საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები (I)

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N24, აპრილი, 2010 წ

 ენდემური

ვასილ ღლიღვაშვილი
სოფლის მეურნეობის მეც. დოქტორი, პროფესორი

მეტად მძიმე ისტორიული წარსულის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა შეძლო შეენარჩუნებინა და დღევანდლამდე მოეტანა საქართველოს ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი უძვირფასესი განძი, რომელიც ჩვენი ხალხის არა მარტო მაღალი კულტურისა და ცხოვრების, არამედ მისი სულიერი სიმტკიცის უტყუარი დასტურია.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ქარტეხილების პირობებში ბევრი ქმნილება საერთოდ გაქრა და მათ შესახებ მხოლოდ ზოგიერთი წყაროებით შეიძლება მსჯელობა, ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაინც ბევრის შენარჩუნება შესძლეს.
მათ შორის თვალსაჩინოა ცხოველთა და ფრინველთა დღევანდლამდე შემორჩენილი ენდემური ჯიშებისა და მათი პოპულაციების არსებობა, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა ქვეყნის რეჟიმის პირობებში სრული მოსპობის გზას დაადგა და ამჟამად ისინი გადაშენების ზღვარზე დგანან. ზოგი კი სამწუხაროდ უკვე საერთოდ გაქრა.
საქართველოს ბუნებრივ-სამეურნეო პირობებს და ფიზიკურ-გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას ტერიტორიის მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზონალობა განაპირობებს. აქედან გამომდინარე, საქართველოსათვის დამახასიათებელია როგორც მთის მკაცრი, ისე სუბტროპიკული და უდაბო-ნახევარუდაბნოს კლიმატური ზონები. ყოველივე აღნიშნულის გამო, ფიზიკურ-გეოგრაფიული მხარეების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ისტორიულად ყალიბდება და ყალიბდებოდა ფლორისა და ფაუნის უძვირფასესი გენოფონდი.
განსაკუთრებულ ყურადღებას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა, ფრინველთა და ფუტკრის ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების სიმრავლე და მათი უნიკალური თვისებები იპყრობს.
დღეისათვის საქართველოში კვლავ შემორჩენილია და შენდება თითქმის გადაშენების ზღვარზე მისული ადგილობრივი ჯიშები: ადგილობრივი მთისა და მეგრული წითელი ჯიშის საქონელი, კავკასიური კამეჩი, იმერული და თუშური ცხვარი, მეგრული თხა, კახური ღორი, თუშური და მეგრული ცხენი, კავკასიური ნაგაზი, ქათმის, ინდაურის, ბატის და იხვის ადგილობრივი პოპულაციები, ქართული ფუტკარი და სხვა. ყოველივე მათგანს გააჩნია არა მარტო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გამორჩეული ნიშან-თვისებები, არამედ, ზოგადიც, რომელიც მათი გავრცელების არეალის პირობებში მაქსიმალურად შეგუებასა და მაღალხარისხოვანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოცემას უზრუნველყოფს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადგილობრივ გენოფონდზე ზრუნვა, შენარჩუნება და მოშენება ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. მით უფრო, რომ მათი მოშენება-შენარჩუნებას, სამეურნეოსთან ერთად, დიდი სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება.
საქართველოს ენდემური და აბორიგენული ფაუნის წარმომადგენლებს გააჩნიათ მრავალი უნიკალური თვისება, რომელიც აუცილებელია არსებული ჯიშების გასაუმჯობესებლად ან ახალი ჯიშების გამოყვანისათვის.

