საშვილოსნო

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საშვილოსნო Uterus

საშვილოსნო – uterus (metra), კენტი, ღრუ, გლუვკუნთოვანი ორგანოა; მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. აქვს მსხლისებრი ფორმა. მისი ფართო ნაწილი მიმართულია ზემოთ და წინ, ვიწრო – ქვემოთ და წინ. საშვილოსნოს ფორმა და ზომები იცვლება ასაკთან ერთად, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში. არანამშობიარები ქალის საშვილოსნოს სიგრძე 7 – 8 სმ-ია, ნამშობიარებისა – 8 – 9,5 სმ; სიგანე საშვილოსნოს ძირის მიდამოში – 4 – 5,5 სმ-ია; იწონის დაახლოებით 30 – 100 გ-ს.

საშვილოსნო

საშვილოსნოში არჩევენ ყელს, სხეულსა და ძირს. საშვილოსნოს ყელი – cervix uteri, თანდათანობით გადადის საშვილოსნოს სხეულში, ზოგჯერ კი მისგან მკვეთრადაა შემოსაზღვრული; ყელის სიგრძე 3 სმ-ია და იყოფა ორ ნაწილად: ყელის საშოსზედა ნაწილი – portio supravaginalis (cervicis) და ყელის საშოსეული ნაწილი – portio vaginalis (cervicis). მის ქვემო ბოლოზე მრგვალი ან ოვალური ხვრელია, ე. წ. საშილოსნოს პირი – ostium uteri; პირის კიდეები წარმოქმნიან წინა ბაგეს – labium anterius, და უკანა ბაგეს – labium posterius. ნამშობიარები ქალის საშვილოსნოს პირს განივი ფორმა აქვს, არანამშობიარები ქალის საშვილოსნოს პირი კი მრგვალი ფორმისაა. უკანა ბაგე რამდენადმე გრძელი და თხელია და მდებარეობს წინა ბაგის ზემოთ. საშვილოსნოს პირი მიმართულია საშოს უკანა კედლისაკენ. საშვილოსნოს ყელში მდებარეობს ყელის არხი – canalis cervicalis uteri; არხი შუა ნაწილში შედარებით ფართოა და ამიტომ არხის ღრუს თითისტარისებრი ფორმა აქვს; საშვილოსნოს სხეულს – corpus uteri, სამკუთხა ფორმა აქვს და ქვემო კუთხით გრძელდება ყელში; საშვილოსნოს სხეული ყელისაგან გაცალკევებულია შევიწროებული ნაწილით, საშვილოსნოს ზეყელით – isthmus uteri. საშვილოსნოს სხეულში არჩვენ: წინა შარდბუშტის ზედაპირს – facies vesicalis, უკანა ნაწლავის ზედაპირს – facies intestinalis, და გვერდით, მარჯვენა და მარცხენა კიდეებს- marlines uteri (dexter et sinister).

საშვილოსნო

საშვილოსნოს ზემო ნაწილი მდებარეობს მცირე მენჯის შესავალი ხვრელის დონეზე და მას საშვილოსნოს ძირი – fundus uteri ეწოდება. საშვილოსნოს გვერდით კიდეებთან აღინიშნება კუთხეები, რომლებშიც იხსნება საშვილოსნოს ლულები. ამ მიდამოს საშვილოსნოს რქები ეწოდება. საშვილოსნოს ღრუ – cavum uteri, სიგრძით 6 – 7 სმ-ია; ღრუს ფრონტალურ განაკვეთზე სამკუთხა ფორმა აქვს; ზემო კუთხეებშო იხსნება საშვილოსნოს ლულის ხვრელები; ქვემო კუთხე გრძელდება ყელის არხში – canalis cervicis uteri, რომელსაც თითისტარისებრი ფორმა აქვს. არხი გადის საშოში საშვილოსნოს პირის – ostium uteri საშუალებით. საშვილოსნოს კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა – სეროზული გარსი – tunica serosa (perimetrium), სუბსეროზული საფარველი – tela subserosa, შუა კუნთოვანი გარსი – tunica muscularis (myometrium) ანუ მიომეტრიუმი, და შიგნითა ლორწოვანი გარსი – tunica mucosa (endometrium), ანუ ენდომეტრიუმი. სეროზული გარსი (პერიმეტრიუმი) tunica serosa (perimetrium), შარდის ბუშტის სეროზული გარსის უშუალო გაგრძელებაა. საშვილოსნოს წინა და უკანა ზედაპირის უდიდეს ნაწილზე და საშვილოსნოს ძირზე იგი მჭიდროდაა შეზრდილი მიომეტრიუმთან; ზეყელის საზღვარზე პერიტონეუმის საფარველი ფაშრადაა შეზრდილი საშ. საშვილოსნოს კუნთოვანი გარსი (მიომეტრიუმი) – tunica muscularis (myometrium) ყველაზე სქელი და მნიშვნელოვანია; შედგება გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების სამი შრისაგან. სამივე შრე კუნთოვანი ბოჭკოებით სხვადასხვა მიმართულებით გადახლართულია ერთმანეთში. თხელი გარეთა (ლორწქვეშა) ქსოვილი მჭიდროდაა შეზრდილი სეროზულ გარსთან;  მეორე შრე ირგვლივია და კარგადაა განვითარებული. იგი შეიცავს მრავალ სისხლძარღვს და მას სხვაგვარად სისხლძარღვთა შრეს – stratum vasculosum უწოდებენ. შიგნითა შრე (ლორწქვეშა) გასწვრივი და ყველაზე თხელია. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) tunica mucosa (endometrium), შეზრდილია კუნთოვან გარსთან და ამოფენს საშვილოსნოს ღრუს ლორწქვეშა ქსოვილის გარეშე. ლულის საშვილოსნოს ხვრელის მიდამოში იგი გადადის მათ ლორწოვან გარსზე; საშვილოსნოს ძირისა და სხეულის მიდამოში მას გლუვი ზედაპირი აქვს. საშვილოსნოს ყელის არხის წინა და უკანა კედლებზე ლორწოვანი გარსი (endocervix) ქმნის ე. წ. პალმის ნაოჭებს – plicae palmatae. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი შედგება ორ-სამშრიანი ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმისაგან; ლორწოვანი გარსი შეიცავს მილაკოვან საშვილოსნოს ჯირკვლებს – glandulae cervicales (uteri).

