ფისტაშკა, ფისტა, ფსტა (II ნაწილი)

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N19, დეკემბერი, 2009 წ.

ფისტის წარმოების პერსპექტივები საქართველოში

 

♦♦♦  ჩვენ გირჩევთ – ფისტის თესლი გამოიწერეთ  ამაზონიდან (ამერიკიდან).  დააკლიკეთ აქ >>> ან ზემოთ ბანერს 
♦♦♦  თუკი არა იცით ,,ამაზონიდან” გამოწერა, იხილეთ სტატია “როგორ გამოვიწეროთ ამაზონიდან” >>>

სტატიის  დასაწყისი იხ. >>>>

11. შემადგენლობა

ქვემოთ მოტანილი ციფრები, აღებულია სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებიდან. ფისტის სხვადასხვა ჯიშებისა და სხვადასხვა პირობებში წარმოებული ფისტისათვის ისინი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ფისტას თესლები შეიცავს 68% ცხიმს, 18-22% ცილოვან ნივთიერებებსა და 17% –მდე ნახშირწყლებს, ფოთლები შეიცავს 10% ტანინებს, მათი რაოდენობა გალებში 30-50%–ია. თესლების კვებითი ღირებულება ასეთია: (100 გრამზე) – კალორიულობა 630 კილოკალორია – ცილები 22 გრამი – ნახშირწყლები 14 გრამი – ცხიმები 54 გრამი.

ფისტის თესლების ქიმიური შემადგენლობა ასეთია:

მონო და დისაქარიდი: 2.0 გრ.
სახამებელი: 50.0 გრ.
საკვები ბოჭკოები: 0.3 გრ
ნაცარი: 3.0 г
ვიტამინი B1: 1.0 მგ
ვიტამინი B2: 0.2 მგ
ვიტამინი B3: 1.0 მგ
ვიტამინი B6: 0.5 მგ
ვიტამინი B9: 40.0 მკგ
ვიტამინი E: 6.0 მგ
ვიტამინი H: 10.0 მკგ
ვიტამინი PP: 10.0 მგ
ქოლინი: 90.0 მგ
რკინა: 60.0 მგ
კალიუმი: 600.0 მგ
კალციუმი: 250.0 მგ
სილიციუმი: 50.0 მგ
მაგნიუმი: 200.0 მგ
ნატრიუმი: 25.0 მგ
გოგირდი: 100.0 მგ
ფოსფორი: 400.0 მგ
ქრომი: 30.0 მგ
ალუმინი: 1500.0 მკგ
ბორი: 200.0 მკგ
ვანადიუმი: 170.0 მკგ
იოდი: 10.0 მკგ
კობალტი: 5.0 მკგ
მარგანეცი: 3800.0 მკგ
სპილენძი: 500.0 მკგ
მოლიბდენი: 25.0 მკგ
ნიკელი: 40.0 მკგ
კალა: 35.0 მკგ
სელენიუმი: 19.0 მკგ
ტიტანი: 45.0 მკგ
სტრონციუმი: 200.0 მკგ
ცინკი: 2800.0 მკგ
ცირკონიუმი: 25.0 მკგ

ფისტა საფრთხილოა თავისი ეთეროვანი ზეთებით. ითვლება, რომ მოხმარების დღიური ნორმა 10–15 ცალზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება. მზის სხივების ზემოქმედებით ფისტა გამოყოფს ეთერზეთებს. მათ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ფისტის მოსავალს ღამით აგროვებენ.

12. გამოყენება მედიცინაში

ფისტას ოფიცინალურ მედიცინაში გამოყენების რამდენიმე მიმართულება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, რომ იგი იძლევა ძვირფას, ოფიცინალურ სამედიცინო ნედლეულს – გალებს [9]. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი ფისტასაგან გალების წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხერხდება. შირაქსა და დავით გარეჯში, წინასწარი შეფასებით რეალური იქნება გალების სამრეწველო წარმოება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პლანტაციების შემოსავალს.

ლიტერატურაში აღწერილია ფისტის ხალხურ მედიცინაში გამოყენების დიდი გამოცდილება. ხალხური მედიცინა იყენებს ფისტის ნაყოფსა და ფისს. ფისს აგროვებენ აგვისტო– სექტემბერში. ფისტას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას თირკმლების, კუჭის ტკივილის დროს, როგორც ღებინების საწინააღმდეგო, ზოგადგამაჯანსაღებელ, გულის მდგომარეობის გამაუმჯობესებელ, სპერმის რაოდენობის ზრდისა და ხველის შემამცირებელ საშუალებას.

წყალზე დაყენებულ ფისტას თესლებსა და თვით თესლებს იყენებენ ტუბერკულოზის, სისხლნაკლულობის დროს. ფისს იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ, გამოიყენება ანემიისა და ასთენიის დროს. ჰარემში სტუმრობამდე 2 საათით ადრე, აუცილებლად მიირთმევდნენ სპეციალურად შემზადებულ ფისტას.