 საქართველოს ადგილობრივი მთის საქონელი
 გავრცელებულია კავკასიონის მთაგრეხილის კალთებზე და იგი მრავალი ჯილაგითაა წარმოდგენილი (ხევსურული, ფშაური, ოსური, მეგრული, რაჭული და სხვა). იგი კომბინირებული მიმართულებისაა და მასში მერძეულობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ახასიათებს მკვრივი კონსტიტუცია, მშრალი აგებულება, პატარა თავი, სწორმდგომი ხმელი კიდურები, მაგარი ჩლიქები, მკვრივი, მაგრამ სუსტად განვითარებული ძვალეული, ხშირი შებუსულობა, კარგად განვითარებული რძის წარმომქმნელი და მომნელებელი აპარატი. ამტანი და გამძლეა, კარგად იყენებს მთის ციცაბო და დაბლობის დაჭაობებულ საძოვრებს. ტანად პატარაა და მისი ცოცხალი მასა 220_250 კგ-ს არ აღემატება, წლიური საშუალო წველადობა კი 800_1200 კგ-ს შეადგენს 4,2_4,4% რძის ცხიმიანობით. >>>
მეცნიერულად დადგენილია, რომ გაუმჯობესებულ მოვლა-შენახვისა და კვების პირობებში მათი წლიური წველადობა 1800_2300 კგ-მდე იზრდება, ხოლო რძის ცხიმიანობა 6,0_6,5%-მდე აღწევს. მნიშვნელოვნად იზრდება აგრეთვე ცოცხალი მასაც, რაც დასახელებული საქონლის მაღალ გენოტიპურ პოტენციალზე მიგვანიშნებს. ადრე დასახელებული ძროხეულის ხალასად მოშენება წარმოებდა, უკანასკნელ პერიოდში კი მათზე მუშაობა აღარ მიმდინარეობს, ფუნქციონირება შეწყვიტა დუშეთის რ-ში არსებულმა ხევსურული საქონლის ჯიშსაშენმა და გაიბნა შექმნილი სანაშენო ბირთვი.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. ადგილობრივი პირობებისადმი შეგუების მაღალი უნარიანობა, მთის ციცაბო, დაქანებული და ბარის დაჭაობებული, დამრეცი და ქვაღორღიანი საძოვრების ათვისების უნარი. აგრეთვე მომთაბარეობისადმი ამტანობა, საკვებზე ნაკლები მომთხოვნელობა და საკვების მაღალი ანაზღაურების უნარი.
2. ზოგიერთი დაავადებებისადმი (განსაკუთრებით სიკოჭლე, მასტიტები, სხეულის მექანიკური დაზიანებანი) მაღალი რეზისტენტობა.
3. მერძეულობისა და მეხორცულობის მაღალი კოეფიციენტები (1 კგ ცოცხალ მასაზე გადაანგარიშებით მისი მერძეულობა მაღალი მერძეული მიმართულების ჯიშებს უტოლდება, ხოლო 1 კგ რძის შესაქმნელად მათზე ნაკლებ საკვებ ერთეულს ხარჯავს).
4. იძლევა მაღალი ხარისხის მქონე, იაფსა და ეკოლოგიურად სუფთა ხორცსა და რძეს ძირითადად ბუნებრივი საძოვრების გამოყენებით, რასაც სხვა ჯიშები ვერ უზრუნველყოფენ.

