ფილტვები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ფილტვები 

გამოკვლევის მეთოდები. ფილტვების დაავადებების ამოცნობის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური, აგრეთვე რიგი სპეციალური მეთოდები. ფილტვების დაავადებების დროს ყველაზე დამახასიათებელი ჩივილია ხველა (მშრალი ან ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხვადასხვა ხარისხის ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილები გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები (მაგ., საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება). დაავადების და ცხოვრების ანამნეზის შეგროვება ხდება ზოგადი წესების მიხედვით. ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევა მოიცავს დათვალიერებას, პალპაციას, პერკუსიას და აუსკულტაციას. ფილტვის პათოლოგიის დროს აღნიშნულ მეთოდებს გააჩნიათ დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და გარკვეულ წილად განსაზღვრავენ დამატებითი გამოკვლევების (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ინსტრუმენტული) მოცულობას.

ავადმყოფის დათვალიერებისას განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისი მდებარეობა საწოლში, გულმკერდის ფორმა და სიმეტრიულობა, მისი სუნთქვითი ექსკურსიის ხასიათი და თანაბარზომიერება, ნეკნთაშუა სივრცეების მდგომარეობა, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მდგომარეობა, სუნთქვის სიხშირე და სიღრმე, ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ფაზების შეფარდება, აგრეთვე კანის და ხილული ლორწოვანი გარსების შეფერილობა, თითების საბოლოო ფალანგების (დოლის ჩხირების ფორმის) და ფრჩხილების (საათის მინის ფორმის) ფორმა; ზუსტდება აქვს თუ არა ადგილი კისრის ვენების შებერვას, ღვიძლის გადიდებას, ასციტს, პერიფერიულ შეშუპებებს.

გულმკერდის პალპაცია საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ მტკივნეულობის, რეზისტენტობის, შეშუპებების ზონები, განვსაზღვროთ დამახასიათებელი კრეპიტაცია კანქვეშა ემფიზემის დროს, აგრეთვე დავადგინოთ ბგერითი ხმიანობის ფენომენის გამოხატულობის ხარისხი.
პერკუსიის მეშვეობით დგინდება ფილტვების საზღვრები, მათი ქვედა კიდეების მოძრაობის უნარი; პერკუტორული ხმიანობის შემოკლებით მსჯელობენ ფილტვში და პლევრის ღრუში პათოლოგიური პროცესების არსებობაზე.

აუსკულტაცია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ბრონქ–ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი შეცვლილი სუნთქვითი ხმიანობები, მათ შორის ხიხინები, კრეპიტაცია; განისაზღვროს გულმკერდის კედელში ხმიანობის გატარების ხარისხი (ბრონქოფონია). ნორმაში ავადმყოფის მიერ წარმოთქმული ბგერები აუსკულტაციურად აღიქმება, როგორც ყრუ ხმა; ფილტვის ქსოვილის გამკვრივების შედეგად ბრონქოფონია ძლიერდება, ატელექტაზის და პლევრული გამონაჟონის ზონების თავზე ის სუსტდება.
სპეციალური მეთოდებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რაც, აუცილებელ რენტგენოგრაფიასთან და მსხვილკადრიან ფლუროგრაფიასთან ერთად, მოიცავს არა ნაკლებ ორ პროქციაში გაკეთებულ მრავალღერძიან რენტგენოსკოპიას, ტომოგრაფიას და ბრონქოგრაფიას. ფილტვების გამოკვლევისთვის სულ უფრო ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვების გამოკვლევისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ანგიოპულმონოგრაფია.
გამოკვლევის ინსტრუმენტული ენდოსკოპიური მეთოდებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია ბრონქოსკოპიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტრაქეობრონქული ხის სანათურში ვიზუალურად გამოვავლინოთ პათოლოგიური პროცესი და ავიღოთ მასალა მორფოლოგიური გამოკვლევისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ლოკალიზაციის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში. ბრონქოსკოპიის დროს მიღებულ ბრონქო–ალვეოლურ მასალას და მის გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ფილტვების და ბრონქების მრავალი დაავადების დიაგნოსტიკაში. თორაკოსკოპიის მეშვეობით ხორციელდება პარიესული პლევრის და ფილტვების ზედაპირის ვიზუალური გამოკვლევა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მასალის აღებაც ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის. მედიასტინოსკოპია, რომლის დროსაც საუღლე ფოსოს ადგილზე გაკეთებული მცირე კანის განაკვეთით შუასაყარში შეყავთ სპეციალური ინსტრუმენტი – მედიასტინოსკოპი, საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ წინა შუასაყარი. გარდა ამისა, მედიასტინოსკოპიის დროს შესაძლებელია მოხდეს წინა შუასაყარში განლაგებული პათოლოგიური წარმონაქმნების, აგრეთვე ტრაქეობრონქული (ზედა და ქვედა) ლიმფური კვანძების ბიოფსია, რომელთა მდგომარეობაც, ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს), გამოხატავს პათოლოგიური პროცესის ხასიათს და გავრცელებას ფილტვებში და ბრონქებში.
