საშვილოსნო – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ანამნეზის შეგროვების დროს ხდება მენსტრუალური ციკლის, შობადობის ფუნქციებს შესახებ მონაცემების შეგროვება. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ჩივილებზე: ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში ან გავა–წელის მიდამოში, სისხლდენების არსებობა საშვილოსნოდან, უნაყოფობა და სხ.

საშვილოსნოს მდგომარეობის შეფასება ხდება სპეციალური საშოსმხრივი სარკეებით, საშოსმხრივი, მუცლის ზედაპირის და სწორი ნაწლავის მხრიდან მისი გამოკვლევის შედეგად. ჩვენების მიხედვით ხდება საშვილოსნოს ზონდირების (სპეციალური საშვილოსნოს ზონდის დახმარებით ცერვიკალური არხის და საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა), საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკის, ბიოფსიის, ლაპარასკოპიის (ძალიან იშვიათად მისი სახესხვაობის – კულდოსკოპიის) გამოყენება.

საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამოვლენის მიზნით გამოიყენება კოლპოსკოპია, რომელსაც ხშირად ავსებენ ცერვიკოსკოპიით – საშვილოსნოს ყელის არხის დათვალიერებით; საშვილოსნოსშიდა პათოლოგიის გამოსავლენად ერთ–ერთი ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვა ჰისტეროსკოპიამ. საშვილოსნოს და საკვერცხეების ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოიყენება ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები.

გამოკვლევის ულტრაბგერითი მეთოდები გამოიყენება საშვილოსნოს ზომების და მდებარეობის განსაზღვრის, მასში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული არაინვაზიური მეთოდები მაღალინფორმაციული და არ გააჩნიათ უკუჩვენება. კლინიკურ პრაქტიკაში მათმა ფართო დანერგვამ შეამცირა ისეთი რენტგენოლოგიური მეთოდის გამოყენების სიხშირე, როგორიცაა მეტროსაპლინგოგრაფია: ის უხშირესად გამოიყენება საშვილოსნოს მილების გამავლობის დაზუსტების, საშვილოსნოს განვითარების მანკების და ადენომიოზის დიაგნოსტიკის მიზნით.
საშვილოსნოს სისხლძარღვების გამოკვლევის რენტგენოკონტრასტული მეთოდები (საშვილოსნოსშიდა ფლებოგრაფია, სელექციური ანგიოგრაფია) ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიურ პრაქტიკაში. საშვილოსნოს სიმსივნეების დიაგნოსტიკის მიზნით ზოგჯერ გამოიყენება რადიონუკლიდური გამოკვლევა 32P–ს გამოყენებით. საშვილოსნოს ლიმფური ძარღვების რეგიონალური ლიმფური კვანძების გამოკვლევის მიზნით გამოიყენება რადიონუკლიდური ან პირდაპირი კონტრასტული ლიმფოგრაფია.

პათოლოგია. საშვილოსნოს განვითარების მანკები მრავალფეროვანია.
საშვილოსნოს არარსებობა (აპლაზია) ჩვეულებრივ ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში მენსტრუაციის არარსებობის გამო. ასეთ შემთხვევებში საშვილოსნოს საშოსმხრივი ან სწორი ნაწლავის მხრიდან გამოკვლევის შედეგად არ ხერხდება საშვილოსნოს გასინჯვა ან მის ადგილას პალპირდება ცილინდრული ფორმის მცირე ზომის ჭიმი.

საშვილოსნოს გაორება ხასიათდება ორი განცალკავებული საშვილოსნოს არსებობით, სადაც თითოეული მათგანი, როგორც წესი, შეერთებულია გაორებული საშოს შესაბამისი ნაწილით. ერთი საშო შეიძლება დახურული იყოს და მასში გროვდება მენსტრუალური სისხლი (ჰემატოკოლპოსი); ერთ–ერთი საშვილოსნო შეიძლება საერთოდ არ იყოს შეერთებული საშოსთან, რის გამოც უკვე საშვილოსნოში გროვდება მენსტრუალური სისხლი (ჰემატომეტრა). ასეთ შემთხვევებში ვითარდება ციკლური ტკივილები მუცლის ქვევით. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ორმაგი საშვილოსნოს სხვა განვითარების მანკები: საშვილოსნოების ასიმეტრიული განვითარება, ერთ ან ორივე საშვილოსნოში, ღრუს ნაწილობრივი ან სრული არარსებობა, ერთ–ერთ საშვილოსნოში ყელის არხის არარსებობა.

