ონკოპაციენტების ფსიქორეაბილიტაცია

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N25, მაისი, 2010 წ

doctorsრატომ არის მნიშვნელოვანი ონკოპაციენტების ფსიქორეაბილიტაცია

ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული საკითხები დიდი ხანია გასცდა ჯანდაცვის ფარგლებს და ღრმა სოციალური პრობლემის მნიშვნელობა მიიღო დიაგნოზი – „კიბო“ ადამიანთა ქვეცნობიერებაში ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაავადებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად იკლებს ასაკი – კიბო „ გაახალგაზრდავდა“.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით 2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 46455 დაავადებული. ყოველწლიურად აღირიცხება 7000 ახალი შემთხვევა, მათგან დაახლოებით 800 ბავშვია.
ონკოლოგიური დაავადების კლინიკური სურათი არ შემოიფარგლება სიმპტომებით,რომელსაც იწვევს კონკრეტული პათოგენური ფაქტორი, არამედ აუცილებლად მოიცავს ონკოპაციენტის ცხად ან ფარულ დამოკიდებულებას დაავადების მიმართ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ პაციენტის სომატურ ტანჯვას თან ახლავს პიროვნების რეაქცია, ანუ მორალური ტანჯვა. თითოეული კომპონენტის წილი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსხავავებულია, თუმცა ისინი აუცილებლად ერთადაა წარმოდგენილი.
თანამედროვე ონკოლოგია, ახდენს რა მკურნალობის პროცესში პაციენტის მონაწილეობის დეკლარირებას, საქმით მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში ამყოფებს მას, რასაც თან ერთვის დიაგნოსტიკურ – სამკურნალო პროცესის, ქიმიო და სხივური თერაპიის სირთულე, ხანგრძლივობა, ონკოკლინიკის დამთრგუნავი გარემო. მუდმივი სტრესის შედეგად ონკოპაციენტებში ვითარდება მძიმე „ფსიქოლოგიური ვაკუუმი“, რომლის გამოვლინებაცაა დეპრესია, აპათია, გაღიზიანებადობა, ფსიქოლოგიური თვითიზოლაცია,სამედიცინო გამოკვლევების, მანიპულაციების და მკურნალობის პანიკური შიში. ამ დროს დაავადებული ადამიანი მარტო რჩება თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, მარტივი მიზეზის გამო –
ყველაზე თანამედროვე ონკომკურნალობის სქემაც კი ვერ დაეხმარება პაციენტს ახალ რეალობასთან ფსიქოლოგიურ ადაპტაციაში. ეს მხოლოდ ფსიქოონკოლოგის კომპეტენციაა.
ყოველივე ზემოთ თქმული განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებში. მათი ჩამოუყალიბებელი და დაუცველი ფსიქიკა არაჯანსაღი რეაქციებით პასუხობს გარემოებების მოულოდნელ და ნეგატიურ ცვლილებას. პატარა ონკოპაციენტებს უქვეითდებათ დაავადებასთან ბრძოლის უნარი, რაც უარყოფითად აისახება მკურნალობის ეფექტურობასა და ვადებზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება დანახარჯები სტაციონარულ მკურნალობაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში ონკოპათოლოგიების მკურნალობის ამ ასპექტს არ ექცევა სათანადო ყურადღება, რაც დისონანსშია მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკასთან. დღეს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ონკოპაციენტების მკურნალობის პროცესის ერთ – ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა დიაგნოზის დასმის მომენტიდან მკურნალობის დასრულებამდე. ონკოკლინიკებში აქტიურად ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს, საქველმოქმედო ორგანიზაციების, თუ ფონდების ფინანსური მხარდაჭერით. ონკოლოგებს და ონკოფსიქოლოგებს კარგად ესმით პაციენტის დადებითი განწყობის, ფსიქოემოციური სტაბილურობის უდიდესი როლი მკურნალობის პროცესში. აქვე უნდა აღინიშნოს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობაც, ამ მიმართულებითაც ნაყოფიერად მუშაობენ უცხოელი ონკოფსიქოლოგები. სასურველია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძნელად თუ ვინმეს, განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, მიუწვდება ხელი ისეთ ძვირადღირებულ სერვისზე, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროა ჩამოყალიბდეს ონკოპაციენტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის უფასო ცენტრები
ონკოკლინიკების ბაზაზე. კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება არა მარტო გააუმჯობესებს ონკოპაციენტების „სიცოცხლის ხარისხს“, არამედ ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას სოციუმში. სიმსივნით დაავადებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ნერვულ–ფსიქიკური დარღვევების კუპირება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მკურნალობის პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

თინათინ გაბრიჩიძე, ექიმი–ეპიდემიოლოგი