ქალის შარდ-სასქესო სისტემა

საშვილოსნო ცენტრალური ადგილი უკავია მენჯის ღრუში. მის წინ მდებარეობს შარდის ბუშტი, უკან – სწორი ნაწლავი და წვრილი ნაწილავის მარყუჟები. განასხვავებენ საშვილოსნოს ზემო, პერიტონეუმისშიგა ნაწილს (ძირი, სხეული და ნაწილობრივ ყელი) და ქვემო, პერიტონეუმისგარე ნაწილს. პერიტონეუმი ფარავს საშვილოსნოს წინა და უკანა ზედაპირებს და გადადის მეზობელ ორგანოებზე: წინიდან, ყელის შუა დონეზე იგი გადადის შარდის ბუშტზე და აქ წარმოქმნება შარდბუშტ-საშვილოსნოს ჩაღრმავება (ორმო) – excavatio vesicouterina; უკან პერიტონეუმი ეშვება ყელზე, შემდეგ ქვემოთ საშოს უკანა კედელზე და გადადის სწორი ნაწლავის წინა კედელზე. ჩაღრმავებას საშვილოსნოსა და ნაწლავს შორის ეწოდება სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავება (ორმო) – excavatio rectouterina. განიერ იოგებში გადასვლის ადგილზე, პერიტონეუმი საშვილოსნოსთან ფაშრადაა შეერთებული. საშვილოსნოს გვერდებზე, საშვილოსნოს ყელის დონეზე, პერიტონეუმის ფურცლებს შუა მდებარეობს საშვილოსნოს ირგვლივი შემაერთებელი ქსოვილი, ანუ პარამეტრიუმი – parametrium. საშვილოსნოს ყელის წინა ზედაპირის ქვემო ნახევარს სეროზული გარსი არ აქვს და გამოყოფილია შარდის ბუშტის უკანა კედლის ზემო ნაწილისაგან შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდით, რომელიც ამ ორ ორგანოს აფიქსირებს ერთმანეთთან. საშვილოსნოს ქვემო ნაწილი – ყელი – ფიქსირებულია საშოზე. საშვილოსნო მცირე ღრუში მდებარეობს არა ვერტიკალურად, არამედ აქვს წინისაკენ მოხრილი მდგომარეობა, anteversio, შედეგად მისი სხეული დახილია შარდის ბუშტის წინა ზედაპირზე; ღერძის მიმართულებით საშვილოსნოს სხეული ყელის მიმართ ქმნის 70 – 1000  კუთხეს – anteflexio. საშვილოსნო შესაძლებელია გადახრილი იყოს შუა ხაზიდან ერთ ან მეორე მხარეზე – lateropositio dextra ან lateropositio sinistra. საშვილოსნოს დახრა იცვლება შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის ავსების მიხედვით. საშვილოსნო ფიქსირებულია შემდეგი იოგებით: საშვილოსნოს მრგვალი იოგით (წყვილი), საშვილოსნოს მარჯვენა და მარცხენა განიერი იოგებით, სწორნაწლავ-საშვილოსნოსა და გავა-საშვილოსნოს წყვილი იოგებით. საშვილოსნოს მრგვალი იოგი – ligamentum teres uteri, წარმოადგენს კუნთოვან-ბოჭკოვან ჭიმს, სიგრძით 10 – 15 სმ; იწყება საშვილოსნოს გვერდებიდან და მდებარეობს საშვილოსნოს განიერი იოგის ორ ფურცელს შორის, საშვილოსნოს ლულის ქვეშ, მიიმართება საზარდულის ღრმა რგოლისაკენ. მსვლელობისას იგი გადაკვეთს დამხურავ სისხლძარღვებსა და ნერვებს- vasa obturatoria et n. obturatorius, ჭიპის იოგს, თეძოს გარეთა ვენას – v. iliaca externa, ქვემო ეპიგასტრულ სისხლძარღვებს. საშვილოსნოს მრგვალი იოგი გაივლის საზარდულის არხს,  გამოდის ზედაპირული რგოლიდან და გაიშლება და იფანტება ბოქვენის მაღლობისა და დიდი სასირცხო ბაგეების კანქვეშა ქსოვილში. საზარდულის არხში საშვილოსნოს მრგვალ იოგთან ერთად გაივლის: საშვილოსნოს მრგვალის იოგის არტერია, – a. lig. teretis uteri,  სასქესო ტოტი – ã. genitalis,  და m. obliquus internus abdominis და m.. transversus abdominis -ის კუნთოვანი ბოჭკოების კონები. საშვილოსნოს განიერი იოგი – lig. latum uteri, შედგება წინა და უკანა ფურცლისაგან. ეს ფურცლები იწყება საშვილოსნოს წინა და უკანა ზედაპირის მფარავი სეროზული გარსიდან; საშვილოსნოს გვერდითი კედლებიდან ფურცლები უახლოვდება ერთმანეთს და ერთდება; შემდგომ მიიმართება მცირე მენჯის გვერდითი კედლისაკენ და უმაგრდება მათ. მენჯის ფსკერთან განიერი იოგის ფურცლები გადადიან მცირე მენჯის პარიეტულ პერიტონეუმში. საშვილოსნოს განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარეობს შემაერთებელქსოვილოვანი ჭიმები გლუვკუნთოვანი კონებით, რომლებიც საშვილოსნოს ორივე მხარეზე წარმოქმნიან საშვილოსნოსა და საშოს მთავარ საფიქსაციო იოგს. მედიალურად ამ იოგის ქსოვილი გადადის საშვილოსნოსირგვლივ  საფარველში – parametrium, რომელიც გარს აკრავს საშვილოსნოს ყელს და საშოს გვერდით ზემო ნაწილებს. საშვილოსნოსირგვლივ შემაერთებელ ქსოვილში გაივლის შარდსაწვეთი, საშვილოსნოს არტერია – a. uterina, საშვილოსნო-საშოს ნერვული წნული – plexus uterovaginalis.

