საშვილოსნო – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საშვილოსნო 

საშვილოსნო (uterus, metra) – კენტი კუნთოვანი, ღრუ ორგანო, რომელშიც ხდება ჩანასახის იმპლანტაცია და განვითარება; იგი მდებარეობს ქალის მცირე მენჯის ღრუში.

ემბრიოლოგია

მუცლადყოფნის პერიოდში საშვილოსნოს განვითარება იწყება, როდესაც ნაყოფის სიგრძის აღწევს 65 მმ; ამ დროს ხდება პარამეზონეფრალური (მიულერის) სადინრების ქვედა ნაწილების შერწყმა. აღნიშნულ პერიოდში საშვილოსნო ორრქიანია, შემდგომში ის ღებულობს უნაგირის ფორმას. საშვილოსნოს ფუძეში არსებული ნაკეცი დაბადების მომენტისთვის თანდათან მცირდება. საშვილოსნოს სხეულის და ყელის გამოცალკავება ხდება მუცლადყოფნის პერიოდის მე–16 კვირის ბოლოს. მუცლადყოფნის პერიოდში საშვილოსნოს სიგრძე დაახლოებით 4–ჯერ იზრდება, ამასთან ზრდის განსხვავებული ტემპების გამო, საშვილოსნოს სხეული იზრდება 6–ჯერ, ყელი – 3–ჯერ. მუცლადყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის ზომები აღემატება მისი სხეულის ზომებს. ორსულობის მე–8 თვეს საშვილოსნოს სხეულის და ყელის სიგრძის თანაფარდობა შეადგენს დაახლოებით 1:3.

ჰისტოლოგია

საშვილოსნოს კედელი შედგება სამი გარსისგან: ლორწოვანი (ენდომეტრიუმი), კუნთოვანი (მიომეტრიუმი) და სეროზული (პერიმეტრიუმი). საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის სისქე და სტრუქტურა დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე.

მის სტრომაში განლაგებულია მარტივი მილაკოვანი ჯირკვლები. განასხვავებენ საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის ბაზალურ და ფუნქციონალურ (ზედაპირულ) შრეებს. ბაზალურ შრეში, რომელიც ესაზღვრება კუნთოვან გარსს, მოთავსებულია ჯირკვლების ქვედა ნაწილები. მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ბაზალურ შრეში, ციკლური ცვლილებები პრაქტიკულად არ აღინიშნება; მენსტრუაციის დროს არ ხდება მისი მოცილება. საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის ბაზალური შრის ჯირკვლების ეპითელიუმი წარმოადგენს მისი ფუნქციური შრის რეგენერაციის წყაროს, რომლის მოცილებაც ხდება მენსტრუაციის დროს. ფუნქციურ შრეში განლაგებულია საკვერცხეების ჰორმონების რეცეპტორები, რომელთა გავლენითაც, მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, მასში ხორციელდება ციკლური პროლიფერაციული და სეკრეტორული ცვლილებები.

საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი აგებულებით მისი სხეულის ლორწოვანი გარსის მსგავსია, თუმცა მასში არ ხდება ბაზალური და ფუნქციონალური შრეების გამოყოფა. მენსტრუაციის დროს ხდება მხოლოდ ყელის ზედაპირული ეპითელიუმის მოცილება. საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსი წარმოქმნის ერთ სიგრძივ ნაოჭს, რომლისგანაც მახვილი კუთხით მიემართებიან პალმისებრი ნაოჭები, რომლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული ნაოჭები ხელს უწყობენ ლორწოს დაგროვებას საშვილოსნოს ყელის არხში, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის საშოს შიგთავსის საშვილოსნოში მოხვედრას. საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები – განტოტებული ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოვან სეკრეტს; ამ უკანასკნელის შემადგენლობა ცვალობადობს მენტრუალური ციკლის განმავლობაში. საშვილოსნოს გარეთა პირის მიდამოში ერთშრიანი ეპითელიუმი გადადის მრავალშრიან, ბრტყელ ეპითელიუმში, რომელიც ფარავს საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილს.
საშვილოსნოს კუნთოვანი გარსი შედგება გლუვკუნთოვანი უჯრედების სამი შრისგან: შიგნითა და გარეთა გასწვრივი–ირიბი (რომელთა კუნთოვანი კონები გადაჯვარედინებულია) და შუა ცირკულარული (სისხლძარღვებით მდიდარი) შრეები. საშვილოსნოს ყელის, გარეთა პირის და საშვილოსნოს ხვრელების მიდამოებში კუნთოვანი უჯრედები განლაგებულია ცირკულარულად და წარმოქმნიან სფინქტერების ანალოგებს. ორსულობის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის გლუვკუნთოვანი უჯრედები განიცდიან ჰიპერტროფიას, იზრდება როგორც მათი სიგრძე (50–დან 500 მკმ–მდე), ასევე მათი რაოდენობა: მატულობს საშვილოსნოს მოცულობა, იცვლება მისი ფორმა (იგი ხდება მომრგვალო–ოვალური ფორმის). მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ზომები და ფორმა უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს.

საშვილოსნოს სეროზული გარსი, რომელიც წარმოადგენს პერიტონეუმის ფურცელს, ფარავს საშვილოსნოს პერიტონეუმის ნაწილს; პერიტონეუმით დაფარული არ არის მხოლოდ საშვილოსნოს ყელის საშოსზედა ზედაპირის გვერდითი და წინა ნაწილები. საშვილოსნოს ყელის გარშემო, განსაკუთებით გვერდებზე, საშვილოსნოს სეროზული გარსის წარმომქმნელ პერიტონეუმის ფურცლებს შორის აღინიშნება ცხიმოვანი უჯრედების გროვა – პარამეტრიუმი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.