ფილტვის ქსოვილის და ფილტვის სიღრმეში განლაგებული პათოლოგიური წარმონაქმნების ბიოფსია შეიძლება განხორციელდეს რენტგენოსატელევიზიო ეკრანით კონტროლის ქვეშ სპეციალური, მოქნილი ინსტრუმენტების საშუალებით (საბიოფსიო მაშები), რომლებიც ფილტვის ქსოვილში ტარდებიან ბრონქის კედლის გავლით ბრონქოსკოპიის დროს (ტრანსბრონქული ბიოფსია) ან სხვადასხვა კონსტრუქციის საბიოფსიო ნემსებით გულმკერდის ღრუდან პუნქციის გზით (ტრანსთორაკალური ბიოფსია). იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მორფოლოგიური გამოკვლევისთვის საჭირო რაოდენობის მასალის აღებას, გამოიყენება ფილტვის ქსოვილის ღია ბიოფსია ინტრატრაქეული ნარკოზის ქვეშ გულმკერდის კედელზე გაკეთებული მცირე ზომის განაკვეთიდან; აღნიშნულ გამოკვლევებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ფილტვების დისემინირებული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს.
გამოკვლევის ფუნქციური მეთოდები საშუალებას იძლევიან შეფასდეს ფილტვების სტრუქტურული ერთეულების ანატომიურ–ფიზიოლოგიური თვისებები და ცალკეული პროცესების ადექვატურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ აირთა ცვლას ჰაერსა და ფილტვის კაპილარების სისხლს შორის. სპიროგრაფია საშუალებას იძლევა მოხდეს სუნთქვითი მოძრაობების გრაფიკული რეგისტრაცია და დროში იქნას გამოკვლეული ფილტვების მოცულობათა ცვლილებები. ამას ემატება ჰაერის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა ფილტვების ცვლადი მოცულობების მიმართ. აღნიშნულ პრინციპზე მუშაობს თანამედროვე აპარატების უმეტესობა, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში ანგარიშობენ ფილტვისმიერი ვენტილაციის მაჩვენებლებს. სუნთქვითი მოძრაობების ჩაწერის დროს ხორციელდება ფილტვების მოცულობის ცვლილებების მაქსიმალური ამპლიტუდის განსაზღვრა ჩვეული (ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა, ფსტ) და ფორსირებული (ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა, ფფსტ) სუნთქვის პირობებში. ფორსირებული ამოსუნთქვის დროს ფილტვების ჰაერისგან დაცარიელების შეფერხება გამოხატავს ვენტილაციის აპარატის მიერ განხორციელებული სუნთქვისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს სასუნთქი გზების გამავლობის გაუარესება. ფორსირებული ამოსუნთქვის მრუდის მიხედვით საზღვრავენ ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობას 1–ელ წამს (ფამ1), ნაკადის პიკურ მოცულობით სიჩქარეს (პმს), 25, 50 და 75% ფფსტ ამოსუნთქვის შემდეგ მაქსიმალურ მოცულობით სიჩქარეებს (მმს25, მმს50 და მმს75), აგრეთვე ფამ1/ფსტ შეფარდებას – ტიფნოს ინდექსს.
