სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

დასაწყისი იხ. >>>

მეტაბოლიზმის გენეტიკურად დეტერმინირებული ანომალიების იშვიათ ვარიანტებს მიეკუთვნება დამჟანგავი ფერმენტების სრული უუნარობა მოახდინონ დიფენინის მეტაბოლიზირება ჰიდროქსილირების გზით, რაც იწვევს აღნიშნული პრეპარატის სწრაფ კუმულაციას და ინტოქსიკაციის განვითარებას. ღვიძლის ფერმენტების უუნარობა, მოახდინონ ფენაცეტინის მეტაბოლიზირება ერთ-ერთი მისი მეტაბოლიტის (აცეტოფენაცეტინი) დიეთილირების სტადიაზე, წარმოადგენს მეტჰემოგლობინის წარმოქმნის მიზეზს.
ასევე გენეტიკურადაა განპირობებული ფერმენტ N-აცეტილტრანსფერაზას აქტიურობა, რომლის მონაწილეობითაც ხდება ზოგიერთი სამკურნალო საშუალების აცეტილირება (მაგ., იზონიაზიდი, დიაფენილსულფონი, სულფასალაზინი, სულფადიმიზინი, ჰიდრალაზინი, ნივოკაინამიდი).
პლაზმური ფერმენტების პოლიმორფიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ფსევდოქოლინესთერაზა, რომელიც ახდენს დითილინის მიორელაქსანტის მეტაბოლიზმს. იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ დაბალი აქტივობა და დითილენთან ფსევდროქოლინესთერაზას მცირე მსგავსება, აღენიშნებათ აღნიშნული პრეპარატის მიოპარალიზური მოქმედების მკვეთრი პროლონგირება (2-3 საათამდე და მეტი). ამის საპირისპიროდ, პირებს, ფსევდროქოლინესთერაზას აქტივობის გენეტიკურად განპირობებული მომატებით, აღენიშნებათ დითილინის მიოპარალიზური მოქმედების მიმართ რეზისტენტობის მომატება.
პრეპარატების ინდივიდუალური, გენეტიკურად განპირობებული გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდნენ ეფექტორული ორგანოს თანდაყოლილი განუვითარებლობის გამო. ასე მაგალითად, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის გენეტიკურად განპირობებული დეფიციტის მქონე პირებში, ოქსიდანტების თვისებების მქონე სამკურნალო საშუალებები (8-ამინოქინოლინის წარმოებულები, პრიმაქინი, სულფანილამიდები, ნიტროფურანები, სულფონები, ქინინი, ქინიდინი) იწვევენ მწვავე ჰემოლიზური ანემიის განვითარებას.
არც თუ იშვიათად, ლევომიცეტინით მკურნალობის პერიოდში აღინიშნება ერითროპოეზის დარღვევები, რომლებიც, როგორც წესი, ქრებიან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. თუმცა, ფერმენტული დეფექტის მქონე ზოგიერთ ავადმყოფს უვითარდება შეუქცევადი ჰიპოპლაზური ანემია. დეფექტი გენეტიკურადაა განპირობებული, რაზეც მოწმობს ჰიპოპლაზური ანემიის შემთხვევები ერთკვერცხუჯრედიან ტყუპებში.
ზოგჯერ, სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი რეაქციები ვლინდება ზოგიერთი გენეტიკური დაავადების გამწვავების ნიშნებით. ასე მაგალითად, ღვიძლისმიერი პორფირიის დროს, რომელიც ხასიათდება ღვიძლში δ-ამინოლევულინის მჟავას ჭარბი ბიოსინთეზით, δ-ამინოლევულინის მჟავას სინთეტაზას მაინდუცირებელმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ აღნიშნული დაავადების გამწვავება. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან ბარბიტურატები, გლუტეტიმიდი, ამიდოპირინი, გრიზეოფულვინი, ზოგიერთი ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება (ბუტამიდი, ქლორპროპამიდი), ქლორდიაზეპოქსიდი, დიფენინი და პერ ოს მისაღები კონტრაცეპტული საშუალებები. ღვიძლისმიერი პორფირიის კლინიკური გამოვლინებები გამოიხატება ტკივილებით მუცლის არეში, ღებინებით, შეკრულობით, პერიფერიული ნევრიტით და სხვა დარღვევებით, რომლებიც შესაძლოა განვითარდნენ აღნიშნული პრეპარატების ერთჯერადად მიღების შემდეგაც კი.
