საკვერცხე

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საკვერცხე Ovarium Ovary

საკვერცხე – ovarium, ქალის სასქესო ჯირკვალია; არის წყვილი ორგანო და მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს ორივე მხარეს. ჯორჯლით ჯირკვალი ფიქსირებულია საშვილოსნოს განიერი იოგის უკანა ფურცელზე, საშვილოსნოს ლულის ქვემოთ. საკვერცხე მოლურჯო – თეთრი ფერისაა, აქვს ოვალური ფორმა და მცირედ ბორცვებიანი ზედაპირით; მასზე განარჩევა: ორი ზედაპირი – მედიალური – facies medialis, და ლატერალური – facies lateralis;  ორი კიდე – თავისუფალი კიდე – margo liber;  და ჯორჯლის კიდე – margo mesovaricus; ორი ბოლო – ლულის ბოლო – extremitas tubaria, და საშვილოსნოს ბოლო – extremitas uterina.

საკვერცხე

საკვერცხის სიგრძე ზრდასრულ ასაკში მერყეობს 2,5 – 5 სმ-მდე, სიგანე 1,5 – 3 სმ-მდე და სისქე – 0,5 – 1,5 სმ-მდე; წონა დაახლოებით 5 – 8 გ-ია. საკვერცხე მედიალური კიდით ჩამოკიდებულია საშვილოსნოს განიერი იოგის უკანა ფურცელზე პერიტონეუმის ნაოჭით, რომელსაც  საკვერცხის ჯორჯალი – mesovarium ეწოდება. ჯორჯალს კიდეზე აქვს ნაპრალი, ე. წ. საკვერცხის კარი – hilus ovarii, საიდანაც ჯირკვალში შედის სისხლძარღვები და ნერვები. საკვერცხის თავისუფალ კიდეს აქვს გამოდრეკილი ფორმა და თავისუფლადაა დაკიდებული მენჯის ღრუში. მიკროსკოპულად საკვერცხე არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა; გარედან იგი დაფარულია კუბური ერთშრიანი ჩანასახოვანი ეპითელით.  მის ქვეშ მდებარეობს შემაერთებელქსოვილოვანი საკვერცხის თეთრი გარსი – tunica albuginea. საკვერცხის მასა წარმოქმნილია: ზედაპირულად მდებარე ქერქოვანი, ანუ ჯირკვლოვანი ნივთიერება – cortex ovarii, ცენტრალურად მდებარე, სისხლძარღვებით მდიდარი – ტვინოვანი ნივთიერება – medulla ovari და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი – სავერცხი ჩონჩხი – stroma ovarii. ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებების განვითარება დამოკიდებულია ინდივიდის ასაკზე. ქერქოვანი ნივთიერება შეიცავს განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ მრავალრიცხოვან ფოლიკულებს. მცირე ზომის ფოლიკულებს ეწოდება პირველადი ფოლიკულები – folliculi ovarii primarii. შედარებით დიდი ზომის ფოლიკულები შეიცავენ ფოლიკულის სითხეს და მათ – საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკულები – folliculi ovarid vesiculosi. ეწოდება.

ქალის სასქესო ორგანოები

თითოეული ბუშტუკი წარმოადგენს ღრუს, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ეპითელით, გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით; ბუშტუკში ვითარდება ქალის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი – ovum. მომწიფების პროცესში ფოლიკული დიდდება და უახლოვდება საკვერცხის ზედაპირს. მომწიფებული ფოლიკულის კედელი წარმოადგენს სქელ შემაერთებელქსოვილოვან – ფოლიკულის გარსს – theca folliculi; მომწიფებულ ფოლიკულში გარსი სკდება და ფოლიკულიდან გამოსული კვერცხუჯრედი საკვერცხის ფოჩით – fimbria ovarica საშვილოსნოს ლულის – tuba uterina,  გავლით მიიმართება საშვილოსნოსაკენ (ოვულაციის პროცესი). ფოლიკული შესაძლოა ვერ განვითარდეს ბოლომდე და ასეთ დროს იგი თანდათანობით გაიწოვება. გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წარმოიქმნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი – ყვითელი სხეული – corpus luteum, რომელიც ატროფირდება და გარდაიქმნება თეთრ სხეულად – corpus albicans; თეთრი სხეული შემდგომში ქრება. საკვერცხის განაყოფიერების შემთხვევაში ყვითელი სხეული განაგრძობს არსებობას ორსულობის ბოლომდე და მას ნამდვილი ყვითელი სხეული ეწოდება.

ქალის შარდ-სასქესო სისტემა

საკვერცხის ჩონჩხი – stroma ovarii, შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან. იგი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც მასში შედიან საკვერცხის კარის გავლით, ასევე ლიმფური ძარღვებითა და ნერვებით. საკვერცხე ლულის ბოლოთი ესაზღვრება პერიტონეუმის პარიეტულ ფურცელს და მდებარეობს ე. წ. საკვერცხის ფოსოში – fossa ovarica, რომელიც ზემოდან მოსაზღვრულია თეძოს გარეთა სისხლძარღვებით – vasa iliaca extema, უკანიდან – თეძოს შიგნითა სისხლძარღვებით – vasa iliaca interna, და შარდსაწვეთით, წინიდან – შარდბუშტ – ჭიპის გარეთა იოგით, ქვემოდან – შიგნითა დამხურავი და საშვილოსნოს არტერიებით – aa.. obturatoria et uterina. საკვერცხის მედიალური ზედაპირი მიმართულია მცირე მენჯის ღრუში. საკვერცხის ლულის ბოლო, რომელიც მიმართულია საკვერცხის ფოჩისაკენ – fimbria ovarica, ფიქსირებულია საკვერცხის საკიდი იოგით – lig. suspensorium ovarii, და აფიქსირებს საკვერცხეს მენჯის გვერდით ზედაპირზე; იოგი შეიცავს საკვერცხის სისხლძარღვებსა და ნერვებს. საკვერცხის საშვილოსნოს ბოლოდან საშვილოსნოს კიდემდე საშვილოსნოს განიერ იოგში გადაჭიმულია საკვერცხის საკუთარი იოგი – lig. ovarii proprium; იგი მთავრდება საშვილოსნოს გვერდით ზედაპირზე, საშვილოსნოს ლულის ქვემოთ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.