13. გამოყენების არასამედიცინო სფეროები

13.1. სამედიცინო (გალები) გამოყენება პერსპექტიული ბიზნეს–ნიშად შეიძლება იქცეს, მაგრამ დღეს, ფისტა შემოსავალს თესლის საკვებად და კულინარული გამოყენებიდან იძლევა. ფისტის თესლებს სასიამოვნო გემო და არომატი აქვს. მას ჭამენ უმად, დამარილებულს ან მოხალულს. ზოგიერთ ქვეყანაში მარინებულსა და გამხმარ ფისტას ხორცისა და თევზის საკმაზად იყენებენ. იყენებენ ნაყინში, ტორტებში, მარციპანებში, ყავის სუროგატად. ფისტის ზეთი გამოიყენება ძეხვის წარმოებასა და საკონდიტრო წარმოებაში. პოპულარულია ლუდთან და ა.შ. საინტერესოა, რომ მუდმივად ჩნდება ფისტის საკვებად გამოყენების ახალი სფეროები.

13.2. ფისტა, როგორც ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის საშუალება, რეალური და პერსპექტიულია. მას შუა აზია ამ მიზნით დიდი ხანია წარმატებით იყენებს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ფასეულია უზბეკეთის გამოცდილება. იგი ხარობს ისეთ მშრალ ადგილებშიც, სადაც სხვა ხეები არ ხარობს. ხარობს კლდეებზეც და იცავს მათ ჩამოშლისაგან.

13.3. ფისტის ხეების დასერვით იღებენ ფისს. ფისს მრავალ სფეროში აქვს გამოყენება, მაგრამ ხეებს აკნინებს. ამიტომ, ფისს ძირითადად ბებერი ხეებიდან აგროვებენ, ჩვენთან, უახლოეს 300 წლის მანძილზე ფისის წარმოება არარენტაბელური იქნება– მერე შეიძლება.

13.4. კარგი შეშა და მერქანია, მაგრამ ამ საკითხის განხილვაც 300 წლით გადავდოთ.

14. გამრავლება

ნიადაგის შერჩევა. ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა, მაგრამ ამჯობინებს კარგ ჰაერ- და წყალშეღწევად ნიადაგებს. ცოტაა მცენარე, რომელიც მარილიან ნიადაგებზე ასე კარგად ხარობდეს.

ჰავა. ერთ – ერთი ყველაზე გვალვაგამძლე მცენარეა. მცენარე არ იღუპება 60 გრადუს სითბოზე, 50 გრადუსზე კი ჩვეულებრივად იძლევა მოსავალს. უძლებს 40 გრადუს ყინვასაც.

წყალი. დიდად გვალვაგამძლეა. არსებობს შუა აზიური ექსპერიმეტული მონაცემები, რომ მორწყვა ზრდის მოსავლის რაოდენობას და აჩქარებს მცენარის ზრდას. ეს მონაცემები, ვფიქრობთ უფრო სანერგე მეურნეობებისათვისაა გამოსადეგი.

მდედრობითი და მამრობითი ხეების თანაფარდობა. პლანტაციაში საკმარისია 10 მდედრობით ხეზე ერთი მამრობითის გაშენება.

გამრავლება. მრავლდება თესლით, ფესვთა ამონაყრითა და მყნობით. რაც შეეხება მყნობით გამრავლებას. საძირედ შეიძლება გამოდგეს საკმლის ხე, მაგრამ ეს მასიურად მიზანშეუწონელია. საქმე იმაშია, რომ ფისტის ბევრი ჯიში ადის 1700 მეტრ სიმაღლემდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსათვის. საკმლის ხე კი, ვერ სცილდება 1000 მეტრს. საკმლის ძირზე ნამყენი ეგზემპლარების გავრცელების არეალი, არ იქნება საინტერესო. (ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია და ეს მხოლოდ ვარაუდია).

სანერგის აუცილებლობა. ცხადია, კარგია თუ მცენარე თავიდანვე საბოლოო ადგილზე დაითესება, მაგრამ ეს არარეალურია, რადგან ცხვარი და საქონელი ახალ აღმონაცენს საშველს არ მისცემს. რეალურად, აუცილებელია სანერგის მოწყობა. ცხადია არსებობს ვარიანტი ნათესი შემოირაგოს, მაგრამ მასიურად ეს ვერ მოხერხდება.

