რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ორგანიზმის ნორმალურ ცხოველმოქმედებას თან სდევს მკვდარი უჯრედებისა და ქსოვილების ცვლის მუდმივი პროცესი, რასაც ფიზიოლოგიური რეგენერაციის ეწოდება. სხვადასხვა ქსოვილები განსხვავდებიან აღდგენის (რეგენერაციის) უნარით. ეს უნარი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიოლოგიური რეგენერაცია ქსოვილის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში. სისხლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის, კანის საფარველის ეპითელიუმის და სხვათა უჯრედები სწრაფად ახლდებიან და ამიტომ მათ მიერ ფორმირებული ქსოვილები ხასიათდებიან რეგენერაციის მაღალი პოტენციალით. პირიქით, ნეირონებისა და კუნთების უჯრედების რეგენერაცის პოტენციალი მინიმალურია (უახლოვდება ნულოვანს). ასაკის, თანმხლები დაავადებების, ტოქსიური და ეკოლოგიური ფაქტორების, რადიაციის გავლენით ფიზიოლოგიური რეგენერაციის პროცესი შეიძლება დამუხრუჭდეს. ანალოგიური ეფექტი აქვს ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის იმუნოდეპრესანტებს, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ზოგიერთ ანტიბიოტიკს და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. ფიზიოლოგიური რეგენერაციის პროცესის დათრგუნვას მოჰყვება ცვლის პროცესების დარღვევა, ლეიკო- და თრომბოციტოპენიის გაჩენა, ანემია, ლორწოვანი გარსის დაზიანება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტისაც და სხვა. სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ ფიზიოლოგიური რეგენერაციის პროცესის დაჩქარებისა და ინტენსივობის გაზრდის უნარი რეგენერაციის სტიმულატორები ანუ რეგენერანტები ეწოდება. ტრავმების, დაზიანებების ან დისტროფიის (ინტოქსიკაცია, ჰიპოქსია, ინფექციები და სხვა) შედეგად ქსოვილებისა და ორგანოების მკვდარი უბნების აღდგენა წარმოადგენს რეპარაციური რეგენერაციის პროცესს. შესაბამისად, პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ რეგენერაციის (რეპარაციული რეგენერაციის) სტიმულირების უნარი უწოდებენ რეპარანტებს. რეპარაციის შედეგად ხდება ნეკროზის უბნების ჩანაცვლება სპეციფიკური და/ან შემაერთებელი ქსოვილით (ხასიათდება რეგენერაციის ყველაზე მაღალი პოტენციალით). რეგენერაციული ქმედების საერთო მექანიზმი მოიცავს პურინული და პირიმიდინული ფუძეების, რიბონუკლეინმჟავას, ფუნქციონალური და ფერმენტაციური უჯრედოვანი ელემენტების, მათ შორის მემბრანების ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზის გაძლიერებას, აგრეთვე დეზოქსირიბონუკლეინმჟავას რედუპლიკაციის და უჯრედების დაყოფის სტიმულირებას. აღსანიშნავია, რომ ბიოსინთეზის პროცესი როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რეპარაციული რეგენერაციის მსვლელობაში საჭიროებს სუბსტრატულ უზრუნველყოფას (შეუცვლელი ამინო- და ცხიმოვანი მჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები). გარდა ამისა, ცილების და ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზის პროცესი გამოირჩევა მაღალი ენერგომოთხოვნილებით და მისი სტიმულაცია თხოულობს შესაბამის ენერგოუზრუნველყოფას (ენერგეტიკულ მასალებს). ასეთ საშუალებებს, რომლებიც სუბსტრატულად და ენერგეტიკულად უზრუნველყოფენ რეგენერაციის პროცესების მიმდინარეობას, მიეკუთვნებიან აქტოვეგინი, სოლკოსერილი და სხვა. ხშირად ძნელია ამ პრეპარატების ეფექტის გარჩევა საკუთრივ რეგენერაციის ეფექტისაგან. ქმედების ლოკალიზაციის (და ფარმაკოთერაპიის ამოცანების) შესაბამისად რეგენერაციის და რეპარაციის სტიმულატორები პირობითად იყოფა ზოგადუჯრედულ (უნივერსალურ) და ქსოვილსპეციფიკურ ქვეჯგუფებად. ზოგადუჯრედულ სტიმულატორებს, რომლებიც მოქმედებენ ნებისმიერ რეგენერირებად ქსოვილზე, მიეკუთვნებიან ანაბოლური სტეროიდები, არასტეროიდული ანაბოლიკები – ნატრიუმის დეზოქსირიბონუკლეატი (დერინატი), მეთილურაცილი, ინოზინი და სხვა, და პლასტიკური ცვლის ვიტამინები. რეგენერაციის პროცესის ქსოვილსპეციფიკურ სტიმულატორებს წარმოადგენენ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე პრეპარატები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ქვეჯგუფებში ამა თუ იმ ქსოვილზე ან ორგანოთა სისტემაზე შერჩევითი მოქმედების მიხედვით. ძვლის ტვინში სისხლის ფორმული ელემენტების წარმოქმნის აღმდგენელი საშუალებები მიეკუთვნებიან სისხლწარმოქმნის სტიმულატორებს, ვიტამინი D და კალციუმის, ფოსფორის და ფტორის პრეპარატები, ქონდროიტინ-სულფატი, ოსტეოგენონი და სხვები ხასიათდებიან ძვლის ქსოვილში რეგენერაციული პროცესების გაძლიერების უნარით. ხრტილოვან ქსოვილში აღდგენით პროცესებს ასტიმულირებენ და უზრუნველყოფენ C, E ვიტამინები, ქონდროიტინ-ფოსფატი და სხვა საშუალებები.
რეგენერაციის ქსოვილსპეციფიკური სტიმულატორების პრეპარატების უმრავლესობა გავლენას ახდენს კანსაფარველის რეგენერაციასა და რეპარაციაზე. ამ საშუალებათა გამოყენების ჩვენებებია: ძნელად შეხორცებადი იარები, ტროფიკული წყლულები, დამწვრობები, ნაწოლები და სხვა. აღნიშნული ჯგუფის საშუალებათა უმრავლესობაში, მათ შორის მცენარეული წარმოშობის აქტიური ნივთიერებების შემცველებში, კანის რეგენერაციის სტიმულირების უნარი ეხამება სხვა ეფექტებსაც: ანთების საწინააღმდეგო (ლაშქარასა და კალენდულას მალამო), ანტიოქსიდანტურ (რევალიდი), სისხლის შედედების და შედედების საწინააღმდეგო სისტემების ბალანსის აღდგენის, ლოკალური მიკროცირკულაციის და კანის ტროფიკის გაუმჯობესების (ჰეპათრომბინი, ქსიმედონის აბები და სხვა) და ანტიბაქტერიულ (პოლივინოქსი, თუთიის ჰიალურონატი, ფიტოსტიმულინი და სხვა) ეფექტებს. ანტიბაქტერიული მოქმედების უნარი მეტად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ კანის დაზიანებული უბნების ინფიცირების გაზრდილ რისკს. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნის ძირითადი მიზანია დაზიანების ადგილზე დერმალური და შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კანსაფარველის ეპითელიზაციით შეხორცება შესაძლებელია ზედეპირული პროცესების დროს (ეროზიები, წყლულები, დამწვრობები და სხვა). კანის უფრო ღრმა დაზიანებები ხორცდება შემაერთებელ-ქსოვილური ნაწიბურის ფორმირებით. ნეირონების მიმართ რეგერაციულ მოქმედებას ახდენენ ნოოტროპები. რეტინალამინი (მსხვილი რქოსანი საქონლის ან ღორების თვალის ბადურადან მიღებული პოლიპეპტიდური ფრაქციების კომპლექსი) ახდენს ქსოვილსპეციფიკურ მარეგენერირებელ ქმედებას თვალის ბადურაზე.

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.