ–ზე დიდი ზომის ან ღრმად (მათ შორის ურეთრაშიც) ჩაზრდილი სიმსივნე; T4 – სიმსივნე ინფილტრირებულია მეზობელ ქსოვილებში; N1 – ერთ მხარეს, რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში აღინიშნება მოძრავი მეტასტაზები; N2 – მოძრავი მეტასტაზები ორივე მხარეს; N3 – უძრავი მეტასტაზები; M0 – არ არის შორეული მეტასტაზების ნიშნები; M1 – ვლინდება შორეული მეტასტაზები.

ტიპიურ შემთხვევებში დაავადების დიაგნოსტიკა სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ყოველთვის აუცილებელია დიაგნოზის ჰისტოლოგიური ან ციტოლოგიური დადასტურება. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება აქტინომიკოზთან, ტუბერკულოზთან, სიფილისთან, სპილოვნებასთან, პაპილომატოზთან, ქრონიკულ წყლულთან.

ასოს კიბოს მკურნალობაში გამოიყენება ქირურგიული, სხივური, მედიკამენტური, კომბინირებული და კომპლექსური მეთოდები. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, პირველადი სიმსივნის სიდიდეზე და დაავადების სტადიაზე. მკურნალობის მხოლოდ ქირურგიული მეთოდის გამოყენება ნაჩვენებია ხანშიშესულ ავადმყოფებში გამოხატული თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ან როგორც პალიატიური ღონისძიება პირველადი კერის სანაციის მიზნით. T1 და T2 სტადიებში სხივური და მედიკამენტური თერაპიების ეფექტურობა პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. დარჩენილი სიმსივნე ექვემდებარება კრიოდესტრუქციას ან ამოკვეთას. მღვიმოვანი სხეულების ინფილტრაციის შემთხვევაში მკურნალობა იწყება პირველადი კერის და რეგიონალური მეტასტაზირების ზონების წინასაოპერაციო დასხივებით, შემდეგ ხორციელდება ასოს ამპუტაცია და დიუკენის ორმხრივი ოპერაცია. T4 სტადიაში ატარებენ მხოლოდ პალიატიურ, კონსერვატიულ თერაპიას. აღინიშნება ასოს კიბოს გარკვეული სახის მგრძნობელობა სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი პრეპარატების მიმართ, როგორებიცაა ბლეომიცინი, ვინკრისტინი, მეტოტრექსატი, ადრიამიცინი, ცისპლატინი. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესია პროგნოზი. T1 სტადიაში მყარი განკურნება აღინიშნება ავადმყოფთა თითქმის 100%–ში (5 წლიანი სიცოცხლის გახანგრძლივება – 97%). T2 სტადიაში სიცოცხლის 5 წლიანი გახანგრძლივების მაჩვენებელი შეადგენს 83%, ხოლო T3 სტადიაში – დაახლოებით 25%.

ასოს კიბოს პროფილაქტიკა მდგომარეობს ფიმოზის დროულ მოცილებაში, ბალანოპოსტიტის მკურნალობაში, ბავშვებში პრეპუციალური პარკის ადრეულ, უსისხლო გახსნაზე, პირადი ჰიგიენის დაცვაზე.

ასოს არაეპითელური, ავთვისებიანი სიმსივნეები ძალიან იშვიათად გვხვდება; მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სისხლძარღვოვანი (ენდოთელიომები), პიგნემტური (მელანომები) და შემაერთებელქსოვილოვანი (ფიბროსარკომები და მიოსარკომები) სიმსივნეები. მათი მკურნალობა კომბინირებულია: პრე– და პოსტოპერაციული დასხივება, ასოს ამპუტაცია და ლიმფადენექტომია. პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის სახეობაზე და პროცესის სტადიაზე, თუმცა მთლიანობაში გაცილებით ცუდია, ვიდრე კიბოს დროს.

ოპერაციები. ასოზე ოპერაციული ჩარევების დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, იშვიათად ინჰალაციური ნარკოზი.

ასოზე ჩატარებული ყველაზე ხშირი ოპერაციაა განაპირა სხეულის ირგვლივი გაკვეთა ანუ ცირკუმციზაცია, რომელსაც, ძირითადად აკეთებენ ფიმოზის, ზოგჯერ ქრონიკული ბალანოპოსტიტის, განაპირა სხეულზე ლოკალიზებული ასოს სიმსივნეების დროს. განაპირა სხეულის ჩაჭედილი რგოლის გაკვეთა ხორციელდება პარაფიმოზის დროს. ჰიპოსპადიის შემთხვევაში, შარდსადენი მილის დეფექტის პლასტიკის წინ, ახორციელებენ ასოს გასწორებას.

ფრენულოტომიას (განაპირა სხეულის ლაგამის გაკვეთა) ატარებენ თანდაყოლილი მოკლე ლაგამის არსებობის შემთხვევაში. მისი გაკვეთა ხორციელდება შუაში, განივი მიმართულებით, 0,5–0,7 სმ–ის სიღრმეზე. წარმოქმნილი ჭრილობის კიდეებს აერთებენ ასოს გაყოლებაზე 2–3 კვანძოვანი ნაკერით, რის გამოც ნაკერების ხაზი ღებულობს განივ მიმართულებას და ხდება ლაგამის დაგრძელება.

ფალოპლასტიკას – ასოს ნაწილობრივი ან სრული აღდგენა – იყენებენ მისი თანდაყოლილი არარსებობის, განუვითარებლობის შემთხვევაში ან ამპუტაციის შემდეგ. ფალოპლასტიკა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: თავდაპირველად, მუცლის კედელზე ხორციელდება ფილატოვის ღეროს ფორმირება და ხდება მისი გადანაცვლება ასოს ტაკვზე, ამის შემდეგ იწყება შარდსადენი მილის პლასტიკა და ასოს შინირება. პრიაპიზმის დროს იკვეთება მღვიმოვანი სხეულები, ხდება შენადედები სისხლის მოცილება და საფენო–კავერნული ან სპონგიო–კავერნული ანასტომოზის ფორმირება. ასოს ფიბროპლაზური ინდურაციის დროს კეთდება სკლეროზული ქსოვილების ამოკვეთა ან საწინააღმდეგო მხრიდან ასოს მღვიმოვანი სხეულების ცილოვანი გარსების დუბლიკატურის ფორმირება. იმპოტენციის ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ასოს პროთეზირებას (სინთეზური მასალებისგან პლასტინების იმპლანტანცია).

ასოს თავის რეზექცია ნაჩვენებია კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან T1-T2 სტადიაში მყოფი და მხოლოდ ასოს თავზე ლოკალიზებული კიბოს შემთხვევებში. ასოს კიბოს T1 სტადიაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ასოს სკალპირება – საპოჟკოვის ოპერაცია. ასოს კიბოს T3 სტადიაში, სიმსივნის გავრცელებიდან გამომდინარე, ხორციელდება ასოს სრული ან ნაწილობრივი ამპუტაცია. კიბოს გამო ნაწილობრივი ამპუტაციის შემთხვევაში ნაჩვენებია კანქვეშა ქსოვილის ამოკვეთა მის მთელ სიგრძეზე, რამეთუ მასში გადიან რეგიონალური მეტასტაზირების გზები. პოსტოპერაციული პერიოდის პირველ დღეებში იდგმება მუდმივი ურეთრალური კათეტერი. ასოს სრული ამპუტაციის შემთხვევაში, შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით, ხდება შორისის ურეთროსტომის (ე.წ. ბუტონიერის) ფორმირება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.