გული – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. გული

გული (ლათ. cor; ბერძ. cardia) – ფიბროზულ–კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

ჰისტოლოგია

გულის კედლები წარმოდგენილია სამი გარსით: გარეთა – ეპიკარდიუმი, შიგნითა – ენდოკარდიუმი და მათ შორის მოთავსებული კუნთოვანი გარსი – მიოკარდიუმი. ეპიკარდიუმი – პერიკარდიუმის ვისცერალური ფურცელი – წარმოადგენს სეროზულ გარსს.
იგი შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის თხელი ფირფიტისგან ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოების სხვადასხვა განლაგებით, რომელიც ზემოდან დაფარულია მეზოთელიუმით. მიოკარდიუმი შეადგენს გულის კედლის ძირითად მასას. პარკუჭების მიოკარდიუმი წინაგულების მიოკარდიუმისგან გამოყოფილია ფიბროზული რგოლებით, რომლებიდანაც იწყება მიოკარდიუმის ბოჭკოების კონები. პარკუჭების მიოკარდიუმში პირობითად შეიძლება გამოვყოთ გარეთა, შუა და შიგნითა (ღრმა) შრეები. პარკუჭების მიოკარდიუმის გარეთა შრეები საერთოა. გარეთა და შიგნითა შრეების ბოჭკოებს გააჩნიათ იშვიათი სპირალის ფორმა; მიოკარდიუმის კონების შიგნითა შრე ცირკულატორულია. ჰისტოლოგიურად მიოკარდიუმის ქსოვილი, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან განსხვავდება რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, მიოკარდიუმის უჯრედების (კარდიომიოციტები) და სარკომერების მცირე ზომებით, უჯრედებში ერთი ბირთვის არსებობით, ერთმანეთის მიყოლებით ”ბოლო–ბოლოსთან” პრინციპით ჩასმული დისკების მეშვეობით კარდიომიოციტების შეერთებით და სხ. კარდიომიოციტების მოცულობის დაახლოებით 30–40% უკავია მიტოქონდრიებს. მიტოქონდრიებით კარდიომიოციტების განსაკუთრებული გაჯერება განაპირობებს ქსოვილის (რომელსაც გააჩნია განუწყვეტელი აქტივობის უნარი) მეტაბოლიზმის მაღალ დონეს.

მიოკარდიუმში წარმოდგენილია ბოჭკოების განსაკუთრებული სისტემა, რომლებსაც გააჩნიათ იმპულსების გატარების უნარი გულის ყველა კუნთოვან შრეში, აგრეთვე გულის საკნების კედლების თანმიმდევრული შეკუმშვის კოორდინირების უნარი. აღნიშნული სპეციალიზირებული კუნთოვანი ბოჭკოები შეადგენენ გულის გამტარ სისტემას. ეს უკანასკნელი შედგება სინუსურ–წინაგულოვანი და წინაგულოვან–პარკუჭოვანი კვანძებისგან და კონებისგან (წინაგულოვანი, კვანძთაშუა შემაერთებელი, წინაგულოვან–პარკუჭოვანი და მისი ტოტები და სხ.). გულის გამტარი სისტემის ქსოვილებში, რომლებიც უფრო მეტადაა ადაპტირებული ანაერობული მეტაბოლიზმისადმი, ვიდრე კუმშვადი მიოკარდიუმი, მიტოქონდრიებს უკავიათ უჯრედული მოცულობის დაახლოებით 10%, ხოლო მიოფიბრილებს – დაახლოებით 20%. ენდოკარდიუმი, რომლითაც ამოფენილია გულის ღრუ, მოიცავს დვრილისებრ კუნთებს, ხრტილოვან ქორდებს, ტრაბეკულებს და სარქვლებს. პარკუჭებში ენდოკარდიუმი უფრო თხელია, ვიდრე წინაგულებში. იგი, ისევე, როგორც ეპიკარდიუმი, შედგება ორი შრისგან: სუბენდოთელური და კოლაგენურ–ელასტიკური, რომელიც დაფარულია ენდოთელიუმით. გულის სარქვლის აფრა წარმოადგენს ენდოკარდიუმის ნაოჭს, რომელშიც წარმოდგენილია შემაერთებელქსოვილოვანი ფენა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.