ღვიძლი

ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ღვიძლი (hepar) – მუცლის ღრუს კენტი ორგანო, ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. ღვიძლში ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მეშვეობით მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა; მასში ხორციელდება სისხლის მნიშვნელოვანი ცილოვანი ნივთიერებების სინთეზი, წარმოიქმნება გლიკოგენი, ნაღველი; ღვიძლი მონაწილეობს ლიმფის წარმოქმნის პროცესში, არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში.

ფუნქციონალური ანატომია. ღვიძლის განლაგებულია მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნახევარში, უშუალოდ დიაფრაგმის ქვეშ.

წინიდან ღვიძლის ზედა საზღვარს გააჩნია თაღისებური ფორმა. მარჯვენა იღლიის შუა ხაზზე იგი მდებარეობს მე–10 ნეკნთაშუა სივრცის დონეზე, მარჯვენა ლავიწშუა და მკერდის ძვლის ხაზზე – VI ნეკნის ხრტილის დონეზე, წინა შუა ხაზზე – მახვილისებრი მორჩის დონეზე, მკერდის ძვლის მარცხენა ხაზზე – VI ნეკნის მიმაგრების ადგილას. უკნიდან ღვიძლის საზღვარი შეესაბამება გულმკერდის

IX მალის სხეულის ქვედა კიდეს, პარავერტებრალურ ხაზზე – X ნეკნთაშუა სივრცეს, იღლიის უკანა ხაზზე – VII ნეკნთაშუა სივრცეს. ღვიძლის ქვედა კიდე წინიდან შეესაბამება მარჯვენა ნეკნთა რკალს IX-VIII ნეკნების შეერთების ადგილამდე და შემდგომ განივი მიმართულებით VIII-VII მარცხენა ნეკნების მიერთების ადგილამდე. უკანა შუა ხაზზე ღვიძლის ქვედა საზღვარის მდებარეობს გულმკერდის IX მალის სხეულის შუაში, პარავერტებრალურ ხაზზე – XII ნეკნის დონეზე, იღლიის უკანა ხაზზე – XI ნეკნის ქვედა კიდის დონეზე. ქვემოდან ღვიძლი ესაზღვრება კოლინჯის მარჯვენა კუთხეს და განივ კოლინჯს, მარჯვენა თირკმელს და თირკმელზედა ჯირკვალს, ქვემო ღრუ ვენას, თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილს და კუჭს.
ღვიძლი წარმოადგენს პარენქიმულ ორგანოს. მისი წონა ახალშობილებში შეადგენს 120–150 გრ., 18–20 წლის ასაკისთვის იგი 20–ჯერ მატულობს და მოზრდილ ადამიანში მისი მასა შეადგენს 1500–1700 გრ. მასში განასხვავებენ ორ ზედაპირს: ზედა (დიაფრაგმული) და ქვედა (ვისცერული), რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ღვიძლის ქვედა კიდით. დიაფრაგმის ზედაპირი ამობურცულია, მარჯვნიდან გააჩნია ნახევარმთვარისებრი ფორმა.
ვისცერალური ზედაპირი შედარებით სწორია; იგი ორი სიგრძივი და ერთი განივი ღარით გაყოფილია 4 წილად: მარჯვენა, მარცხენა, კვადრატულ და კუდიან წილებად ამ უკანასკნელისგან გამომავალი ორი მორჩით (მარჯვენა – კუდიანი და მარცხენა – დვრილისებრი). მარჯვენა სიგრძივი ღარის წინა ნაწილში, რომელსაც ეწოდება ნაღვლის ბუშტის ფოსო, მოთავსებულია ნაღვლის ბუშტი, აღნიშნული ღარის უკანა ნაწილში (ღრუ ვენის ღარი) მდებარეობს ქვემო ღრუ ვენა. მარცხენა წინა ღარის წინა ნაწილში (მრგვალი იოგის ნაპრალი) მოთავსებულია ღვიძლის მრგვალი იოგი, უკანა ნაწილში (ვენური იოგის ნაპრალი) მდებარეობს ფიბროზული ჭიმი – შეხორცებული ვენური სადინარი. განივ ფოსოში (ღვიძლის კარში) მდებარეობს კარის ვენა, ღვიძლის საკუთარი არტერია, ნაღვლის საერთო სადინარი, ლიმფური ძარღვები და კვანძები, ღვიძლის ნერვული წნული. ღვიძლი ყველა მხრიდან (მისი დიაფრაგმის ზედაპირის უკანა ნაწილის გარდა) დაფარულია პერიტონეუმით, რომელიც გადადის რა მეზობელ ორგანოებზე, ქმნის ნამგლისებრ, გვირგვინოვან, მარჯვენა და მარცხენა სამკუთხა, ღვიძლის–თირკმლის, ღვიძლ–კუჭის და სხ. იოგებს, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის საფიქსაციო აპარატს.
სისხლი ღვიძლში მიედინება ღვიძლის საკუთარი არტერიის (ფაშვის ღეროდან გამომავალი ღვიძლის საერთო არტერიის ტოტი) და კარის ვენის მეშვეობით. ღვიძლიდან სისხლის უკუდინება ხორციელდება ღვიძლის ვენების მეშვეობით, საიდანაც ვენური სისხლი ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში. ღვიძლიდან ლიმფა მიედინება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და გულმკერდის ლიმფურ სადინარში. ღვიძლის ინერვაცია (სიმპათიკური, პარასიმპათიკური, მგრძნობელობითი) ხორციელდება ღვიძლის ნერვული წნულების მეშვეობით.