სანერგის სპეციფიკა. ჩვენ ჩავატარეთ ასეთი ცდა: თუნუქის 1, 5 მეტრიანი მილი ავავსეთ მიწით და დავთესეთ მასზე ფისტა. 3 წლის შემდეგ, მიწისზედა ნაწილის სიმაღლემ მიაღწია 40 სანტიმეტრს, ფესვის სიგრძემ კი გადააჭარბა 1, 5 მეტრს. მეორე შემთხვევაში თესლის ნიადაგში ჩავრგეთ და ვრწყავდით. ფესვები ჰორიზონტალურად განვითარდა. ორივე მცენარე გადავრგეთ ბუნებრივ პირობებში. მეორე თანდათან დაბუჩქდა. ექსპერიმენტების რაოდენობა არ იყო სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი, მაგრამ იგი ვგონებ მიუთითებს, რომ ნერგების სანერგეებიდან შეძენისას სიფრთხილეა საჭირო. სანერგე მეურნეობები ყიდიან მეორე ტიპის ნერგებს, რადგან პირველი ტიპის 5 – 6 წლიანი ნერგების ამოთხრა, ფესვების ძლიერი დაზიანების გარეშე, შეუძლებელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ინტერსიური მეცხოველეობის რაიონებისათვის ნერგები ყუთებში (მილებში) უნდა გამრავლდეს. ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ შემცირდება პლანტაციის გაშენების კომპლექსური ხარჯები – აღარ იქნება საჭირო ნერგების ამოთხრის ხარჯი; დარგვის ხარჯი შემცირდება; შესაძლებელი გახდება სანერგე გაკეთდეს ნებისმიერ ადგილზე.

15. საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება ფისტას წარმოების მსურველთათვის

ჩვენ ვცდილობთ მეწარმეთა ყურადღება მივაპყროთ ფისტის წარმოების პერსპექტივებს. ფისტა ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მცენარეა, მრავალმხრივი და უპირველეს ყოვლისა– ეკონომიკური ეფექტით. მეწარმეთა ყურადღება გვინდა მივაპყროთ, რომ პლანტაციების გაშენებისას ყველა გადაწყვეტილება სისტემურად უნდა იქნეს გააზრებული. ეს სპეციალურად ამ მიმართულებით მუშაობას მოითხოვს. ჩვენს მიერ გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია და დაინტერესებულ მეწარმეებს ვთავაზობთ ჩვენს საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას. პირველადი ამოცანა პლანტაციის გაშენებისას არის სტრატეგიულად კონკურენტული, თანამედროვე ჯიშების შერჩევა. ნაკლებკონკურენტული ჯიშებითა და ტექნოლოგიებით გაშენებული პლანტაციის არარაციონალობა გამოვლინდება მრავალი წლის შემდეგ, როცა სიტუაციის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ასე მოხდა ზოგიერთ სფეროში, რადგან უცხოური მწარმოებელი ფირმები არ არიან დაინტერესებული კონკურენტი გაიჩინონ და ურჩევნიათ მოძველებული ჯიშები და ტექნოლოგიები მოგვყიდონ. პლანტაციის გაშენებისას აუცილებლად ისარგებლეთ სპეციალისტთა კონსულტაციით. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება უზრუნველყოფს შეიძინოთ კონკრეტულად თქვენი ნაკვეთისათვის შერჩეული, პერსპექტიული ჯიშების რაციონალური ტექნოლოგიით წარმოებული ნერგები. (დღეისათვის 300–მდე ჯიში და ნერგების გამოყვანის რამდენიმე მეთოდი არსებობს).

ლიტერატურა:

1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ფისტა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ფისტა “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ლალი დათეშიძე, გიორგი ალავერდაშვილი, ლევან შენგელია. დავით გარეჯში საკმლის ხისა (Pistacia mutica F. et M.) და ფსტის (Pistacia vera L.) სადედე პლანტაციის გაშენების მიზანშეწონილობის შესახებ”. ჟურნალი ჟურნალი ,,Plants Science” 2009 წლის იანვარი. ISSN E1987-8028 საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
8. გამსახურდია ალექსანდრე. ფისტა და ნუში – ტფ.: სამტრესტი, 1936
9. ლინა ერისთავი. ფარმაკოგნოზია. თბ., 2005
10. ლალი დათეშიძე, გიორგი ალავერდაშვილი, ლევან შენგელია. საკმლის ხე Pistacia mutica ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალი  ”Plants Science 2008 “

საინფორმაციო წერილები:

1. ლევან შენგელია. ჩანახატები ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალიდან (წერილი პირველი) >>> ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”. 2009. www.sangu.ge, www.medgeo.net,
2. ლევან შენგელია ჩანახატები ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალიდან (წერილი მეორე). >>> ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”. 2009. www.sangu.ge, www.medgeo.net,
3. ინტერვიუ ფირმა ,,ფლორის” დირექტორთან, ბატონ თენგიზ მაისურაძესთან.  >>> ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”. 2009. www.sangu.ge, www.medgeo.net,
4. მემამულეთა კავშირი მხარს დაუჭერს საქართველოში სამკურნალო მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს. ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”.2009.  www.sangu.ge, www.medgeo.net,
5. ლევან შენგელია. დავით გარეჯის უდაბნო >>> ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”.2009.  www.sangu.ge, www.medgeo.net,
6. ლევან შენგელია. ,,სამასწლიანი ეკონომიკური ბაზა დავით გარეჯის უდაბნოსათვის” >>>  ქართული უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიულეტენში “ეკოფარმი”.2009. www.sangu.ge, www.medgeo.net,