ცხვირი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ცხვირი Nasus (rhinos) Nose

ცხვირი – nasus (rhinos), სასუნთქი აპარატის საწყისი ნაწილია და ასევე წარმოადგენს ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიულ ნაწილს. ცხვირის შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ცხვირის ფესვი – radix nasi, ცხვირის ზურგი – dorsum nasi, ცხვირის წვეტი – apex nasi,  ცხვირის ფრთები- alae nasi, ნესტოები – nares, და ცხვირის ძგიდე – septum nasi. ძგიდე ცხვირის ღრუს – cavum nasi, ყოფს ორ სიმეტრიულ ნაწილად. ცხვირის ძგიდეში არჩევენ: აპკისებრი ნაწილი – pars membranacea, ძვლოვანი ნაწილი – pars ossea. აპკისებრი ნაწილი წარმოქმნილია ცხვირის ხრტილებით – cartiiagines nasi. ამასთან, აპკისებრი ძგიდის უდიდეს ნაწილს შეადგენს არასწორი ოთკუთხა ფორმის ფირფიტა – ცხვირის ძგიდის ხრტილი – cartilage septi nasi, რომელიც ერთვის სახნისის ძვლის წინა კიდესა და ცხავის ძვლის ვერტიკალურ ფირფიტას; ხრტილი ცხვირის ნესტოებამდე არ აღწევს და ძგიდის დანარჩენი ნაწილი შემაერთებელი ქსოვილითაა წარმოდგენილი. ცხვირის ზურგი – dorsum nasi, წარმოადგენს გარეთა ცხვირის – nasus externus, ვიწრო ნაწილს ცხვირის ფესვიდან და ცხვირის წვეტამდე. ცხვირის ზურგი წარმოქმნილია ცხვირის ძვლებით, ცხვირის ლატერალური ხრტილებითა და ცხვირის ძგიდის ხრტილებით.

ცხვირი

ცხვირის ლატერალური ხრტილი – cartilage nasi lateralis, წყვილი, არასწორი სამკუთხა ფორმისაა, მონაწილეობს ცხვირის გვერდითი კედლის წარმოქმნაში. ლატერალური ხრტილი უკანა კიდით უერთდება ცხვირის ძვლის წინა კიდეს, შიგნითა კიდით კი, ზემო ნაწილში – მეორე, მოპირდაპირედ მდებარე ლატერალური ხრტილის კიდეს, ხოლო ქვემო ნაწილში – ცხვირის ძგიდის ხრტილის ფირფიტას. ლატერალური ხრტილის ქვემო კიდე აღწევს ფრთის დიდი ხრტილის ლატერალურ ფეხამდე. ცხვირის ფრთების დიდი ხრტილები – cartilages alaris major, წყვილი, მოდრეკილი ფორმის ხრტილოვანი ფირფიტებია, რომლებიც შეზრდილი არიან ერთიმეორესთან შუა ხაზზე. დიდ ხრტილში არჩევენ მედიალურ და ლატერალურ ფეხებს. ორივე დიდი ხრტილის მედიალური ფეხები – crus mediate, ერთმანეთისაგან განაცალკევებს ნესტოებს; მათ შორის კი ცხვირის ძგიდის ხრტილის წინა ქვემო კიდეა მოთავსებული; ცხვირის ფრთის დიდი ხრტილის ლატერალური ფეხი – crus laterals, მედიალურზე გრძელი და განიერია, და წარმოადგენს ცხვირის ფრთის – ala nasi ხრტილოვან ჩონჩხს. ლატერალურ ფეხს უერთდება ცხვირის ფრთების მცირე ხრტილები – cartiiagines alares minores, რომლებიც ფრთების უკანა ნაწილშია მოთავსებული. ლატერალურ ფეხსა და ლატერალურ ხრტილს შუა უკან მოთავსებულია სხვადასხვა ზომის დამატებითი ხრტილები. ცხვირის ხრტილები დაფარულია ხრტილსაზრდელათი – perichondrium, და მოსაზღვრე ძვლებთან და ერთმანეთთან დაკაშირებულნი არიან ფიბროზული ქსოვილით.