მეგრული წითელი ჯიშის საქონელი
 დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში) საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული ადგილობრივი წითელი ფერის საქონელი. გასული საუკუნეებს მასალებში წითელ მეგრულ საქონელზე არავითარი მონაცემები არაა. როგორც ჩანს, მერე დაიწყო ასეთი ჯიშის გამოყვანა. ძმები კვარაცხელიების ცნობით, ადრე მამამისსაც ჩვეულებრივი ადგილობრივი ძროხები ჰყოლია მცირე რაოდენობით და იქვე, სოფლების ახლოს ინახავდა. >>>
ხოლო შემდგომში შესაძლებელი გამხდარა ჭალადიდის თვალუწვდენელი საზამთრო საძოვრების იჯარით აღება, რომელსაც ადრე მხოლოდ სანადიროდ იყენებდნენ. უშოვიათ აგრეთვე ზაფხულის საძოვრებიც და ძმებს (ძიკი და ერასტი) საქონლის გადარჩევა დაუწყიათ. მიმდინარეობდა მსხვილი და მერძეული ფურების გადარჩევა და მათგან მსხვილი ხარების გამოზრდა. აგრეთვე მაღალმერძეული ფურებისაგან ცალკე ნახირების შექმნა (100 წელიწადი და მეტი იცოცხლა ძიკიმ, 96 კი _ ერასტიმ). მათ ასეთი მკაცრი გადარჩევითა და მომთაბარე უხვი საძოვრების გამოყენებით ჩამოაყალიბეს წითელი მეგრული საქონელი, რომელიც შემდგომ ფართოდ გავრცელდა.
მისი რაოდენობა 1985 წელს 11500 სული იყო, ხოლო 1990 წელს კი 2600 სულამდე შემცირდა.
მეგრული წითელი ძროხის მერძეულობის შესწავლას თავიდანვე მის ველურ პირობებში (მთელი წლის მანძილზე მინდორში) ყოფნა ართულებდა. ფურების საშუალო ცოცხალი მასა 255_277 კგ-ია, ხოლო კუროებისა _ 436,8 კგ, რომელიც 380545 კგ-ის ფარგლებში მერყეობს.
საკონტროლო წველის დაჯამებით დადგენილია, რომ მეგრული წითელი ჯიშის ფურის წველადობა III ლაქტაციაზე საშუალოდ 875,9 კგ-ია.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. მუშა ხარების მაღალი შრომისუნარიანობა და მოზვრების მაღალი მეხორცულობა.
2. მთის ალპური (მუდმივი თოვლის საფარამდე) და ბარის (კოლხეთის) დაჭაობებული ზამთრის საძოვრების გამოყენების უნარი, რომელსაც ვერც ერთი ჯიშის ძროხა ვერ ახერხებს. ასეთ ექსტრემალურ პირობებში სხვა ჯისის ძროხისა კი არა, თვით წითელი მეგრული ჯიშის ნაჯვარების მოშენებაც კი ვერავინ შესძლო.
3. რძის მაღალცხიმიანობა, რომელიც საშუალოდ 4,5%-ს უდრის და იგი 3,81_5,56%-ის ფარგლებში მერყეობს.
4. პიროპლაზმოიდების მიმართ მაღალი რეზისტენტობა.

კავკასიური კამეჩი
 კამეჩის რამდენიმე გარეული სახეობა შემორჩენილია აფრიკაში და აზიაში. მათგან ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა აზიური კამეჩი-არნი, რომლისგანაც შინაური კამეჩებია წარმოშობილი. 1981 წელს მსოფლიოში 122 მილიონი კამეჩი იყო, ხოლო 1990 წელს კი იგი 150 მილიონს შეადგენდა. >>>

 კამეჩი

ამიერკავკასიაში 1960 წელს 500000 სულზე მეტი კამეჩი იყო, აქედან საქართველოში _ 90000 სული. 1980 წელს საქართველოში კამეჩის რაოდენობა 48000 სულამდე შემცირდა. იგი ძირითადად გავრცელებულია ალაზნის, ივრისა და სხვა მდინარეთა ჭალების დაბლობებში, აგრეთვე შავი ზღვისპირეთში.
ქართველები კამეჩს უხსოვარი დროიდან იყენებენ. XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, კახეთის ნაწილს ქიზიყს კამბეჩოვანი ეწოდა, კამეჩთა სიმრავლის გამო.
კამეჩი წყლის მოყვარული სამხრეთის ცხოველია. იგი 10_15%-ით უკეთ ინელებს უხეშ საკვებს. საუკეთესო მუშა ძალაა. ქართული ფურკამეჩის საშუალო ცოცხალი მასა 450 კგ-ია, კუროსი _ 545 კგ. აზერბაიჯანული ფურკამეჩისა 446 კგ-ს შეადგენს. ზაქების დღეღამური წონამატი 750 გ-ს აღწევს.
ფურკამეჩის წველადობა საშუალოდ 340_380, ზოგიერთი ინდივიდისა კი _ 1300_1600 კგ-ია, 7,5_8,0% ცხიმით. კამეჩის რძისგან მზადდება საუკეთესო მაწონი, კარაქი, ყველი, სულგუნი. ხაჭო და სხვა. ზრდასრული კამეჩის ხორცი ძროხის ხორცს ვერ შეედრება _ უხეშ¬ბოჭკოიანია, ხოლო ზაქისა მასზედ უკეთესიცაა. განსაკუთრებით სახინკლედაა საუკეთესო. ზაქს ნორმალურ პირობებში გამოზრდისას ძროხაზე კარგი მეხორცული მაჩვენებლები აქვს.

