თავის ტვინი

 

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

დასაწყისი იხ.  >>>>

თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის ფუნქციონალური კავშირები, ერთის მხრივ, განსაზღვრავენ მის ფუნქციას, როგორც ერთ მთლიანს, ხოლო მეორე მხრივ გამოხატავენ მისი ცალკეული სტრუქტურების ფუნქციურ როლს. მთლიანობაში თავის ტვინის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს ორგანიზმის მთლიანობის ფუნქციების რეგულაციაში.

თუმცა, ცალკე აღებული კონკრეტული ფუნქციის ანალიზისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის კონკრეტული სტრუქტურები, რომლებიც უფრო მატად არეგულირებენ მას. ორგანიზმის ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაცია საბოლოო ჯამში მიმართულია მისი შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებისკენ. შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰემოსტაზი ხასიათდება მრავალი მახასიათებლით – სისხლის ჰემოდინამიკური და ოსმოსური წნევით, მისი ტემპერატურით, pH-ით, ფორმიანი ელემენტების რაოდენობით, შაქრის და ზოგიერთი სხვა ნივთიერების კონცეტრაციით და სხ. ჰომეოსტაზს უზრუნველყოფენ ორგანიზმის ფუნქციური სისტემები, რომლებიც რეგულირდებიან თვითრეგულაციის პრინციპით. თითოეული ფუნქციონალური სისტემა შერჩევითად აერთიანებს თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან ურთიერთქმედების შედეგად ახორციელებენ ფუნქციების ნეიროჰუმორულ რეგულაციას. აღნიშნულ რეგულაციაში დიდი როლი ენიჭება ჰიპოთალამო–ჰიპოფიზურ სისტემას, რომლის ცენტრალურ რგოლსაც წარმოადგენს ჰიპოთალამუსი. მასში მდებარეობენ შიმშილის, სიმაძღრის, წყურვილის, თერმორეგულაციის, ძილის და სიფხიზლის ცენტრები. ინტერორეცეპტორებიდან (ოსმორეცეპტორები, თერმორეცეპტორები, ქემორეცეპტორები) აგზნების აფერენტული ნაკადის მიღების შემდეგ, ჰიპოთალამუსის ბირთვები ახდენენ მათ ინტეგრირებას და ფუნქციური კავშირების მეშვეობით გზავნიან აგზნებას ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური და სიმპათიკური ნაწილების ეფერენტული ნეირონებისკენ. ორგანიზმის შინაგანი გარემოს შეცვლილი პარამეტრის გამო ხორციელდება ვეგეტაციური ნერვული სისტემის მარეგულირებელი გავლენა შესაბამის ორგანოზე (მაგ., თირკმლების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი, ფილტვები, გული). გარდა ამისა, ჰიპოთალამუსის, ისევე როგორც ლიმბური სისტემის ცენტრები, თავის ტვინის სტრურქტურებს შორის ფუნქციური კავშირების არსებობის გამო, აყალიბებენ ორგანიზმის შესაბამის მოტივირებულ მდგომარეობას (მაგ., შიმშილის, წყურვილის, სქესობრივი ლტოლვის შეგრძნება), რის საფუძველზე ყალიბდება ადამიანის ქცევა.