ორრქიანი საშვილოსნო წარმოადგენს ორ განცალკავებულ ან ერთმანეთთან შეერთებულ რქას (საშვილოსნოს ფუძის მიდამოში რქებისშერწყმის შედეგად წარმოიქმნება უნაგირისებური საშვილოსნო). ორრქიან  საშვილოსნოს შეიძლება გააჩნდეს ერთი ან  ორი ყელი, მისი ნახევარს შესაძლოა  ჰქონდეს  ასიმეტრიული ფორმა. ერთი რქის  დამაკმაყოფილებელი განვითარების და,  ამავე დროს, მეორის მკვეთრად  გამოხატული  რუდიმენტული  მდგომარეობის დროს ყალიბდება  ერთრქიანი საშვილოსნო. საშვილოსნოს ღრუ  შეიძლება გამოფილი იყოს ძგიდით  (ნაწილობრივ ან სრულად).
ორ, თანაბრად და სწორად განვითარებული საშვილოსნოს არსებობის შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შეუძლია განახორციელოს ციკლური ცვლილებები, მათში მოხდეს ნაყოფის ჩასახვა, რაც შესაძლებელია დასრულდეს ნორმალური მშობიარობით. რუდიმენტულ რქაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი გასკდომა (განსაკუთრებით მაშინ, თუკი არ მოხდა ორსულობის დროული დადგენა), რასაც თან სდევს სისხლდენის განვითარება მუცლის ღრუში.
საშვილოსნოს განვითარების მანკის ხასიათის დიაგნოსტიკის და დაზუსტების მიზნით გამოიყენება ულტრაბგერითი სკანირება, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია პნევმოპერიტონეუმის პირობებში. საშვილოსნოს განვითარების მანკების დროს, შესაბამისი ჩვენებების შემთხვევაში (ჰემატომეტრა, უნაყოფობა), მკურნალობა ოპერაციულია. პროგნოზი დამოკიდებულია მანკის სახეობაზე.
სწორად ჩამოყალიბებული საშვილოსნოს განუვითარებლობა (ჰიპოპლაზია) უხშირესად დაკავშირებულია ჰიპოთალამურ–ჰიპოფიზური სისტემის მარეგულირებელი ფუნქციის დარღვევასთან, რა იწვევს საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებას – მეორად ჰიპოგონადიზმს. საშვილოსნოს ჰიპოპლაზია, არც თუ იშვიათად, წარმოადგენს ზოგადი ინფანტილიზმის ერთ–ერთ გამოვლინებას. განუვითარებელ საშვილოსნოს, მისი იოგოვანი აპარატის სისუსტის გამო, ჩვეულებრივ გააჩნია არასწორი მდებარეობა (არც თუ იშვიათად ის ძალიან არის წინ დახრილი, მის სხეულს და ყელს შორის არსებული კუთხე მახვილია – ჰიპერანეფლექსია). განუვითარებელი საშვილოსნოს ყელი კონუსის ფორმისაა, მილები ხშირად დაგრძელებული და კლაკნილია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში უხშირესად აღინიშნება ამენორეა, ოლიგომენორეა (მენსტრუაციებს შორის ინტერვალი 35 დღეზე მეტია), უნაყოფობა. ორსულობის შემთხვევაში ხშირად ვითარდება თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა. მკურნალობა მოიცავს ფიზიოთერაპიულ მეთოდებს, სამკურნალო ტანვარჯიშს, საშვილოსნოს მასაჟს, ჰორმონული პრეპარატების გამოყენებას. დროული მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიები. არც თუ იშვიათად აღინიშნება საშვილოსნოს, ქვევით, საშოს მიმართულებით გადანაცვლება – საშვილოსნოს დაწევა ან გამოვარდნა. მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში, აგრეთვე საშვილოსნოს ზოგიერთი სიმსივნის დროს, შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოს გადმობრუნება. გარდა ამისა, აღინიშნება საშვილოსნოს ცდომა ზემოთ (ელევაცია), მისი პოზიციის ცვლილება (მდებარეობა მცირე მენჯის გეომეტრიული ღერძის მიმართ), საშვილოსნოს სხეულის დახრა, სხეულსა და ყელს შორის უფრო მეტად გამოხატული ნაკეცი ან მისი ცვლილება. მცირე მენჯის გეომეტრიული ღერძის მიმართ საშვილოსნო შეიძლება გადახრილი იყოს წინ – ანტეროპოზიცია, უკან – რეტროპოზიცია, მარჯვნივ – დექსტროპოზიცია, მარცხნივ – სინისტროპოზიცია.

