თირკმელზედა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

თირკმელზედა ჯირკვლები (glandulae suprarenalis; სინ.: სუპრარენალური ჯირკვლები, ადრენალური ჯირკვლები) – შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ რეტროპერიტონელურ სივრცეში თირკმლების ზემოთა პოლუსებზე გულმკერდის XI-XII მალების დონეზე. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან და თავიანთი წარმოშობით, აგებულებით და ფუნქციებით წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ჯირკვალს, რომლებიც ფილოგენეზის პროცესში ჩამოყალიბდა ერთიან ორგანოდ. თირკმლებთან ერთად თირკმელზედა ჯირკვლები მოთავსებულნი არიან ცხიმოვან კაფსულაში და დაფარულნი არიან თირკმლის ფასციით.

ფუნქციონალური ანატომია. მოზრდილი ადამიანის მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალს გააჩნია სამკუთხედი ფორმა, მარცხენას – ნახევარმთვარისებრი ფორმა. მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის ქვედა და მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლის წინა ზედაპირებს ფარავს პერიტონეუმი. თირკმელზედა ჯირკვლების დაფარულნი არიან თხელი, ფიბროზული თირკმლის კაფსულით (გეროტის ფასცია). თირკმელზედა ჯირკვლების საკუთარი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა გარედან ფაშარი აგებულებისაა, ხოლო მათ ზედაპირზე მკვრივი. კაფსულიდან ჯირკვლების სიღრმისკენ მიემართებიან ტრაბეკულები – შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების კონები სისხლძარღვებით და ნერვებით. მოზრდილი ადამიანის თირკმელზედა ჯირკვლის სიგრძე შეადგენს 30–70 მმ, სიგანე – 20–35მმ, სისქე – 3–8 მმ. ორივე თირკმელზედა ჯირკვლის საერთო მასა საშუალოდ შეადგენს 13–14 გრ, ქერქოვანი ნივთიერება შეადგენს ჯირკვლის საერთო მასის 9/10.
თირკმელზედა ჯირკვლების სისხლმომარაგება ხორციელდება თირკმელზედა ჯირკვლების არტერიების სამი ჯგუფით: ზედა, შუა და ქვედა, რომლებიც ჯირკვალში მიემართებიან მრავალრიცხვოვანი კაპილარების სახით, რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთთან ქმნიან ანასტომოზებს და ტვინოვან შრეში ქმნიან გაგანიერებებს – სინუსოიდებს. თირკმელზედა ჯირკვლებიდან სისხლის უკუდინება ხორციელდება ცენტრალური და მრავლობითი ზედაპირული ვენების მეშვეობით, რომლებიც ჩაედინებიან გარშემო ქსოვილების და ორგანოების ვენურ ქსელში. სისხლძარღვების პარალელურად მდებარეობენ ლიმფური კაპილარები, რომლებიც ახორციელებენ ლიმფის უკუდინებას. თირკმელზედა ჯირკვლების ინერვაცია ხორციელდება სიმპათიკური (უპირატესად) და ფაშვის ღეროს, ცდომილი და დიაფრაგმის ნერვების პარასიმპათიკური ბოჭკოებით.
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერება შედგება სეკრეტორული უჯრედებისგან, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, რომ მათი სეკრეტი მოხვდეს კაპილარებში. ქერქოვან ნივთიერებაში განასხვავებენ სამ ზონას. კაფსულის ქვეშ მდებარეობს გორგლოვანი ზონა, რომელთა უჯრედებიც მოგვაგონებენ ცილინდრებს, ისინი დაჯგუფებულნი არიან არასწორი ფორმის მცირე ზომის, კაპილარებით გაყოფილ მტევნებად. გორგლოვანი ზონის ქვეშ მდებარეობს განიერი კონისებრი ზონა, მისი პოლიგონალური უჯრედები წარმოქმნიან რადიალურად მიმართულ ჭიმებს ანუ სვეტებს.