ითვლება, რომ ამოსუნთქვის მეორე ნახევრის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარეების (მმს50 და მმს75) დაქვეითება მეტყველებს უპირატესად წვრილი ბრონქების გამავლობის დარღვევის შედარებით ადრეულ სტადიებზე, რაც გამოიყენება სკრინინგული გამოკვლევებისთვის. ფილტვების გაშლის შემზღუდავი პათოლოგიური პროცესების დროს (პნევმოსკლეროზი, სიმსივნე, პლევრული გამონაჟონი) სასუნთქი გზების გამავლობა მნიშვნელოვნად არ ქვეითდება, თუმცა კლებულობს ფსტ. ვენტილაციის დარღვევების ობსტრუქციული და რესტრიქციული ვარიანტების უფრო მკაფიოდ დიფერენცირების მიზნით, რასაც გააჩნია არსებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, აუცილებელია ფილტვების საერთო ტევადობის (ფსატ) სტრუქტურის შესწავლა, რომელიც ფსტ–ს გარდა მოიცავს მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობას (ფილტვების ნარჩენი მოცულობა, ფნმ); ამ უკანასკნელი მაჩვენებლის დადგენა შეუძლებელია სასუნთქი მრუდეების რეგისტრაციის დროს. ფნმ–ს განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ბარომეტრული და კონვექციური მეთოდები. პირველ მათგანს მიეკუთვნება ზოგადი პლეტიზმოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფილტვების მიერ ჰაერის დაგროვების უნარს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჰაერის ის საერთო რაოდენობა, რომელსაც შეიცავს გულმკერდი და ზემო სასუნთქი გზები, მათ შორის არავენტილირებადი უბნები (მსხვილი ბულები, პნევმოთორაქსი). ფნმ–ს განსაზღვრის კონვექციური მეთოდები დაფუძნებულია ფილტვებიდან ღია და დახურულ სისტემებში ინერტული ინდიკატორული აირის გადანაცვლების და მათგან გამოდევნის პრინციპებზე, ამასთან მიღებული სიდიდეები ახასიათებენ მხოლოდ ვენტილირებად მოცულობას. ვენტილაციის ობსტრუქციული ტიპის დარღვევები აღინიშნება როგორც ნაკლებად შეცვლილი, ასევე დაქვეითებული ფსტ–ს დროს. პირველ შემთხვევაში ხდება ფსატ–ს მომატება და შესაბამისად ფნმ–ს მომატებაც, ხოლო მეორე შემთხვევაში – ფსატ რჩება ნორმალურ დონეზე, ხოლო ფნმ მატულობს.
ზოგადი პლეტიზმოგრაფია, აგრეთვე, საშუალებას იძლევა მივიღოთ ბრონქული წინააღმდეგობის პირდაპირი დახასიათება მშვიდი სუნთქვის პირობებში. მარყუჟების ფორმების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ დამოკიდებულებას ჰაერის ნაკადსა და აპარატის საკნის (სადაც მოთავსებულია ავადმყოფი) შიგნით არსებულ წნევას შორის, შესაძლებელია განისაზღვროს ფილტვების ცუდად ვენტილირებადი ზონების არსებობის და ბრონქული გამავლობის დარღვევების არაჰომოგენურობის დამახასიათებელი ნიშნები.
ფილტვების ელასტიური თვისებების უშუალო დახასიათების მიზნით გამოიყენება ტრანსპულმონური წნევის პარალელური ჩაწერა, რომლის განსაზღვრაც ხორციელდება საყლაპავის შიგნითა წნევის და სტატიკურ (ჰაერის ნაკადის არარსებობის პირობებში) და კვაზისტატიკურ (ჰაერის მცირე ნაკადის არსებობის პირობებში) პირობებში სასუნთქი მოცულობის რეგისტრაციის გზით. მიღებული მრუდების საფუძველზე ხდება ფილტვების ჭიმვადობის უნარის (GI) განსაზღვრა – მათი მოცულობის ცვლილებების შეფარდება ტრანსპულმონური წნევის ერთეულთან. პნევმოსკლეროზის დროს GI მცირდება, ხოლო ფილტვების ემფიზემის შემთხვევაში – მატულობს.
ნახშირჯანგისთვის ფილტვების დიფუზიური უნარის (დფCO) განსაზღვრა, რომელიც დიფუზიური თვისებებით უახლოვდება ჟანფბადს, ხორციელდება ფსატ–ს დონეზე სუნთქვის შეჩერების (დფსშ) ან მდგრადი მდგომარეობის (დფმმ) პირობებში. მიღებული მაჩვენებლები გამოხატავენ ფილტვებში მიმდინარე აირთა ცვლის პირობების ინტეგრალურ მახასიათებლებს, რამეთუ დამოკიდებულნი არიან არა მარტო ალვეო–კაპილარული აპარატის დიფუზურ თვისებებზე, არამედ ვენტილაციის არათანაბარ პირობებზეც და სხვა ფაქტორებზეც. დფსშ ძირითადად დამოკიდებულია ფილტვების ფუნქციონირებად ზედაპირზე, ხოლო დფმმ – ძირითადად რეგიონალური ვენტილაციურ–პერფუზიული ურთიერთობების თანაბარზომიერებაზე, რაც მეთოდიკების ერთდროულად გამოყენების პირობებში, საშუალებას იძლევა მივიღოთ აირთა ცვლის პირობების დამატებითი მახასიათებლები.