ვეგეტაციური ფუნქციების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრები (სისხლძარღვთა მამოძრავებელი და სასუნთქი) მდებარეობენ მოგრძო ტვინის სტრუქტურებში. მოგრძო ტვინში აგრეთვე ხორციელდება ისეთი უმარტივესი რეაქციების რეგულაცია, როგორებიცაა წოვა, ყლაპვა, ღეჭვა, ღებინება, დაცემინება, ხველა, თვალის ხამხამი და სხ. ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციაში მონაწილეობას ღებულობს ნათხემი, რომელიც ვეგეტაციური ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის მეშვეობით გავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების მოქმედებაზე. ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციის უმაღლეს ცენტრს წარმოადგენს ლიმბური სისტემა, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ვისცერალურ ტვინსაც. ლიმბური სისტემიდან აგზნების იმპულსები, უპირველეს ყოვლისა, მიემართებიან ჰიპოთალამუსის ვეგეტაციური ცენტრებისკენ, საიდანაც ჰიპოფიზისკენ და ვეგეტაციური ნერვულის სისტემის სიმპათიკური და პარასიმპათიკური ბირთვებისკენ. ბაზალურ განგლიებთან, თალამუსის წინა ნაწილებთან და რეტიკულურ ფორმაციასთან თავისი კავშირების წყალობით, ლიმბურმა სისტემამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩონჩხის კუნთების მდგომარეობაზეც. თავის ტვინის ქერქის ზოგიერთი უბნები, განსაკუთრებით შუბლის და თხემის წილები, მონაწილეობენ ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციაში. აღნიშნული მიდამოების აგზნება იწვევს გულის მოქმედების, არტერიული წნევის და სუნთქვის რიტმის, ნერწყვის გამოყოფის, ნაწლავთა მოქმედების ცვლილებებს, ღებინებას.
ცალკეული ორგანოების ფუნქციების რეგულაციასთან ერთად თავის ტვინი ახდენს ტროფიკულ მარეგულირებელ გავლენას სხვადასხვა უჯრედებზე და ქსოვილებზე. ტროფიკის რეგულაციის ცენტრალური მექანიზმები ხორციელდება ფუნქციების რეგულაციის მექანიზმების მსგავსად, თუმცა უპირატესად განპირობებულნი არიან ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილით. უჯრედებზე, განსაკუთრებით ჩონჩხის კუნთებზე, სიმპათიკური გავლენა ყოველთვის ადაპტაციურ–ტროფიკული ხასიათისაა და ხორციელდება მედიატორის – ნორადრენალინის გამოყოფის ხარჯზე. სიმპათიკური ნერვული სისტემის ადაპტაციურ–ტროფიკული გავლენას შეიძლება ჰქონდეს ირიბი ხასიათი ორგანიზმის თხევად გარეში (სისხლი, ცერებრისპინალური სითხე, ლიმფა) ნორადრენალინის გამოყოფის გამო ან ხორციელდება ჰიპოთალამუსის და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების საშუალებით. მრავალი ავტორი ნერვული სისტემის ნებისმიერ გავლენას განიხილავს როგორც ტროფიკულს, რომელიც ხორციელდება არაიმპულსური ფორმით და გააჩნია ნეიროსეკრეციის პროცესებთან მსგავსება. ნერვულუ ჯრედებში წარმოქმნილი ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა მედიატორები, პეპტიდები, ამინომჟავები, ფერმენტები და სხ., შემსრულებელი ორგანოებთან ხვდებიან აქსონალური ტრანსპორტის მეშვეობით და გავლენას ახდნენ მათ ცვლაზე.
არეგულირებს რა მამოძრავებელ ფუნქციებს, თავის ტვინი უზრუნველყოფს ორ ძირითად პროცესს: ჩონჩხის კუნთების ტონუსის წარმოქმნა და გადანაწილება პოზის შენარჩუნების და კუნთების შეკუმშვის ძალის და თანმიმდევრობის კოორდინაციის მიზნით მოძრაობის ორგანიზაციისთვის. პოზის შენარჩუნება და აღნიშნული პროცესების კოორდინაცია, მიზანმიმართული მოძრაობების ორგანიზაციასთან ერთად, ძირითადად ხორციელდება თავის ტვინის ღეროვანი სტრუქტურების მიერ, მაშინ როცა თვითონ მიზანმიმართული მოძრაობის ორგანიზაცია და განხორციელება მოითხოვს თავის ტვინის ზემდებარე სტრუქტურების, მათ შორის ქერქის მონაწილეობას. კუნთოვანი ტონუსის რეგულაცია და პოზის ჩამოყალიბება ხორციელდება წამმართველი რეაქციების კომპლექსების მეშვეობით, რომლებიც იყოფიან სტატიკურ და სტატოკინეტიკურ ფორმებად. სტატიკური რეაქციები ხელს უწყობენ სივრცეში ადამიანის სხეულის წონასწორობის შენარჩუნებას მისი ცალკეული ნაწილების (თავი, ხელები, ფეხები) მდგომარეობის შეცვლის დროს. სტატოკინეტიკური რეაქციები დაკავშირებულნი არიან ჩონჩხის კუნთების ტონუსის გადანაწილებასთან, რაც უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის წონასწორობის შენარჩუნებას სივრცეში მისი აქტიური ან პასიური გადანაცვლების კუთხოვანი და ხაზობრივი აჩქარებების დროს. მოგრძო ტვინის ვესტიბულური ბირთვები წარმოადგენენ თავის ტვინის პირველ დონეს, სადაც ხორციელდება სივრცეში სხეულის მდებარეობის ცვლილების ან მოძრაობის შესახებ ლაბირინთის რეცეპტორებიდან მომავალი ინფორმაციის გადამუშავება. აღნიშნული ბირთვების ნეირონები აფერენტულ ნაკადს ღებულობენ კუნთების და მყესების პროპრიორეცეპტორებიდანაც, რაც წარმოიქმნება სივრცეში სხეულის ნაწილების მდებარეობის ცვლილების, აგრეთვე თავის ტვინის სხვა სტრუქტრუების (ნათხემი, რეტიკულური ფორმაცია, ბაზალური ბირთვები, თავის ტვინის ქერქის მოტორული უბანი). ჩონჩხის კუნთებზე თავის ტვინის დაღმავალი მარეგულირებელი გავლენა ხორციელდება ზურგის ტვინის სეგმენტური მექანიზმებით.