სამკურნალო საშუალებების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატებზე და მათი ბიოტრანსფორმაციის პროდუქტებზე ალერგიის განვითარება. (იხ. მედიკამენტური ალერგია). სამკურნალო საშუალებების მიმართ განვითარებული ალერგიით განპირობებული გვერდითი რეაქციები ხასიათდებიან შემდეგი ნიშნებით: ა) პრეპარატის პირველ მიღებასა და მასზე რეაქციის გამოვლინებას შორის ყოველთვის არის დროის ინტერვალი ანუ რეაქცია ვლინდება განმეორებით შეყვანაზე; ბ) რეაქციები შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატების მინიმალურმა დოზებმაც კი; გ) რეაქცია მეორდება პრეპარატის განმეორებით შეყვანის შემდეგაც; დ) გვერდითი ეფექტი არ ჰგავს პრეპარატის ტიპიურ ფარმაკოლოგიურ ეფექტებს; ე) გვერდითი რეაქციების სიმპტომები ვლინდებიან ალერგიული ექვივალენტების სახით (გამონაყარი, შრატისმიერი რეაქცია, ანაფილაქსია და ა.შ.). მრავალი სამკურნალო საშუალება, თვითონ არ წარმოადგენს ანტიგენს, თუცა ისინი იძენენ ანტიგენის თვისებებს, წარმოქმნიან რა კომპლექსებს ენდოგენურ მაკრომოლეკულებთან-გადამტანებთან (მაგ., ცილებთან) კოვალენტური კავშირების საფუძველზე. ამრიგად, სამკურნალო საშუალებების მოლეკულები, ყველაზე ხშირად, წარმოადგენენ ჰაპტენებს. ჰაპტენის სახით შეიძლება გამოვიდეს არა მარტო თვითონ პრეპარატი, არამედ მისი მეტაბოლიტებიც. მაგ., პენიცილინის მეტებოლიტებს, ამიდური, კარბონილური ან დისულფიდური კავშირების მეშვეობით გააჩნიათ პეპტიდების და პროტეინების მოლეკულებთან შეერთების უნარი სრული ანტიგენების წარმოქმნით.
მედიკამენტური ალერგია მიმდინარეობს დაუყოვნებელი ან შენელებული ტიპის რეაქციების სახით; კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია მისი განვითარების მექანიზმზე. დაუყოვნებელი ტიპის რეაქციების დროს სისხლში მოცირკულირე ანტიგენმა (პრეპარატი ან მისი ცილასთან კომპლექსი) შეიძლება იმოქმედოს პოხიერი უჯრედების ან ბაზოფილების მემბრანებზე ფიქსირებულ IგE ტიპის ანტისხეულებთან. აღნიშნული რეაქციები შეიძლება იყვნენ გენერალიზირებული და მიმდინარეობდნენ ანაფილაქსიური შოკის ფორმით, ან ლოკალიზებულნი (ალერგენის და IგE ურთიერთქმედების ადგილას) და მიმდინარეობდნენ მწვავე ურტიკარიის, ანგიონევროზული შეშუპების, ბრონქოსპაზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ალერგიის (ღებინებით, დიარეით, ტკივილით მუცლის არეში) სახით. მედიკამენტური ალერგიის ასეთი სახის გამოვლინებების დიფერენცირება ანაფილაქტოიდური რეაქციისგან, რომელიც მიმდინარეობს იგივე სიმპტომებით (ბრონქოსპაზმი, ურტიკარია და სხ.) და ვლინდება პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის და ალერგიული რეაქციების სხვა მედიატორების გამონთავისუფლების უნარის მქონე სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდეგ, კლინიკურად შეუძლებელია. ასეთი თვისებები გააჩნიათ კოდეინს, მორფინს, დექსტრანს, პოლიმიქსინ B-ს, ტუბოკურანინს, γ-გლობულინს, აცეტილსალიცილის მჟავას და სხ.