ცხვირი

ცხვირის ღრუში – cavum nasi, არჩევენ: ცხვირის კარიბჭეს – vestibulum nasi, რომელიც შიგნიდან დაფარულია გარეთა ცხვირის კანით, და ცხვირის საკუთარ ღრუს, რომელიც ამოფენილია ლორწოვანი გარსით. ცხვირის კარიბჭე – vrstibulum nasi, ცხვირის საკუთარი ღრუსაგან შემოსაზღვრულია ცხვირის ზღურბლით – limen nasi, რომელიც წარმოქმნილია ცხვირის დიდი ხრტილის ლატერალური ფეხის ზემო კიდით. ცხვირის ღრუს გვერდით კედელზე მოთავსებულია სამი ნიჟარა: ზემო, შუა და ქვემო.  ცხვირის ღრუში არჩევენ ცხვირის სამ გასავალს: ზემო, შუა და ქვემო გასავლები   – meatus nasi superior, medius et inferior, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულნი არიან ცხვირის ძგიდის გვერდით მდებარე ცხვირის საერთო გასავლით – meatus nasi communis. ცხვირის ღრუს წინა ნაწილში აღინიშნება გამობერილობა – ცხვირის მორგვი – agger nasi, რომელიც შუა ნიჟარის წინა ბოლოდან მიიმართება ცხვირის ღრუს ზღურბლისაკენ. მორგვის უკან მდებარეობს შუა გასავლის კარიბჭე – atrium meatus medii. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი მჭიდროდაა შეზრდილი ღრუს ძვლოვან კედლებთან და შესაბამისი ხვრელების საშუალებით აღწევს პარანაზალურ წიაღებში. წინა ნაწილებში ლორწოვანი გარსი წარმოადგენს ცხვირის კარიბჭის კანის გაგრძელებას, რომელიც თანდათან გადადის ლორწოვან გარსში; უკანა ნაწილებში ლორწოვანი გარსი ცხვირის უკანა გასავლების – ქოანების – choanae, მეშვეობით გადადის ხახისა და რბილი სასის ლორწოვანში. ცხვირის ღრუსა და პარანაზალური წიაღების ლორწოვან გარსში მდებარეობს ცხვირის ჯირკვლები – gl. nasales, რომელთა ზომა, ფორმა და რაოდენობა ცხვირის ღრუს სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. ღრუს ლორწქვეშა ქსოვილში დიდი რაოდენობითაა სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები; შუა და ქვემო ნიჟარების მიდამოში აღინიშნება წვრილი სისხლძარღვების ქსელი, რომლებიც წარმოქმნიან ნიჟარების მღვიმოვანს წნულებს – Plexus cavernosi concharum. ცხვირის ხრტილოვანი ძგიდის წინა ქვემო ნაწილის ლორწოვან გარსზე, საჭრელი არხის – canalis incisivus, უკან და ზემოთ, ზოგჯერ აღინიშნება მცირე ზომის ხვრელი, რომელიც გადის ბრმად დაბოლოებულ არხში, და რომელსაც სახნის-ცხვირის ორგანო – organum vomeronasale ეწოდება. ლატერალური მხრიდან მას მოსაზღვრავს სახნის-ცხვირის ხრტილი – cartilage vomeronasalis.

ცხვირის ღრუს ლორწოვანში არჩევენ: ყნოსვისა და სუნთქვის მიდამოს – regio respiratoria et regio olfactoria. ყნოსვის მიდამო შეიცავს ზემო და შუა ნიჟარებისა და ძგიდის ზემო ნაწილის ლორწოვან გარსს; ამ მიდამოს ლორწოვანში მდებარეობს ყნოსვის ჯირკვლები – gl. olfactoriae,  და ყნოსვის ნერვების – nn. olfactorii დაბოლოებები. ლორწოვანის დანარჩენი ნაწილი მიეკუთვნება სუნთქვის მიდამოს – regio respiratoria.
ყნოსვის მიდამოს ინერვაცია: nn. olfactorii
სუნთქვის მიდამოს ინერვაცია: nn. ophthalmicus, maxillaris
სისხლმომარაგება: aa.. maxillaris, ophthalmica, facialis (rr. nasales)


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.