ბრონქები – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ბრონქები

ბრონქები (bronchus, მხ.რიცხვი; ბერძ. Bronchos სასუნთქი ყელი) – ჰაერგამტარი გზების ნაწილი: ტრაქეის მილისებური ტოტები, რომლებიც მას აერთებენ ფილტვების სასუნთქ ზედაპირთან.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ბრონქების კედელი შედგება 3 გარსისგან: ლორწოვანი, ფიბროზულ–კუნთოვან–ხრტილოვანი და ადვენტიციური. ლორწოვანი გარსი ამოფენილია მრავალშრიანი, პრიზმული, წამწამოვანი ეპითელიუმით. თითოეულ წამწამოვან უჯრედს თავის ზედაპირზე გააჩნია დაახლოებით 0,3 მკმ დიამეტრის და 6 მკმ სიგრძის 200–მდე წამწამი.

წამწამოვანი ეპითელიუმის გარდა, ბრონქების ლორწოვანი გარსი შეიცავს ბოკალისებურ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ლორწოვან სეკრეტს; ნეიროენდოკრინული უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ბიოგენურ ამინებს (პირველ რიგში სეროტონინს); ბაზალურ და შუალედურ უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ლორწოვანი გარსის რეგენერაციის პროცესებში. ლორწოვანი გარსის ბაზალური მემბრანის ქვეშ მდებარეობს ლორწქვეშა შრე, რომელშიც მოთავსებულია ცილოვან–ლორწოვანი ჯირკვლები, სისხლძარღვები, ნერვები და მრავლობითი ლიმფური კვანძები (ლიმფოიდური ფოლიკულები) – ე.წ. ბრონქოასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილი. ლორწოვანი გარსი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ქვეშმდებარე შრესთან და არ წარმოქმნის ნაოჭებს. ფიბროზულ–კუნთოვან–ხრტილოვანი გარსი წარმოქმნილია ჩაუკეტავი ჰიალინურ–ხრტილოვანი რგოლებით, რომელთა თავისუფალი ბოლოები შეერთებულია გლუვი კუნთებით. ხრტილოვანი რგოლები ერთმანეთთან მიმაგრებულია მკვრივი, ფიბროზული ქსოვილით. ბრონქის კალიბრის შემცირების პარალელურად მცირდება ხრტილოვანი რგოლების რაოდენობა და მათი დიამეტრი, ხრტილი ხდება უფრო ელასტიური, კუნთოვანი ელემენტების რიცხვი იზრდება.

მრავალშრიანი, პრიზმული, წამწამოვანი ეპთელიუმი თანდათანობით ხდება ორშრიანი, ხოლო შემდგომში კი გადადის ერთშრიან, წამწამოვან, კუბურ ეპითელიუმში. ადვენტიციური გარსი წარმოქმნილია ფაშარი, გაუფორმებელი, შემაერთებელი ქსოვილით.
ასაკობრივი თავისებურებები. ბავშვის დაბადების შემდეგ გრძელდება ბრონქების ქსოვილების დიფერენციაცია (დაახლოებით 7 წლამდე) და ბრონქული ხის ზრდა. ბრონქები განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდებიან სიცოცხლის პირველ წელიწადს, ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის ყველა ბრონქის ზომა მატულობს 3,5–4–ჯერ. 40 წლის შემდეგ ბრონქებში აღინიშნება ინვოლუციური პროცესები: ლორწოვანი გარსის და ლორწქვეშა შრის ატროფია, ხრტილების განლევა და სხ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.