შრატისმიერი რეაქცია, როგორც მედიკამენტური ალერგიის გამოვლინება, ვითარდება სისხლში მოციკულირე ანტიგენ-ანტისხეულების (ძირითადად IგG ტიპის, იშვიათად IგM, ხოლო ზოგჯერ IგE ტიპის), რომლებიც ლაგდებიან წვრილი სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, იმუნური კომპლექსებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად. რეაქცია კლინიკურად ვლინდება ცხელებით, ზოგჯერ გენერალიზირებული ლიმფადენოპათიით, სახსრების ანთებით, კანზე გამონაყრის განვითარებით და ალბუმინურიით. ზოგჯერ, ამის ფონზე, ვითარდება ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები (ბრონქოსპაზმი, ურტიკარია, შეშუპება). ზემოთაღნიშნული მექანიზმი საფუძვლად უდევს ალერგიული ბუნების სხვა გვერდითი ეფექტების _ გლომერულონეფრიტის, პერიკარდიტის, მიოკარდიტის, მენინგიტის, მენინგოენცეფალიტის, პერიფერიული ნევრიტების და მიელიტის _ განვითარებასაც. მსგავსი რეაქციები შეიძლება გამოიწვიონ პენიცილინის პრეპარატებმა, განსაკუთრებით ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილმა, აგრეთვე სტრეპტომიცინმა, პარა-ამინოსალიცილის მჟავამ, სულფანილამიდებმა.
IგE ტიპის ანტისხეულების მონაწილებით განვითარებული მედიკამენტური ალერგიის დროს, ზოგჯერ აღინიშნება კანის და ბრონქების დაზიანება. თუმცა ორგანიზმში შეიძლება მოხდეს ცალკეული ქსოვილების უჯრედების მიმართ სპეციფიკური IგG და IგM ტიპის ანტისხეულების პროდუცირებაც. აღნიშნული ქსოვილები შეცვლილია ჰაპტენთან კომპლექსის წარმოქმნის გამო (პრეპარატით ან მისი მეტაბოლიტით). სავარაუდოდ, აღნიშნული მექანიზმი უდევს საფუძვლად ჰემოლიზური ანემიის, აგრანულოციტოზის და თრომბოციტოპენიის განვითარებას, რომლებიც ვლინდებიან ქინინის, რიფამპიცინის, პენიცილინის, ცეფალოტინის, ამიდოპირინის და სხ. მიმართ ალერგიის დროს.
იზონიაზიდით, სულფანილამიდებით, ბუტადიონით, ფურადონინით, რიმფამპიცინით და ზოგიერთი სხვა პრეპარატით მკურნალობის დროს, ღვიძლის უჯრედების მხრიდან ციტოტოქსიკური რეაქციების განვითარების მექანიზმი, სავარაუდოდ, ატარებს აუტოიმუნურ ხასიათს.
შენელებული ტიპის ალერგიული რეაქცია ვლინდება ალერგენის, რომლის როლსაც თამაშობს სამკურნალო პრეპარატი (უჯრედულ მემბრანაზე ფიქსირებული ჰაპტენი), სპეციფიკურად სენსიბილიზირებულ თ-ლიმფოციტებთან ურთიერთქმედების შედეგად. ასეთი რეაქციები კლინიკურად გამოიხატება ლოკალური შეშუპებებით და ანთებებით (მაგ., კონტაქტური დერმატიტის დროს). თუკი ჰაპტენ-პროტეინის კომპლექსის სახით ანტიგენის წარმოქმნას ესაჭიროება ულტრაიისფერი გამოსხივება, რეაქცია ატარებს ფოტოსენსიბილიზაციის ხასიათს.
სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების განსაკუთრებული ფორმაა მედიკამენტური დამოკიდებულება. ფართოდაა ცნობილი ფსიქოსტიმულატორების, ნარკოტიკული ანალგეტიკების, ბარბიტურატების და ფსიქოტროპული თვისებების მქონე სხვა საშუალებების მიმართ დამოკიდებულების გაჩენა. მედიკამენტური დამოკიდებულება პაციენტებში იწვევს ემოციური დარღვევების გამომჟღავნებას, ცვლის მათ სოციალურ ადექვატურობას და, ყველაფერ ამას, თან სდევს ორგანული დაზიანებები და ქრომოსომული აპარატის დარღვევები. პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტური დამოკიდებულების (ფსიქიკურის მაინც) განვითარების პოტენციური რისკი არსებობს არა მარტო ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებისას, არამედ ქოლინობლოკატორებით, არანარკოტიკული ანალგეტიკებით (პარაცეტამოლი, ფენაცეტინი და სხ.) მკურნალობის დროსაც.
