წინამდებარე ჯირკვალი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

წინამდებარე ჯირკვალი [prostata (PNA, JNA, BNA)] – მამაკაცის სასქესო სისტემის კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის წინა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ.

ანატომია. წინამდებარე ჯირკვალს გააჩნია უსწორმასწორო სფეროს ფორმა და მოგვაგონებს ფუძით ზემოთ მიმართულ წაბლს. იგი განლაგებულია მცირე მენჯში, სწორ ნაწლავსა და ბოქვენის სიმფიზს შორის წინამდებარე ჯირკვლის ზომა დამოკიდებულია ასაკზე.

ზრდასრულ მამაკაცში მისი საშუალო ზომებია: ფრონტალური – დაახლოებით 4 სმ, ვერტიკალური – 3 სმ, საგიტალური – დაახლოებით 2 სმ. 20-30 წლის მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის მასა, საშუალოდ, არის 16 გრ. ნორმაში, წინამდებარე ჯირკვალი მკვრივი, ელესტიკური კონსისტენციისაა. მასში განასხვავებენ ფუძეს (basis prostatae) მწვერვალს (apex prostatae), წინა, უკანა და ქვედა-ლატერალურ ზედაპირებს (facies anterior, posterior et inferolaterales).

ჯირკვლის ფუძე გადახრილია ქვემოთ და ოდნავ წინ, ეხება შარდის ბუშტის ქვედა კიდეს, მისი უკანა ნაწილის გარდა, რომელიც დაფარულია სათესლე ბუშტუკებით და თესლის გამომტანი მილაკებით. ფუძის და უკანა ზედაპირის საზღვარზე მოჩანს ფრონტალური ნაოჭი, რომლის გავლითაც ჯირკვალში ხვდება თესლის გამომტანი ორივე მილაკი (ductus ejaculatorii), რომლებიც იხსნებიან შარდსადენის წინამდებარე ნაწილში, სათესლე გორაკის გვერდებზე.
წინამდებარე ჯირკვლის უკანა ზედაპირს, შარდის ბუშტს, სათესლე ბუშტუკებს და სწორი ნაწლავის ამპულის წინა ზედაპირს შორის განლაგებულია პერიტონეუმ-შორისის ფასციის ფრონტალური ფურცელი (fascia peritoneo-perinealis), რომელსაც ეწოდება სწორნაწლავ-შარდის ბუშტის ძგიდე (septum rectovesicale).

ქვემოდან წინამდებარე ჯირკვალი ფიქსირებულია ყითას ამწევი კუნთის (m. levator ani) წინა ნაწილის კუნთოვანი ბოჭკოებით, რომლებსაც ეწოდათ წინამდებარე ჯირკვლის ამწევი კუნთები (m. levator prostatae). წინიდან პროსტატა დაკავშირებულია ბოქვენის სიმფიზთან ბოქვენ-წინამდებარე იოგით (lig. puboprostaticum).
წინამდებარე ჯირკვლის წინა ზედაპირსა და ბოქვენის სიმფიზს შორის მდებარეობს უჯრედისის გროვა და ვენური წნული (plexus venosus prostaticus). წინამდებარე ჯირკვლის წინა და უკანა ზედაპირები თანდათანობით მრგვალდებიან გვერდებიდან და ქვევიდან და წარმოქმნიან ჯირკვლის ქვედა-ლატერალურ ზედაპირს (facies inferolaterales) და მწვერვალს, რომელიც მიბჯენილია შარსასქესო დიაფრაგმაზე (diafragma urigenitale).
მენჯის ფასციის ვისცერალური ფურცელი, წინამდებარე ჯირკვლისთვის და ვენური წნულისთვის წარმოქმნის გარსს, პროსტატის ფასციის სახით (fascia prostatica), რომელიც, ჯირკვლის უკანა მხრიდან უერთდება სწორნაწლავ-შარდის ბუშტის ძგიდეს. მცირე მენჯის ღრუში შარდის ბუშტთან, შარსადენებთან და სწორ ნაწლავთან წინამდებარე ჯირკვლის მჭიდრო კავშირი განაპირობებს მის ჩართვას აღნიშნულ ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებში.

წინამდებარე ჯირკვალი შედგება ორი წილისგან _ მარჯვენა და მარცხენა (lobus dexter et lobus sinister), რომლებიც შეერთებულნი არიან ყელით (isthmus prostatae) ანუ შუა წილით (lobus medius), რომელიც შემოსაზღვრულია თესლის გამომტანი ორივე მილაკის ჯირკვალში შესვლის ადგილებით. წინამდებარე ჯირკვლის ყელი მიბჯენილია შარდის ბუშტის ფსკერს და ოდნავ იჭრება მის სანათურში და წარმოქმნის შარდის ბუშტის ნაქს (uvula vesicae), რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებში სუსტადაა გამოხატული, ხოლო მოხუცებულობით ასაკში შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ზომებში, რაც ხელს უშლის შარდის გამოყოფას. ნორმაში, წინამდებარე ჯირკვლის გვერდითი წილები ოდნავ შეწეულნი არიან სწორი ნაწლავის სანათურში, საიდანაც შესაძლებელია მათი პალპირება და მათ შორის ძგიდის განსაზღვრა.