მოძრაობების რეგულაციის უმაღლეს დონეს წარმოადგენს თავის ტვინის ქერქი, ბაზალური ბირთვები და ნათხემი. თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელ უბნებს მიეკუთვნებიან პირველადი და მეორადი მოტორული უბნები და პრემოტორული მიდამო. პირველადი მამოძრავებელი მიდამოს ციტოარქიტექტონიკა ხასიათდება ნეირონების ვერტიკალური სვეტების ერთობლიობით, სადაც თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ცალკეული კუნთის მაინერვირებელი მოტონეირონების ერთი ჯგუფის აგზნებას ან დამუხრუჭებას. ამრიგად მამოძრავებელი მიდამოს სომატოტოპურ ორგანიზაცაიში მონაწილეობენ ადამიანის სხეულის ყველა ნაწილის კუნთები, ამასთან უფრო მეტად ხელის თითების, ტუჩების და ენის კუნთები, ნაკლებად – სხეულის და ქვემო კიდურების კუნთები. მამოძრავებელი ქერქიდან ნატიფი მოძრაობების განხორციელებისთვის (არტიკულაცია, ნემსში ძაფის გაყრა) იწყება ზურგის ტვინის მოტონეირონების აქტივობის პირდაპირი რეგულაციის პირამიდული ანუ კორტიკო–სპინალური გზა. მრავალი მოძრაობითი აქტი (მაგ., სიარული, სირბილი, ხტომა) ხორციელდება პირამიდული სისტემის მონაწილების გარეშე, თუმცა ექსტრაპირამიდული სისტემის აუცილებელი მონაწილეობით. ექსტრაპირამიდულ სტრუქტურებში ცენტრალური ადგილი უკავია ბაზალურ ბირთვებს. აღნიშნული სტრუქტურების მეშვეობით მიიღწევა მოძრაობების სიმწყობრე და მათი განხორციელებისთვის საწყისი პოზის დადგენა. ექსტრაპირამიდული სისტემის სტრუქტურათა უმეტესობას არ გააჩნია პირდაპირი გასასვლელი ზურგის ტვინის მოტონეირონებთან, არამედ მათზე თავის გავლენას ახორციელებს რეტიკულოსპინალური ტრაქტის საშუალებით. ერთმანეთთან ექსტრაპირამიდული სისტემის სტრუქტურების ფართო აფერნეტული და ეფერენტული კავშირები, თავის ტვინის ქერქთან, განსაკუთრებით მის მოტორულ უბნებთან ქერქქვეშა კვანძების ორმხრივი კავშირები, აგრეთვე შუალედური, შუა და მოგრძო ტვინის სტრუქტურებთან კავშირები განაპირობებენ აგზნებების ფართო ურთიერთქმედებას ნეირონებზე, რაც წარმოადგენს უმაღლესი ინტეგრაციის და ქცევითი აქტების კონტროლის საფუძველს.