საშვილოსნოს სხეული, ჩვეულებრივ, წინ არის დახრილი (ანტევერსია), თუმცა შესაძლებელია ის გადაიხაროს უკან (რეტროვერსია), მარჯვნივ ან მარცხნიც (შესაბამისად დექსტროვერსია და სინისტროვერსია). ანტევერსიის მდგომარეობაში მყოფ საშვილოსნოს სხეულსა და ყელს შორის არსებულ მნიშვნელოვან ნაკეცს, რომლის დროსაც მათ შორის კუთხე მახვილია, ეწოდება ჰიპერანტეფლექსია, ზოგჯერ აღინიშნება რეტროფლექსია – საშვილოსნოს გადახრა, რომლის დროსაც მის სხეულსა და ყელს შორის კუთხე გაშლილია უკან. რეტროფლექსიის და რეტროვერსიის შერწყმას ეწოდება რეტროდევიაცია.

საშვილოსნოს ელევაცია, პოზიციის ცვლილება, სხეულის გადახრა და საშვილოსნოს გადაკეცვა შეიძლება იყოს განვითარების ვარიანტი ან საშვილოსნოს და მენჯის სხვა ორგანოების სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების (ანთებითი, სიმსივნური და სხ.) შედეგი; დამოუკიდებელი კლინიკური მნიშვნელობა მათ, როგორც წესი, არ გააჩნიათ. ჩივილები შეიძლება საერთოდ არ აღინიშნებოდეს, ზოგჯერ ვითარდება ტკივილები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ჩამონაშალი, შარდვის დარღვევა, შეკრულობები. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად განპირობებულია საშვილოსნოს გადანაცვლების განმაპირობებელი დაავადებებით.

საშვილოსნოს არასწორი მდებარეობის აღმოჩენა ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევით, რომლის ჩატარებაც საჭიროა შარდის ბუშტის და ნაწლავების დაცლის შემდეგ. საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია აღნიშნული გადახრის მიზეზების ძიება. მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადებისკენ.

დაზიანებები. საშვილოსნოს დაზიანებები უხშირესად აღენიშნებათ ორსულებს დაცემის, მუცლის ტრამვის, სიმძიმეების აწევის შემთხვევებში, რამაც შეიძლება განაპირობოს თვითნებური აბორტების განვითარება ან ნაადრევი მშობიარობა. საშვილოსნოს სხეულის და ყელის გასკდომა, ყელის ტრავმული ნეკროზი შესაძლებელია განვითარდეს მშობიარობის პათოლოგიური მიმდინარეობის დროს. ყელ–საშოს ფისტულები შეიძლება იყოს სამშობიარო ტრავმის და აბორტის დროს საშვილოსნოს პერფორაციის შედეგი. საშვილოსნოს ჩამოუყალიბებელი ნაწიბურის ადგილას (საკეისრო კვეთის, მიომური კვანძის ამოკვეთა, საშვილოსნოს პერფორაცია) მომდევნო ორსულობის და მშობიარობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს გასკდომა ნაწიბურის ადგილას. მუცლის წინა კედელსა და საშვილოსნოს ღრუს შორის ფისტულა შეიძლება ჩამოყალიბდეს საკეისრო კვეთის და სხვა ოპერაციების დროს, რომლებიც მოითხოვენ საშვილოსნოს გაკვეთას, ჭრილობის მეორადი დაჭიმვით შეხორცების დროს. მკურნალობა ოპერაციულია.

საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტას) შეიძლება განვითარდეს კრიმინალური ან, შესაძლებელია, სამედიცინო აბორტის დროსაც, როდესაც დარღვეულია მისი ჩატარების ტექნიკა, ან როდესაც საშვილოსნოს კედელში ვლინდება სხვადასხვა სახის მორფოლოგიური ცვლილებები (პოსტოპერაციული ნაწიბური, კიბო, ქორიონკარცინომა); ზოგჯერ ის ვითარდება კონტრაცეპტივების გამოყენების დროს. საშვილოსნოს პერფორაციას, როგორც წესი, თან სდევს შინაგანი სისხლდენისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (პულსის გახშირება, კანის სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაცემა, სისხლის დაგროვება მუცლის ღრუს ქვედა ნაწილებში, (რომლის გამოვლინებაც ხერხდება პერკუტორულად ან საშოს შესავლის უკანა ნაწილის პუნქციის მეშვეობით). შემდგომში შესაძლებელია განვითარდეს შემოფარგლული ან გავრცელებული პერიტონიტი. სხვა ორგანოების (შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი) დაზიანების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს მკვეთრი ტკივნეულობა, ზოგჯერ შოკიც კი. მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია: ლაპარატომია პერფორირებული ხვრელის გაკერვით, ზოგჯერ საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაცია ან ექსტირპაციაც კი. საშვილოსნოს ყელის არხის გამაფართოებლით ან საშვილოსნოს ზონდით საშვილოსნოს პერფორაციის შემთხვევაში, როდესაც არ არის შინაგანი სისხლდენის სიმპტომები, არ ვლინდება შარდის ნუშტის, ნაწლავების დაზიანებების სიმპტომები, ოპერაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული; აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობაზე მუდმივი კონტროლი. პერიტონეუმის გაღიზიანების და შინაგანი სისხლდენის ნიშნების გაჩენისთანავე ნაჩვენებია ლაპარატომია. საშვილოსნოს იზოლირებული პერფორაციის და შემდგომი დროული მკურნალობის პირობებში პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა, ხოლო შარდის ბუშტის, ნაწლავების დაზიანების და პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში – სერიოზული.
საშვილოსნოს ქიმიური და თერმული დაზიანება იშვიათია; ის შეიძლება იყოს სამკურნალო მიზნით ცხელი ხსნარების, აგრეთვე სხვადასხვა ქიმიური აგენტების (მაგ., თუთიის ქლორიდი, აზოტმჟავა, ფორმალინი, ვერცხლის ნიტრატი) გაუფრთხილებელი გამოყენების შედეგი. ქიმიური დაზიანებები აგრეთვე შესაძლებელია აღინიშნებოდეს კრიმინალური აბორტების დროს, როდესაც საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება; მსგავსი სახის დაზიანებებს, როგორც წესი, თან ახლავს საშვილოსნოს ინფიცირება ენდომიომეტრიტის, ხოლო შემდგომ სეფსისის განვითარებით. საშვილოსნოს ქიმიური და თერმული დაზიანებების მწვავე პერიოდში ჭარბობს ენდომიომეტრიტის და ინტოქსიკაციის ნიშნები (სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილები მუცლის ქვევით, ზოგჯერ სისხლდენები საშვილოსნოდან, ამ უკანასკნელის ლორწოვანი გარსის ნეკროზული ცვლილებების გამო), ხოლო ინფიცირების შემთხვევაში – პერიტონიტის და სეფსისის ნიშნები. მკურნალობა მოიცავს დეზინტოქსიკაციურ, ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, წყალ–მარილოვანი ცვლის ნორმალიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. საშვილოსნოს გავრცელებული ნეკროზული ცვლილებების დროს, რასაც თან ერთვის პერიტონიტის ნიშნები, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა – საშვილოსნოს ექსტირპაცია მუცლის ღრუს დრენირებით. ქიმიური და თერმული დაზიანებების შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნაწიბურები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის არხის დახურვას (ატრეზიას) და საშვილოსნოსშიდა შეხორცებებს (სინექიებს).
უცხო სხეულები – ესენი, ძირითადად არიან ორსულობის შეწყვეტის, კონტრაცეფციის, იშვიათად მასტურბაციისმიზნით საშვილოსნოს ღრუში შეყვანილი საგნები.