თუშური ცხვარი
ჩვენი ქვეყნის აბორიგენული ჯიშია, რომელიც დუმიანი და გრძელცხიმ-კუდიანი ცხვრების შეჯვარების შედეგად არის მიღებული და შემდგომში ჯიშად არის ჩამოყალიბებული. იგი სხვა უხეშმატყლიანი ჯიშის ცხვრებთან შედარებით ხორცისა და მატყლის საუკეთესო თვისებების, აგრეთვე მომთაბარე-საძოვრული პირობებისადმი მაღალი შეგუების უნარის გამო, ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოსა და მის მეზობელ რეგიონებში. თუშური ცხვარი მეხორცულ-სამატყლო-მერძეული მიმართულებისაა. ხასიათდება მაღალი შეგუების უნარიანობით, მაღალმთიანი, კლდიანი, ციცაბო საძოვრებისა და დაბლობის ნახევრად უდაბნოს ტიპის (მწირი) საძოვრების საუკეთესოდ გამოყენების უნარით, მომთაბარეობისა და ექსტენსიურ პირობებისადმი შემგუებლობით, ხორცის, მატყლისა და რძის მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. >>>
მისი ცოცხალი მასა არის: ნერბების _ 42_45 კგ და ვერძები _ 55_60 კგ.
ხოლო წლიური ნაპარსი _ ნერბების 3,0_3,2 და ვერძების _ 4,0_4,5 კგ. ზოგიერთო ეგზემპლარის (ვერძის) წლიური კანძის წონა 7,.2 კგ-ს აღწევს, რაც ამ ჯიშის სამატყლო პროდუქტიულობის მარალი გენოტიპური პოტენციალის მაჩვენებელია.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. არსებული მომთაბარე-საძოვრული პირობების მაღალი შეგუებისა, მთისა და ბარის საძოვრების მაქსიმალური ათვისების უნარიანობა.
2. ხორცის, მატყლისა და რძის მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები:
_ ხორცის მაღალი საგემოვნო თვისებები (სინაზე, ნაკლებ ცხიმიანობა, ცვრიანობა, ცილებისა და ცხიმების კარგი თანაფარდობა);
_ მატყლის სასურველი ფრაქციული შემადგენლობა, უხეში ბეწვის შედარებით ნაკლები სიმსხო და მასში გულიანი შრის სიმცირე, მატყლის მაღალი ბზინვარება, სიმაგრე, წელვადობა, გრეხვის უნარი და შეღებვის მაღალი დონე. აგრეთვე მატყლში მშრალი და მკვეთრი ბეწვის სიმცირე;
_ რძის მაღალი ცხიმიანობა და სათანადო რაოდენობის ცილის შემცველობა, განსაკუთრებით კაზეინისა, რომელიც მაღალხარისხოვანი ყველის დამზადებას უწყობს ხელს. რძეში დიდი რაოდენობით ამინომჟავების (განსაკუთრებით შეუცვლელი) არსებობა.

იმერული ცხვარი
 იმერული ცხვარი IV_VI საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში _ იმერეთში ხალხური სელექციის გზით არის გამოყვანილი. იგი ნახევრად უხეშმატყლიანი, მეხორცულ-სამატყლო-მერძეული მიმართულებისაა. მისი ცოცხალი მასა არის: ნერბების _ 35_38, ხოლო ვერძების _ 40_45 კგ. >>>
მისი უნიკალური თვისებებია: 
1. მალმწიფადობა _ 8_10 თვის ასაკში ამთავრებს თავის სამეურნეო ფიზიოლო-გიურ სიმწიფეს, ნაყოფიერდება და ერთი წლის ასაკში იძლევა თაობას. ამასთან, მაკეობის ხანგრძლივობა 137_143 დღეს არ აღემატება.
2. მრავალნაყოფიანობა _ წელიწადში ორჯერ ასწრებს მოგებას და თითო მოგებაზე 2_3 ბატკანს იძლევა.
3. პოლიესტრიულობა _ მას სეზონურობა არ ახასიათებს და ახურებაზე მოდის წელიწადის ყველა დროს. მოგებიდან 20_25 დღის განმავლობაში კვლავ ახურებაში მოდის და ინერბება.
4. მისი მატყლი ძალზე ელასტიკური და ბზინვარეა, ხოლო ხორცს ცხვრის ხორცისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი არ აქვს.
5. კარგად ეგუება საკარმიდამო _ საოჯახო შენახვის პირობებს და იყენებს სამზარეულოს ანარჩენებს.
6. 100 ნერბისაგან წელიწადში 400_500 სული ბატკნის მიღება არის შესაძლე-ბელი.
მაღალი აქვს დედობრივი ინსტინქტი და ორი ბატკნის გაზრდა დახმარების გარეშედაც შეუძლია.
დღეისათვის იმერული ცხვრის რაოდენობა უაღრესად მცირეა და იგი სრული მოსპობის საშიშროების ზღვარზე დგას.