მოძრაობითი აქტის შესრულებისთვის სხეულის მოძრავი ნაწილები განიცდიან ინერციული ძალების ზემოქმედებას, რაც იწვევს შესასრულებელი მოძრაობის სიმწყობრის და სიზუსტის დაღღვევას. აღნიშნული მოძრაობების კორექცია ხორციელდება ნათხემის დახმარებით. ნათხემის შუამდებარე ნაწილში კორტიკო–სპინალური ტრაქტის კოლატერალების მეშვეობით ხვდება ინფორმაცია შესასრულებელი მოძრაობის, აგრეთვე სომატოსენსორული სისტემიდან აფერენტაციის შესახებ. ამის შედეგად ყალიბდება აგზნების ნაკადები წითელი ბირთვისკენ და ღეროვანი მამოძრავებელი ცენტრებისკენ, რაც უზრუნველყოფს დაგვიანებული და მიზანმიმართული მოძრაობების კოორდინაციას, აგრეთვე შესასრულებელი მოძრაობის კორექციას. ნათხემი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწრაფი, ბალისტიკური მიზანმიმართული მოძრაობების ჩამოყალიბებაში (მაგ., მიზანში ბურთის სროლა, წინაღობაზე გადახტომა, ფორტეპიანოზე დაკვრა). ასეთ შემთხვევებში დროის სიმცირის გამო მოძრაობის შესრულების პროცესში მისი კორექცია შეუძლებელია, ბალისტიკური მოძრაობა ხორციელდება მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი პროგრამით. იგი იქმნება ნათხემის ჰემისფეროებში და კბილისებრ ბირთვში თავის ტვინის ქერქის ყველა ზონიდან მიღებული იმპულსაციის საფუძველზე და ფიქსირდება ნათხემში. ამრიგად ადამიანის ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს ნათხემის უწყვეტი ”შესწავლა” ინფორმაციის შენარჩუნებით, რაც საშუალებას აძლევს პირამიდულ და ექსტრაპირამიდულ სისტემებს წარმოქმნან მამოძრავებელი იმპულსების აუცილებელი კომპლექსი, რომელთა ზემოქმედებითაც განხორციელდება აუცილებელი მოძრაობა.

თავის ტვინის სტრუქტურა მონაწილეობს ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში, რაც ხორციელდება ქცევითი აქტების მრავალფეროვნების საფუძველში ჩადებული რეფლექსის პრინციპით. რეფლექსური რეაქციების წარმოქმნის კანონზომიერების ანალიზმა საშუალება მისცა ი. პ.პავლოვს დაედგინა შესწავლის ფუნდამენტური საფუძველი ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების მანძილზე – პირობითი რეფლექსი. პირობითი რეფლექსების შესწავლის კუთხით ძირითადი არსი მდგომარეობს თავის ტვინში დროებითი კავშირების ჩაკეტვის მექანიზმების გამოკვლევაში. პირობითი რეფლექსების წარმოქმნის ცენტრალური მექანიზმების შემდგომი შესწავლის შედეგებმა განაპირობეს პ. კ. ანოხინის სკოლის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა ტვინშიდა პროცესების ორგანიზაციის სისტემურ პრინციპებს მიზანმიმართული ქცევითი აქტების ჩამოყალიბების დროს. ნებისმიერი ხარისხის სირთულის ქცევის ტვინშიდა ორგანიზაციის საწყის სტადიას წარმოადგენს აფერენტული სინთეზი. იგი წარმოადგენს თავის ტვინის სტრუქტურებში ორგანიზმისთვის სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე აგზნების აფერენტული ნაკადების შეჯერების, გაერთიანების და შერჩევის სისტემურ პროცესს. აფერენტული სინთეზის ძირითად კომპონენტების შეადგენენ მოტივაციური აგზნება, მახსოვრობის მექანიზმები, გარემოებითი და გამშვები აფერენტაციის ნაკადები. მოტივირებული აგზნება ვითარდება ორგანიზმის შინაგანი მოთხოვნილების (მაგ., კვების, დალევის, ტემპერატურული) საფუძველზე თავის ტვინის ჰიპოთალამურ, ლიმბურ ან რეტიკულურ სტრუქტურებში და აღმავალი აქტივირებული გავლენის სახით მოიცავს თავის ტვინის ქერქის სხვადასხვა უბნებს. მოტივირებული აგზნების მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს მისი დომინანტურობა. ორგანიზმის მოთხოვნილებების მრავალფეროვნებებიდან, რომლებიც გამოხატავენ მისი მეტაბოლური ცვლილებების სხვადასხვა კუთხეებს, დროის მოცემულ მომენტში არსებობს მოთხოვნილება, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისთვის აუცილებელ ინდივიდუმს. ის მომავალში შექმნის დომინანტურ მოტივაციას, რომელიც ფიზიოლოგიური მექანიზმებით ყოველთვის ყალიბდება დომინანტის პრინციპის საფუძველზე. დომინანტური აგზნება ზრდის თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ნეირონების აგზნების უნარს, რაც იწვევს მათი კონვერგენციული მოცულობის გაზრდას და ხელს უწყობს სხვა აფერენტული აგზნებების ინტეგრაციას. მოტივირებულ აგზნებას შეუძლია მოხდინოს ხანგრძლივი მეხსიერების თანდაყოლილი მექანიზმების აქტივაცია, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ქცევის მყარი, გენეტიკურად დეტერმინირებული პროგრამების (ინსტიქტების) ჩამოყალიბებით. ამასთან, მოტივირებული აგზნება უზრუნველყოფს თავის ტვინში იმ ახალი აგზნებების ფიქსაციას, რომლებიც ყალიბდებიან ორგანიზმზე ქცევის სასარგებლო შედეგების მიღწევის შესახებ მაინფორმირებელი გამაღიზინებლების ზემოქმედებით. დომინანტური მოტივირებული აგზნება მარტივად და სწრაფად ააქტიურებს შეძენილ იმუნურ გამოცდილებას შესაბამისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის.

