სამკურნალო საშუალებების შეუთავსებლობა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

დასაწყისი იხ.  >>>>

ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური ფარმაცევტული შეუთავსებლობის მიზეზი შეიძლება იყოს: სამკურნალო საშუალებების განუზავებლობა და პირობები, რომლებიც აუარესებენ მათი განზავების უნარს; კოლოიდური სისტემების და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ხსნარების კოაგულაცია; ემულსიების კოალესცენცია (განშრევება); რთული ფხვნილების დანესტიანება და გალღობა; არასასურველი ადსორბციის პროცესები.
სამკურნალო საშუალებების განუზავებლობა არა მარტო იმ შემთხვევებში წარმოადგენს ფარმაცევტული შეუთავსებლობის მიზეზს, როდესაც გამოწერილია განუზავებელი ნაერთები, არამედ იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეცეპტში მითითებული გამხსნელის რაოდენობა არასაკმარისია მასში გამოწერილი ინგრედიენტების გასახსნელად. გარდა ამისა, სამკურნალო საშუალებების ხსნადობის გაუარესებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გამხსნელის შეცვლის დროს ან, რაც იშვიათად გვხვდება, ერთ სამკურნალწამლო ფორმაში ორი ან რამდენიმე ძლიერი ელექტროლიტის თანამოსახელე იონებთან შეერთების დროს; აღნიშნულ შემთხვევებში, ხსნადობის ზღვარის გაზრდა იწვევს ნალექის ან განუზავებელი სითხეების წარმოქმნას.
სამკურნალწამლო ფორმების, რომლებიც წარმოადგენენ კოლოიდურ სისტემებს ან მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებს, შორსწასულ კოაგულაციას მივყავართ ფანტელების წარმოქმნამდე, რომლებიც ამოტივტივდებიან ან გარდაიქმნებიან ნალექად. ემულსიების კოალესცენცია (განშრევება) _ კოაგულაციის ანალოგიური პროცესი _ მდგომარეობს დისპერგირებული ფაზის ნაწილაკების (წვეთების) შეწებებაში. კოაგულაცია შეიძლება გამოიწვიონ ტუტეებმა, მჟავეებმა, ალკალოიდების და სხვა ნივთიერებების მარილებმა, წყლის წართმევის უნარის მქონე ნაერთებმა და ნივთიერებებმა, რომლებიც იწვევენ ნაწილაკების მუხტის ცვლილებას.
ფხვნილების დანესტიანება და, როგორც შედეგი, მათი სიფხვიერის დაკარგვა ვლინდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნარევი ჰიგროსკოპიულია და წყალს იზიდავს, ამასთან დანესტიანების ხარისხი მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია წყლის ორთქლის პარციალური წნევა გარშემო ჰაერში.
მკვრივი ნივთიერებების გალღობა ბლანტ, ნაკლებადმოძრავ, ძნელად კრისტალირებად, გადაცივებისკენ მიდრეკილ სითხეებად შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული ნარევი წარმოადგენს ევტექტურ ნარევს ანუ მუდმივი შემადგენლობის ნივთიერებების ნარევს, რომლის გალღობის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ცალკე აღებული, თითოეული ნივთიერების გალღობის ტემპერატურა. ასეთი სახის სისტემებში სითხეების წარმოქმნის სიჩქარე დამოკიდებულია არა მარტო კომპონენტების ბუნებაზე, არამედ მათი შეხების ზედაპირებზე, გარემოს ტემპერატურაზე და მექანიკურ ზემოქმედებაზე, აგრეთვე ფხვილისებურ სამკურნალო საშუალებების ნარევში კომპონენტების რაოდენობრივ შეფარდებაზე. ფხვნილების დანესტიანების და გალღობის მოვლენები ხშირად თან სდევენ ერთმანეთს, ამასთან, დანესტიანება წინ უძღვის გალღობას.
არასასურველი ადსორბციული პროცესები ყველაზე ხშირად ვლინდება ფხვნილების, მიქსტურების და სუსპენზიების დამზადების დროს. ადსორბენტებს წარმოადგენენ მაღალდისპერსიული ნივთიერებები, რომლებიც არ იხსნებიან და არ იწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (აქტივირებული ნახშირი, ალუმინის ჟანგის ჰიდრატი, თეთრი თიხა და ა.შ.). ადსობცია მნიშვნელოვნად აქვეითებს სამკურნალო საშუალებების (ალკალოიდების, გლიკოზიდების და სხ.) თერაპიულ ეფექტს, ამ საშუალებების ადსორბენტ ნივთიერებებთან ერთდროულად დანიშვნის დროს.
სამკურნალო საშუალებების ე.წ. ქიმიური შეუთავსებლობა შეიძლება იყოს პრეპარატების არარაციონალური გამოწერის შედეგი, უფრო ხშირად კი ის წარმოადგენს არასწორად შედგენილ თხევად სამკურნალწამლო ფორმების შედეგს, რამეთუ თხევად გარემოში იქმნება ყველაზე ხელსაყრელი პირობები ქიმიური რეაქციების წარმართვისათვის. თხევად პრეპარატებში განსხვავებულია ქიმიური ცვლილებების და მათი კლინიკური გამოვლინებების ხარისხი. ყველაზე ხშირად ადგილი აქვს უხსნადი ან ცუდად ხსნადი ნალექების წარმოქმნას. შესაძლოა შეიცვალოს ხსნარების, მიქსტურების, წვეთების ფერი; შეიძლება, აგრეთვე შეიცვალოს პრეპარატების ორგანოლეპტიკური თვისებებიც (მათი გემო, სუნი).
ქიმიური კუთხით სამკურნალო საშუალებების არარაციონალური შეთავსებების კლასიფიკაცია ხდება ქიმიური რეაქციების ტიპის (მაგ., ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, მიმოცვლითი დაშლის, ნეიტრალიზაციის რეაქციები, ჰიდროლიზური რეაქციები და ა.შ.) ან პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელი ვიზუალური ნიშნების მიხედვით: ნალექის წარმოქმნა (შეიძლება იყოს რამდენიმე ქიმიური პროცესის შედეგი), პრეპარატის ფერის ცვლილება, აიროვანი ნივთიერებების გამოყოფა; ცალკე ჯგუფად გამოყოფენ ხილული გამოვლინებების გარეშე მიმდინარე ცვლილებებს.
ნალექის წარმოქმნის მიზეზები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ნივთიერებების დალექვა, მათ შორის შხამიანი და ძლიერმოქმედი ნივთიერებების. ზოგჯერ ნალექი შეიცავს 2-3 ნივთიერებას და ქიმიური ცვლილებები მხოლოდ ნალექის წარმოქმნით არ შემოიფარგლება: ქიმიური რეაქციები მასშიც გრძელდება. ყველაზე ხშირი მოვლენა ფარმაცევტულ პრაქტიკაში არის ნალექის წარმოქმნა თხევად სამკურნალწამლო ფორმებში, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ალკალოიდები და სხვა აზოტოვანი ფუძეები. ალკალოიდები, ქიმიური აგებულებით, წარმოადგენენ სუსტ ფუძეებს და ამიტომაც თავიანთი მარილებიდან შეიძლება გამოდევნებულ იქნან უფრო ძლიერი ფუძეების მიერ. ალკალოიდის მარილთა უმეტესობა წყალში ადვილად ხსნადია. თუმცა თავიანთი მარილებიდან გამოდევნილი ალკალოიდი-ფუძეები წარმოქმნიან ნალექს. გამონაკლისს წარმოადგენენ კოდეინი, თერმოპსინი, პილოკარპინი და სხ. პურინული ჯგუფის ალკალოიდები არ ილექებიან ტუტეების ზეგავლენით, თუმცა ილექებიან მჟავე გარემოში. ალკალოიდებზე ტუტეების ზემოქმედება ხშირად იწვევს მათი მოლეკულების დესტრუქციას. ალკალოიდების ფუძეები შეიძლება დაილექონ არა მარტო უფრო ძლიერი ფუძეების ზემოქმედებით, რომლებიც გამოდევნიან მათ მარილებიდან, არამედ მათი დაშლის და ნეიტრალიზაციის რეაქციის შედეგადაც, რომლებიც ცვლიან გარემოს პH-ის მაჩვენებლებს.
ტუტე გარემოში სუსტი ორგანული აზოტოვანი ფუძეების მარილები მოქმედებენ ალკალოიდების მარილთა ანალოგიურად; კერძოდ, ტუტედ მოქმედი ნივთიერებებთან შეუთავსებელია მორფინის ისეთი სინთეზური შემცვლელები, როგორებიცაა ლიდოლი, პრომედოლი, ტიფენი და სხ. ტუტოვან ინგრედიენტებთან ასევე შეუთავსებელია ადგილობრივი ანესთეტიკები (ნოვოკაინი, დიკაინი, სოვკაინი). ალკალოიდების და აზოტოვანი ფუძეების მარილთა ნალექი წარმოიქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც მიმოცვლითი დაშლის რეაქციის შედეგად წარმოიქნებიან ძნელად ხსნადი მარილები (სულფატები, ბენზოატები, სალიცილატები) და ზოგიერთი ორგანული მჟავების მარილები, რომლებსაც შეიცავენ მცენარეული ექსტრაქტები (მაგ., გლიცირინის მჟავას მარილი ძირტკბილას ფესვიდან). ალკალოიდების ჰალოგენებთან და მათ ნაერთებთან ურთიერთქმედების შედეგად ასევე წარმოიქმნება ნალექი. იოდის ნაერთს კალიუმის იოდიდთან შეუძლია დალექოს ალკალოიდები პოლიიოდიდების სახით, ხოლო ვერცხლისწყლის იოდიდის ნაერთს კალიუმის იოდიდთან ძალუძს ალკალოიდები დალექოს იოდიდმერკურიატების სახით. კალიუმის იოდიდი მრავალ ალკალოიდთან და აზოტოვან ფუძეებთან წარმოქმნის ნალექს ჰიდროიოდიდების სახით. ბრომიდები, იოდიდებზე ნაკლებად, წარმოადგენენ ნალექის _ ალკალოიდების ძნელად ხსნადი ბრომ-წყალბადის მარილების _ წარმოქმნის მიზეზს. ალკალოიდები და აზოტოვანი ფუძეები სათრიმლავ ნივთიერებებთან წარმოქმნიან წყალში უხსნად ალკალოიდების ტანატებს.
ნალექი შესაძლოა წარმოიქმნას საგულე გლიკოზიდების მძიმე მეტალების იონებთან, სათრიმლავ ნივთიერებებთან, ალკალოიდების მარილებთან და ჰალოგენებთან ურთიერთქმედების შედეგად. ყველაზე ხშირად, საგულე გლიკოზიდების დალექვის მიზეზია მათი ურთიერთქმედება სათრიმლავ ნივთიერებებთან. საგულე გლიკოზიდები ძალიან მგრძნობიარენი არიან მჟავების, ტუტეების და დამჟანგველების ზემოქმედებებისადმი. ამ დროს გამოვლენილ მათ ნაწილობრივ ან სრულ ინაქტივაციას, ზოგჯერ, თან სდევს მომწამლავი ნალექების წარმოქმნა.
ნალექი, აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას იმ სამკურნალწამლო ფორმებისგან, რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს. პენიცილინის მოლეკულის β-ლაქტამური რგოლი, ტუტეების, მჟავების, აგრეთვე ზოგიერთი სპირტის, მძიმე მეტალების იონების და ფერმენტების ზეგავლენით ადვილად განიცდიან ჰიდროლიზს. ამ დროს განვითარებულ ანტიბიოტიკის მოლეკულის დესტრუქციაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნალექის წარმოქმნით. ტეტრაციკლინი პოლივალენტური მეტალების კათიონებთან, ბორის მჟავასთან, ფოსფორის მჟავას მარილებთან, ოქსაკარბონის მჟავებთან და სხ. წარმოქმნის უხსნად ან ძნელად ხსნად კომპლექსებს. თუმცა ანტიბიოტიკების მოლეკულების დესტრუქცია ხშირად ვითარდება ხსნარების გამოხატული ცვლილებების გარეშე.
