კოსმეტიკის ისტორია იმდენივე საუკუნეს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობა, რადგან ქალებს ყველა ეპოქაში თანაბრად სურდათ, ლამაზები და ახალგაზრდები ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, კოსმეტიკამ, მისმა ფუნქციებმა, დროთა განმავლობაში ბევრჯერ განიცადა ცვლილება. სიტყვა `კოსმეტიკა~ მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან `cosmo~, რაც ქართულად წესრიგის დამყარებას, მოწესრიგებას ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ დღემდე დადგენილი არაა, კონკრეტულად რომელი ქვეყანაა კოსმეტიკის სამშობლო. ამ წოდებას ზოგი ძველ ეგვიპტეს, ზოგიც ძველ საბერძნეთს ანიჭებს. ამ ვერსიის მხარდამჭერნი ამტკიცებენ, რომ კოსმეტიკა გამოიგონა ძველი ბერძნების სილამაზისა და სიყვარულის ქალკღმერთმა, აფროდიტემ. ბუნებრივია, ეს ლეგენდაა, რომლის თანახმადაც, აფროტიდემ შექმნა ყველაზე ლამაზი ყვავილი – ვარდი, რათა მისი ფურცლებისგან მომზადებული აბაზანები მიეღო.
სხვათა შორის, თანამედროვე კოსმეტიკის მრავალი პროცედურა სწორედ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაგალითად, სხეულზე არასასურველი თმების მოსაცილებლად კოსმეტიკურ სალონებში ამჟამადაც იყენებენ ე.წ. `შუგარინგის~ მეთოდს, რომელსაც შაქრის ეპილაციასაც უწოდებენ. ძველადაც არსებობდა მსგავსი პროცედურა: გამომწვარ შაქარს ან შაქრის პასტას უმატებდნენ ლიმნის წვენს და ისვამდნენ კანზე. მიღებული ეფექტი ძალიან ჰგავდა დღეს არსებულ შედეგებს. ოღონდ, დღემდე უცნობია, ვინ მოიფიქრა ეპილაციის ეს საშუალება – ნეფერტიტმა თუ თაის ათენელმა.
ჩვენს წ. აღ.–მდე V-IV საუკუნეებში, ბერძენი ქალბატონები, პუდრას მსგავსად, ხმარობდნენ დანაყილ პარკოსან მცენარეებს, ფქვილსა და ცარცს. ბაგეებს იღებავდნენ წითელი საღებავით, რომელსაც ბუჟღენდისგან (ეს არის ბალახისმჭამელი მწერის, ბუჟღენდის ბუგრისგან დამზადებული სპეციალური ნივთიერება) ამზადებდნენ. წამწამებს მურით იღებავდნენ, მათ დასაფიქსირებლად კი ფიჭვის ფისისა და კვერცხის ცილის ნარევს ხმარობდნენ. ამავე პერიოდს განეკუთვნება ძალზე საინტერესო ნაშრომი `ტრაქტატი სილამაზის შენარჩუნების შესახებ~, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ კურტიზან ქალს, ასპაზიას ეკუთვნოდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მანამდეა შედგენილი კლეოპატრას წერილობითი რეკომენდაციების კრებული, სახელწოდებით `მალამო კანისთვის~, რაც თავის სწორად მოვლას ეხება. ეს წარმოადგენს რამდენიმე მეტრის სიგრძის პაპირუსს, რომელზე განთავსებული რჩევებიც კოსმეტიკის სამყაროში დღესაც პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, ეს რჩევები მაინც ზოგადია და მიზნად ისახავს ქალბატონებისთვის თავის მოვლის შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მიწოდებას. აი, რამდენიმე რჩევა:
- თმები უფრო სქელი გვექნება, თუ გამოვიყენებთ წვრილად დაჭრილი ღორის ქადასგან (მცენარეა) მომზადებულ ნიღაბს;
- შავი გაზელის (ცხოველია) დანაყილი რქებისა და ზეითუნის ზეთის ნარევი კარგია საფეთქლებთან გაჩენილი ჭაღარებისთვის. რქა შეგვიძლია შევცვალოთ ვირის ღვიძლით.
- სხეულიდან არასასურველი თმების მოსაშორებლად საჭირო პასტის მომზადების წესი: ფრინველის სკორეს შევურიოთ წვრილად დაქუცმაცებული ცხოველის ძვლები, ნეკერჩხლის წვენი, მუხის ფისი და გახეხილი კიტრი~.
კრემი ნაოჭებისთვის გამოიგონა ათენელმა ჰეტერა ქალმა, ფრინამ. კრემის შემადგენლობაში შედიოდა მდედრი ვირის რძე. ცნობილია, რომ ნერონის მეუღლე, პოპეა ვირის რძისგან მომზადებული აბაზანებით სარგებლობდა. როდესაც პოპეა სადმე მიემგზავრებოდა, ყველგან თან მიჰყავდა მდედრი ვირების ჯოგი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინგრედიენტი კოსმეტიკაში დღემდე გამოიყენება.
