ზურგის ზედაპირული კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ზედაპირული კუნთები Superficial muscles of back

ზურგის ზედაპირული კუნთებია:
1. ტრაპეციული კუნთი – m. trapezius
2. ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi.
3. დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები – mm. rhomboidei major et minor
4. ბეჭის ამწევი კუნთი – m. levator scapulae
5. უკანა ზედა დაკბილული კუნთი – m. serratus posterior superior
6. უკანა ქვედა დაკბილული კუნთი – m. serratus posterior inferior.

ზურგის კუნთები

1. ტრაპეციული კუნთი – m. trapezius, ბრტყელი, განიერი კუნთია; მდებარეობს ზედაპირულად კისრის უკანა მიდამოსა და ზურგის ზემო ნაწილში. კუნთს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძე მიმართულია ხერხემლის სვეტისაკენ, წვეტი კი – ბეჭის აკრომიონისაკენ; ორივე მხარის ტრაპეციული კუნთს ერთად ტრაპეციის ფორმა აქვს. კუნთი იწყება კეფის გარეთა შემაღლებიდან – Protuberantia occipitalis externa, კეფის ძვლის ქედის ზემო ხაზიდან – linea nuchae superior, ქედის იოგიდან – ligamentum nuchae და გულმკერდის ყველა მალის წვეტზედა იოგიდან – ligamentum supraspinale. კუნთის მყესოვანი კონები მოკლეა და მხოლოდ კისრის ქვედა და გულმკერდის ზედა მალების მიდამოში, აღწევენ რა მაქსიმალურ სიგრძეს, ქმნიან რომბისებრი ფორმის მყესოვან არეს. კუნთის კონები რადიალურად იკრიბება ბეჭთან და უმაგრდება ბეჭის ქედს – spina scapulae, აკრომიონსა – acromion და ლავიწის აკრომიალურ ნაწილს – pars acromialis claviculae.
მოქმედება: კუნთის შეკუმშვისას ბეჭი უახლოვდება ხერხემლის სვეტს; ზედა კონების შეკუმშვისას კუნთი ზემოთ სწევს ბეჭს, ხოლო ქვედა კონების შეკუმშვისას – ქვემოთ სწევს მას. ბეჭის ფიქსაციისას ორივე ტრაპეციული კუნთი უკან სწევს თავს, ხოლო კუნთის ერთ მხარეზე შეკუმშვისას თავი იხრება შესაბამის მხარეზე.
ინერვაცია: ramus extemus n. accessorii è nn. cervicales (C3-C4).

სისხლმომარაგება: aa. transversa coli, occipitali s, suprascapularis, intercostales.

ზურგის კუნთები

2. ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi, ბრტყელი კუნთია; მდებარეობს ზედაპირულად, ზურგის ქვემო ნაწილში; მის ზედა კონებს ფარავს ტრაპეციული კუნთი. ზურგის უგანიერესი კუნთი იწყება გულმკერდის ქვედა 5-6 მალის წვეტიანი მორჩებიდან, გულმკერდ – წელის ფასციის ზედაპირული ფურცლიდან, თეძოს ქედის გარეთა ბაგიდან – labium extemum cristae iliacae და ქვედა 4 ნეკნიდან. აღნიშნული კუნთის მყესოვანი კონების გარეთ, მათსა და მუცლის გარეთა ირიბი კუნთის – m. obliquus abdominis externus უკანა კიდესა და ქვემოდან – თეძოს ქედს შორის, იქმნება წელის სამკუთხედი – trigonum lumbale; მის წინა კედელს ქმნის მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis internus. ამ სამკუთხედის ზემოთ მდებარეობს პატარა რომბისებრი უბანი, რომელიც უკან დაფარულია ზურგის უგანიერესი კუნთით – m. latissimus dorsi, ზემოდან მოსაზღვრულია XII ნეკნითა და უკანა ქვემო დაკბილული კუნთის – m. serratus posterior inferior ქვედა კიდით, მედიალურად – ზურგის გამმართველი კუნთით – m. erector spinae, ლატერალურად – მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის – mm. obliqui abdominis intemus ზედა კიდით. მის წინა კედელს შეადგენს მუცლის განივი კუნთის აპონევროზი. ზურგის უგანიერესი კუნთის ზედა კონები მიემართებიან ლატერალურად, ქვედა კონები – ირიბად ზემოთ და ლატერალურად, უმაგრდებიან ქვედა ნეკნების უკანა ზედაპირებს. აქ კუნთი ღებულობს დამატებით კონებს 3-4 კბილის სახით, ასევე ფარავს ბეჭის ქვემო კუთხეს და დიდი მრგვალი კუნთის – m. teres major ქვემო კიდეს. შემდგომ, კუნთი ქმნის იღლიის ფოსოს უკანა კედელს, უახლოვდება მხრის ძვალს და მთავრდება მხრის მცირე ბორცვის ქედზე – crista tuberculi minoris humeri. აქ მდებარეობს ზურგის უგანიერესი კუნთის აბგა – bursa subtendinea m. latissimi dorsi.

