ძვალი – პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია. ძვალი

ძვალი (os, bone) – საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ორგანო, რომელიც აგებულია უპირატესად ძვლოვანი ქსოვილისგან. შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანი ქსოვილით შეერთებული (წყვეტილად ან უწყვეტად) ძვლების ერთობლიობას ეწოდება ჩონჩხი. მოზრდილი ადამიანის ჩონჩხის ძვლების საერთო რაოდენობა 200–ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში ისინი წყვილი ძვლებია. ძვლები წარმოადგენენ რბილი ქსოვილების საყრდენ და კუნთების მამოძრავებელ მექანიზმს. ისინი აგრეთვე ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს, რაც გამოიხატება არხების და ღრუების ჩამოყალიბებით, სადაც მოთავსებულნი არიან ორგანოები. ძვლების ბიოლოგიური ფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლაში და სისხლის წარმოქმნის პროცესებში მათ მონაწილეობასთან.  ძვალი წარმოადგენს, მისი გარდაქმნის ხარჯზე, მუდმივად განახლებად, დინამიკურ სტრუქტურას. გარდაქმნის დამუხრუჭებას ან დათრგუნვას თან სდევს ძვლის მექანიკური თვისებების გაუარესება, რაც იწვევს მიკრო–და მაკრომოტეხილობების განვითარებას, მაგ., მარმარილოს დაავადების, ჰიპოთირეოზის, ჰიპოფიზური ქონდრისკაცობის დროს. ჩვეულებრივ, ძვლის სიმტკიცის შესახებ წარმოდგენა დაკავშირებულია მის სიმკვრივესთან, რაც დამოკიდებულია მასში მინერალური მარილების შემცველობაზე.

სინამდვილეში, ძვლის სიმტკიცე, ასევე, განპირობებულია მისი შინაგანი არქიტექტონიკით. მაგ., მარმარილოს, პეჯეტის დაავადებების დროს, ნორმასთან შედარებით ძვლის უფრო მეტი სიმტკიცის მიუხედავად, ადგილი აქვს პათოლოგიურ მოტეხილობებს, რამეთუ ძვლოვანი მასები წარმოქმნიან უწესრიგო გროვებს, რომლებიც არ შეესაბაბამებიან მათ ფუნქციურ დანიშნულებას.
ძვლის ნეკროზი ვითარდება სისხლის მიმოქცევის მოშლის, მისი ან მიმდებარე ქსოვილების ანთებითი პროცესების, ძვალზე თერმული ფაქტორების (დამწვრობა, მოყინვა) მოქმედების და სხ. შედეგად. ის ხასიათდება ოსტეოციტების კარიორექსისით (ბირთვების გალხობა).

ძვლის ატროფია ხასიათდება ძვლის სუბსტანციის წარმოქმნის პროცესთან შედარებით მისი დაშლის პროცესების სიჭარბის შედეგად ძვლოვანი სტრუქტურების შემცირებით. ატროფია შეიძლება გავრცელდეს მთელ ძვალზე ან ატარებდეს კეროვან ხასიათს. პირველ შემთხვევაში განასხვავებენ კონცენტრულ და ექსცენტრულ ატროფიას. კონცეტრული ატროფიის შემთხვევაში მცირდება ძვლის სისქე; ამავე დროს აღინიშნება კომპაქტური ნივთიერების და ძვლის ტვინის ღრუს შორის ნორმალური შეფარდება. ექსცენტრული ფორმის დროს ატროფიის პროცესი ძირითადად მიმდინარეობს ძვლის ტვინის ღრუდან, რაც იწვევს მის გაფართოებას და კომპაქტური ნივთიერების განლევას ძვლის ზომების და კონფიგურაციის ცვლილების გარეშე. ძვლის ატროფიას, ჩვეულებრივ, თან სდევს სისხლძარღვოვანი არხების და ძვლის ტვინის ღრუს გაფართოება მათი კედლების და ღრუბლოვანი ნივთიერების გაწოვის ხარჯზე, რაც იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. კეროვანი ატროფია დამოკიდებულია ადგილობრივ პათოლოგიურ პროცესებზე, მაგ., შეიძლება განპირობებული იყოს სიმსივნის, სისხლძარღვის ანევრიზმის ზეწოლით. მიუხედავად ამისა, კეროვანი ატროფია არ ითვლება წმინდა ადგილობრივ პროცესად: დამაზიანებელი ფაქტორის უშუალო ზემოქმედების მიდამოში ძვლის სტრუქტურის ცვლილებას თან სდევს ძვლების სხვა ნაწილების გადაგვარებაც, ატროფიის პროცესში შეცვლილი დატვირთვის პირობების შეგუების მიხედვით.
მოხუცებულობითი ატროფია (მოხუცებულობითი ოსტეოპოროზი) მოიცავს მთლიანად ჩონჩხს, თუმცა არათანაბარია სხვადასხვა ძვლების და ერთი და იმავე ძვლის სხვადასხვა ნაწილების მიმართ. ეს, როგორც წესი, ექსცენტრული ატროფიაა; ის ყველაზე ინტენსიურად ვლინდება ღრუბლოვან ძვლებში, განსაკუთრებით ხერხემალში და ღრუბლოვანი ძვლების ღრუბლისებრ ნივთიერებაში. ძვლის ზოგადი სტრუქტურა მარტივდება. მოხუცებულობითი ოსტეოპოროზის დროს ძვლის ატროფია ნელა მიმდინარეობს, ერთდროულად მისი ორივე კომპონენტის – ორგანულის და არაორგანულის რეზორბციის გზით.
ძვლებში, მათი უმოქმედობის შედეგად (მაგ., კიდურის ხანგრძლივი იმობილიზაცია, ამპუტაციურ ტაკვში, ყბების ალვეოლურ წანაზარდებში კბილების დაცვენის შემდეგ) აგრეთვე ვლინდება ატროფიული პროცესი. პირველ შემთხვევაში ის, ჩვეულებრივ, ექსცენტრული ტიპისაა და არამკვეთრადაა გამოხატული. ამპუტირებულ ძვლებში გრძელი ტაკვის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება ესქცენტრული, ხოლო მოკლე ტაკვის შემთხვევაში – კონცეტრული ატროფია.

ზეწოლის შედეგად განპირობებული ატროფიის დროს აღინიშნება ძვლოვანი სტრუქტურების გაქრობა, ზოგჯერ მნიშვნელოვან მანძილზეც კი. მაგ., აორტის ანევრიზმის დროს ხერხემლის მალების სხეულებში, მათ მორჩებში ყალიბდება დიდი ზომის დეფექტები, ზოგჯერ ძვლის ტვინის არხის დაზიანებიათაც კი.
ნევროზული ატროფია აღინიშნება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს – ჰემიპლეგიები, პოლიომიელიტი, ნერვული ღეროების მთლიანობის დარღვევა. შერეული ნერვების დაზიანებას თან სდევს უფრო მეტად გამოხატული ატროფია, ვიდრე მამოძრავებელი ნერვების დაზიანებას. ძვალში მიმდინარე ჰიპეპლაზიურ პროცესებს გააჩნიათ განსხვავებული გენეზი. მათ შესაძლებელია გააჩნდეთ შეგუებითი ხასიათი, მაგალითად ძვლის მუშაობითი ჰიპერტროფია, რაც გამოიხატება კომპაქტური ნივთიერების გასქელებით, ღრუბლისებრი ნივთიერების ძლიერი ძგიდეების განვითარებით. მუშაობითი ატროფია ვითარდება პროფესიის თავისებურებებიდან გამომდინარე ან იმ შემთვევებში, როდესაც ძვალზე ხორციელდება დიდი ძალის ზეწოლა სხვა ძვალის არარსებობის და მასში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დროს. კეროვანი ჰიპერპლაზიური პროცესები შეიძლება ჩამოყალიბდნენ, მაგ., მელოროიტოზის დროს (რეაქტიული, ანთებითი პროცესების შედეგად). ძვლის დიფუზურ გასქელებას ეწოდება ჰიპეროსტოზი; შესქელებებს კეროვანი ძვლოვანი წანაზარდების სახით ეწოდებათ ეგზოსტოზები ანუ ოსტეოფიტები.
ძვლოვანი სტრუქტურების მასის მომატებას ეწოდება ოსტეოსკლეროზი. მისი განვითარების მიზეზი და გავრცელების ხარისხი განსხვავებულია. ვლინდება ჩონჩხის კონსტიტუციური ხასიათის ოსტეოსკლეროზის შემთხვევები (გენუინური ოსტეოსკლეროზი). ამ დროს ჩონჩხის აგებულება ნორმალურია, თუმცა მისი ძვლები გამსხვილებულნი და გამკვრივებულნი არიან. ამ უკანასკნელთა კომპაქტური ნივთიერება მნიშვნელოვნად გასქელებულია, ოსტეონების არხები მკვეთრად შევიწროებულია (მათ კედლებზე ახალი ძვლოვანი ფირფიტების წარმოქმნის – ებურნეაციის გამო). კეროვანი ოსტეოსკლეროზი შეიძლება ჩამოყალიბდეს ანთებითი პროცესების შედეგად, აგრეთვე მკვრივი ჩანართების, სიმსივნეების, პარაზიტების გარშემო.

ნორმაში და პათოლოგიის დროს ძვლის წარმოქმნის და მათი განლევის პროცესები მიმდინარეობენ სხვადასხვა ხარისხის მომატებული სისხლმომარაგების ფონზე. ჩვეულებრივ, რთული დასადგენია ჰიპერემიის რომელი ხარისხი უწყობს ხელს ძვლის წარმოქმნას და რომელი მისი ნივთიერებების განლევას. ჰიპერემია და ანგიომატოზი განსაკუთრებით გამოხატულია თავისებური ანგიონეიროდისტროფიული პროცესის – ძვლის სპონტანური განლევის დროს. ამ დროს ხდება ერთეული ან რამდენიმე ძვლის, მათ შორის ბარძაყის, მენჯის ან მხრის სარტყლის, სახის, გულმკერდის (მალები, ნეკნები) ძვლების ნაწილობრივი ან სრული განლევა. დეკომპრესიული დაავადების დროს ძვლებში ვლინდება ე.წ. ძვლის ინფარქტის სახელწოდებით ცნობილი ცვლილებები.

ძვლოვანი ქსოვილის დისტროფიული ცვლილებები – სხვადასხვა სახის პათოლოგიური მდგომარეობები, რაც დაკავშირებულია ძვალში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევასთან. საკვებ რაციონში A ვიტამინის (რეტინოლის) უკმარისობა, ენქონდრული და პერიოსტული ძვლის წარმოქმნის პროცესის დარღვევის შედეგად იწვევს ჩონჩხის ზრდის შეფერხებას. C ავიტამინოზის დროს ძვლებში მიმდინარე მორფოლოგიური ცვლილებები გამოიხატება ძვლოვანი ქსოვილის ზრდის და რეგენერაციის დარღვევებით. კალციფეროლის უკმარისობის დროს (D ავიტამინოზი) ძვლის ცვლილებები წარმოდგენილია რაქიტით და ოსტეომალაციით.
A ჰიპერვიტამინოზი აღინიშნება აღნიშნული ვიტამინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში და გამოიხატება მცირე ზომის პერიოსტული ჰიპეროსტოზების ჩამოყალიბებით ძვლების დიაფიზების მიდამოში. რაქიტის მკურნალობის დროს D ვიტამინის ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი (ჰიპერკალცემიის, ჰიპერფოსფატემიის, ჰიპერკალციურიის ფონზე).

აკრომეგალიის, ჰიპოპიტუიტარიზმის, ჰიპერ– და ჰიპოთირეოზის, ჰიპერპარათირეოზიოს დროს ძვლების დისტროფიული ცვლილებები მკვეთრადაა გამოხატული. ჰიპოპიტუიტარიზმის შემთხვევაში ეპიფიზური ხრტილოვანი ფირფიტები არ იხურება ღრმა სიბერემდეც კი, თავის ქალას ნაკერები შეუხორცებელია; ძვლის გარდაქმნა მკვეთრად შენელებულია. სწორედ ამიტომაც, ღრმა მოხუცებულობის ასაკამდე არ ხდება ძვლოვანი სტრუქტურების განახლება. ჰიპერთირეოზის დროს ძვლებში ვითარდება პროცესები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მასში მიმდინარე ცვლის პროცესების გაძლიერებასთან. ძვლები განიცდიან გაძლიერებულ გარდაქმნას, რაც ვლინდება ძვლოვანი ტიხრების მოზაიკური შენებით. ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერთირეოზის დროს ძვლოვანი ქსოვილის გაწოვის პროცესები გაძლიერებულია, რაც იწვევს ოსტეოპოროზის (ზოგჯერ ძლიერ გამოხატულის) ჩამოყალიბებას. ფარისებრი ჯირკვლის განუვითარებლობით განპირობებული ჰიპოთირეოზის შემთხვევაში აღინიშნება ძვლის ზრდის დარღვევა, რაც იწვევს ქონდრისკაცობის განვითარებას. ძვლების ტიპიური ცვლილებები დამახასიათებელია ჰიპერპარათირეოზისთვის. საჭმლის მომნელებელი ორგანოების – პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, კუჭის, ნაწლავების (კერძოდ წვრილი ნაწლავის მაღალი რეზექცია, სპრუ) – ქრონიკული დაავადებები შესაძლებელია გართულდნენ ოსტეომალაციური სინდრომით, რომელიც, არც თუ იშვიათად, წინა პლანზე გამოდის. ფილტვისმიერი ოსტეოდისტროფიის მაგალითს წარმოადგენს ბამბერგ–მარის სინდრომი.
ძვლოვან ქსოვილს გააჩნია რეგენერაციის დიდი უნარი. რეგენერაციის პროცესის მიმდინარეობის პირობებიდან გამომდინარე ახალი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა მიმდინარეობს შემაერთებელქსოვილოვანი ან ქონდრული ტიპით, რასაც გააჩნია დიდი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა, რამეთუ ხდება ძვლოვანი ნატეხების ფიქსირება, რაც აუცილებელია მათი შემდგომი შეხორცებისთვის. ხრტილოვანი ქსოვილი გაცილებით სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე ძვლოვანი; გარდა ამისა, მას გააჩნია საკმაო სიმკვრივე, რომ მოახდინოს ნატეხების პირველადი ფიქსაცია. ნატეხების ფიქსაცია უზრუნველყოფს მოსვენებულ მდგომარეობას, რაც აუცილებელია ძვლის რეპარაციული რეგენერაციის ძირითადი პროცესისთვის – უშუალოდ მოტეხილობის ხაზზე ინტერმედიალური ძვლოვანი კორძის წარმოქმნისთვის.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.