კისრის მალები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის მალები   Vertebrae cervicales   Cervical vertebrae

კისრის მალები – Vertebrae cervicales შედარებით პატარებია; მალის ხვრელი – foramen vertebrale ფორმით სამკუთხოვანია. სასახსრე მორჩები – processus articulares, მოკლე და ირიბია, ხოლო მათი სასახსრე kisris malebiზედაპირები გლუვი ან მცირედ გამობურცულია. წვეტიანი მორჩები – processus spinosus გაშვერილია უკან და მათ თითქმის ჰორიზონტალური მიმართულება აქვთ. განივი მორჩი –  processus transversus შედგება ორი ძვლოვანი ფირფიტისაგან: წინა, ანუ ნეკნოვანი მორჩისა – processus costarius და უკანა, ანუ ნეკნ-განივი მორჩისაგან – processus costotransversarius. წინა და უკანა ფირფიტები ქართულით შეერთებულია გარეთა ბოლოებით, რის გამოც მათ შორის რჩება ხვრელი, რომელსაც განივი ხვრელი – foramen transversarium ეწოდება; მასში გაივლის ხერხემლის არტერია, ვენა და მათი თანმხლები სიმპათიკური წნული. თითოეული  მორჩის ზედა ზედაპირზე გაივლის ზურგის ტვინის ნერვის ღრმა ღარი –  sulcus nervi spinalis; იგი  ერთმანეთისაგან განაცალკევებს წინა  და უკანა ბორცვებს – tuberculum  anterius et tuberculum posterius.

კისრის მალები

წინა ბორცვი განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული კისრის მეექვსე მალაზე და იგი ცნობილია როგორც საძილე ბორცვი – tuberculum caroticum. საჭიროების შემთხვევაში მის სიახლოვეს გამავალ საძილე არტერიაზე ზეწოლით შესაძლებელია სისხლის დენის შეჩერება.

ატლასი

კისრის მალების საერთო ტიპისაგან გამოირჩევიან: I – ატლანტი – atlas, II – ღერძმალა, ანუ აქსისი – axis და VII – წარზიდული მალა – vertebra prominens. კისრის პირველ მალას, ატლანტს, atlas, არა აქვს სხეული, არც წვეტიანი მორჩი; ატლანტის ხვრელს წინიდან შემოფარგლავს წინა რკალი – arcus anterior, უკნიდან – უკანა რკალი – arcus posterior, ხოლო გვერდებიდან მომსხვილი ძვლოვანი გვერდითი მასები – massae laterales. თითოეულ მათგანს ზედა მხარეზე გააჩნია სასახსრე ფოსო – fovea articularis superior, რითაც მალა უკავშირდება კეფის ძვალს, ხოლო ქვედა მხარეზე აქვს ბრტყელი სასახსრე ფოსო fovea articularis inferior, რითაც ატლანტი უკავშირდება კისრის მეორე მალას. წინა რკალის – arcus anterior წინა ზედაპირზე მდებარეობს წინა ბორცვი – tuberculum anterius, ხოლო უკანაზე – კბილის ღრმული (ფოსო) – fovea dentis, რომელიც ესახსრება კისრის მეორე მალის კბილს. უკანა რკალს – arcus posterior, წვეტიანი მორჩის ადგილზე აქვს უკანა ბორცვი – tuberculum posterius, უკანა რკალის ზედა ზედაპირზე გაივლის ხერხემლის არტერიის ღარი – sulcus arteriae vertebralis.

აქსისი

კისრის მეორე მალას, ანუ ღერძმალას (აქსისი) – axis, აქვს სხეულიდან ზემოთ მიმართული კბილი – dens, რომლის ირგვლივაც ბრუნავს ატლანტი თავის ქალასთან ერთად. კბილს წინა ზედაპირზე აქვს წინა სასახსრე ზედაპირი – facies articularis anterior, რითაც იგი ესახსრება ატლანტის fovea dentis, ხოლო უკანა ზედაპირზე აქვს უკანა სასახსრე ზედაპირი – facies articularis posterior.

კისრის მე-7, ანუ წარზიდული მალა

კისრის მეშვიდე ანუ წარზიდული მალა – vertebra prominens, გამოირჩევა გრძელი და გაუყოფელი წვეტიანი მორჩით, რომელიც ხელით ადვილად ისინჯება; გარდა ამისა, მას გააჩნია განივი მორჩები; მისი განივი ხვრელები ძალიან პატარაა (მასში გაივლის ხერხემლის ვენები), ზოგჯერ კი საერთოდ არ არსებობს. სხეულის გვერდითი ზედაპირის ქვემო კიდეზე ზოგჯერ აღინიშნება სანეკნე ღრმული – fovea costalis, – პირველი ნეკნის თავის შესახსრების კვალი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება