ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოთერაპიულ ეფექტზე

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

რამდენადაც წამლის მოქმედების საფუძველი წამალი-ბიოსუბსტრატი კომპლექსის წარმოქმნაა, ამიტომ აღნიშნული მოქმედება უშუალოდაა დამოკიდებული წამლის ქიმიურ სტრუქტურაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე და კომპლექსის შესაძლო გაჩენის ლოკუსში მის კონცენტრაციაზე.

სამკურნალო პრეპარატების დიდი ნაწილისთვის დადგენილია ქიმიურ სტრუქტურასა და აქტივობას შორის კავშირი. მნივნელოვანია მოლეკულაში ატომების ხარისხი, რაოდენობა და განლაგება. მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების მოლეკულაში ფთორის შეყვანა იწვევს ანთების საწინააღმდეგო აქტივობის გაზრდას. რიგი ბარბიტურატების ალიფატური ნახშიწყალბადოვანი ჯაჭვის სიგრძის შეცვლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ აქტივობაზე და მოქმედების ხანგრძლივობაზე. არსებითად განსხვავებულია გეომეტრიული, ოპტიკური და სივრცითი იზომერების აქტივობა. წამლების უმეტესობის მარცხნივ მბრუნავი იზომერები უფრო აქტიურია, ვიდრე მარჯვნივ მბრუნავი, ტრანს-იზომერები უფრო აქტიურია, ვიდრე ცის-იზომერები და ა.შ.

წამლის მოქმედების გამოვლენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიც: იონიზაცია, დისოციაცია, ხსნადობა, მათ შორის სისტემაში ცხიმი/წყალი და ა.შ. დისოციაციის, იონიზაციის კონსტანტებზე, პრეპარატების ხსნადობაზე, მათ ჰიდრო- და ლიპოფილობაზეა დამოკიდებული პრეპარატის შეწოვა და უჯრედულ მემბრანებში განვლადობა, რაც აისახება პრეპარატის აქტივობასა და ტოქსიურობაზე.

სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ძალა და ხასიათი, ეფექტის დადგომის სიჩქარე და ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული დოზაზე. დოზა წამლის რაოდენობაა, რომელიც შეიყვანება დროის განსაზღვრულ პერიოდში. დოზა აღინიშნება წონით (გრამი) ან მოცულობით (მილილიტრი) ერთეულებში. იმ პრეპარატებისათვის, რომელთა მოქმედი საწყისის სუფთა სახით გამოყოფა რთულია, ან იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც შეიცავენ მოქმედი საწყისის ჯამს, დოზას აღნიშნავენ მოქმედების ბიოლოგიურ ერთეულებში. ერთი მიღებისთვის ნივთიერების რაოდენობას უწოდებენ ერთჯერად დოზას ან მარტივად დოზას. თითოეული პრეპარატისათვის არსებობს მინიმალური მოქმედი ანუ ზღურბლოვანი დოზა, რომლის ქვემოთაც ეფექტი აღარ მიიღწევა. პრაქტიკაში ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო თერაპიული დოზები, რომელიც იძლევა ოპტიმალურ ეფექტს და საშიში არ არის ავადმყოფისათვის. თუ საშუალო თერაპიული დოზები მოცემულ ავადმყოფზე ეფექტს არ იძლევა, შესაძლებელია მისი გაზრდა უმაღლეს თერაპიულ დოზამდე. უმაღლესი თერაპიული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ტოქსიური ეფექტების განვითარება. მინიმალურ თერაპიულ დოზასა და მინიმალუღ ტოქსიურ დოზას შორის დიაპაზონით აღნიშნავენ თერაპიული მოქმედების სიგანეს და რაოდენობრივად გამოხატავენ ტოქსიური დოზის თერაპიულ დოზასთან შეფარდებით. რაც მეტია პრეპარატის თერაპიული მოქმედების სიგანე, მით ნაკლებია დოზის გადამეტებისა და ტოქსიური ეფექტების წარმოქმნის ალბათობა. დოზას, რომელიც იწვევს სიკვდილს, ეწოდება სასიკვდილო ანუ ლეტალური დოზა.

წამლების უმეტესობა ინიშნება დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ, აქედან გამომდინარე არსებობს ცნება ”სადღეღამისო დოზა”. ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების შერჩევა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე (ასაკი, სქესი, სხეულის მასა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმელების, სისხლის მიმოქცევის, ენდოკრინული აპარატის მდგომარეობა და სხვ.), პრეპარატის შეყვანის გზაზე, საკვების შემადგენლობაზე, სხვა წამლებთან ერთდროულად მიღებაზე და ა.შ.
წამლებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა, განსაკუთრებით განმეორებით მიღებისას, მნიშვნელოვნად განპირობებულია მათი ფარმაკოკინეტიკის განსხვავებულობით. იმ პირებისთვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ წამლების ბიოტრანსფორმაციის უნარი, სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ორგანიზმში მოხდეს წამლის დაგროვება.

ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას საჭირო ხდება სისხლსა და ორგანოებში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის სწრაფად შექმნის საჭიროება, ამიტომ პრეპარატის თავდაპირველი დოზა აღემატება საშუალო თერაპიულს, რაც ე.წ. ”დარტყმით დოზა”-ს წარმოადგენს.

დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ავადმყოფის ასაკი. ბავშვებისა და ხანდაზმულების დოზა ხშირ შემთხვევაში შემცირებულია (სხეულის მასის კგ-ზე გადაანგარიშებითაც). ბავშვებში ასაკთან ერთად არა მარტო სხეულის მასა იცვლება, არამედ ფორმირდება ფუნქციური სისტემები, რაც პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის განმსაზღვრელია (იცვლება მეტაბოლიზმის სიჩქარე, ექსკრეცია, ჰისტოჰემატური ბარიერების განვლადობა). მაგალითად, 5 წლამდე ბავშვებისათვის უკუნაჩვენებია მორფინის გამოყენება (ჰემატოენცეფალური ბარიერების უმწიფობის გამო), დიკაინის ადგილობრივი გამოყენება (ლორწოვანი გარსების მაღალი შეღწევადობის და პრეპარატის ტოქსიური ეფექტისადმი მომატებული მგრძნობელობის გამო). ხანდაზმულებსაც ასევე შეცვლილი აქვთ წამლის ფარმაკოკინეტიკა – შენელებულია შეწოვა, შემცირებულია მრავალი ორგანოსა და სისტემების ფუნქციური აქტივობა, რომლებიც მონაწილეობენ წამლის ბიოტრანსფორმაციასა და ექსკრეციაში.
წამალზე ორგანიზმის რეაქცია დამოკიდებულია პაციენტის სქესზეც. მისი ფორმირება მნიშვნელოვნად განისაზღვრება ჰორმონალური ფონით (ამიტომ ასაკთან ერთად, როცა მცირდება სასქესო ჯირკვლების აქტივობა, წამლის მოქმედების სქესობრივი განსხვავება თითქმის ქრება). ამის გარდა, მამაკაცის ორგანიზმში, ქალის ორგანიზმთან შედარებით, კუნთოვანი ქსოვილი პრევალირებს, რომელიც მეტაბოლურად უფრო აქტიურია, ვიდრე კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი, რაც ქალებში უფრო გამოხატულია. ამიტომ მამაკაცის ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარეა ნიკოტინის, სტრიქნინის, მორფინის და ზოგიერთი სხვა პრეპარატისადმი.

ორგანიზმში პათოლოგიის არსებობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს წამლის მოქმედების გამოვლენაზე. მაგალითდ, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებისას მცირდება ბიოტრანსფორმაცია და ორგანიზმიდან წამლის გამოყოფა, შედეგად ჩვეულებრივი დოზით დანიშვნისას წამლის კონცენტრაცია იქნება მაღალი და ეფექტი ძლიერი, თითქმის ტოქსიური. პათოლოგიის პირობებში არსებობს პაციენტის წამლისადმი მგრძნობელობის შეცვლის სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, სიცხის დამწევი საშუალებები მოქმედებენ მხოლოდ მომატებული ტემპერატურის დროს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გავლენას ახდენს ადრენალინისადმი მიოკარდიუმის მგრძნობელობაზე. ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქცია ფსიქოტროპულ საშუალებებზე იცვლება მისი დაზიანების ხასიათის, სიღრმის, ადამიანის ნერვული მოქმედების ტიპის მიხედვით.

სამკურნალო ნივთიერების პირველად მიღებაზე პაციენტის არაჩვეულებრივი რეაქცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს გენეტიკურ დეფექტთან (მაგალითად, მოცემული პრეპარატისათვის სპეციფიური ბიოსუბსტრატის არარსებობა, წამლის ინაქტივაციის გამომწვევი ფერმენტის სინთეზის დარღვევა და სხვა). ამას ეწოდება იდიოსინკრაზია. იგი ნარჩუნდება მთელის სიცოცხლის განმავლობაში და გადაეცემა მემკვიდრეობით.

არახელსაყრელი გარემო პირობები (სტრესი, მაიონიზებელი რადიაცია, მაგნიტური ველის ზეგავლენა, მეტეოროლოგიური პირობები, ქიმიური აგენტები და სხვა) როგორც წესი, გავლენას ახდენენ რა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე, ცვლიან მის აქტივობასა და ტოქსიურობას. წამლის მოქმედებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს დღე-ღამის დრომ, მთვარის კალენდარმა, წლის დრომ და ა.შ. (ახალმთვარე, მზის დაბნელება, ოკეანის მიქცევა და მოქცევა). მაგალითად, ნეიროტროპული, ვაზოტროპული, კარდიოტროპული, ჰორმონალური და სხვა საშუალებების აქტივობა და ტოქსიურიბა დღე-ღამის სხვადასხვა დროს შეიძლება 1,5-2-ჯერ განსხვავებული იყოს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.