აღნიშნულ სვეტებს შორის წარმოდგენილნი არიან კაპილარები. კონისებრ ზონაში განასხვავებენ გარეთა ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია ლიპიდებით გადავსებული ყველაზე დიდი ზომის უჯრედებით, და შიგნითა ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია შედარებით მცირე ზომის მუქი უჯრედებით. ქერქოვანი ნივთიერების მესამე ზონა – ბადისებრი – შედარებით თხელია, მისი უჯრედები წარმოქმნიან ჭიმებს, რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით და ერთმანეთთან ქმნიან ანასტონოზებს. არც თუ იშვიათად, მათი ციტოპლაზმა შეიცავს ლიპოფისცინის გრანულებს.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოა. მის მიერ გამომუშავებული სტეროიდული ჰორმონები, რომლებიც უპირატესად სინთეზირდებიან ქოლესტერინისგან – კორტიკოსტეროიდული ჰორმონები და მცირე რაოდენობით სასქესო ჰორმონები, მონაწილეობას ღებულობენ ნივთიერებათა ცვლის და ენერგიის რეგულაციაში. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ექსტრაქტში იდენტიფიცირებულია დაახლოებით 50–მდე სტეროიდი, თუმცა სისხლში ხვდება მხოლოდ მათი ნაწილი. დანარჩენი ჰორმონები წარმოადგენენ სისხლში გამონთავისუფლებული ჰორმონების წინამორბედებს, მეტაბოლიტებს ან ინტერმედიანტებს (ბიოსინთეზის შუალედური პროდუქტები). ნივთიერებათა ცვლის ყველა სახეზე, სისხლძარღვთა ტონუსზე, იმუნიტეტზე და სხ. ჩვეულ პირობებში და სხვადასხვა სტრესების მიმართ ადაპტაციის პირობებში, კოტრიკოსტეროიდების მრავალმხრივი გავლენა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნივთიერებას ხდის ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის მნიშვნელოვან ორგანოდ. ქერქოვანი ნივთიერების გორგლოვან ზონაში გამომუშავდება ალდოსტერონი – ძირითადი მინერალოკორტიკოიდი, რომელიც მონაწილეობას ღებულობს წყალ–მარილოვანი ცვლის რეგულაციაში. კონისებრ ზონაში უპირატესად სინთეზირდება კორტიზოლი და კორტიკოსტერონი – გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან და ნუკლეინის მჟავების ცვლაზე. სასქესო ჰორმონები (ძირითადად ანდროგენები) წარმოიქმნებიან ბადისებრ ზონაში. კორტიკოსტეროიდების (უპირველეს ყოვლისა გლუკოკორტიკოიდების) და სასქესო ჰორმონების სინთეზი რეგულირდება აკტჰ–ის მეშვეობით.
ტვინოვანი ნივთიერება მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრში და გარშემორტყმულია ქერქოვანი ნივთიერებით, რომლისგანაც ის მკაცრად შემოფარგლული არ არის. ტვინოვანი ნივთიერების ჯირკვლოვან უჯრედებს ეწოდებათ ქრომაფინული ანუ ფეოქრომული უჯრდები, რამეთუ ქრომის მარილებით შერჩევითად იღებებიან მოყვითალო–რუხ ფერად. ჯირკვლოვანი უჯრედების გარდა თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოები და ნერვული უჯრედებია. ქრომაფინული უჯრედების ე.წ. პარაგანგლიების გროვები აგრეთვე აღმოჩენილია ფილტვის ღეროს, აღმავალი და მუცლის აორტის გაყოლებაზე, შუასაყარში; აგრეთვე არსებობენ წელის აორტული პარაგანგლიები და სხ. ქრომაფინული უჯრედები გამოიმუშავებენ სამ ჰორმონს (ადრენალინს, ნორადრენალინს და დოფამინს), რომლებიც თავიანთი ქიმიური ბუნებით წარმოადგენენ კატექოლამინებს.

აღნიშნული ჰორმონების ბიოსინთეზურ წინამორბედს წარმოადგენს ამინომჟავა თიროზინი. ადრენალინი გამომუშავდება მხოლოდ თირკმელზედა ჯირკვალში, ხოლო ნორადრენალინი და დოფამინი აგრეთვე წარმოიქმნებიან პარაგანგლიებში და სიმპათიკური ნერვული სისტემის მრავალრიცხოვან ნეირონებში. კატექოლამინების მაპროდუცირებელი ყველა ქსოვილი მთლიანობაში შეადგენს ადრენალურ სისტემას. ისინი იწვევენ სისხლში გლუკოზის კონცეტრაციის მომატებას და ასტიმულირებენ ცხიმის ჰიდროლიზს (ლიპოლიზს). ადრენალინი განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, აძლიერებს გულის კუმშვადობას, აფართოებს ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს, ადუნებს ბრონქების გლუვ მუსკულატურას; კორტიკოსტეროიდებთან ერთად ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითბოს წარმოქმნას. ნორადრენალინი იწვევს დიასტოლური წნევის მომატებას, აფართოებს გულის გვირგვინოვან არტერიებს, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. ქრომაფინული უჯრედებიდან სისხლში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გადასროლა იწვევს გარეგანი და შინაგანი გარემოდან განპირობებულ სხვადასხვა სტიმულების განვითარებას (სიცივე, ფიზიკური დატვირთვა, ემოცია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია და სხ.).

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.