ფიზიოლოგია. ღვიძლის უმთავრესი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციებია ზოგადმეტაბოლური (შუალედურ ცვლაში მონაწილეობა), ექსკრეტორული და ბარიერული ფუნქციები. ღვიძლი

წარმოადგენს ძირითად ორგანოს, რომელიც ახორციელებს ცილების სინთეზს. მასში წარმოიქმნება სისხლის მთლიანი ალბუმინი, სისხლის შედედების ძირითადი ფაქტორები, ცილოვანი კომპლექსები (გლიკოპროტეიდები, ლიპოპროტეიდები) და სხ. ღვიძლშივე ხდება ცილების ყველაზე ინტენსიური დაშლა. იგი მონაწილეობას ღებულობს ამინომჟავების ცვლაში, გლუტამინის და კრეატინინის სინთეზში; პრაქტიკულად მხოლოდ ღვიძლში ხორციელდება შარდოვანას წარმოქმნა. ღვიძლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლიპიდების ცვლაში. ძირითადად მასში ხდება ტრიგლიცერიდების, ფოსფოლიპიდების და ნაღვლის მჟავების სინთეზი, აქვე წარმოიქმნება ენდოგენური ქოლესტერინის

მნიშვნელოვანი ნაწილი, ხორციელდება ტრიგლიცერიდების დაჟანგვა და აცეტოსხეულების წარმოქმნა; ღვიძლის მიერ გამოყოფილ ნაღველს დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცხიმების დაშლის და ნაწლავებში შეწოვის კუთხით. ღვიძლი აქტიურად მონაწილეობს ნახშირწყლების შუალედურ ცვლაში: მასში ხდება შაქრის წარმოქმნა, გლუკოზის დაჟანგვა, გლიკოგენის სინთეზი და დაშლა. ღვიძლი წარმოადგენს ორგანიზმში გლიკოგენის ერთ–ერთ მნიშვნელოვან დეპოს. პიგმენტურ ცვლაში ღვიძლის მონაწილეობა გულისხმობს ბილირუბინის წარმოქმნას, სისხლიდან მის შებოჭვას, ნაღველში კონიუგაციას და ექსკრეციას. ღვიძლი მონაწილეობს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ჰორმონების, ბიოგენური ამინების, ვიტამინების ცვლაში. აქვე ხდება ზოგიერთი ამ ნაერთის აქტიური ფორმის წარმოქმნა, მათი დეპონირება და ინაქტივაცია. ღვიძლთან მჭიდრო კავშირშია აგრეთვე მიკროელემენტების ცვლა, რამეთუ ღვიძლის მიერ ხორციელდება ცილების სინთეზი, რომელთაც სისხლის მეშვეობით გადააქვთ რკინა, სპილენძი და ასრულებს დეპოს ფუნქციას მრავალი მათგანისთვის.