გენეტიკურ აპარატზე ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გავლენას, პოტენციურად, შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს კანცეროგენეზის პათოგენეზში. თუმცა სრულად ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია მრავალი სამკურნალო ნივთიერების (ანდროგენები, ქლოროფორმი, კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ადრენალინი, ესტროგენები, ნიტრიტები, ნიტროფურანები, ვიტამინები და სხ.) მუტაგენური თვისებები.
ტერატოგენობა, ემბრიოტოქსიკურობა და პრეპარატის დისმორფოგენული ეფექტი ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს (განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში) სამკურნალო საშუალებების უმეტესობა ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების საფუძველზე.
გვერდითი რეაქციების სიხშირე მატულობს კომბინირებული პრეპარატების რიცხვის მატებასთან ერთად. ორგანიზმში ერთმანეთის მიმართ ურთიერთქმედების უნარის მქონე სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს განვითარებული გვერდითი ეფექტების პათოგენეზი საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, შეწოვის, განაწილების, მეტაბოლიზმის და ექსკრეციის ეტაპებზე, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შედეგად, სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა შეცვალონ ერთმანეთის აქტიური კონცეტრაცია პლაზმაში. ისინი შეიძლება ურთიერთქმედებდნენ ფარმაკოდინამიკური პრინციპით და ამით იწვევდნენ ეფექტორული ორგანოს ქსოვილების მგრძნობელობის და რეაქტიულის ცვლილებებს. ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება გამოიხატება სინერგიზმის ან ანტაგონიზმის სახით (იხ. სამკურნალო საშუალებების სინერგიზმი, სამკურნალო საშუალებების ანტაგონიზმი). ზოგჯერ, ურთიერთქმედების რამდენიმე მექანიზმის ერთდროულად ჩართვის შედეგად შეიძლება აღმოცენდეს ხარისხობრივად ახალი რეაქცია. მაგ., პერ ოს გამოსაყენებელი ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება პოტენცირებული იყოს თრომბოციტების აგრეგაციის მაინჰიბირებელი საშუალებებით _ სალიცილატებით, დიპირიდამოლით და სხ., თუმცა სალიცილატები აძლიერებენ პერ ოს გამოსაყენებელი ანტიკოაგულანტების ჰიპოპროთრომბინემიურ ეფექტს, აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს და შესაძლოა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პროვოცირება. ბუტადიონი პლაზმის ცილებთან კავშირებიდან გამოდევნის კუმარინის წარმოებულებს, ამით აძლიერებს მათ ანტიკოაგულაციურ ეფექტს და, ამავდროულად, იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულებას, რის გამოც მატულობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკი.
აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყველა ავადმყოფის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე გვერდითი მოვლენების განვითარება დამოკიდებულია არა მარტო პრეპარატების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, არამედ მათ ბიოლოგიურ შეღწევადობაზე, რაც განაპირობებს თითოეული პრეპარატის ორგანიზმში ყოფნის ხანგრძლივობას და მის კონცეტრაციას. ამიტომაც სამკურნაწამლო ფორმამ და პრეპარატების გამოყენების მეთოდებმა, მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალონ ორგანიზმის რეაქცია სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების განმსაზღვრელ ზოგად ფაქტორებს მიეკუთვნება: 1) პრეპარატების დანიშვნა უკიდურესად მაღალი თერაპიული დოზებით; 2) დოზირება ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების, ავადმყოფის მემკვიდრეობითი და პათოფიზიოლოგიური სტატუსის გათვალისწინების გარეშე; 3) ხანგრძლივი მკურნალობა; 4) საბავშვო ან მოხუცებულობითი ასაკი; 5) პოლიპრაგმაზია (ერთდროულად დიდი რაოდენობით სამკურნალო საშუალებების დანიშვნა).
იხ. აგრეთვე ანტიბიოტიკები, გვერდითი მოვლენები ანტიბიოტიკების გამოყენების დროს (ტ. 10 დამატებითი მასალები), სამკურნალო საშუალებების კონტროლი, წამლისმიერი დაავადება, სამკურნალო საშუალებების შეუთავსებლობა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები