ქუთათელაძე იოველ

ქუთათელაძე იოველ გრიგოლის ძე (1887-1963)-ქართველი ფარმაკოლოგი, აკადემიკოსი; დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. 1921-დან 1963 წლამდე იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის (1930 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე; ამავე დროს 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ თბილისის სამეცნიერო-კვლევით კლინიკურ-ფარმაცევტულ ინსტიტუტს. გამოქვეყნებული აქვს 115 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 მონოგრაფია. დაამუშავა ქართული ფარმაკოქიმიური ტერმინოლოგია, შექმნა გალენური პრეპარატებისა და სამკურნალო საშუალებების ფორმების ტექნოლოგიის, ასევე სასამართლო და ანალიზური ქიმიის  პირველი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული და დანერგილი იქნა კოფეინის მიღების მეთოდები ჩაის მრეწველობის ნარჩენებიდან, ასევე ტანინის მიღების მეთოდები. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 45 დისერტაცია, მათ შორის 5 სადოქტორო. (Г. С. Гвишиани, Большая медицинская энциклопедия; 1980)

ქუთათელაძე იოველ