ფილტვების ვენტილაციის ეფექტურობის შეფასება ხდება სუნთქვით მოცულობასთან ფიზიოლოგიურად მკვდარი სივრცის შეფარდების დინამიკის განსაზღვრის საფუძველზე, ხოლო ფილტვებში სისხლის მიმოქცევის შეფასება – გარეგანი სუნთქვის სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა რეჟიმის პირობებში (მოსვენებით მდგომარეობაში და დოზირებული ფიზიკური დატვირთვის დროს) ფილტვის არტერიებში და ვენებში ჟანგბადის შემცველობის ცვლილებების მიხედვით. ნორმო–, ჰიპერ– და ჰიპოქსიური ნარევების თანმიმდევრობითი შესუნთქვის დროს ჟანგბადის მიმართ ალვეოლურ–კაპილარული სხვაობების შედარება, აგრეთვე, ხელს უწყობს აირთა ცვლის მექანიზმის გაუარესების გამოვლენას (არტერიულ–ვენური ანასტომოზების არსებობა, განაწილებითი ან დიფუზური დარღვევები).
გარეგანი სუნთქვის სისტემის მოქმედების შედეგები გამოხატავენ არტერიული სისხლის პლაზმაში ჟანფბადის შემცველობას (pO2) და ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერებას, რაც ასახავს სისხლის ოქსიგენაციის უზრუნველმყოფი ყველა პროცესის ზოგად მდგომარეობას. ნახშირორჟანგის ცვლა ხასიათდება არტერიული სისხლის პლაზმაში მისი პარციალური წნევით (pCO2), რაც, სისხლის მჟავა–ტუტოვანი ბალანსის გათვალისწინებით, წარმოადგენს ადექვატური ვენტილაციის პირდაპირ მაჩვენებელს. pCO2-ის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ასტრუპის მიკროანალიზატორი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს სისხლის მჟავა–ტუტოვანი მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი; pO2-ის განსაზღვრა ხდება ასტრუპის მიკროანალიზატორზე არსებული მისადგომის ან სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით. ჟანგბადით სისხლის გაჯერების შესწავლის მიზნით გამოიყენება ოქსიმეტრები.
ფარული ბრონქოსპაზმის გამოვლენის და ბრონქების რეაქტიულობის განსაზღვრის მიზნით, ბრონქული გამავლობის გამოკვლევისას, გამოიყენება ფარმაკოლოგიური სინჯები იმ პრეპარატების ინაჰალაციით, რომლებიც იწვევენ ბრონქული მუსკულატური მოდუნებას ან სპაზმს (მაგ., აცეტილქოლინი და მისი ანალოგები, β2–ადრენომიმეტიკები).
ფილტვების რეგიონალური ფუნქციების (ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის) შესწავლის მიზნით ყველაზე ეფექტურია გამოკვლევის რადიონუკლიდური მეთოდები. რეგიონალური ვენტილაციის გამოკვლევის მიზნით გამოიყენება 133Xe-ს შესუნთქვა, რეგიონალური სისხლის მიმოქცევის შესწავლის მიზნით ინტრავენურად ხორციელდება ალბუმინის ცილოვანი მიკროაგრეგანტების, ნიშანდებული 131I ან 99mTc-ს შეყვანა; ამის შემდეგ სხვადასხვა მოწყობილობების (მაგ., გამაკამერები) საშუალებით ხორციელდება ფილტვების რადიომეტრიული კვლევა ან რადიოიზოტოპურ სკანირება, რომლის დახმარებითაც ხდება რიგი ფუნქციური მაჩვენებლების ავტომატური გამოთვლა. ფილტვებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის შესწავლის მიზნით ნაკლები შესაძლებლობა გააჩნია ტეტრაპოლარულ რეოპულმონოგრაფიას – ფილტვების ელექტრული წინააღმდეგობების განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია მათ სისხლმომარაგებასთან.
