კენტი და ნახევრად კენტი ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. კენტი და ნახევრად კენტი ვენები V. azygos et v. hemiazygos; Azygos vein and hemiazygos vein

ლალი დათეშიძე

კენტი ვენა – v. azygos, და ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos, სისხლს კრებენ ძირითადად მუცლისა და გულმკერდის ღრუს კედლებიდან. ორივე ვენა იწყება წელის მიდამოს ქვემო ნაწილში, კენტი ვენა – წელის ასწვრივი ვენებიდან მარჯვნივ, ნახვრად კენტი – წელის ასწვრივი ვენებიდან მარცხნივ.

313

წელის მარჯვენა და მარცხენა ასწვრივი ვენები – vv. lumbales ascendentes dextra et sinistra, უერთდებიან თეძოს საერთო ვენებს – vv. iliacae communes, ან გავის ლატერალურ ვენებს – vv. sacrales laterales, და მიემართებიან ზემოთ, სუკის დიდი კუნთის – m. psoas major უკან და წელის მალების განივი მორჩების წინ. აქ ისინი ქმნიან ანასტომოზს წელის ვენებთან – vv. lumbales. მიემართებიან რა ზემოთ, წელის მარჯვენა და მარცხენა ასწვრივი ვენები თანდათანობით უახლოვდებიან შუა სიბრტყეს და წელის პირველი მალის დონეზე თავსდებიან მალის სხეულის წინა ლატერალურ ზედაპირზე. შემდეგ თითოეული მათგანი აღწევს გულმკერდის ღრუში შუასაძგიდში არსებული ხვრელით. ვენებთან ერთად ორივე მხარეზე მიემართება შიგნეულობის დიდი ნერვი – N. splanchincus major. უკანა შუასაყარში შესვლის შემდეგ წელის ასწვრივ ვენებს ეწოდებათ: მარჯვენას – კენტი ვენა – v. azygos, მარცხენას – ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos.

კენტი ვენა – v. azygos, მიემართება ზემოთ, მიყვება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილის მარჯვენა წინა გვერდით ზედაპირს, გადაუვლის მარჯვენა უკანა ნეკნთაშუა არტერიების – aa.. intercostales posteriores dextrae წინა ზედაპირს, თავსდება საყლაპავი მილის მარჯვენა კიდის უკან, დასწვრივი აორტისა – aorta descendes და გულმკერდის სადინრის – ductus thoracicus მარჯვნივ. გულმკერიდის IV-V მალების დონეზე კენტი ვენა იხრება მცირედ მარჯვნივ და უკან, შემოუვლის ფილტვის უკანა ზედაპირს და გულმკერდის III მალის სხეულის დონეზე მობრუნდება წინ. კენტი ვენა წარმოქმნის რკალს, გადაუვლის მარჯვენა ბრონქს და მაშინვე უერთდება ზემო ღრუ ვენას – vena cava superior. კენტ ვენას ზემო ღრუ ვენაში შესვლის ადგილზე აქვს ორი სარქველი.

კენტ ვენას უერთდებიან: საყლაპავი მილის ვენები – vv. esophageae; ბრონქული ვენები – vv. bronchiales; ნეკნთაშუა უკანა ვენები – vv. intercostales posteriores (IV-XI), ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos.

ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos შედის გულმკერდის ღრუში, მიემართება ზემოთ, მიყვება ხერხემლის სვეტის მარცხენა ლატერალურ ზედაპირს, აორტის უკან და გარეთ; გადაუვლის წინიდან ნეკნთაშუა უკანა არტერიებს – aa.. intercostales posteriores. გულმკერდის Õ-ÕÏ მალების დონეზე ნახევრად კენტი ვენა მობრუნდება მარჯვნივ, წვება ხერხემლის სვეტის წინა ზედაპირზე, აორტის, საყლაპავი მილისა და გულმკერდის სადინრის უკან. ნახევრად კენტი ვენა გადაკვეთს ხერხემლის წინა ზედაპირს განივად, ან ირიბად და გულმკერდის VIII მალის დონეზე უერთდება კენტ ვენას. ნახევრად კენტი ვენა უფრო მოკლე და წვრილია, ვიდრე კენტი ვენა; მას უერთდება: საყლაპავი მილის ვენები – vv. esophcigeae; შუასაყარის ვენები – vv. mediastinales; ნეკნთაშუა უკანა ვენები – vv. intercostales posteriores (VII-XI), და ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis.

დამატებით ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos accessoria მდებარეობს უკანა შუასაყარში. იგი წარმოიქმნება მარცხენა ზედა ნეკნთაშუა უკანა ვენებისაგან და მიემართება ზემოდან ქვემოთ, მიყვება ხერხემლის სვეტის მარცხენა გვერდით ზედაპირს და უერთდება ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos ან უშუალოდ კენტ ვენას – v. azygos. დამატებითი ნახევრად კენტი ვენა ეანასტომოზება მარცხენა მხარ – თავის ვენას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.