წინამდებარე ჯირკვალში გადის შარდსადენი, რომელიც მას ერთვის დაახლოებით ფუძის შუაში, ხოლო მისგან გამოდის მწვერვალის წინა მხრიდან. შარდსადენის უკანა ზედაპირზე ლორწოვანი გარსი სიგრძივად შესქელებულია ბიბილოს მსგავსად (crista urethralis) მის შუა ნაწილში წარმოდგენილია შემაღლება _ სათესლე ბორცვი ანუ გორაკი (colliculus seminalis). წინამდებარე ჯირკვლის სისქეში განლაგებული ე.წ. წინამდებარე ჯირკვლის საშვილოსნო იხნება სათესლე გორაკზე. წინამდებარე ჯირკვლის გამომტანი სადინრები, ასევე იხსნებიან სათესლე გორაკზე, ზოგჯერ წინამდებარე ჯირკვლის საშვილოსნოს ღრუში, თუმცა მათი დიდი ნაწილი გამოდის სათესლე გორაკსა და შარდსადენის გვერდით კედლებს შორის განლაგებულ ნაპრალში (sinus prostaticus).
ახალშობილის წინამდებარე ჯირკვალი უპირატესად შედგება გლუვკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილებისგან, ჯირკვლის სისქეში განლაგებულია ბრმა ეპითელური მილაკები. ამ პერიოდში ჯირკვალი ძალიან მცირე ზომისაა. მისი მასა, ამ დროს, შეადგენს საშუალოდ 0,82 გრ-ს. 2 წლამდე ჯირკვალი მცირედით იზრდება, ხოლო 6-10 წლის ასაკიდან პროსტატა იწყებს ზომაში მნიშვნელოვან მატებას; ახალშობილის წინამდებარე ჯირკვალთან შედარებით, მისი წონა გაორმაგებულია. 10 წლის ასაკისთვის სწორი, განუტოტებელი მილაკების ეპითელიუმი აქტიური ხდება და იწყებს სპეციფიკური სეკრეტის გამომუშავებას. ზომაში წინამდებარე ჯირკვლის საგრძნობი ზრდა ხორციელდება 10-დან 16 წლის ასაკამდე. 12 წლის ასაკისთვის ჯირკვლის მილაკები იწყებენ დატოტვას, ძლიერდება მათი ეპითელიუმის სეკრეცია, რაც დაკავშირებულია სასქესო ჯირკვლების ფუნქციონალურ განვითარებასთან. 16-17 წლის ასაკისთვის ხდება მილაკოვან-ალვეოლური, პროსტატის ჯირკვლების gll. prostaticae) გამომტანი სადინრების გახსნა. სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის წინამდებარე ჯირკვალი მკვრივდება. 30 წლის ასაკისთვის მისი მასა 20-ჯერ მეტია ახალშობილის პროსტატის მასაზე. 45-50 წლიდან წინამდებარე ჯირკვალი განიცდის ატროფიას, ხოლო 60-65 წლისთვის თითქმის მთლიანად ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით; აგრეთვე მცირდება წინამდებარე ჯირკვლის გლუვკუნთოვანი ქსოვილების რაოდენობაც.
სისხლმომარაგება. წინამდებარე ჯირკვლის არტერიები წარმოადგენენ სწორი ნაწლავის შუა და შარდის ბუშტის ქვედა არტერიების ტოტებს (aa. vesicales inferior, aa. rectales mediae (თეძოს შიგნითა არტერიის ვისცერული ტოტი). წინამდებარე ჯირკვლის მრავალრიცხოვანი, ფართო ვენები მის გარშემო ქმნიან წნულს, რომელიც დაკავშირებულია შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის ვენურ წნულებთან.
ლიმფის მიმოქცევა. წინამდებარე ჯირკვლის ლიმფური ძარღვები მიემართებიან თესლის გამომტანი მილაკების გასწვრივ, მენჯის გვერდით კედლებზე, თეძოს გარეთა და შიგნითა ლიმფური კვანძებისკენ (nodi lymphatici iliaci exterior et interior), გავის ძვლის წინა ზედაპირის გასწვრივ გავის ქვედა ლიმფური კვანძებისკენ (nodi lymphatici sacrales).
ინერვაცია. მგრძნობიარე, სიმპათიკური და პარასიმპათიკური პოსტგანგლიური ნერვული ბოჭკოებისგან შემდგარი ნერვები ფაშვის ქვედა წნულიდან (plexus hypogastricus inferior) მიემართებიან წინამდებარე ჯირკვლისკენ და მის ზედაპირზე წარმოქმნიან წინამდებარე წნულს (plexus prostaticus) მგრძნობიარე ბოჭკოები, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის კაფსულაში და სტრომაში მთავრდებიან გორგლებით და ფეტერ-ფაჩინის სხეულაკებით, წარმოადგენენ გავის მე-3-მე-4 ძვლის ზურგის ტვინის კვანძების, ფსევდოუნიპოლარული უჯრედების მორჩებს. აღნიშნული ბოჭკოები და პრეგანგლიური პარასიმპათიკური ბოჭკოები, რომლებიც წარმოადგენენ ზურგის ტვინის გავის ძვლის სეგმენტის პარასიმპათიკური ბირთვების დანამატს, ფაშვის ქვედა წნულში აღწევენ მენჯის შიდა ნერვების შემადგენლობაში (nn. splanchnici pelvini). ფაშვის ქვედა წნულის უჯრედებზე მთავრდება სიმპათიკური წველის გავის კვანძებიდან მომავალი პრეგანგლიური სიმპათიკური ბოჭკოებიც. ცალკეული ვეგეტაციური ნეირონების და მათი ნერვული წნულების აღმოჩენა ხდება წინამდებარე ჯირკვლის კაფსულასა და სტრომაში.