იმ სამკურნალწამლო ფორმებმა, რომლებიც კომპონენტების სახით შეიცავენ ბარბიტურის მჟავების წარმოებულებს და სულფანილამიდურ პრეპარატებს, ასევე შეიძლება წარმოქმნან ნალექი. ბარბიტურის მჟავას წყალში ხსნადი წარმოებულები შეუთავსებელია მჟავებთან, ტუტე-მიწის მეტალების მარილებთან, ორგანული ნაერთების მარილებთან და ზოგიერთ სხვა ნივთიერებებთან. მჟავები, ურთიერთქმედებენ რა ბარბიტურის მჟავას (ბარბიტალ-ნატრიუმი, ეტამინალ-ნატრიუმი და სხ.) და სულფანილამიდების ნატრიუმის მარილებთან (ნორსულფაზოლ-ნატრიუმი, სულფაცილ-ნატრიუმი, ეტაზოლ-ნატრიუმიო და სხ), წარმოქმნიან წარმოებულებს, რომელთა წყალში ხსნადობა უფრო სუსტია, ვიდრე შესაბამისი ნატრიუმის მარილების. ერთ სამკურნალწამლო ფორმაში ბარბიტურის მჟავას ნატრიუმის მარილების და ტუტე-მიწის მეტალების მარილების შეერთების შედეგად წრმოიქმნებიან ნაკლებად ხსნადი ან უხსნადი ნალექები. ბარბიტურის მჟავას ნატრიუმის მარილების და სულფანილამიდების ალკალოიდების და აზოტოვანი ფუძეების მარილებთან ურთიერთქმედების შედეგად ადგილი აქვს გაცვლით რეაქციებს, რომელთა პროდუქტებიც განიცდიან დალექვას.
მძიმე მეტალების (ვერცხლი, ტყვია, ვერცხლისწყალი, თუთია და სხ.) ნაერთების ხსნარებმა, ნალექი შეიძლება წარმოქმნან ალკალოიდებთან და აზოტოვან ფუძეებთან, სათრიმლავ ნივთიერებებთან, ტუტე-მიწის მეტალების მარილებთან, ჰალოგენების ნაერთებთან, ფერმენტებთან, საგულე გლიკოზიდებთან, ბარბიტურის მჟავას და სულფანილამიდების ნატრიუმის მარილებთან და ა.შ. გარდა ამისა, ნალექი შეიძლება წარმოიქმნას თვითონ მძიმე მეტალების მარილების ხსნარებს შორის გაცვლითი რეაქციების შედეგად. ხშირად, ტუტე-მიწის მეტალების (კალციუმის, მაგნიუმის) მარილებმა, თხევად სამკურნალწამლო ფორმებში, შესაძლოა იმოქმედონ ნატრიუმის ჰიდროკარბონატთან და ტუტე მეტალების სხვა ნაერთებთან, მათ შორის, ბენზოატებთან და სალიცილატებთან და, ამის შედეგად, წარმოქმნან ნალექი.
პრეპარატის შეფერილობის ცვლილება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. უფრო ხშირად, ეს აღინიშნება ჟანგვა-აღდგენითი პროცესების შედეგად. ასე მაგალითად, რეზერცინის ნარევები ტუტე მეტალების შენაერთებთან (მაგ., ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და სხ.) სწრაფად ღებულობენ მურა (წაბლისფერ) შეფერილობას. ძალიან არამდგრადია ისეთი ნაერთები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან აპომორფინი და ტუტე რეაქციების მქონე თხევადი სამკურნალწამლო ფორმის კომპონენტები. ამ დროს, ნალექის სახით წარმოქმნილი ფუძეების ჟანგვის პროდუქტებს გააჩნიათ მწვანე შეფერილობა. ფერის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ნეიტრალიზაციის რეაქციაც. მაგ., როგორც წესი, მჟავე რეაქციის მქონე კენკროვანი სიროფის ტუტეებთან შეერთების შედეგად სიროფის სასიამოვნო ფერი ღებულობს გაურკვეველ, ჭუჭყიან შეფერილობას.
ზოგჯერ, დამზადებიდან სხვადასხვა პერიოდის გავლის შემდეგ, სამკურნალწამლო ფორმების რამდენიმე კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად აღინიშნება პრეპარატის სუნის შეცვლა, აიროვანი ნივთიერებების გამოყოფა. ასე ხდება წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ტუტოვან აგენტებთან (მაგ. ნატრიუმის ტეტრაბორატთან), ფენოლებთან (რეზორცინი), გაურკვეველი რიგის შენაერთებთან, მაგ., ლანოლინის შემადგენლობაში მყოფ ნაერთებთან, შეერთების შედეგად. ძლიერი ტუტეებით ზემოქმედების გამო ამონიუმის მარილებიდან გამოიყოფა ამიაკი. ტუტოვან გარემოში შეიძლება მოხდეს ქლორალჰიდრატის დაშლა, რაც ვლინდება ქლოროფორმის სუნის გაჩენით.
ძალიან რთულია ისეთი სახის ქიმიური შეუთავსებლობის გარჩევა, რომელსაც არ გააჩნია გარეგანი გამოვლინებები, რამეთუ შეუძლებელია ვიზუალური დაკვირვება სამკურნალწამლო ფორმების კომპონენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასეთ შეუთავსებლობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის შემცირებით ან არარსებობით. გარეგანი გამოვლინებების გარეშე მიმდინარე, ღრმა ქიმიური ცვლილებების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს ცვლილებები, რომლებიც ვითარდება პენიცილინის ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან (ადრენალინის ჰიდროქლორიდი, ეთილის სპირტი, წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და სხ.) შეუღლების შედეგად. სტრეპტომიცინის და ტეტრაციკლინის ანტიმიკრობული აქტივობა მცირდება აღნიშნული ანტიბიოტიკების დაჟანგვით და მათი ურთიერთქმედებით ტუტეებთან. ასევე, გარეგანი ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს საგულე გლიკოზიდების, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავას შემცველი პრეპარატების, რიბოფლავინის და სხვა ვიტამინების დაშლის და ინაქტივაციის პროცესები. ზოგიერთი ფერმენტული პრეპარატის აქტივობა მკვეთრად მცირდება მათი შეერთებით ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც განაპირობებენ ნარევის პH-ის ცვლილებას. ასე მაგალითად, პეპსინის აქტივობა მცირდება ტუტოვანი აგენტების არსებობის პირობებში, პანკრეატინის _ მჟავების არსებობის დროს.
ზოგჯერ, შეუთავსებელ შენაერთებს არასწორად მიაკუთვნებენ ისეთ რეცეპტურებს, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით არიან არარაციონალურნი. სინამდვილეში, ასეთი რეცეპრურის ანალიზის შემდეგ, შესაძლოა, ნანახი იქნას მისი დამზადების ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამასთან ერთად, პრაქტიკულ საქმიანობაში ასევე შეიძლება შეგვხვდეს ისეთი რეცეპტები, რომელთა შესრულებისას შესაძლოა წარმოიქმნას ესა თუ ის სიძნელეები, თუმცა ყველა მათგანის გადაწყვეტა შეიძლება, თუ პრეპარატის დამზადებისას გამოვიყენებთ მართებულ ტექნოლოგიას. რიგ შემთხვევებში, ფარმაცევტს, რეცეპტის აფთიაქში მოხვედრისთანავე, მხოლოდ ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია შეასწოროს რეცეპტები შეუთავსებელ შენართებზე; მაგ., სამკურნალწამლო ფორმების კომპონენტები, რომლებიც განაპირობებენ შეუთავსებლობას, შეიძლება გაცემულ იქნას ცალ-ცალკე, ინგრედიენტებით. ზოგჯერ დასაშვებია ერთი ინგრედიენტის შეცვლა მსგავსი თვისებების მქონე მეორე კომპონენტით (მაგ., კოდეინის ფოსფატი კოდეინის ფუძით), ან შესაძლებელია ერთი ნაერთის მეორეში გადაყვანა აქტივობის ცვლილების გარეშე (მაგ., ნატრიუმის ჰიდროკარბონატის მეშვეობით გარემოს ნეიტრალიზაციის გზით ასკორბინის მჟავას გადაყვანა მის ნატრიუმის მარილში) და ა.შ. თუმცა, ყველა ეს ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან.
იხ. აგრეთვე სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები. >>>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.