 ცხვარი

ქართული ნახევრად წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
გამოყვანილია 1948 წელს, ადგილობრივი თუშური ნერბებისა და წმინდა-მატყლიანი ვერძების (რამბულიე და პრეკოსი) შეჯვარებისა და მიღებული ნაჯვარების მიზნობრივი მოშენების გზით. იგი თავისი სამეურნეო და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით, მსოფლიოში არსებულ ორიგინალური ჯიშების რიცხვს მიეკუთვნება. მისი ცოცხალი მასა არის: ნერბების _ 46_47 და ვერძების _ 65_70 კგ.
ზოგიერთი ეგზემპლარის ცოცხალი მასა აღწევს: ნერბების _ 60_65 და ვერძების _ 125_126 კგ-ს.
საშუალო კანძის წონა შეადგენს: ნერბების _ 3,0_3,2 და ვერძების _ 4,0_4,8კგ.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. ცხიმკუდისა და ნახევრად წმინდა, კროსბრედული ტიპის მატყლის ერთად შეთავსება, რომელიც თითქმის შეუთავსებელ ნიშან-თვისებებს წარმოადგენენ.
2. თუშური ცხვრის მსგავსი სხეულის აგებულების, მისი ცხიმკუდის ფორმისა და სიდიდის, ფარობრივი ინსტინქტის, აგრეთვე მომთაბარე-საძოვრული პირობებისადმი შეგუების, მთისა და ბარის საძოვრების ათვისების, ხორცისა და რძის ხარისხობრივი მაჩვენებლების მაღალი თვისებები.
3. მომთაბარე პირობებში ახასიათებს შედარებით უფრო მაღალი ნაყოფიერება და ზრდის მაღალი ენერგია, 100 ნერბისაგან 106_115 ბატკნის მიღება და ბატკნის 3_4 თვის ასაკში, 300_400 გრამი დღეღამური წონამატის მიღებაა შესაძლებელი.
4. მატყლი ერთგვაროვანია, ნახევრად წმინდა, კროსბრედული ტიპის და მისი სიგრძე 10_11 სმ-ია, ხოლო იგი ძირითადად 56_58 ხარისხისაა. დასახელებული ჯიში 1955_1965 წლებში რესპუბლიკის გეგმური ჯიში იყო და მისი მთლიანი რაოდენობა 126000 სულს აღწევდა. ამჟამად ჯიში სრული მოსპობის საშიშროების წინაშე დგას.
ქართული წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
გამოყვანილია 1954 წელს თუშური ნერბებისა და წმინდამატყლიანი ვერძების შეჯვარებით. დასახელებული ჯიშიც ერთ-ერთი ორიგინალური ჯიშია. მასში შეთავსებულია წმინდა მატყლი და ცხიმკუდი. ეს ჯიშიც 1965 წლამდე რესპუბლიკის გეგმურ ჯიშს წარმოადგენდა და მისი მთლიანი რაოდენობა 14_15 ათასი სული იყო.
მისი ცოცხალი მასა არის: ნერბების _ 52_54 და ვერძების _ 76_78 კგ.
ხოლო საშუალო ნაპარსი: ნერბების _ 3,4_4,0 და ვერძების _ 3,6_5,0 კგ.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. ცხიმკუდისა და წმინდა მატყლის ერთად შეთავსება.
2. თუშური ცხვრის მსგავსი აგებულებისა და ცხიმკუდის, მომთაბარე-საძოვრული პირობები¬სადმი შეგუების უნარი. მთის სუბალპური, ალპური და ბარის მწირი საძოვრების ათვისებისა და სეზონურ საძოვრებზე გადარეკვის უნარი.
3. მომთაბარე პირობებში ახასიათებს შედარებით უფრო მაღალი ნაყოფიერება და დამაკმაყოფილებელი მერძეულობა. 100 ნერბისაგან 110_115 ბატკანი მიიღება.
სამწუხაროდ დღეისათვის ამ ჯიშის ცხვრის არცერთი სანაშენე ბირთვი აღარ არსებობს.