რეგიონალური ვენტილაციის განსაზღვრა, აგრეთვე, ხდება რენტგენო–ფუნქციონალური მეთოდების დახმარებით, რაც ეფუძნება სუნთქვითი ციკლის ფაზებში ფილტვების სხვადასხვა უბნების გამჭვირვალობის ცვლილებებს. აღნიშნული მეთოდებიდან უმარტივესია ტომორესპირატორული სინჯი: ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ფაზებში გადაღებულ ტომოგრამებზე ფილტვის ქსოვილის გამჭვირვალობის განსაზღვრა. შედარებით თანამედროვე რენტგენო–ფუნქციონალურ მეთოდს წარმოადგენს პნევმოპოლიგრაფია, რომელიც საკმაო სიზუსტით განსაზღვრავს ვენტილაციის რეგიონალურ ცვლილებებს და რომლის ჩატარების დროსაც ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ფაზებში ფილტვის სურათების გადაღება ხორციელდება სპეციალური გისოს–აპლიკატორის გამოყენებით.
ფილტვების დაავადებების დროს ფილტვისმიერი სისხლმომარაგების შეფასების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰემოდინამიკის შესწავლა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ფილტვის არტერიაში წნევის განსაზღვრა ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ხარისხის დაზუსტების მიზნით. ფილტვისმიერი სისხლმომარაგების შესწავლის ირიბი მეთოდები (რენტგენოგრამების, ელექტროკარდიოგრამების, კინეტოკარდიოგრამების მეშვეობით) არაზუსტია. ფილტვის არტერიაში წნევის და მარჯვენა პარკუჭის და მცირე წრის ჰემოდინამიკის მაჩვენებლების განსაზღვრის საკმაოდ დამაჯერებელ შედეგებს იძლევიან გამოკვლევის ექოკარდიოგრაფიული და დოპლერ–კარდიოგრაფიული მეთოდები. ფილტვის არტერიის პირდაპირი ზონდირების საშუალებით შესაძლებელია მასში წნევის ზუსტი განსაზღვრა და რიგი ჰემოდინამიკური მაჩვენებლების გამოთვლა (მაგ., ფილტვების საერთო სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, მარჯვენა პარკუჭის მუშაობა).
ფილტვების ყველა დაავადების დროს ტარდება ზოგად–კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები, კერძოდ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი. სპეციალური მნიშვნელობა გააჩნია ნახველის ანალიზს. ასე მაგალითად, მისი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს ფილტვებში არსებული ინფექციური პროცესის ეტიოლოგიური ფაქტორი. ნახველის უჯრედოვანი შემადგენლობის შესწავლა, ზოგ შემთხვევაში, (მაგ., ბრონქოგენული კიბოს დროს) საშუალებას იძლევა დაზუსტდეს დიაგნოზი. პლევრული ექსუდატის ბაქტერიოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება განვსაზღვროთ პლევრიტის ეტიოლოგია და ხასიათი, რაც ამძიმებს ფილტვის დაავადების მიმდინარეობას. დიდი მნიშვნელობა გააჩნია ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორით დაუბინძურებელი მასალის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას; აღნიშნული მასალის აღება ხდება უშუალოდ ტრაქეიდან, ბრონქებიდან და ალვეოლებიდან (ნაცხები ბრონქოსკოპიის დროს, ასპირატი ტრაქეის პუნქციის დროს), აგრეთვე ფილტვებში არსებული ინფექციური კერიდან. ვირუსული გამოკვლევისთვის (იმუნოფლუროსცენციური მეთოდი, ვირუსების კულტივირება) საბიოფსიო მასალას წარმოადგენს ცხვირხახის და ტრაქეობრონქული ხის ლორწოვანი გარსების ანაფხეკი. ეტიოლოგიური ფაქტორის დაზუსტების მიზნით ბაქტერიოლოგიურ და ვირუსოლოგიურ გამოკვლევას ემატება სეროლოგიური კვლევაც (ბაქტერიების და ვირუსების მიმართ ანტისხეულების ტიტრების განსაზღვრა). სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა (პროტეინოგრამა, C-რეაქტიული ცილის, ჰიალინური მჟავების, ჰაპტოგლობინის განსაზღვრა) კეთდება ფილტვ–ბრონქის ანთებითი პროცესის აქტიურობის, სასიცოცხლო ორგანოების (ღვიძლის, თირკმლები და სხ.) ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრის, აგრეთვე დაავადების ხასიათის დადგენის (განსაკუთრებით ფილტვების მემკვიდრეობითი დაავადებების დროს) მიზნით. იმუნოლოგიური გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ავადმყოფის რეაქტიულობის თავისებურებები, დავაკვირდეთ მკურნალობის ეფექტურობას და დადგინდეს იმუნომაკორეგირებელი თერაპიის ჩვენებები.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.