ფიზიოლოგია. წინამდებარე ჯირკვალი, ჰიპოფიზთან ერთად, ხელს უწყობს სპერმატოგენეზს სათესლეების კლაკნილ მილაკებში, უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების ტრანსპორტირებას თესლის გამომტან მილაკებში და თესლის გადმონთხევას, მონაწილეობს სქესობრივი ლტოლვისა და ორგაზმის ჩამოყალიბებაში.

წინამდებარე ჯირკვალს გაჩნია როგორც ინკრეტორული, ასევე ექსკრეტორული ფუნქციები. ინკრეტორული ფუნქცია ძირითადად დაკავშირებულია პროსტაგლანდინების მოქმედებასთან, თუმცა არსებობენ სხვა ბიოლოგიურად აქტიური ფაქტორები, რომლებიც სპეციფიკურ მოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე, თუმცა მათი ბუნება ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის. წინამდებარე ჯირკვლის ექსკრეტორული ფუნქცია მრავალფეროვანია. სავარაუდოა, რომ წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის გავლენით სპერმატოზოიდები იძენენ მოძრაობის უნარს. ფიდროლიზინი და ფიბროგენაზე, რომლებსაც დიდი რაოდენობითაა ეაკულაციის დროს გადმოტყორცნილ, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში, ათხიერებენ სპერმას და ხელს უწყობენ მის გამოყოფას.
წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციების რეგულაცია ხორციელდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების მეშვეობით. სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანება იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის აქტივიზაციას, რასაც თან სდევს მისი სეკრეციის გაზრდა, კუნთოვანი აგზნებადობის გაძლიერება. პარასიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანება იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, რაც განაპირობებს მისი სეკრეციის შემცირებას, ვეგეტოასთენიური მდგომარეობის განვითარებას.
ენდოკრინული რეგულაცია ხორციელდება შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლებთან წინამდებარე ჯირკვლის მჭიდრო, ფუნქციონალური ურთიერთკავშირით. წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის მარეგულირებელი ნეიროენდოკრინული სისტემის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენს ჰიპოთალამუსი, რომლის ფუნქციის დარღვევაც იწვევს დისტროფიული ცვლილებების განვითარებას წინამდებარე ჯირკვალში. ანდროგენების შეყვანა აღადგენს წინამდებარე ჯირკვლის მასას და სეკრეტორულ აქტივობას და ეწინააღმდეგება ესტროგენების მაინჰიბირებელ ზემოქმედებას. პროლაქტინი, ზრდის ჰორმონი, აკტჰ წინამდებარე ჯირკვალზე მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენენ მხოლოდ ანდროგენების არსებობის პირობებში. ჰიპოფიზის ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონები აძლიერებენ წინამდებარე ჯირკვლის პარენქიმის სეკრეტორულ აქტივობას, ნაწილობრივ ეწინააღმდეგებიან მის ატროფიას კასტრაციის შემდეგ. კასტრაცია იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ატროფიას, ხოლო დისფუნქცია, ან წინამდებარე ჯირკვლის მოცილება, თავის მხრივ, იწვევს ღრმა დისტროფიულ ცვლილებებს სასქესო ჯირკვლებში. ასაკთან ერთად, სინქრონულად მცირდება სასქესო ჯირკვლების ჰორმონული და ჰერმინატული აქტივობა და ხდება წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის გაქრობა.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.