სამკურნალო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებებს უწოდებენ  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ქიმიურ შენაერთებსა და მათ ნაერთებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველების დაავადებების მკურნალობის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიზნით. სამკურნალო საშუალებებს მიაკუთვნებენ  აგრეთვე ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს. სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბოლო დროს განიხილავენ ბად-ებსა (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), ზოგიერთ დიაგნოსტიკურ და მექანიკურ (მაგ. ჩასახვის საწინააღმდეგო) საშუალებასაც. ეს უფრო მათი დანიშნულების კი არა, რეგისტრაციისა და შესწავლა-სწავლების მენეჯმენტის პრობლემების გამარტივების მიზნითაა გამოწვეული.

მე-19 საუკუნემდე სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენებოდა  მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის პროდუქტები. სამკურნალო საშუალებების აღსანიშნად გამოიყენებოდა ტერმინი Materia medica. მათ შორის მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი სამკურნალო მცენარეებს ეჭირა. ფარმაკოთერაპიისთვის პრაქტიკული ღირებულების მქონე საშუალებებთან ერთად (ოპიუმის, პიტნის, აბუსალათინის, ჭვავის რქისა და სხვ. პრეპარატები) შედიოდა მრავალრიცხოვანი ელემენტები, რომელთა სამკურნალo ეფექტი  არ დასტურდება.  ნაკლებად ეფექტური ან სამკურნალო თვისებებს სრულიად მოკლებული პრეპარატების გაუმართლებელი გამოყენების უმთავრესი მიზეზი იყო ორგანიზმის აგებულებისა და ფუნქციების, დაავადების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის, აგრეთვე პრეპარატების ქიმიური აგებულებისა და მოქმედების მექანიზმების არასაკმარისი ცოდნა. ამავე მიზეზით, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის მიზნით, სამკურნალო საშუალებების შერჩევა ხშირად შემთხვევით ხასიათს ატარებდა. თვით ფარმაკოლოგიურად აქტიური სამკურნალო საშუალებები, ხშირ შემთხვევებში, ინიშნებოდა იმ დაავადებების მკურნალობის მიზნით, რომელთა დროსაც ისინი ნაკლებეფექტური ან სრულიად არაეფექტურები იყვნენ. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ხალხურმა გამოცდილებამ არაერთი პრეპარატის შექმნას დაუდო სათავე და ახალი ნივთიერებების ძიებისას დღესაც ასრულებს ვექტორის როლს. უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა სამკურნალო მცენარეებით მკურნალობის ხვედრითი წილი შემცირდა, იგი თანამედროვე ფორმებით განვითარებას აგრძელებს. დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 6 მოლიარდი დოლარის სამკურნალო მცენარეები იწარმოება. ფარმაკოთერაპიის არსენალში  რჩება ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა და სხვ.
მე-19 საუკუნეში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის ქიმიის განვითარებამ, სამკურნალო საშუალებების არსენალი მკვეთრად გაამდიდრდა ეფექტური, ბუნებრივი და ქიმიური სინთეზის გზით მიღებული პრეპარატებით. 1803 წლიდან 1896 წლამდე მცენარეული ნედლეულიდან მიღებულ იქნა 28 ალკალოიდი (მორფინი, ემეთინი, სტრიქნინი, ქინინი, კოფეინი, ლობელინი, ატროცინი, პაპავერინი, კოკაინი, ფიზოსტიგმინი, პილოკარპინი და სხ.). მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგა ზოგიერთი სინთეზური სამკურნალო საშუალება (დიეთილის ეთერი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, ფენოლი, სალიცილის მჟავა, ფენაცეტინი, ანტიპირინი, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვ.).
სამკურნალო საშუალებების თვისებების და მოქმედების პრინციპების შესწავლის სფეროში ჩატარებული გამოკვლევების მოცულობების სწრაფმა ზრდამ, მე-19 საუკუნეში, გამოიწვია ფარმაკოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, ჩამოყალიბება, ხოლო სამკურნალო საშუალებების ასორტიმენტის გაფართოებამ და მათი მიღების ახალი ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავებამ, ხელი შეუწყო ფარმაციის შემდგომ განვითარებას და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის ჩამოყალიბებას.
მე-20 საუკუნეში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების კვალობაზე, დაიწყო სამკურნალო საშუალებების მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანმიმართული ძიება. მე-17-18 საუკუნეებში ახალი სამკურნალო საშუალებები ჩნდებოდნენ სიხშირით – 5 პრეპარატი 100 წელიწადში, მე-19 საუკუნის ბოლოს _ სიხშირით 1,6 პრეპარატი წელიწადში, ხოლო მე-20 საუკუნის შუაში _ 2,7 პრეპარატი წელიწადში. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნის ტემპები კიდევ უფრო გაიზარდა. მაგ: 1958-დან 1970 წლამდე სამედიცინო პრაქტიკაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაინერგა დაახლოებით 467 ახალი, ორიგინალური სამკურნალო საშუალება (საშუალოდ, დაახლოებით 36 პრეპარატი წელიწადში). იმ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატთა ჯგუფების დიდი უმეტესობა, რომლებიც გამოიყენება ფარმაკოთერაპიაში, შეიქმნა და სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგა მე-20 საუკუნის განმავლობაში.დღეს, ახალი პრეპარატების შექმნაზე ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება.
თანამედროვე სამკურნალო საშუალებების შექმნამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ფარმაკოთერაპიის, აგრეთვე პროფილაქტიკური მედიცინის  შესაძლებლობები თანამედროვე მედიცინის ყველა სფეროში. თუმცა პრაქტიკაში ახალი სამკურნალო საშუალებების დანერგვამ, რომელთაც გააჩნიათ მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, გამოიწვია მათ მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციების და გვერდითი მოვლენების რიცხვის ზრდაც, რამაც, თავის მხრივ, მოითხოვა სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე, წარმოებაზე და გამოყენებაზე სხვადასხვა კონტროლის სისტემების შექმნის აუცილებლობა . იზრდება  პრეკლინიკური კვლევებისა და კლინიკური შესწავლის პროცესში, სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებაზე მოთხოვნილება.

ახალი პრეპარატების შექმნაზე საქართველოში საბჭოთა პერიოდში მუშაობდა რამდენიმე სტრუქტურა. საქართველოში ვითარდება სამკურნალო პრეპარატების წარმოებაც. დღეს საქართველოში მუშაობს რამდენიმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ფარმაცევტული წარმოება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.