აფერენტული სინთეზის სტადიაზე აფერენტული ნაკადებიდან პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ვითარებით აფერენტაციას. იგი შედგება ორგანიზმზე გარემო ფაქტორების ერთობლიობის ზემოქმედებისგან, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ვითარებას, რომლის ფონზეც ყალიბდება მიზანმიმართული ქცევითი აქტი. იგი იწყება გამშვები აფერენტული აგზნების გამომწვევი გამღიზიანებლის მოქმედების შემდეგ (მსგავს გამღიზიანებელს ეწოდება პირობითი). გამშვების სტიმულის გაჩენიდან მამოძრავებელი რეაქციის დაწყებამდე აგრეთვე მიმდინარეობს პროცესი, რომნელსაც ეწოდება ”გადაწყვეტილების მიღება”. აფერენტული სინთეზის მეშვეობით ორგანიზმს შეუძლია შეასრულოს უსაზღვრო რაოდენობით ქცევითი აქტები, თუმცა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მას ანთავისუფლებს დიდი რაოდენობით ქცევის თავისუფლებისგან და ამით ხელს უწყობს აფერენტული აგზნებების ინტეგრალის ჩამოყალიბებას. გადაწყვეტილების მიღებას ერთი სისტემური პროცესი – აფერენტული სინთეზი გადაჰყავს მეორე სისტემურ პროცესში – მოქმედების პროგრამაზე. აღნიშნული პროცესი მოიცავს თავის ტვინში ეფერენტული აგზნებების ინტეგრაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ პოზის შენარჩუნებისთვის აუცილებელი კუნთების ტონუსის გადანაწილებას (პოზიციური აგზნება). ამის პარალელურად ყალიბდება ჩონჩხის კუნთებზე აგზნების გავრცელების თანმიმდევრობა, რაც აუცილებელია მოძრაობის აქტის შესასრულებლად. მოქმედების პროგრამის ფორმირების სტადიის ნეიროფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ სომატური ფუნქციების მარეგულირებელი მექანიზმები. აღნიშნულ სტადიაზე სომატური ფუნქციები დინამიურად ერთიანდებიან ფუნქციების ვეგეტაციურ რეგულაციასთან და ერთიანი ეფერენტული სინთეზის გზით განაპირობებენ მიზანმიმართულ მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმისთვის სასარგებლო კონკრეტული შედეგების მიღწევას.