დაავადებები. საშვილოსნოს ფუნქციის დარღვევები გამოიხატება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა სახის დარღვევებით და მასთან დაკავშირებული უნაყოფობით და ორსულობის შეუნარჩუნებლობით. ორსულობის შეუნარჩუნებლობის ერთ–ერთი ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის ანატომიური ან ფუნქციური შეუსაბამობა.
საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს შიგნითა პირის შევიწროება და ატრეზია უხშირესად წარმოადგენს სხვადასხვა ოპერაციების დროს საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოების ტექნიკის დარღვევის და ლორწოვანი გარსის ძალიან ღრმად გამოფხეკის შედეგს. საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს შიგნითა პირის ატრეზია იწვევს მენსტრუალური სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში (ჰემატომეტრა) და ე.წ. პოსტტრავმული ამენორეის განვითარებას. ამასთან აღინიშნება ტკივილები მუცლის ქვევით და გავის ძვლის მიდამოში, განსაკუთრებით მენსტრუაციის მოლოდინის პერიოდში. დიაგნოზის დადგენა ხდება საშვილოსნოს ყელის არხის ზონდირების მეშვეობით. მკურნალობა – საშვილოსნოს ყელის არხის ბუჟირება.
აბორტების და მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკამ (უხშირესად განმეორებითმა) შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოსშიდა სინექიების წარმოქმნა, ამენორეის განვითარება და უნაყოფობა (აშერმანის სინდრომი). ჰისტეროსკოპიული სურათის მიხედვით გამოყოფენ საშვილოსნოსშიდა სინექიების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სინექიები წვრილია, ძაფისებური და უკავიათ საშვილოსნოს ღრუს მეოთხედზე ნაკლები, მილების კუთხეები თავისუფალია ან ნაწილობრივ ობლიტირებული. საშუალო სიმძიმის ფორმის დროს სინექიები მკვრივია, უკავიათ საშვილოსნოს ღრუს მეოთხედზე ნაკლები, საშვილოსნოს ფუძე ნაწილობრივ ობლიტირებულია, ხოლო მილების კუთხეები – მთლიანად. მძიმე ფორმის შემთხვევაში სინექიები მკვრივია, უკავიათ საშვილოსნოს ღრუს მეოთხედზე მეტი, საშვილოსნოს ფუძე და მილების კუთხეები მთლიანად ობლიტირებულია.
საშვილოსნოს სხეულში, მისი ყელის გარეთა ზედაპირზე, ყელის არხის უკანა კედლის მიდამოში შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ენდომეტრიოიდული ქსოვილის კერები. საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ეროზია.

