სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სოკოვანი დაავადებები (მიკოზები) ფართოდაა გავრცელებული, რომელსაც იწვევენ პათოგენური და პირობით პათოგენური სოკოები. სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალება: ანტიბიოტიკები, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები, N-მეთილნაფტალინის წარმოებულები   და სხვა. არსებითი მნიშვნელობა აქვთ პოლიენურ ანტიბიოტიკებს (ამფოტერცინ B-ს, ლევორინს და სხვა), რომელთა მოქმედების საერთო მექანიზმია შემდეგი: ისინი უკავშირდებიან სოკოს უჯრედული მემბრანის სტერინებს, დეტერგენტების მსგავსად არღვევენ მის შეღწევადობას (კონცენტრაციის გრადიენტით ხდება იონებისა და დაბალმოლეკულური ნაერთების ცვლა), უჯრედებში შედის წყალი და ისინი განიცდიან ლიზისს.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ძირითდი კლასიფიკაცია ემყარება მათი მოქმედების სპექტრს. ამ კლასიფიკაციით არჩევენ შემდეგ ჯგუფებს:
1. პათოგენური სოკოებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები.
– სისტემური და ღრმა მიკოზების (კოკციდიოზი, ჰისტოპლაზმოზი, კროპტოკოკოზი, ბლასტომიკოზი) სამკურნალო საშუალებები. ამ ქვეჯგუფს მიეკუთვნება ანტიბიოტიკები, იმიდაზოლის წარმოებულები.
– ეპიდერმომიკოზების (დერმატომიკოზების) სამკურნალო საშუალებები. ამ ქვეჯგუფს მიეკუთვნება ანტიბიოტიკები, იოდის პრეპარატები.
1. პირობით პათოგენური სოკოებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ანტიბიოტიკები, იმიდაზოლის წარმოებულები, სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები.

სისტემური მიკოზების სამკურნალოდ გამოიყენება პოლიენეური ანტიბიოტიკი ამფოტერიცინი B, რომელიც ვერ მოქმედებს ბაქტერიებზე, რიკეტსიებსა და ვირუსებზე, გააჩნია ფუნგოსტატიკური ეფექტი, რაც გამოწვეულია სოკოს ციტოპლაზმური მემბრანის დარღვევით.ამფოტერიცინისადმი რეზისტენტობა ნელა ვითრდება. ამფოტერიცინი B კუჭ-ნაწლავიდან ნელა შეიწოვება, ამიტომ შეყავთ ინტრავენურად. იგი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ტვინის გარსების ქვეშ, სხეულის ღრუებში ინექცია, ასევე ინჰალაცია და ადგილობრივად გამოყენება. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. ამფოტერიცინ B მაღალტოქსიკურობით ხასიათდება, რასაც ამძაფრებს კუმულაციის უნარიც. ასევე, ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დისპეპსია, ციებ-ცხელება, არტერიული წნევის დაქვეითება, ნეფროტოქსიკურობა, თრომბოფლებიტები, ალერგიული რეაქციები. ამ პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია სტაციონარის პირობებში, სადაც შესაძლებელია ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის, შისხლის შემადგენლობის და სისხლში კალიუმის იონების კონტროლი. პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებაა ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები.

იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები
კლოტრიმაზოლი (Clotrimazole). დიფენილ – (2 – ქლორფენილ) – 1 – იმიდაზოლილმეთანი. სინონიმები: კანესტენი, Candid, Cbnesten, Empecid, Imidil, Lotrimin, Mycosporin, Panmicol და სხვ. კლოტრიმაზოლი სოკოს საწინააღმდეგო იმიდაზოლის ჯგუფის პრეპარატების ერთ-ერთი წარმომადგენელია. კლოტრიმაზოლი გამოიყენება ადგილობრივად. პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარის სოკოებისადმი; ახდენს აგრეთვე ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებზე.