ჩინეთის იმპერატორთა მეუღლეები კი ახალგაზრდულ კანს იმით ინარჩუნებდნენ, რომ დღეში ორჯერ სახეზე მასაჟს იკეთებდნენ ნატურალური აბრეშუმის ნაჭრით. ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აბრეშუმის სახეზე ზემოქმედების დროს წარმოიქმნება სტატიკური ელექტრობა, რომელიც ასტიმულირებს კანის რეგენერაციას.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ქალებს როდი შეჰქონდათ თავიანთი წვლილი კოსმეტოლოგიის განვითარებაში. ამ თემის მიმართ არ სწავლული მამაკაცები იყვნენ გულგრილი. მაგალითად, ცნობილი ჰიპკრატე ამზადებდა განსაკუთრებულ კრემებს და სამედიცინო საშუალებებს არა მარტო ნაოჭების გასაშლელად და დამჭკნარი კანის გასაახალგაზრდავებლად, არამედ პირიდან ცუდი სუნის გასაქრობადაც. თუმცა, მისი რეცეპტები დღეს ცოტა უცნაურად და არაცივილიზებულად გამოიყურება: ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად, უნდა გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთის, წითელი ღვინისა და ხვლიკის ღვიძლის ნაზავი. შესაძლებელია ამ რეცეპტის ადაპტირება, თუ ამოვიღებთ ღვიძლს.
უძველესი დროიდან, დიდი ყურადღება ეთმობოდა დეკორატიულ კოსმეტიკასაც. ძველ ეგვიპტეში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, თუ ადამიანი ხალხში შეღებვის გარეშე გავიდოდა. ეგვიპტურ მაკიაჟში განსაკუთრებული ყურადღება თვალებს ექცეოდა: თვალებზე სპეციალური ჩხირით და სქელი შავი სითხის მეშვეობით, კონტურს იკეთებდნენ. ამავე მიზნით საუკუნეების მანძილზე მწვანე ფხვნილსაც იყენებდნენ. სახისთვის ტონალობის მისაცემად ხმარობდნენ ყვითელ და წითელ ჟანგმიწას.
ჯერ კიდევ შორეულ დროში გამოიგონეს სპეციალური ინსტრუმენტები და საშუალებები საკუთარი თავის მოსავლელად და გასალამაზებლად. დედოფალ ხათშეფსუტის სამარხის გათხრისას აღმოჩნდა მთელი სილამაზის სალონი: უამრავი ჭურჭელი არომატული ზეთებით, საღებავები, ნიღბები, მოწყობილობა თმის დასახვევად, პემზა და საღებავი ფეხის ფრჩხილებისთვის.
ხანგრძლივი ისტორიისა და მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, შუა საუკუნეების ევროპაში კოსმეტიკა სერიოზულ შევიწროებას განიცდიდა: მას სატანის გამოგონებად თვლიდნენ და ანათემასაც კი გადასცეს. თუმცა, ამ ფაქტმა მისადმი ინტერესი ვერ გაანელა. ეს მეცნიერება განაგრძობდა მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გონებისა და გულის დაპყრობას. აღსანიშნავია, რომ ევროპამ უდიდესი წვლილი შეიტანა კოსმეტიკის განვითარებაში.
მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა მე–16 საუკუნეში იმდენად გართულებული იყო, რომ ამ მიზნით მხატვრებსაც კი იწვევდნენ. ბუნებრივია, აქ ყოველდღიური მაკიაჟი არ იგულისხმება. ეს იყო ხანგრძლივ დროზე გათვლილი მაკიაჟი. იმ დროს მიღებული არ იყო პირის დაბანა; ასე რომ, სახე საღებავს დიდხანს ინარჩუნებდა. სწორედ ამ ტრადიციამ ჩაუყარა საფუძველი პერმანენტულ, ყოველდღიურ მაკიაჟს.
იმ დროს პირადი ჰიგიენის საკითხი სათანადო დონეზე არ იდგა. არა მარტო პირის დაბანა, არამედ აბაზანების მიღებაც იშვიათი მოვლენა იყო. ცდილობდნენ, ბინძური სხეულის არასასიამოვნო სუნი წარმოუდგენელი რაოდენობის, სხვადასხვა არომატული საშუალების მეშვეობით ჩაეხშოთ. დიდებულებს შორის დიდი მოთხოვნა იყო სუნამოებზე, პუდრასა და ტუჩსაცხებზე.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკის თანამედროვე ისტორია მოიცავს და სათანადო ადგილზე აყენებს კოსმეტიკის პრინციპებს, რომლებიც ძველ მსოფლიოსა (პირველ რიგში – თმისა და კანის მოვლა) და შუა საუკუნეებში (`სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს~) ჩამოყალიბდა.