ანთებითი პროცესები შეიძლება ლოკალიზებულნი იყვნენ საშვილოსნოს სხეულის ლორწოვან და კუნთოვან გარსებში (ენდომიომეტრიტი), საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვან გარსში (ცერვიციტი). საშვილოსნოსქსოვილში ინფექციის გამომწვევის  მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება  განვითარდეს აბსცესი, რომლის დროსაც  შესაძლოა მოხდეს მიომეტრიუმის ნეკროზი  და სეკვესტრაცია, ზოგიერთ შემთხვევაში  ვითარდება საშვილოსნოს განგრენა.  საშვილოსნოს ანთებითი პროცესები ზოგჯერ რთულდება მისი ვენების თრომბოზით.  საშვილოსნოს ღრუდან ჩირქოვანი  ექსუდატის გამოდინების დარღვევის შედეგად ყალიბდება პიომეტრა. პარამეტრიუმში განვითარებული ანთებითი პროცესი (პარამეტრიტი) ხშირად წარმოადგენს ენდომიომეტრიტის გართულებას.
ტუბერკულოზის გამომწვევები, ხვდებიან რა საშვილოსნოში ლიმფოგენური (საშვილოსნოს მილების ტუბერკულოზი) და ჰემატოგენური გზებით, ხშირად იწვევენ ენდომიომეტრიტს. ტუბერკულოზური ენდომიომეტრიტის დიაგნოსტიკა ძირითადად ეფუძნება ენდომეტრიუმის ანაფხეკის ჰისტოლოგიურ გამოკვლევას, რომლებშიც ხდება ტუბერკულოზური გრანულომების აღმოჩენა. იშვიათად აღინიშნება საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ტუბერკულოზური დაზიანება.
პირველადმა სიფილისმა შეიძლება დააზიანოს საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია პირველადი დეფექტი. საშვილოსნოს ყელზე მეორადი სიფილისის (სიფილისური პაპულები) გამოვლინება იშვიათია. სიფილისის მესამეულ პერიოდში შეიძლება ჩამოყალიბდეს საშვილოსნოს ყელის გუმები. დიაგნოზის დადგენა ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევის, სეროლოგიური რეაქციების შედეგების, გუმის დაშლის შედეგად წარმოქმნილ გამონაყოფში მკრთალი ტრეპონემის აღმოჩენის საფუძველზე.
საშვილოსნოს აქტინომიკოზი ძალიან იშვიათად გვხვდება და ატარებს მეორად ხასიათს (პირველადი კერა მდებარეობს სხვა ორგანოში, მაგალითად ბრმა ნაწლავში); საშვილოსნოს გამოვარდნის დროს, ზოგჯერ, შესაძლებელია პირველადი აქტინომიკოზის განვითარება. აღინიშნება დიფუზური მკვრივი ინფილტრატები, მრავლობითი ჩირქგროვები და ფისტულები. დიაგნოზის დადგენა ხორციელდება საშვილოსნოს ღრუდან ჩირქოვანი გამონაყოფის მიკროსკოპული გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, სადაც მოჩანს აქტინომიცეტები.
საშვილოსნოს პარაზიტული დაავადებები იშვიათად ვითარდება. საშვილოსნოში ექინოკოკური კვანძი უხშირესად ვლინდება ღვიძლის ან ელენთის ექინოკოკური კისტის მუცლის ღრუში გახსნის შედეგად. ექინოკოკური კისტა, ჩვეულებრივ, მჭიდროდ–ელასტიური კონსისტენციისაა, ნაკლებად მოძრავი, უმტკივნეულო წარმონაქმნი, რომელიც თანდათანობით იზრდება და ზოგჯერ მისი დიამეტრი აღწევს 25–30 სმ. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდები, ზოგჯერ ნაჩვენებია დიაგნოსტიკური ლაპარატომია. მკურნალობა ოპერაციულია.
კონკრემენტები ანუ საშვილოსნოს კენჭები შეიძლება წარმოიქმნას უცხო სხეულის გარშემო კალციუმის მარილების ჩალაგების ან შარდის ბუშტში არსებული კენჭის საშვილოსნოს ღრუში (მაგ., შარდის ბუშტ–საშვილოსნოს ფისტულის გზით) მოხვედრის შედეგად. იშვიათ შემთხვევებში საშვილოსნოში რჩება მკვდარი ნაყოფი, რომელიც განიცდის დაშლას (ლითოპედიონი). საშვილოსნოს კენჭები შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში კლინიკურად არ მჟღავნდებოდეს, თუმცა ზოგჯერ იწვევენ ტკივილებს, საშვილოსნოს კედლის დაზიანებას, მის ინფიცირებას, სისხლდენების განვითარებას საშვილოსნოდან. დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება მეტროსალპინგოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ჰისტეროსკოპია.
პროფესიული დაავადებები შედარებით იშვიათად გვხვდება. ძირითადად სხვადასხვა სახის სინთეზური კაუჩუკის, ფარმაკოლოგიური პრეპარატების და სხ. წარმოებაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაშვებული შეცდომების გამო. აღნიშნული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედება, როგორც წესი, განპირობებულია ჰიპოფიზ–ჰიპოთალამუს–საკვერცხეების სისტემით. პროფესიულ დაავადებებს აგრეთვე მიეკუთვნება საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა, რაც უკავშირდება სიმძიმეების აწევას, ვიბრაციას და ა.შ. განსაკუთრებით არაკეთილსაიმედო შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედება ორსულობის პერიოდში (შესაძლებელია მოხდეს მისი ნაადრევი შეწყვეტა).

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.