საკვერცხე

განიერი იოგის ზემო კიდის ფურცლებს შორის მდებარეობს საშვილოსნოს ლულა. განიერი იოგის ლატერალური ნაწილის უკანა ფურცელი ქმნის საკვერცხის ჯორჯალს – mesowrium. ლულის მედიალური ნაწილის ქვემოთ განიერი იოგის უკანა ზედაპირზე მდებარეობს საკვერცხის საკუთარი იოგი – lig. ovarii proprium. საკვერცხის ჯორჯალსა და ლულას შორის არსებული განიერი იოგის უბანს ეწოდება საშვილოსნოს ლულის ჯორჯალი – mesosalpinx. ამ ჯორჯალში, უფრო ლატერალურად, მდებარეობს საკვერცხის ფოჩი – fimbria ovarica, საკვერცხის დანამატი – epoophoron და  paraoophoron. განიერი იოგის ზემო გვერდითი კიდე წარმოქმნის საკვერცხის საკიდ იოგს – lig. suspensorium ovarii. განიერი იოგის დასაწყისში, მის წინა ზედაპირზე ჩანს საშვილოსნოს მრგვალი იოგი – lig. teres uteri.

საშვილოსნოს საფიქსაციო აპარატს მიეკუთვნება აგრეთვე მარჯვენა და მარცხენა სწორნაწლავ-საშვილოსნოს ნაოჭში მდებარე იოგები. ორივე ეს ნაოჭი შეიცავს შემაერთებელქსოვილოვან ჭიმებს, სწორნაწლავ-საშვილოსნოს კუნთის კონებსა და მიემართებიან საშვილოსნოს ყელიდან სწორი ნაწლავის გვერდითი კედლებისაკენ და გავის მენჯისმხრივი ზედაპირისაკენ.
ინერვაცია: plexus hypogastricus, uterinus, uterovaginalis.
სისხლმომარაგება: aa.. uterina, ovarica.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.