ასო

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ასო (penis) მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანო. ის წარმოქმნილია ორი მღვიმოვანი და ერთი ღრუბლისებრი სხეულისგან.

ფუნქციონალური ანატომია

განასხვავებენ ასოს თავს, სხეულს და ძირს. მღვიმოვან სხეულებს გააჩნიათ ცილინდრული ფორმა. მათი უკანა ბოლოები წაწვეტებულია. ისინი მიემართებიან გაორკაპებული ფეხების სახით და ემაგრებიან რა ბოქვენის ძვლის ქვედა ნაწილს, წარმოქმნიან ასოს ძირს.

დისტალურად, მღვიმოვანი სხეულები ერწყმიან ერთმანეთს და დაფარულნი არიან ცილოვანი გარსით, საიდანაც გამოდიან ასოს ძგიდის წარმომქმნელი შემაერთებელქსოვილოვანი კონები. მღვიმოვანი სხეულების წინა ბოლოები ასევე წაწვეტებულია და დაფარულია ასოს თავით. ღრუბლისებრი სხეულის მკვეთრად გაფართოებულ წინა ნაწილს ეწოდება ასოს თავი. განასხვავებენ ასოს თავის გაფართოებულ (გვირგვინი) და შევიწროებულ (თავის ყელი) ნაწილებს. ასოს ღრუბლისებრი სხეულის უკანა ბოლოს გაფართოებულ ნაწილს ეწოდება ასოს ბოლქვი. ღრუბლისებრი სხეული ასევე დაფარულია ცილოვანი გარსით; მის სისქეში, მთელ გაყოლებაზე, განლაგებულია შარდსადენი მილი, რომელიც ასოს თავში იხსნება ვერტიკალური ღარის ფორმის მქონე გარეთა ხვრელით.

სასქესო ასო

მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების საფუძველს წარმოადგენენ კოლაგენური ბოჭკოების კონების ცილოვანი გარსიდან გამომავალი განშტოებები, რომლებიც წარმოქმნიან ძგიდეებს – ტრაბეკულებს. ტრაბეკულების მეშვეობით ხორციელდება ენდოთელიუმით ამოფენილი ღრუების – კავერნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სისტემის შემოსაზღვრა. კავერნების სისხლით ავსების შედეგად ხდება მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების დაბერვა და გამკვრივება (ასოს ერექცია).
მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულები დაფარულია საერთო, ღრმა და ზედაპირული ფასციებით. ასოს მფარავი კანი თხელია და ადვილად მოძრაობს. ასოს ქვედა ზედაპირის კანზე არის ნაკერი, რომელიც გადადის სათესლე პარკის და შორისის კანზე. ასოს თავის მიდამოში კანი წარმოქმნის ნაოჭს – განაპირა სხეულს, რომელიც მიმაგრებულია ასოს თავის ყელზე, ხოლო ქვემოთა მხრიდან ასოს თავთან შეერთებულია ლაგამით. განაპირა სხეულის შიგნითა ფურცელი შეიცავს ჯირკვლებს. მენჯის ძვლებთან ასო მიმაგრებულია ასოს ფეხებით, ზედაპირული და ღრმა საკიდი იოგით.
ასოს კანის და გარსების სისხლმომარაგება ხორციელდება ასოს დორსალური არტერიის სათესლე პარკის წინა ტოტებით; მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების – ასოს ღრმა და დორსალური არტერიის ტოტებით, აგრეთვე ასოს ბოლქვის არტერიით. ვენური სისხლი მიედინება თანამოსახელე ვენებით. ლიმფის გადინება ხორციელდება თეძოს შიგნითა და საზარდულის ზედაპირული ლიმფური კვანძების საშუალებით. ინერვაცია ხორციელდება ასოს დორსალური ნერვის მეშვეობით. სიმპათიკური ინერვაცია – ფაშვის ქვედა წნულით.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.