ნაწლავები – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია.

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ნაწლავები 

ნაწლავები (intestina) საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კუჭის პილორუსის ნაწილიდან და მთავრდება უკანა გასავლით. ნაწლავებში ხდება საკვების გადამუშავება და მონელება, ამ დროს წარმოქმნილი შლაკების მოცილება, ხორციელდება ზოგიერთი ინტესტინალური ჰორმონის სინთეზი; იგი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ პროცესებში.

ჰისტოლოგია. წვრილი და მსხვილი ნაწლავის კედლები შედგებიან ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა შრისგან, კუნთოვანი და სეროზული გარსებისგან.

ნაწლავების ლორწოვან გარსში განასხვავებენ ეპითელიუმს, საკუთარ ფირფიტას და კუნთოვან ფირფიტას. წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი წარმოქმნის ხაოებს – ნაწლავის სანათურში არსებული წანაზარდები. წვრილი ნაწლავის ზედაპირის 1 მმ2–ზე მოდის დაახლოებით 20–40 ხაო; მლივ ნაწლავში, თეძოს ნაწლავთან შედარებით, მათი რაოდენობა უფრო მეტია და სიგრძეც უფრო დიდია. ნაწლავის ხაოები დაფარულნი არიან ქობისებური ეპითელიოციტებით, მათი პლაზმური მემბრანის წანაზარდები ქმნიან მრავლობით მიკროხაოს, რომელთა საშუალებითაც მკვეთრად მატულობს წვრილი ნაწლავის შემწოვი ზედაპირი. ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში არსებობენ მილისებრი ჩაღრმავებები – კრიპტები, რომელთა ეპითელიუმიც შედგება არგენტაფიტონოციტებისგან, არაქობისებური ენტეროციტებისგან, ბოკალისებური და პანეტური უჯრედებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ ნაწლავის წვენის სხვადასხვა ინგრედიენტებს, მათ შორის ლორწოს, აგრეთვე ინტესტინალურ ჰორმონებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსში ხაოები არ არის, თუმცა მას გააჩნია დიდი რაოდენობით კრიპტები. ნაწლავების ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში არსებობს ლიმფოიდური ქსოვილის გროვა ერთეული ან მრავლობითი ლიმფური ფოლიკულების (პეიერის ფოლაქები) სახით. ნაწლავების კუნთოვანი გარსი წარმოდგენილია სიგრძივი და წრიული გლუვკუნთოვანი ბოჭკოებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.