მეგრული თხა
მეგრული თხა უძველესი ჯიშია და იგი ხალხური სელექციის გზით დასავლეთ საქართველოში _ სამეგრელოში არის გამოყვანილი. არსებობს მისი ორი განსხვავებული მიმართულების ტიპი:
ა) მერძეული მიმართულების ტიპი შედარებით მცირე ცოცხალი მასითა და მარალი მერძეულობით ხასიათდება. ამასთან, იგი შეგუებულია დაბლობ ზონაში ქალაქისა და ცენტრების სოფლების მახლობლად სტაციონარული შენახვის პირობებს. მისი ცოცხალი მასა არის: დედალი თხების _ 38_40 და ბოტების _ 60_65 კგ.
წლიური მონაწველი ერთ სულზე შეადგენს საშუალოდ 500_600 კგ. ზოგიერთი ეგზემპლარისა კი 800_900 კგ-ს აღწევს.>>>

ნაყოფიერება _ 100 დედალი თხისაგან 154_160 თიკანი მიიღება.
ბ) მეხორცულ-მერძეული ტიპი შედარებით მსხვილია და დაბალი მერძეულო-ბით ხასიათდება. იგი შენახვის მომთაბარე პირობებს არის შეგუებული, საუკეთესოდ იყენებს ზამთარში დაბლობი ზონის ბუჩქნარსა და ბარდიან, მიუვალ ადგილებს, ხოლო ზაფხულში მაღალმთიან კლდიან ალპურსა და სუბალპური მთის საძოვრებს. ამასთან, კარგად იტანს მომთაბარეობას _ 200_250 კმ-ზე გადარეკვას.
მისი ცოცხალი მასა არის: დედალი თხების 48_52 და ბოტების _ 75_80 კგ.
წლიური მონაწველი საშუალოდ შეადგენს 350_400, ზოგიერთი ეგზემპლარისა კი 600_700 კგ-ს აღწევს.
ნაყოფიერება _ 100 დედალი თხისაგან 140_150 სული თიკანი მიიღება.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. დასალეთ საქართველოს მთისა და ბარის მაღალტენიანი კლიმატური პირობების შეგუება. არსებული ძნელად მისადგომი, სხვა ცხოველებისათვის თითქმის გამოუყენებელი მაღალმთიანი, კლდიანი და დაბლობი ზონის დაჭაობებული, ბარდ-ეკლიანი და შამბიანი საძოვრების ათვისების უნარი.
2. მაღალი რეზისტენტობა და დაავადებებისადმი გამძლეობა. როგორც მომთაბარე, ისე სტაციონარული შენახვისადმი შეგუების უნარიანობა და მოვლა-შენახვისა და კვების პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობა. მაღალი ფარობრივი და დედობრივი ინსტინქტი და გამრავლების დამაკმაყოფილებელი დონე.
3. მაღალი ხარისხის, დიეტური თვისებების მქონე, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ხორცისა და რძის მოცემის უნარი.
დასახელებული თხის მთლიანი რაოდენობა 1952_1953 წლებში 250_300 ათას სულს აღწევდა. 1980_1985 წლებში მისი რაოდენობა 100_102 ათასი, ხოლო 2000 წლისათვის 20_22 ათასი სული იყო. ამჟამად კი იგი კიდევ უფრო სჰემცირდა.

გაგრძელება იხ. >>>>