კეტოკონაზოლი (Ketoconazole). სინონიმები: ნიზორალი, ორონაზოლი, Candoral, Cetonax, Fungocin, Fungoral, Ketoni, Ketozol, Micosept, Orifungal, Oronazol, Panfungol. იმიდაზოლის წარმოებულთა ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია.  კეტოკონაზოლის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ეფექტურობა შიგნით მიღებისას, ასევე მისი მოქმედება როგორც ზედაპირულ, ასევე სისტემურ მიკოზებზე.

მიკონაზოლი. სინონიმები: დაქტარინი, Aflorix, Albistat, Andergin, Daktar, Daktarin, Dermonistat, Drinax, Funginazol, Mezolitan, Micatin, Micogyn, Miconal, Micostate, Neomicol, Surolan და სხვ. იმიდაზოლის წარმოებულთა ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია.   მოქმედებს დერმატომიცეტებზე, საფუარისა და სხვა პათოგენურ სოკოებზე; ახდენს აგრეთვე ბაქტერიოციდულ მოქმედებას ზოგიერთ გრამდადებით ბაქტერიებზე.

მიკოზოლონი (Mycosolon). მალამო ფორმის კომბინირებული პრეპარატია, შეიცავს მიკონაზოლს (0,3გ) და ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდს – დეპერზოლონს (Mazipredon), და  (37,5 მგ) მალამოს ფუძეს.

იზოკონაზოლი (Izoconazole). სინონიმები: ტრავოგენი, Travogen. წარმოადგენს მიკონაზოლის იზომერს. მოქმედების მიხედვით მიკონაზოლის მსგავსია. გამოდის 1% მალამოს სახით. იყენებენ როგორც გარეგანი საშუალებას კანის სოკოვანი დაავადებების (ტრიქოფიტიები, ეპიდერმოფიტიები, მიკროსპორიები, კანდიდოზები, ქსლისებური სოკოებით დაზიანებები) სამკურნალოდ.

ფლუკონაზოლი (Fluconazole). სინონიმები: დიფლუკანი, Diflucan.

იტრაკონაზოლი (Intraconazole). სინონიმები: ორუნგალი, სპორანოქსი, Orungal, Sporanox – ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი.

N – მეთილნაფტალინის წარმოებულები
ტერბინაფინი. გამოდის ჰიდროქლორიდს სახით. სინონიმები: ლამიზილი, Lamizyl დასხვ. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია პერორალური და გარეგანი გამოყენებისათვის.

ნაფტიფინი (Naftifine). სინონიმები: ფეტიმინი, Fetimin, Naftifungin. ადგილობრივად მოქმედი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებისა და ფუნგისტატიურ მოქმედებას პირობით – პათოგენურ სოკოებზე.

სხვადასხვა ქიმიური ჯგუფების პრეპარატები
დეკამინი (Decaminum). სინონიმები: Dekadin, Dequadin, Dequalinii chloridum, Dequaliniumchloride, Dequalonum, Dequaspon, Evazol, Gargilon, Polycidine, Sorot.

მიკოსეპტინი (Mycoseptin). მალამო, რომელიც შეიცავს დაახლოებით 5% უნდეცილმჟავას, 20% უნდეცილმჟავა თუთიის მარილსა და 100%-მდე მალამოს ფუძეს.

ქინოფუნგინი (Chinofungin). ხსნარი, რომელშიც შედის 2–ქლორ–4 –ნიტროფენოლი – 1 გ, ტრიეთილენგლიკოლი – 10 გ, სპირტი – 50% 100 მლ-მდე.

ოქტიცილი (Octicylum). წებოვანი, გამჭირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის სითხეა. შენახვისას შესაძლოა გამოიყოს კრისტალებად, რომელიც მსუბუქი შეთბობით ადვილად ლღვება.

ანმარინი (Anmarinum). ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი. თეთრი მოყვითალი ელფერის ან ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილი.

ეპილინის პლასტირი (Emplastrum Epilini). ახდენს ეპილირებად მოქმედებას; იყენებენ 4% პლასტირის სახით თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებების დროს. თმების მოსაცილებლად პლასტირის შემადგენლობაა: 4 ნაწილი ეპილინი, 54 ნაწილი ტყვიის პლასტირი, 5 ნაწილი ცვილი, 22 ნაწილი უწყლო ლანოლინი, 15 ნაწილი წყალი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.