კონტრასტული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადებების სხივური დიაგნოსტიკისათვის ამჟმად იყენებენ რენტგენის სხივებს, მაგნიტური რეზონანსის მოვლენას და ულტრაბგერას. დიაგნოსტიკის ამ სახეობიდან ნებისმიერის შესაძლებლობები მრავალჯერ იზრდება კონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
1) რენტგენოკონტრასტული საშუალებები  (რკს);
2) მაგნიტურ-რეზონანსული კონტრასტული საშუალებები (მრკს);
3) ულტრაბგერითი კონტრასტული საშუალებები (უბკს).
რენტგენოკონტრასტული საშუალებების შემუშავება პრაქტიკულად დაიწყო 1895 წელს ვ.კ.რენტგენის მიერ X-სხივების აღმოჩენისთანავე, მრკს და უბკს კი მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია რაც მედიცინაში გამოიყენება. ბოლო წლებში განსაკუთრებული პროგრესი კონტრასტული საშუალებების სწორედ ამ ჯგუფის პრეპარატთა განვითრებაში  აღნინიშნება, თუმცა ახალი პრეპარატები ჩნდება რკს-თა შორისაც, რომლებიც სხივური დიაგნოსტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებად საშუალებებად  რჩებიან. დ პ.ვ.სერგეევის კლასიფიკაციის თანახმად რკს იყოფა ორ ჯგუფად: რენტგენონეგატიურები, რომლებიც ატარებენ რენტგენის სხივებს, და რენტგენოპოზიტიურები, რომლებიც აკავებენ მათ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ნახშირბადის დიოქსიდი, აზოტი, ჟანგბადი, ქსენონი და სხვა აირები, მეორე ჯგუფია – იოდჩანაცვლებული ნივთიერებები და ნივთიერებები, რომლებიც არ შეიცავენ იოდს. რენტგენოპოზიტიურ ნივთიერებებს აქვთ უფრო მაღალი სიმკვრივე, ვიდრე რბილ ქსოვილებს და ძვლებს. სიმკვრივე განისაზღვრება მოლეკულური მასით. რკს-ში შემავალი ელემენტების ატომური მასის გაზრდას მოჰყვება შინაგანი ორგანოების კონტრასტირების გაზრდა.
რბილი ქსოვილების სიმკვრივე დაახლოებით წყლის სიმკვრივის ტოლია (0,92-1,06 გ/სმ3), იოდის სიმკვრივე – 4,94 გ/სმ3 და ბარიუმისა – 3,51 გ/სმ3. რკს-ში შემავალ ელემენტებს შორის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა იოდი და ბარიუმი. ბარიუმის პრეპარატები (სულფატი) უკვე ნახევარი საუკუნეა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტირებისათვის, მათი მთავარი ღირსებაა ფარმაკოლოგიური ინერტულობა, მაგრამ მათი გამოყენება არ შეიძლება დახურული ღრუების ან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების კონტრასტირებისთვის. ანგიოგრაფიის, უროგრაფიის, ქოლეცისტოგრაფიის, მიელოგრაფიის და ამ მეთოდების სახესხვაობებისთვის 50-იანი წლებიდან სულ უფრო ხშირად გამოიყენება ორგანული იოდშემცველი რკს. მათ შორის გამორჩეულია იონური და არაიონური მონომერული და დიმერული იოდშემცველი რკს. არსებული წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით არაიონური რკს, იონურთან შედარებით, ხასიათდებიან უფრო მაღალი უსაფრთხოებით და უკეთესი ამტანობით. სამედიცინო პრაქტიკაში 1969 წლამდე დანერგილი იოდშემცველი ორგანული რკს-ები წარმოადგენენ წყალხსნარებში დისოცირებად მარილებს. მათი იონური ხასიათი და, მაშასადამე, ჰიპერფისოვნება (5-ჯერ მაღალია სისხლის ოსმოსურობაზე) განაპირობებს რიგ გვერდით ეფექტს: ჰიპოტონიას, ნეფროპათიას, კაპილარების შეღწევადობის გაზრდას, სისხლძარღვთა ავადმყოფურ მდგომარეობას, გულისრევას, ღებინებას და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვან ნაბიჯად რკს-ის ამტანობის გაუმჯობესებისათვის იქცა არაიონური პრეპარატების შექმნა, რომელთა ოსმოსურობა 2-3-ჯერ უფრო დაბალია იონურ რკს-თან შედარებით. პირველ ასეთ პრეპარატად იქცა მეტრიზამიდი (ამიპაკი), რომელმაც არასტაბილურობის გამო ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული შეიქმნა და დაინერგა სტაბილური ტრიიოდირებული მონომერული არაიონური რკს (იოჰექსოლი, იოპრომიდი და სხვა), რომლებიც რენტგენოლოგებს დიაგნოსტიკური ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო გარანტიებს აძლევს. დაბალი ტოქსიკურობისა და უკეთესი ამტანობის მიუხედავად, არაიონურმა რკს-ებმა ძვირადღირებულების გამო,  ჯერ-ჯერობით სრულად ვერ გამოდევნა იონური რკს-ები.
ტრიიოდჩანაცვლებული ორგანული რკს კლასიფიცირდებიან შემდეგნაირად:
I. იონურები
1)- ბენზომჟავას წარმოებულები (დიატრიზოატი, იოქსითალამატი, იოთალამატი,მეტრიოზატი, იოდამიდი)
2)- არილამინოაცეტილამინიოდბენზომჟავას წარმოებულები (იოქსაგლატი);
– ტრიიოდბენზოის მჟავის პოლიმეთილენური დიმერები (იოდიპამიდი, იოდოქსამატი, იოტროქსატი).
II. არაიონური
1) მონომერული (იოპამიდოლი, იოპრომიდი, იოჰექსოლი).
2) დიმერული (იოტროლანი, იოდიქსანოლი).
ქოლეგრაფიისთვის და ანგიოგრაფიისთვის გამოყენებული რენტგენოკონტრასტული საშუალებები გამოირჩევიან ფარმაკოკინეტიკის თავისებურებებით და შეიყვანებიან  შიგნით, ან ინტრავენურად, ან ინტრაარტერიულად. ვენაში შეყვანით ქოლეცისტოგრაფიული ნივთიერებები აღწევენ უჯრედულ მემბრანებში, აქტიურად გადამუშავდებიან ღვიძლით და დიფუნდირებენ ნაღველის სადინარებში. ისინი ექსკრეტირდებიან ღვიძლით შეუცვლელი სახით. ქოლეგრაფიული იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად, რაც გასათვალისწინებელია თირკმელების პათოლოგიური მდგომარეობების მქონე ავადმყოფების რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს. ანგიოუროგრაფიული საშუალებების ფარმაკოკინეტიკის თავისებურებას წარმოადგენს სისხლძარღვოვან არხში ცილებთან კავშირის გარეშე ცირკულაცია და, ამის გამო, თირკმელებით მათი ექსკრეციის მაღალი სიჩქარე (როცა შარდგამოყოფის სისტემა ფუნქციონირებს ნორმალურად). ჩვეულებრივ, ისინი გამოიყოფიან თირკმელებით შეუცვლელი სახით. რენტგენოკონტრასტული საშუალებების ტრანსპორტის, პლაზმის ცილებთან, სისხლის ფორმიან ელემენტებთან, ღვიძლისა და თირკმელების მემბრანულ სტრუქტურებთან ურთიერთქმედების მექანიზმების შესწავლის საფუძველზე ფორმულირებულია რენტგენოკონტრასტული საშუალებების ორგანოტროპულობის თეორია, რომლის არსი მდგომარეობს ქოლეცისტოგრაფიული რკს-ებისათვის უჯრედულ მემბრანებში მოლეკულირი ”ცნობის” პრინციპით ფუნქციონირებადი სატრანსპორტო სისტემების, ხოლო უროგრაფიული რკს-ებისათვის – სეკრეციის და თირკმელების მილაკებში კონცენტრირების სპეციალური მექანიზმების არსებობაში. იონური ანგიოუროგრაფიული რენტგენოკონტრასტული საშუალებების გვერდითი ეფექტი სისხლძარღვშიდა შეყვანაზე ჩნდება დაახლოებით შემთხვევათა 12%-ში, თანაც ზოგიერთი მათგანი ითხოვს სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში შექმნილია ახალი, ნაკლებად ტოქსიკური რენტგენოკონტრასტული საშუალებები, მათი გამოყენების უსაფრთხოება საკმაო აქტუალურ საკითხად რჩება. რკს-ებით გამოწვეული ყველა გვერდითი მოვლენა იყოფა ქემოტოქსიურ და ატოპიურ (ანაფილაქსოიდურ და ალერგიულ) მოვლენად. რკს-ებით ინდუცირებული ატოპიური მოვლენები განპირობებულია ჰისტამინის და სხვა მედიატორების გამოთავისუფლებით. ისინი უფრო ხშირად ვითარდებიან ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილ პაციენტებში და ძირითად საფრთხეს ქმნიან რკს-ის კლინიკური გამოყენების დროს. ქემოტოქსიური ეფექტი არსებობს პრაქტიკულად ყოველთვის და აიხსნება რკს-ის სისხლის უჯრედებიდან ქსოვილოვანი სითხისა და წყლის გადასვლის შედეგად ოსმოსური აქტივობით რკს-ის მოლეკულების თირკმელური მილაკების სანათურში მოხვედრის შემდეგ, მათი ლიპოფილურობით, ელექტრული მუხტით, ბიომაკრომოლეკულებთან ურთიერთქმედების უნარით და სხვა. ცენტრალური ნერვული სისტემის ცალკეულ უბნებზე, სადაც არ არის ჰემატოენცეფალური ბარიერი, მაგალითად, postrema-ს უბანზე, რომელზეც განლაგებულია ტრიგერული ზონები, რაც განაპირობებს გულისრევას და ღებინებას. სწორედ ამ ზონებზე კონტრასტული საშუალებების პირდაპირი მოქმედება (იგი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალია რენტგენოკონტრასტული საშუალების ოსმოსურობა) შესაძლოაა იყოს აღნიშნული გვერდითი ეფექტის მიზეზი.
ანაფილაქსოიდური რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად საჭიროა წინასწარი მედიკამენტოზური მომზადების ჩატარება (ანტიჰისტამინური პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები, ადრენომიმეტიკები და სხვა), ხოლო ქემოტოქსიური რეაქციების განვითარების შესამცირებლად (განსაკუთრებით აქტუალურია იონური მაღალოსმოსური რკს-ის მიმართ) – ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების (მეტოკლოპრამიდი) გამოყენება.
მაგნიტურ-რეზონზნსულ და ულტრაბგერით გამოკვლევებში იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს. მაგალითად, ზოგიერთი გადოლინიუმის შემცველი ნაერთები (მაგნევისტი) ხელს უწყობენ მაგნიტურ-რეზონანსული თერაპიის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და სხვა შიდა ორგანოში ქსოვილების და პათოლოგიის კერების გამოსახვის კონტრასტულობის გაზრდას, მიკრონიზირებული Ä-გალაქტოზა (ლევოვისტი) ზრდის (გაშუამავლებულად) არეკლილი ექო-სიგნალის ინტენსივობას ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დროს.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.