ღვიძლის ექსკრეტორული ფუნქცია უზრუნველყოფს ნაღველთან ერთად ორგანიზმიდან 40–ზე მეტი ნაერთის გამოყოფას, მათ შორის როგორც ღვიძლში სინთეზირებულების, ასევე მის მიერ სისხლიდან შებოჭილი ნაერთების. თირკმლებისგან განსხვავებით, ღვიძლის მიერ ხორციელდება მაღალი მოლეკულური მასის მქონე და წყალში უხსნადი ნაერთების ექსკრეცია. ღვიძლისმიერი ნაღვლის შემადგენლობაში ექსკრეტირებული ნივთიერებების რიცხვს მიეკუთვნებიან ნაღვლის მჟავები, ქოლესტერინი, ფოსფოლიპიდები, ბილირუბინი, მრავალი ცილა, სპილენძი და სხ. ნაღვლის წარმოქმნა იწყება ჰეპატოციტებში, სადაც ხორციელდება როგორც ზოგიერთი კომპონენტის (მაგ., ნაღვლის მჟავების) გამომუშავება, ასევე სხვების სისხლიდან შებოჭვა და მათი კონცეტრირება. აქვე წარმოიქმნება წყვილი ნაერთებიც (გუკურონის მჟავასთან და სხვა ნაერთებთან კონიუგაციის გზით), რაც ხელს უწყობს საწყისი სუბსტრატების წყლაში ხსნადობის მომატებას. ჰეპატოციტებიდან ნაღველი ხვდება სანაღვლე სადინრების სისტემაში, სადაც ხდება მისი შემდგომი ფორმირება (წყლის, ელექტროლიტების და ზოგიერთი დაბალმოლეკულური ნაერთის სეკრეციის ან რეაბსორბციის ხარჯზე).

ღვიძლის ბარიერული ფუნქცია მდგომარეობს უცხო აგენტების და მეტაბოლიზმის პროდუქტების დამაზიანებელი მოქმედებისგან ორგანიზმის დაცვაში, ჰემოსტაზის შენარჩუნებაში. ბარიერული ფუნქცია ხორციელდება ღვიძლის დამცველობითი და გამანეიტრალებელი მოქმედების ხარჯზე. დამცველობითი ფუნქციის უზრუნველყოფა ხორციელდება არასპეციფიკური და სპეციფიკური (იმუნური) მექანიზმებით. პირველი მათგანი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ვარსკვლავისებურ რეტიკულოენდოთელიოციტებთან, რომლებიც წარმოადგენენ მონონუკლეარული ფაგოციტების სისტემის მნიშნელოვან შემადგენელ ნაწილს (85%–მდე). სპეციფიკური დამცველობითი რეაქციები ხორციელდება ღვიძლის ლიმფური კვანძების და მათ მიერ სინთეზირებული ანტისხეულების მოქმედების შედეგად.
ღვიძლის გამანეიტრალებელი ფუნქცია უზრუნველყოფს როგორც გარედან მიღებული, ასევე შუალედური ცვლის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტების ქიმიურ გარდაქმნას. ღვიძლში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების შედეგად (ჟანგვა, აღდგენა, ჰიდროლიზი, კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან ან სხვა ნაერთებთან) ამცირებს აღნიშნული პროდუქტების ტოქსიკურობას და/ან ზრდის მათ წყალში ხსნადობას, რაც იძლევა ორგანიზმიდან მათი გამოყოფის საშუალებას.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.