იდაყვის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. იდაყვის სახსარი Articulatio cubiti  Cubital articulation

იდაყვის სახსარში – articulatio cubiti ერთმანეთს ენაწევრება სამი ძვალი: მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები; სახსარი მიეკუთვნება რთულ სახსრებს (articulatio composita). სასახსრე ზედაპირები დაფარულია ჰიალინური ხრტილით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis მხრის ძვალზე ფიქსირებულია: წინიდან – მხრის ძვლის გვირგვინოვანი და სხივის ფოსოების კიდეების ზემოთ, გვერდებზე – მხრის ძვლის ჭაღის თავისა და ჭაღის სასახსრე ზედაპირების კიდეებთან, უკან – იდაყვის მორჩის ფოსოს ზემო კიდის ცოტა ქვემოთ; იდაყვის ძვალზე სასახსრე ჩანთა ფიქსირებულია ჭაღისებრი და სხივისეული ნაჭდევების კიდეებზე, ხოლო სხივის ძვალზე – სხივის ძვლის ყელთან, სადაც წარმოქნის პარკისებურ გამობერილობას. სახსრის წინა და უკანა ნაწილებში სასახსრე ჩანთა ნაზია და სუსტადაა დაჭიმული, გვერდებზე კი გამაგრებულია იოგებით. მისი სინოვიური გარსი ფარავს ძვლის იმ ნაწილებსაც, რომლებიც მდებარეობენ სასახსრე ღრუში, მაგრამ დაფრულნი არ არიან ხრტილით (სხივის ძვლის ყელი და სხვ.)

იდაყვის სახსარი

იდაყვის სახსრის სასახსრე ღრუში არჩევენ სამ სახსარს: მხარ – იდაყვის, მხარ – სხივისა და სხივ – იდაყვის პროქსიმალურ სახსრებს.
1. მხარ – იდაყვის სახსარი – Articulatio humeroulnaris, – მდებარეობს მხრის ძვლის ჭაღისა – Trochlea humeri და იდაყვის ძვლის ჭაღისებრი ნაჭდევის – Incisura throchlearis ზედაპირებს შორის; წარმოადგენს ჭაღისებრი სახსრის სახესხვაობას და მიეკუთვნება ბურღისებრი სახსრების ჯგუფს;

2. მხარ – სხივის სახსარი – articulatio humeroradialis, იქმნება მხრის ძვლის თავისა და სხივის ძვლის თავზე არსებული ფოსოს შენაწევრებით და მიეკუთვნება სფერულ სახსრებს – articulatio spheroidea (რეალურად, მასში მოძრაობა ხორციელდება არა სამი, არამედ მხოლოდ ორი ღერძის – ფრონტალური და ვერტიკალურის ირგლივ)
3. სხივ – იდაყვის პროქსიმალური სახსარი – articulatio radioulnaris proximalis, მოთავსებულია იდაყვის ძვლის სხივისეული ნაჭდევისა – Incisura radialis და სხივის ძვლის საბრუნებელი სასახსრე ზედაპირისაგან – Circumferentia articularis და წარმოადგენს ტიპიურ ცილინდრულ სახსარს.
მხარ – იდაყვის სახსარში შესაძლებელია მოხრა – flexio, გაშლა – extensio, რომელიც სრულდება მხარ – სხივის სახსარში სხივის ძვლის ერთდროული მოძრაობით. მხარ – სხივის სახსარში, გარდა ამისა, შესაძლებელია სხივის ძვლის ბრუნვა – rotatio მისი ღერძის გასწვრივ, შიგნით – pronatio, და გარეთ – supinatio; ასევე მცირე დიაპაზონით მოზიდვა – adductio, განზიდვა – abductio; სხივ-იდაყვის პროქსიმალურ სახსარში ხორციელდება სხივის ძვლის ბრუნვა მხარ – სხივის სახსარში ერთდროული მოძრაობისას.

11

იდაყვის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. იდაყვის გვერდითი იოგი – lig. collaterale  ulnare, – მიემართება მხრის ძვლის მედიალური  ზედაროკის – Epicondylus medialis ფუძიდან  ქვემოთ, იშლება მარაოსებურად და ემაგრება  იდაყვის ძვლის ჭაღისებრი ნაჭდევის –  Incisura throchlearis კიდეს;
2. სხივის გვერდითი იოგი – lig. collaterale  radiate, იწყება მხრის ძვლის ლატერალური  ზედაროკის – Epicondylus lateralis ფუძიდან,  მიემართება ქვემოთ, სხივის ძვლის თავის გარეთა  ზედაპირისაკენ, სადაც იყოფა ორ კონად. ეს კონები  მიემართებიან ჰორიზონტალურად, შემოუვლიან  სხივის ძვლის თავს წინ და უკან, და ფიქსირდებიან  იდაყვის ძვლის სხივისეული ნაჭდევის –  Incisura radialis კიდეებთან. იოგის  ზედაპირული შრეები გადადიან გამშლელების  მყესებში, ღრმა შრეები კი – სხივის რგოლისებრ  იოგში – lig. anulare radii.

3. სხივის რგოლისებრი იოგი – lig. anulare  radii, – მოიცავს სხივის ძვლის საბრუნებელ  სასახსრე ზედაპირს – Circumferentia articularis  წინა, უკანა და გვერდითი მხარეებიდან,  ფიქსირებულია იდაყვის ძვლის სხივისეული  ნაჭდევის – Incisura radialis წინა და უკანა  კიდეებზე და ამაგრებს სხივის ძვალს იდაყვის  ძვალთან.  იდაყვის სახსარში გვერდითი  მოძრაობები არ ხდება, ვინაიდან იზღუდება  საკმაოდ ძლიერი გვერდითი იოგებით.

მთლიანობაში, იდაყვის სახსარი წარმოადგენს ჭაღისებრი სახსრის – ginglymus სახესხვაობას, და ფუნქციონირებს როგორც ბურღისებრი სახსარი.

გარდა სხივის რგოლისებრი იოგისა, წინამხრის ძვლების ფიქსაციაში მონაწილეობას ღებულობს წინამხრის ძვალთაშუა აპკი – Membrana interossea antebrachii, რომელიც ავსებს სხივისა და იდაყვის ძვლებს შორის შუალედს და ემაგრება მათ ძვალთაშუა კიდეებს – margo interosseus. იგი წარმოქმნილია მტკიცე ბოჭკოვანი კონებით, რომლებიც მიემართებიან ირიბად, ზემოდან ქვემოთ, სხივის ძვლიდან იდაყვის ძვლისაკენ. ამ კონიდან ერთ – ერთს აქვს საპირისპირო მიმართულება და მიემართება იდაყვის ხორკლიდან – Tuberositas ulnae, სხივის ხორკლისაკენ – Tuberositas radii და ეწოდება ირიბი სიმი – chorda obliqua. აპკს აქვს ხვრელი, რომელშიც გადიან ნერვები და სისხლძარღვები.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.