სამედიციო ტერმინოლოგია აღორძინების პერიოდიდან

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

XIV საუკუნიდან  მოყოლებული არაბული მედიცინის გავლენა თანდათან სუსტდებოდა, მაგრამ ევროპული მედიცინის განვითარებას ხელს უშლიდა უზარმაზარი ტერმინოლოგიური ქაოსი.        ნათელი გახდა, რომ ტერმინოლოგიის მოწესრიგების  გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მედიცინის შემდგომი განვითარება. ევროპელი ექიმები აღარ ენდობოდნენ არაბიზებულ გალენს და დაუბრუნდნენ პირველწყაროებს –  შეურყვნელ ბერძნულ დედნებს. თანდათანობით იზრდებოდა ინტერესი კლასიკური ბერძნული მედიცინისადმი.

ეს პროცესი დაემთხვა ახალი ეპოქის დასაწყისს – გარდამავალი პერიოდი შუასაუკუნეებიდან ახალ დროში. დასავლეთ და ცენტრალური ევროპის აღორძინების ეპოქა (XV—XVI სს.). 1443 წ. მოძიებულ იქნა ავლა კორნელი ცელსიუსის  ნაწარმოები „მედიცინის შესახებ“, ხოლო 1478 წ. ის პირველად გამოიცა ფლორენციაში, რომელმაც ევროპელ ექიმებს დაანახა ის დიდი უფსკრული, რომელიც იყო კლასიკურ ლათინურ ენას, ცელსიუსის ტერმინოლოგიასა და შუასაუკუნოვან ლათინურს შორის. ამ დროიდან ცელსიუსის ნაწარმოები იქცა ტერმინილოგიური სიზუსტის ნიმუშად.

გაჩაღდა  მიზანმიმართული ბრძოლა სამედიცინო ტერმინოლოგიის ერთ ენად დამკვიდრებისათვის, სინონიმთა რაოდენობის შემცირებისათვის, გაუგებარი არაბიზმებისაგან და ბარბარიზმებისაგან გაწმენდისათვის. ყალიბდება ახალი ლათინური – აღორძინების ლათინური, როგორც  საერთაშორისო სამეცნიერო ენა ევროპულ რეგიონში. ლათინური ენის განახლებაში  დიდი წვლილი შეიტანეს ანატომებმა, ვინაიდან  XVI ს. იყო ანატომიური აღმოჩენების საუკუნე, ამ დროისთვის ანატომიური ტერმინოლოგია იყო არეულ-დარეული. აღორძინების ეპოქის მრავალი ანატომი იძულებული იყო გამხდარიყო ფილოლოგიც.       ლათინურ ენაზე ანატომიური ტერმინოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ანატომიის ფუძემდებელს ანდრეას ვეზალს (1514-1564 წწ.). ვეზალმა ძირითადად გამოიყენა ცელსიუსის მიერ შემოტანილი დასახელებები, მან ანატომიურ სახელწოდებებს მიანიჭა  ერთმნიშვნელობა და გაწმინდა ანატომიური ტერმინოლოგია ბარბარიზმებისაგან.

თანამედროვე ანატომიურ ნომენკლატურაში ვეზალის მიერ  შემონახულ დასახელებათა შორის არის: atlas — ატლანტი, crista galli — მამლის ბიბილო, incus — გრდემლი, malleolus — კოჭი, os ilium — თეძოს ძვალი, scapula — ბეჭის ძვალი; შემონახულია ასევე ვეზალის მოსწავლეების მიერ შემოღებული ტერმინები, მაგალითად ფალოპის მიერ (1523-1562 წწ.) — tuba uterina —საშვილოსნოს მილი, labyrinthus — შიგნითა ყურის ლაბირინთი, კოლომბო (1516-1559 წწ.)— pelvis — მენჯი. ახალი ტერმინების შექმნის დროს ზოგიერთი ანატომი მიმართავდა მეტაფორულ დასახელებას. არანციუსმა (1530-1589 წწ.) შემოიღო ტერმინი  cornu Ammonis ან hippocampus — ამონის რქა ან ჰიპოკამპი (ზღვის ცხენი), ხოლო სევერინემ (დაახლ. 1643 წწ.) — caput Medusae — მედუზას თავი (მით. მედუზა გორგონა)
დიდია აღორძინების ეპოქის ანატომების  წვლილი ანატომიური ტერმინების  ლექსიკური ფონდის  განვითარებაში, რაც თავის მხრივ ანატომიის განვითარებამ გამოიწვია.  XVIII საუკუნის ბოლოსათვის ანატომიურ ტერმინთა რაოდენობა აღემატებოდა 30 000, მაშინ როცა ძველი ბერძნების მიერ მხოლოდ 700 იყო დადგენილი.
XVII საუკუნის მეცნიერულმა რევოლუციამ  გამოიწვია სამედიცინო მეცნიერების პროგრესი, რაც ხასიათდებოდა ახალი მეცნიერული დისციპლინებისა და ფუნდამენტური სამეცნიერო მიმართულებების ჩამოყალიბებით. ამას თან ახლდა ახალი ტერმინების შექმნა.
ამდენად ახალი ლათინური ენა ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერების, კერძოდ კი მედიცინის ერთიან საერთაშორისო ენად.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

სამედიციო ტერმინოლოგია აღორძინების პერიოდიდან.