ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N25, მაისი, 2010 წ.
ამაზე ღირს დაფიქრება
ეკატერინე სოხაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სადღეისოდ არსებობს მრავალი დაავადება, განსხვავებული მიმდინარეობით და გამოვლინებით, რომელთა მრავალფეროვნებაში ექიმი კარგად უნდა ორიენტირებდეს, ზუსტად სვამდეს დიაგნოზს და, რაც მთავარია, სწრაფად იწყებდეს მიზანმიმართულ და განკურნებაზე ორიენტირებულ მკურნალობას.
სწორი და მიზანმიმართული მკურნალობა წარმოადგენს პროცესს, რომლის მიმდინარეობაში მონაწილეობს ორი მხარე – მკურნალი და პაციენტი. ექიმზე ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი, მაგრამ როგორი ზეგავლენა აქვს ამ პროცესზე თავად პაციენტს, ამ საკითხზე ძალზედ ცოტას ვსაუბრობთ. არადა ამ საკითხის კარგად გააზრება დაავადებებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
რატომ არის ხშირი არასასურველი გამოსავალი და როგორი როლი უკავია ამ პროცესში თვით პაციენტს? რატომ და როგორი მიმართულებით უნდა შეიცვალოს პაციენტის დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი? როგორ ვითარდება დაავადება? როგორ გავარჩიოთ მისი დასაწყისი, რა დროს მივმართოთ ექიმს? ამ საკითხებზე ღირს დაფიქრება.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა და არც გამართული სახელმწიფო და სადაზღვევო სამედიცინო პროგრამები, რის გამოც ავადმყოფთა უმრავლესობა ცდილობს მიაკითხოს ექიმს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადება მკვეთრად და განსაკუთრებით შემაწუხებლად იჩენს თავს. ხშირად ავადმყოფის ვიზიტი ექიმთან ხდება არა პირველი, არამედ უკვე ჩამოყალიბებული, სრული სიმპტომატიკით გამოხატული დაავადების განვითარების ფონზე – რაც ძლიერ ართულებს მკურნალობის სასიკეთო გამოსავალს და ახანგრძლივებს მკურნალობას. ამით ავადმყოფი უნებლიედ “ხელს უწყობს” დაავადების განვითარებას, დაგვიანებით მიმართავს ექიმს, მაგრამ სურს სრული და სწრაფი განკურნება. შესაძლებელია კი ეს? და რა შეიძლება მივიღოთ “სწრაფი” განკურნებისას?
განვითარების აროცესში დაავადება გადის დიდ გზას მისი დასაწყისიდან პირველი სიმპტომების, შემდეგ კი სრული სიმპტომატიკის გამოვლინებამდე და გართულებების ჩამოყალიბებამდე. ფაქტიურად ყველა დაავადება მიმდინარეობს ჩუმად, ყოველი ვიზუალური გამოვლინების გარეშე, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში. პარალელურად ორგანიზმის ადაპტაციის რეზერვები თანდათან იკლებს და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას დაავადების განვითარებას.
სხვადასხვა დაავადების პირველი სიმპტომები ხშირად ძლიერ ჰგავს ერთმანეთს და უმნიშვნელოა, ესენია: სისუსტე, უმადობა, უძილობა, თავის ან სხვა ნაწილების ტკივილი, უხასიათობა, წნევის მატება და კიდევ ბევრი კარგად ნაცნობი სიმპტომი. ამ საგანგაშო პირველი სიმპტომების გამოვლინებისას ავადმყოფის ქცევა ხშირად არასწორი და გაუცნობიერებელია – იგი ცდილობს დათრგუნოს ეს სიმპტომები ყოველგვარი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი, ძალის მომგვრელი, წნევისსაწინააღმდეგო თუ სხვა, მაგრამ ამით ადამიანი ანგრევს ორგანიზმის ადგილობრივი რეგულაციის მექანიზმებს და ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. თუმცა დაავადების განვითარების ამ ეტაპზე ჩატარებული სათანადო ჩარევა და კორექცია, საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული დაავადების შემდგომი განვითარება და შესაძლო გართულებები, ასევე ფსიქო–ემოციური და ფინანსური ხარჯებიც.
იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ რას და რისთვის უნდა ვაკეთებდეთ პირველი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მეტი ვიცოდეთ იმ მექანიზმებზე, რომელთა მოქმედებას ურდა შევუწყოთ ხელი განსაკურნებლად.
დაბადებიდან ჩვენს ორგანიზმს გააჩნია გარკვეული ადაპტაციის რეზერვები, მაგრამ წარმოდგენა, კონკრეტულად თუ რა არის ადაპტაციის რეზერვები მოსახლეობაში ხშირად არ არსებობს. ამიტომ ნაკლებადაა გააზრებული, თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობის შენარჩუნება და როგორ უნდა მოხდეს იგი.
მკურნალობამდე დაავადების განვითარებას არ აძლევს გამოვლინების საშუალებას ორგანიზმში არსებული ინდივიდუალური ადაპტაციის რეზერვები. რაც უფრო მაღალია ორგანიზმის ადაპტაციის რეზერვები, მით უფრო გვიან ხდება დაავადების სიმპტომების გამოვლინება და, პირიქით, რაც უფრო ხშირია სტრესები, გადაღლა და სხვა, მით უფრო ხშირია რეზერვების გამოყენება, და მით უფრო მალე ხდება ორგანიზმში მიმდინარე დაავადების სიმპტომების გამოვლინება.
ადაპტაციის რეზერვს განსაზღვრავს ორგანიზმის გულ–სისხლძარღვთა სისტემის უნარი სწრაფად მოახდინოს სისხლმომარაგების ცვლილება ისე, რომ არც ერთმა ზემოქმედებამ, გარეგანმა თუ შინაგანმა, არ მოახდინოს ორგანიზმის შინაგანი ბალანსის დარღვევა. ეს ზოგადი წარმოდგენა უფრო კონკრეტული გახდება თუ ვიტყვით, რომ ჩვენ სისხლძარღვებს გააჩნიათ სისხლის მიმოქცევის შეცვლის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, როგორც დეპონირების, ისე გადანაწილების საშუალებით, მაშინ როდესაც გულს შეუძლია მხოლოდ 16–ჯერ გაზარდოს თავისი მუშაობა. ესე იგი, გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების და ადაპტაციის რეზერვების დონის განმსაზღვრელი არის გული. გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების რეჟიმი მყისიერად იცვლება ყოველგვარი სტრესების, ფიზიკური თუ ფსიქო–ემოციური დატვირთვებისას, რასაც კარგად იყენებენ სპორტსმენების ტრენირების პროცესში, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობისას. გულ–სისხლძარღვთა სისტემა თავის თავზე იღებს ყოველგვარ დარტყმას, რომელსაც ჩვეს ვაყენებთ ჯანმრთელობას და სანამ ეს შეუძლია ანიველირებს მათ. უნდა აღინიშნოს, რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია ორგანიზმში არსებული ინტოქსიკაცია, რომელიც სხვა არაფერია, თუ სხვაობა ორგანიზმიდან გასაყვანი და გაყვანილი დაშლის პროდუქტებს შორის, რასაც სითხის აუცილებელი რაოდენობის მიღებით უნდა ვაკონტროლებდეთ. ამიტომ, პაციენტის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი ზოგადი ჩივილების დონეზე, მათი არსებობის შემთხვევაში პრეპარატებით თვითრეგულაციის მექანიზმების ნგრევის ნაცვლად დროული სამედიცინო ჩარევა თავიდან აგვაცილებს დაავაადების განვითარებას და შესაძლო გართულებებს. ხოლო მკურნალობის პროცესმა უნდა მოიტანოს ავადმყოფის გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების ოპტიმიზება, რაც საკმაო დროს მოითხოვს დო რის გარეშეც “ცრუ” ანუ დროებით განკურნებას მივიღებთ.
ვგონებ, დაავადებათა პროფილაქტიკა და პრევენცია, რომელიც ასე აქტუალურია სადღეისოდ და იქნება სამომავლოდაც, შეუძლებელია განვითარდეს კარგად გააზრებული და სწორად მომქმედი პაციენტის გარეშე.
ტელეფონი: 660008, 899904210