მოქმედება: მოზიდავს მხარს ტანისაკენ და სწევს ზედა კიდურს უკან, შუა ხაზისაკენ. ზედა კიდურის გამაგრებისას უახლოვებს ტანს ან მონაწილეობს ქვედა ნეკნების ზემოთ აწევაში სუნთქვის დროს და, ამდენად, წარმოადგენს დამატებით სასუნთქ კუნთს.
ინერვაცია: n. thoracodorsalis (C7,C8).
სისხლმომარაგება: aa. thoracodorsalis, circumflexa humeri, intercostales.

3. დიდი რომბისებრი კუნთი – m. rhomboideus major, მეორე ფენის კუნთია; მდებარეობს ტრაპეციული კუნთის ქვეშ, ბეჭებს შორის და აქვს ბრტყელი, ფართო რომბის ფორმა. კუნთი იწყება გულმკერდის ზედა 4 მალის წვეტიანი მორჩებიდან. მისი კონები მიემართებიან ლატერალურად და ქვემოთ და უმაგრდებიან ბეჭის მედიალურ კიდეს.

ზურგის კუნთები

4. მცირე რომბისებრი კუნთი – m. rhomboideus minor, იწყება კისრის ქვედა ორი მალის წვეტიანი მორჩებიდან და უმაგრდება ბეჭის მედიალურ კიდეს. ორივე რომბისებრი კუნთი ხშირად ერთმანეთისაგან განცალკევებულია შემაერთებელქსოვილოვანი ფენით.
მოქმედება: სწევს ბეჭს ხერხემლის სვეტისაკენ.
ინერვაცია: n. dorsalis scapulae (C4-C6).
სისხლმომარაგება: aa. transversa colli, suprascapularis, intercostales.

5. ბეჭის ამწევი კუნთი – m. levator scapulae მოგრძო, ბრტყელი კუნთია, მდებარეობს კისრის უკანა მიდამოს გვერდით ნაწილებში, ტრაპეციული კუნთის – m. trapezius  ქვეშ.  კუნთი იწყება ოთხი კბილით, კისრის ზედა 4 მალის განივი მორჩებიდან,  მიემართება ქვემოთ და ლატერალურად, უმაგრდება ბეჭის მედიალური კიდის ზედა ნაწილსა და მის ზედა კუთხეს.

მოქმედება: ზემოთ სწევს ბეჭს, განსაკუთრებით მის ზედა კუთხეს; ფიქსირებული ბეჭის შემთხვევაში განზიდავს ხერხემლის კისრის ნაწილს და მასთან ერთად თავს.
ინერვაცია: n. dorsalis scapulae (C4,C5).
სისხლმომარაგება: aa. transvers a colli, cervicalis superficialis, cervicalis ascendens.

6. უკანა ზედა დაკბილული კუნთი – m. serratus posterior superior, თხელი კუნთია, დაფარულია რომბისებრი კუნთით. იწყება ქედის იოგის – ligamentum nuchae ქვედა ნაწილიდან და გულმკერიდს ზედა ორი და კისრის ქვედა ორი მალების წვეტიანი მორჩებიდან. მისი კონები მიემართებიან ირიბად ქვემოთ და ლატერალურად და უმაგრდებიან ოთხი კბილით II-V ნეკნების გარეთა ზედაპირებს.
მოქმედება: ზემოთ სწევს ნეკნებს, მონაწილეობს ჩასუნთქვის აქტში.
ინერვაცია: nn. intercostales (Th1-Th4).
სისხლმომარაგება: aa. intercostales, cervicalis profunda.

7. უკანა ქვედა დაკბილული კუნთი – m. serratus posterior inferior, ისევე როგორც წინა კუნთი, ბრტყელი, თხელი კუნთია, მდებარეობს ზურგის უგანიერესი კუნთის – m. latissimus dorsi ქვეშ. კუნთი იწყება გულმკერდ – წელის ფასციის – fascia thoracolumbalis ზედაპირული ფურცლიდან, გულმკერდის ქვემო ორი და წელის ზედა ორი მალების დონეზე. კუნთის კონები მიემართებიან ირიბად ზემოთ და ლატერალურად და უმაგრდებიან ოთხი კბლით ქვედა 4 ნეკნს.
მოქმედება: ქვემოთ სწევს ქვედა ნეკნებს, მონაწილეობს სუნთქვის აქტში.
ინერვაცია: nn. intercostales (Th9-Th12).
სისხლმომარაგება: aa. intercostales.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.