თავის ტვინიგარემოს თითოეული სახის გამაღიზიანებელი თავისი ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა თვისებებით მოქმედებს ადამიანის თითოეულ შესაბამის მგრძნობელობით ორგანოზე და იწვევს აფერენტული აგზნების კომპლექსის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ აგზნებებს მიაქვთ თავის ტვინში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მიღწეული და რამდენად მიზანშეწონილია ეს ორგანიზმისთვის. ქცევის ფიზოლოგიურ მიზანს წარმოადგენს კონკრეტული გამაღიზიანებლების მიღება მკვეთრად განსაზღვრული პარამეტრებით. ქცევის მიზნის ფორმირება დაკავშირებულია ტვინშიდა პროცესების სისტემური ორგანიზაციის სპეციალურ სტადიასთან, ქცევის შედეგების წინასწარ განჭვრეტასთან, დამაკმაყოფილებელ დომინანტურ მოთხოვნილებასთან. თავის ტვინი ახორციელებს შესრულებული მოქმედების შედეგების შეფასებას და კორექციას საწყისი მოტივირებული აგზნების შესაბამისად. პერიფერიული რეცეპტორებიდან თავის ტვინში მიმავალი აგზნების სახით მოქმედების შედეგების პარამეტრების შედარება შედეგის ”აფერენტულ მოდელთან”, რომელიც წარმოდგენილია მოქმედების შედეგის აქცეპტორის ე.წ. ჰიპოთეზურ აპარატში, ხორციელდება თავის ტვინის სტრუქტურებთან უკუაფერენტაციის მიღების საფუძველზე. თუკი გარეგანი გაღიზიანების პარამეტრებიდან აფერენტული აგზნების კომპლექსი არ შეესაბამება ნერვული აგზნების განსაზღვრული ფორმით კოდირებული მოქმედების შედეგების აქცეპტორის პარამეტრებს, გარემოში ძებნითი მოქმედება გრძელდება. ის წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავის ტვინში შესაბამისი უკუაფერენტაციის ფორმით შემავალი მოქმედების შედეგების პარამეტრები მთლიანად იქნებიან მოქმედების შედეგების აქცეპტორების შესაბამისობაში. მხოლოდ აღნიშნულ შემთხვევაში ორგანიზმი ასრულებს ძებნას და შეიძლება გადაერთოს სხვა მოქმედებაზე.
თავის ტვინის სტრუქტურები აყალიბებენ ადამიანის ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა ძილი და სიფხიზლე. მოგრძო ტვინის და ტვინის ხიდის მიდამოებში განლაგებულნი არიან ბირთვები, რომლებიც ამუხრუჭებენ რეტიკულური ფორმაციის მოქმედებას (ეს უკანასკნელი თავისი მააქტივირებელი ზეგავლენით უზრუნველყოფს სიფხიზლის მდგომარეობას). რეტიკულური ფორმაციის აქტივობის დაქვეითება ამსუბუქებს თალამოკორტიკალური მასინქრონიზირებელი სისტემის მოქმედებას, რაც იწვევს ძილის გაღრმავებას.
თავის ტვინის ზოგიერთი უბანი, განსაკუთრებით ლიმბური სისტემის სტრუქტურები, მონაწილეობას ღებულობენ ადამიანის ემოციური მდგომარეობის ფორმირებაში. ემოციური მდგომარეობა, რასაც თან სდევს დადებითი ან უარყოფითი სუბიექტური განცდები, ობიექტურად გამოიხატება მამოძრავებელი (სიცილი, ტირილი, აგრესია) და ვეგეტაციური (სუნთქვის, არტერიული წნევის, ოფლის გამოყოფის ცვლილება) რეაქციებით. ემოციის ჩამოყალიბების დროს ხდება ქერქ–ქერქქვეშა წარმონაქმნების ფუნქციური გაერთიანება, რის გამოც აგზნებას შეუძლია სხვადასხვა სტრუქტურებში ცირკულაცია. აგზნებების მსგავსი სახის ცირკულაცია ჩეიძლება გახდეს გახანგრძლივებული ემოციური მდგომარეობების საფუძველი და შეიძლება ატარებდნენ პათოლოგიურ ხასიათსაც.
თავის ტვინი აყალიბებს ადამიანის ფსიქიკურ სტატუსს, რაც მდგომარეობს ობიექტური სამყაროს სუბიექტურ აღქმაში. თავის ტვინის მაღალორგანიზებულ ქერქს შეუძლია წარმოქმნას მრავალრიცხვოვანი დროებითი კავშირები, აგრეთვე გამოიმუშავოს და შეინახოს ქცევის ურთულესი პროგრამები. ფსიქიკური სტატუსი განსაკუთრებით გამდიდრდა ადამიანში მეტყველების განვითარების შემდეგ, რამაც მასში განაპირობა აბსტრაქტური აზროვნების ჩამოყალიბება. მეტყველება ქმნის გარემოს გათვიცნობიერებული აღქმის რთული ფორმების საფუძველს და ხელს უწყობს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ჩამოყალიბებას.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.