სასის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. სასის ძვალი (Os palatium; Palatine bone)

სასის ძვალი – os palatinum, წყვილი ძვალია. მდებარეობს ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში და მონაწილეობს მისი ფსკერის ნაწილისა (მაგარი სასა) და გვერდითი კედლის წარმოქმნაში. სასის ძვალი შედგება ორი ფირფიტისაგან: ჰორიზონტალური – lamina horizonlalis  და ვერტიკალური ფირფიტისაგან – lamina perpendicularis. თითოეული სასის ძვლის ჰოტიზონტალური ფირფიტა ერთმანეთს უკავშირდება მაგარი სასის შუა ხაზზე, მონაწილეობენ სასის შუა ნაკერის – sutura palatina mediana უკანა ნაწილის შექმნაში, ხოლო ზედა ყბის სასისეულ მორჩებს უერთდებიან სასის განივი ნაკერით – sutura palatina transversa. ჰორიზონტალური ფირფიტის უკანა მედიალურ ბოლოზე მდებარეობს ცხვირისეული უკანა წვეტი – spina nasalis posterior; ჰორიზონტალური ფირფიტის ზედა ზედაპირი სადაა, ქვედა ზედაპირი – ხორკლიანია. პერპენდიკულარული ფირფიტის ფუძის გარეთა ნაწილიდან უკან მიემართება მსხვილი პირამიდული მორჩი – ргоcessus pyramidalis. იგი შედის სოლისებრი ძვლის ფრთისებრ ნაჭდევში – Incisura pterygoidea და ქვევიდან მოსაზღვრავს ამავე ძვლის  ფრთისებრ ფოსოს – fossa pterygoidea. პირამიდული მორჩის ქვედა ზედაპირზე აღინიშნება სასის მცირე ხვრელები – foramina palatina minora.

სასის ძვალი

ჰორიზონტალური ფირფიტის ლატერალურ კიდეზე მის ქვედა მხარეზე მდებარეობს სასის დიდი ხვრელი – foramen palatinum majus; იგი მოთავსებულია სასის ძვლისა და ზედა ყბის შორის ნაკერში. სასის ძვლის პერპენდიკულარული ნაწილი წარმოადგენს თხელ ძვლოვან ფირფიტას, რომელიც სწორი კუთხით მიემართება ზევით. იგი ეკვრის სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის – processus pterygoideus მედიალური ზედაპირის წინა კიდეს, და ზედა ყბის სხეულის ცხვირისმხრივი ზედაპირის უკანა ნაწილს. მის ლატერალურ ხორკლიან ზედაპირზე მდებარეობს სასის დიდი ღარი – sulcus palatinus major, რომელიც ზედა ყბის თანამოსახელე ღართან ერთად, ასევე სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის მონაწილეობით, წარმოქმნის სასის დიდ არხს – canalis palatinus major, რომელიც იხსნება მაგარ სასაზე სასის დიდი ხვრელით – foramen palatinum majus. სასის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტის მედიალური ზედაპირზე მდებარეობს ნიჟარისეული ქედი – crista conchalis, რომელიც წარმოადგენს ცხვირის ქვემო ნიჟარის უკანა ნაწილთან შეერთების კვალს. რამდენადმე ზემოთ მდებარეობს ცხავისეული ქედი – crista ethmoidalis. პერპენდიკულარული ფირფიტის ზემო კიდე მთავრდება ორი მორჩით: თვალბუდისეული მორჩით – processus orbitalis და სოლისებრი მორჩით – processus sphenoidalis; მათ შორის რჩება სოლისებრ-სასის ნაჭდევი – incisura sphenopalatim. აღნიშნული ნაჭდევი სოლისებრი ძვლის სხეულთან წარმოქმნის სოლისებრ-სასის ხვრელს – foramen sphenopalatinum.

თვალბუდისეული მორჩი – processus orbilalis წვდება თვალბუდის ღრუს და მონაწილეობას იღებს მისი ქვედა კედლის შექმნაში. სოლისებრი მორჩი – processus sphenoidalis ებჯინება სოლისებრი ძვლის სხეულის ქვედა ზედაპირს, მის ნიჟარასა და სახნისის ფრთებს.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.