სისხლძარღვები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. სისხლძარღვები 

დასაწყისი იხ. >>>

გამოკვლევის მეთოდები. სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულთა გამოკვლევა იწყება ანამნეზის შესწავლით, დათვალიერებით, პალპაციით და აუსკულტაციით. ავადმყოფის ყოფა–ცხოვრების პირობების დადგენის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორების არსებობას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარებას, გადაცივებას, ხანგრძლივად ფეხზე ყოფნასთან დაკავშირებული სამუშაოს არსებობას. ჩივილების ანალიზის შედეგად ვლინდება ქვემო კიდურებში შემცივნების შეგრძნება, სწრაფად დაღლა სიარულის დროს, ქვემო კიდურებში ტკივილების გაჩენა, პარესთეზიები, დღის ბოლოს შეშუპებების არსებობა.
ავადმყოფის დათვალიერება ხდება მწოლიარე და ვერტიკალურ მდგომარეობაში, ამასთან ადარებენ სხეულის და განსაკუთრებით კიდურების სიმეტრიულ უბნებს, საზღვრავენ მათ კონფიგურაციას, კანის ფერს, პიგმენტაციის და ჰიპერემიის უბნების არსებობას, კანქვეშა ვენების სურათის თავისებურებებს, ზედაპირული ვენების გაგანიერების არსებობას და მის ხასიათს, ლოკალიზაციას და გავრცელებას.

თითოეულ შემთხვევაში მაგისტრალურ არტერიებზე პულსის განსაზღვრა უნდა მოხდეს პალპაციისთვის ყველა ხელმისაწვდომ სისხლძარღვოვან წერტილზე ორივე მხარეს. ჩვეულებრივ პულსის განსაზღვრა ხდება სხივის და ტერფის არტერიებზე. შეშუპების არსებობის შემთხვევაში პულსაციის გასინჯვა გაძნელებულია. სისხლძარღვთა პალპაცია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს არტერიული სისხლძარღვის ანევრიზმული გაგანიერება. სისხლძარღვთა აუსკულტაცია წარმოადგენს დიდ დიაგნოსტიკურ ფასეულობას – სტენოზების დროს მოისმინება სხვადასხვა ინტენსივობის სისტოლური შუილი. მასტენოზირებელი პროცესის არსებობაზე აგრეთვე მიუთითებს კიდურებზე არტერიული წნევის გრადიენტის მომატება 20 მმ. ვწ. სვ. სისხლძარღვების თრომბოზების და მაობლიტირებელი დაავადებების შემთხვევებში აუცილებელია განისაზღვროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა. ამ მიზნით მოწოდებულია რამდენიმე ფუნქციონალური სინჯი. ყველაზე გავრცელებულია ოპელის, სამუელსის და გოლდფლამის სინჯები.
ოპელის სინჯი: მწოლიარე ავადმყოფს სთავაზობენ აწიონ გაშლილი ქვემო კიდურები 45˚–ზე და გააჩეროს ამ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში ფეხისგულის მიდამოში ვლინდება სიფერმკრთალე, რომელიც ნორმაში არ აღინიშნება.
სამუელსის სინჯი: მწოლიარე ავადმყოფს სთავაზობენ აწიოს ორივე გაშლილი ფეხი 45˚–ზე და გააკეთოს 20–30 მოხრა–გაშლითი მოძრაობა კოჭ–წვივის სახსარში; ფეხისგულების სიფერმკრთალე და მისი გაჩენის დრო  მეტყველებს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის არსებობაზე და მის ხარისხზე. გოლდფალმის სინჯის ჩატარებისას იყენებენ იგივე მეთოდიკას; თუმცა ამ დროს ხდება კუნთების დაღლილობის გაჩენის დროის განსაზღვრა დაზიანების მხარეზე.

ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების არსებობის დროს აუცილებელია შეფასდეს ვენების სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა და ღრმა ვენების განვლადობა. ტროიანოვ–ტრენდელბურგის სინჯი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფეხის დიდი კანქვეშა ვენის შემავალი სარქვლის მდგომარეობა: მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი მაღლა წევს ფეხს კანქვეშა ვენების სრულ დაცლამდე. ამის შემდეგ ბარძაყის ზედა მესამედზე ადებენ რეზინის ”ჟგუტს”. ამის შემდეგ ავადმყოფს სთავაზობენ ფეხზე წამოდგომას, ხოლო ”ჟგუტს” ხსნიან. სარქვლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება ვარიკოზულად გაფართოებული ვენების რეტროგრადული შევსება. აგრეთვე გამოიყენება ”ხველებითი ბიძგის” სინჯი, რომელიც ითვლება დადებითად, თუკი ავადმყოფის მიერ ჩახველების დროს პალპატორულად ვლინდება მსუბუქი ბიძგი დიდი კანქვეშა ვენის შესართავის პროექციაზე.

ღრმა ვენების მდგომარეობის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთის ოპერაციის წინ. ამისთვის ატარებენ დელბე–პერტესის სამარშო სინჯს. ავადმყოფს სთავაზობენ იაროს წვივის ზემო მესამედში დადებული ”ჟგუტით”. ღრმა ვენების კარგი გამავლობის შემთხვევაში ხდება ზედაპირული ვენების დაცლა.

სისხლძარღვების მდგომარეობის უფრო სრული ანალიზის მიზნით სტაციონარში გამოიყენება გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები. არა ინვაზიური მეთოდებიდან კიდურების მაობლიტირებელი დაავადების დიაგნოსტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამოკვლევის ულტრაბგერითი მეთოდები: ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ულტრაბგერითი ანგიოგრაფია დოპლერის სიგნალის სპექტრული ანალიზით. ძალიან ინფორმაციულია სეგმენტარული წნევის განსაზღვრა მაგისტრალური არტერიების სხვადასხვა დონეებზე, აგრეთვე კოჭის ინდექსის განსაზღვრა – კოჭზე სეგმენტური წნევის შეფარდება სხივის არტერიის წნევასთან (ნორმაში შეადგენს 1–1,2).
კიდურების ვენებით დაავადებულების გამოკვლევისას გამოიყენება ოკლუზიური პლეტიზმოგრაფია, ფლებოტონომეტრია და კუნთოვანი სისხლმომარაგების განსაზღვრის რადიონუკლიდური მეთოდები. ხდება ვენური წნევის რეგისტრაცია ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში და სიარულის დროს.ეს საშუალებას იძლევა შეფასდეს წვივის ე.წ. კუნთოვან–ვენური ტუმბოს ფუნქცია.
სისხლძარღვების მდგომარეობაზე ყველაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია რენტგენოკონტრასტული გამოკვლევით – ანგიოგრაფიით, რომელსაც ძირითადად აკეთებენ ქირურგიულ განყოფილებაში. აორტაში და მის მსხვილ ტოტებში არსებული ცვლილებების გამოვლენა ხორციელდება აორტოგრაფიის – აორტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა – მეშვეობით. აორტის სანათურში რენტგენოკოტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება ან წელის მიდგომით მისი პუნქციის გზით (ტრანსლუმბალური აორტოგრაფია), ან (გაცილებით ხშირად) ბარძაყის ვენის ინტრადერმული კათეტერიზაციით. მსხვილი არტერიების დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით (მაგ., აორტის ანევრიზმა) გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია. სხადასხვა დაავადებების დროს ოპერაციის პროცესში სისხლძარღვთა შიგნითა გარსის მდგომარეობის შეფასების მიზნით რიგ შემთხვევებში გამოიყენება ანგიოსკოპია, რომელის კეთდება სპეციალური ენდოსკოპის მეშვეობით


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter